მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ფოთის მერის ქონება




  


  საქართველოს კანონმდებლობით თანამდებობის პირები ქონებრივი და ფინანსური მდგომარეიბის შესახებ დეკლარაციებს ყოველწლიურად ავსებენ და აღნიშნული ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რადგან მოსახლეობას, ანუ მათ დამქირავებელს, უფლება აქვს იცოდეს და აკონტროლოს მისი ჯიბიდან ხელფასგადახდილი მაღალჩინოსნების ქონებრივი შემოსავლების დინამიკა. თუკი, რა თქმა უნდა, დეკლარაციაში აღრიცხული ქონება და შემოსავლები რეალობას შეესაბამება.
ჩვენ დავინტერესდით, რა ქონების პატრონია ქ. ფოთის მერი ივანე საღინაძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით და მის გარეშე, მერად დანიშვნის დღიდან დღემდე. 
2005 წელს, მერად დანიშვნისას, თავდაპირველად შევსებულ დეკლარაციაში ხელფასის ოდენობა ივანე საღინაძეს ნაჩვენები აქვს 280 ლარი, კომპენსაცია 550 ლარი; ხოლო მისი მეუღლის, მანანა ფხაკაძის, ხელფასი, რომელიც იმ დროისათვის ქუთაისის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის ინფორმატიკის კათედრის დოცენტად მუშაობდა, 171 ლარს შეადგენდა. თავად საღინაძე იმ დროისათვის საკრებულოს წევრი იყო და მუშაობდა ამავე ინსტიტუტში, რომელსაც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 200-300-ათასიანი დაფინანსება ჰქონდა და ხელფასიც, სავარაუდოდ, ამ ინსტიტუტიდან ეძლეოდა. რაც შეეხება კომპენსაციას, ეს ის კომპენსაციაა, რომლის დაკანონება საკრებულოს მიერ თავის დროზე უკანონოდ იქნა მიჩნეული და საგადასახადომ სოლიდური ჯარიმაც დააკისრა ფოთის ბიუჯეტს. სწორედ ამ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გამო სს საქმე იყო აღძრული ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატ თემურ წურწუმიაზე. თუმცა, წინასაარჩევნოდ პროკურატურამ მას ყველა ბრალდება მოუხსნა. 

დანიშვნის მომენტისთვის მერის მთელი ქონება ასე გამოიყურებოდა: 
1. საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით _ ხონის რ-ნი, სოფ. ივანდიდი (საიდანაც წარმოშობითაა საღინაძე). სახლი 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 5000 კვ.მ. რაც მშობლების გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მემკვიდრეობით; 
2. საცხოვრებელი სახლი ქალაქ ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე. ფართი _ 30 კვ.მ (1996წ), რაც ანდერძით ერგო მამიდასგან; 
3. ბინა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ფართი 105 კვ.მ. (1992წ) და ბინა ქ. ფოთი, 9 აპრილის ხეივანი, ფართი 80 კვ.მ. (1998წ) `შეძენილია ჩემი და ჩემი მეუღლის დანაზოგი თანხით~, _ ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ნაღდი ოდენობის თანხა, რომელიც მერს ხელზე აქვს იმ დროისათვის, 2000 ლარს შეადგენს.
  მოგვიანებით, 2006 წლის 5 ივნისს შევსებულ დეკლარაციაში, მერს ზემოთ ჩამოთვლილ ქონებასთან ერთად, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში თავდაპირველად 64 ათას ლარს შეადგენდა, უცებ ემატება მიწის ნაკვეთი ქ. ფოთში, ლაგრანჟეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერი დეკლარაციას თან ურთავს განცხადებას, სადაც წერია: `მოგახსენებთ, რომ ჩემს მიერ 2006 წლის 5 ივნისს შევსებულ და ბიუროში წარმოდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გამომრჩა მეუღლის, მანანა ფხაკაძის, საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი (ქ. ფოთი ლაგრანჟეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), რომლის საბაზრო ღირებულებაა 16 ათასი ლარი~. ამასთან, საღინაძეს უჩნდება დანაზოგები საბანკო ანგარიშებზე: `პროკრედიტბანკში~ 1900 აშშ დოლარი, ხოლო `სახალხო ბანკში~ 2300 ლარის ოდენობით. ნაღდი ფული ხელზე კვლავ 2000 ლარი აქვს. ამ დროისთვის საღინაძის ოჯახის წლიური სახელფასო შემოსავალი ჯამში 14 587 ლარს შეადგენს, მერის სამივლინებო თანხები კი _ 2800 ლარს. საგულისხმოა ერთი მომენტი: აღნიშნულ დეკლარაციაში საღინაძეს გამორჩენილი ჰყავს ერთ-ერთი ვაჟიშვილი გიორგი საღინაძე და დეკლარაციაში წერია მხოლოდ მისი მეორე ვაჟიშვილი _ ზურაბ საღინაძე, როგორც ჩანს, იმის დასტურად, რომ თუკი საკუთარი შვილი გრჩება, ადვილი შესაძლებელია დეკლარაციაში მიწის ნაკვეთის შეტანაც გამოგრჩეს. 
  ამის შემდეგ 2007 წელს შევსებულ დეკლარაციაში უკვე თამამად წერია ე. წ. გამორჩენილი მიწა, რომლის გასწვრივაც მითითებულია მხოლოდ მისი ფასი _ 16 ათასი ლარი, ფართობი მითითებული არ არის. მიმდინარე (საბარათე-სახელფასო) ანგარიში `სახალხო ბანკში~ 4658 ლარს შეადგენს, `თიბისი ბანკში~ _ 600 ლარს, ხოლო ანგარიში `პროკრედიტ ბანკში~ _ 1900 აშშ დოლლარს, ასევე, ანგარიში `თიბისი ბანკში~ _ 2000 აშშ დოლარს. მერის ნაღდი ფული კვლავ 2000 ლარს შეადგენს. ამავე წელს ხელმეორედ შევსებულ დეკლარაციაში `სახალხო ბანკში~ 20.04.2006-ში გახსნილ ანგარიშზე მერს უკვე 22 000 ლარი ერიცხება, ხოლო `პროკრედიტ ბანკში~ კვლავ 1900 აშშ დოლარს ზოგავს.
  2008 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მერის უძრავ ქონებას ემატება თავისი მეუღლის სახელზე გაფორმებული, თბილისში, ნუცუბიძის ქ. # 26-ში მდებარე 60 ათასი ლარის ღირებულების ბინის კარკასი. გარდა ამისა, მერის მიერ შევსებული დეკლარაცია შეიცავს ინფორმაციას ქუთაისში მის საკუთრებაში არსებული 105-კვ.მ.-იანი ბინის 30 ათას აშშ დოლარად გასხვისების შესახებ. ივანე საღინაძის განმარტებით, მან `თიბისი ბანკიდან~ აიღო 13-ათას დოლარიანი სესხი, დაამატა ქუთაისში გაყიდული ბინიდან მიღებულ თანხას და 2008 წლის იანვარში შეიძინა 120 კვ.მ. ფართობის კარკასი ნუცუბიძის ქუჩაზე. მის ნათქვამში ეჭვს არ შევიტანდით, რადგან ეს ყველაფერი დეკლარაციითაც დასტურდება, თუმცა, ბინის შეძენის მომენტისათვის თბილისში უძრავ-მოძრავი ქონების ფასები საგრძნობლად განსხვავებულია, რასაც ერთ-ერთი უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტო `სიგმას~ ხელძღვანელი ზურაბ ლაჩაშვილი, გვიდასტურებს _ 2008 წლის იანვრისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე მსგავსი ტიპის მშენებარე კორპუსებში 1 კვ.მ. ფართის ფასები 600-700 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საღინაძის მიერ შეძენილი ბინის საბაზრო ფასი დაახლოებით 72 000_84 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ეს კი 60 ათას ლარს ორჯერ აღემატება. ამ არითმეტიკით საღინაძეს კვ.მ. ფართი უნდა შეეძინა 294 დოლარად. ასეთი ფასები კი, ომისა და კრიზისის პერიოდის შემდგომ ბინების კატასტროფულად გაიაფების შემდეგაც არ დაფიქსირებულა თბილისში. 

  ივანე საღინაძის ოჯახი ამჟამად ცხოვრობს 70 კვ.მ. ფართის, კარგად გარემონტებულ საცხოვრებელი ბინაში, მდებარე თბილისში, ნუცუბიძის 14ბ, მესამე სართულზე, რომლის საბაზრო ფასი მინიმუმ 55-60 ათასი აშშ დოლარია და რომელიც მის დეკლარაციაში შეტანილი არ არის. მერის ფაქტობრივ საცხოვრებელ კორპუსში მისულებმა შესასვლელში შემხვედრ დარაჯს ვკითხეთ, თუ სად ცხოვრობდნენ საღინაძეები. მან შემცბარმა გვკითხა, თუ საიდან ვიცოდით, რომ აქ საღინაძეები ცხოვრობდნენ და მერე ასე გვიპასუხა: მათ თავიანთ გვარზე არა აქვთ ეგ ბინა, სხვის გვარზე აქვთო. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მან ბინის მისამართიც მიგვითითა. საღინაძის ბინაში მისვლამდე ქვედა სართულზე მცხოვრებთ გავესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, ისინი ბინას ყიდდნენ და ჩვენც ბინის მორიგი მნახველები ვეგონეთ. როცა მათ ზემოთ მცხოვრები საღინაძეები ვახსენეთ, დიასახლისმა გვითხრა, რომ მას საღინაძეებმა ფართის გაცვლა შესთავაზეს თავიანთ 120 კვ.მ ბინაში თანხის დამატებით. თუმცა, თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და გარიგებაც ჩაიშალა.

  მერის განმარტებით კი ბინა, რომელშიც ამჟამად მისი ოჯახი ცხოვრობს, მის უახლოეს მეგობარს, გიორგი ფხაკაძეს, ეკუთვნის და მას დროებით სარგებლობისთვის ათხოვა. მერმა `სისულელე~ და `მოგონილი~ უწოდა დარაჯისა და მისი მეზობლის ნაამბობს და დასძინა: `რაც შევიძინე, ხომ არ დამიმალავს? შეტანილი მაქვს დეკლარაციაში. მე დასამალი არაფერი მაქვს.~ 

  ჩვენ შევეცადეთ ტელეფონით დავკავშირებოდით თავად ბინის მეპატრონედ დასახელებულ გიორგი ფხაკაძეს და გვეკითხა, თუ რას საქმიანობს, ან რა შემოსავლები აქვს მას, რომ 60 ათას დოლარიანი ბინა განუსაზღვრელი ვადით ათხოვა `მეგობარს~. თუმცა, სადარბაზოში მითითებული ნომერი არასწორი აღმოჩნდა. 
Uუახლოეს ნომრებში აღნიშნულ თემას კვლავ დავუბრუნდებით და გიორგი ფხაკაძის თანხმობის შემთხვევაში, მის კომენტარსაც შემოგთავაზებთ.


ელისო ჯანაშია
12.12.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
20-01-2018
2.5429   0.0000
3.1082   0.0000
3.5214   0.0000
4.4825   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 10 °C
ღამით + 1 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.