მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"ნაწილი ჩემი პროფესიული საქმიანობისა მართლაც კრიზისების მართვას ეძღვნებოდა"

 - ბატონო ელჩო, გასული წლის ოქტომბერში, როდესაც თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში აშშ-ს ელჩის რანგში, პრესაში გაჩნდა შეფასებები, რომ საქართველოში კრიზისების კარგი მმართველი გამოგზავნა აშშ-ს ადმინისტრაციამ. თქვენ მანამდე საქმიანობდით ერაყში, უფრო ადრე ხელმძღვანელობდით კრიზისების მართვის კუთხით განყოფილებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, როგორ აპირებთ კრიზისების განმუხტვას საქართველოში, რომელიც ასე მრავლად დაგროვდა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ?

- დიახ, ნაწილი ჩემი პროფესიული საქმიანობისა, მართლაც კრიზისების მართვას ეძღვნებოდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩამოვედი აქ, არის ის, რომ მთელი ჩემი დიპლომატიური მოღვაწეობის დიდი ნაწილი დავუთმე ისეთ ორგანიზაციებში მუშაობას, რომლის წევრობაც საქართველოს სურს. მთავარი გამოწვევა, ალბათ, რაც დგას ჩვენს წინაშე არის, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს მათი სურვილების განხორციელებაში, მათი მისწრაფებების სრულ რეალიზებაში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ 20 პროცენტი საქართველოს ტერიტორიებისა არ არის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და ამ სურვილების და მისწრაფებების რეალიზებას სჭირდება მდგრადი დემოკრატია და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ეკონომიკა. აქტიური კონფლიქტის პირობებში, ძალიან ძნელი იქნება ამ ერთ-ერთი მიზნის მიღწევა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოხდეს პრევენცია აქტიური კონფლიქტის, ვცდილობთ, რომ მართლაც გავუადვილოთ ცხოვრება იმ ადამიანებს, რომლებზეც იმოქმედა ყველაზე მეტად ამ კონფლიქტებმა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს, რომ მოხდეს დემოკრატიის გაღრმავება და მიეცეს საქართველოს ეკონომიკას იმის საშუალება, რომ ექსპორტზე გაიტანოს თავისი პროდუქცია - იქნება ეს ელექტროენერგია, ხილი, ღვინო, თუ რამე სხვა.

- ამ ინტერვიუსთვის გამოყოფილ დროში რომ არ ვიყოთ შეზღუდული, სიამოვნებით ჩაგეკითხებოდით, როგორ-მეთქი, მაგრამ ახლა სხვა საკითხზე მინდა გკითხოთ: თქვენ ახსენეთ, რომ დაეხმარებით საქართველოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტეგრაციაში, რომელშიც სურს ქართველ ხალხს გაწევრიანება, მაგრამ ნატომ უკვე, პრინციპში, რამდენჯერმე უარი უთხრა საქართველოს გაწევრიანებაზე. თქვენ რეალურად ხედავთ რაიმე პერსპექტივას, რომ შესაძლებელია, საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა?

- მე ასე არ ვიტყოდი, რომ საქართველოს ნატომ უარი უთხრა გაწევრიანებაზე. სიტუაცია სხვაგვარად არის. პირიქით, აღუთქვა კიდეც ნატომ საქართველოს, რომ იგი გახდება ნატოს წევრი. ალიანსს ეს მანამდე არც ერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში არსად არ გაუკეთებია და საკმაოდ სერიოზული დაპირებაა. საქართველომ მთელი რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ის პირობები, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის რომ გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი. იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ამ გზაზე, ნატომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც ეხმარება საქართველოს გაიაროს წარმატებით ეს გზა. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ის დეტალურად გაწერილი მოთხოვნები, რომლის შესრულებაც თავის თავზე იკისრა საქართველომ.

- როდესაც საუბარია მოთხოვნების შესრულებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ამ კუთხით ყურადღება მინდა შევაჩერო თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ. ამ ანგარიშში ძალიან ბევრ დარღვევაზეა საუბარი, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში ისეთი ფუნდამეტური უფლებების კუთხით, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების ხელყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პოლიტიკური უფლებები და ა.შ. ბუნებრივია, თუკი არ გამოსწორდა ამ მხრივ მდგომარეობა, ეს ხელს შეუშლის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტეგრაციაში, მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ ეს ხელისუფლება მოახერხებს ამ საკითხების გამოსწორებას? მაშინ, როდესაც ამ ანგარიშის თაობაზე არანაირი განხილვა არ ყოფილა ცენტრალურ მედიაში, მთლიანად გადაიფარა ეს თემა სხვა საკითხებით და მითუმეტეს, ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა მნიშვნელოვანი განმარტებები, თუ როგორ უყურებენ ისინი ამ ანგარიშში მოყვანილ დარღვევების ფაქტებს...

- ჩვენ გვქონდა საკმაოდ სერიოზული საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან. ასევე, ველი, რომ მომავალშიც გვექნება ასეთი საუბრები. ჩემი აზრით, საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების თავლსაზრისით, ის საჭიროებები და ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, ეს ყველას მიერ გასაკეთებელი საქმეა. მაგალითად, თუ ავიღებთ არჩევნებს, ყველა მონაწილეს თავისი წვლილი აქვს შესატანი ამ პროცესში. იმისათვის, რომ ეს პროცესი აღიქმებოდეს ლეგიტიმურად და მისი შედეგები იყოს სანდო, მოსახლეობა თვლიდეს, რომ მონაწილეობას აქვს აზრი და მათი განწყობა იქნება ასახული არჩევნების შედეგებში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, მაგალითად, უზრუნველყოს, რომ ის მოსაზრებები, რომელსაც გამოხატავს პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი, მათ შორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მტკიცედ უპირისპირდებიან მთავრობას, არის მოსმენილი და მისაწვდომია საზოგადოებისათვის. მედიის პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული მოსაზრებების თაობაზე. ხოლო სხვა პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც არაა მთავრობის ნაწილი, მათი პასუხისმგებლობაა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მე უარვყოფ ხედვას, რომ მთავრობის შეცვლა შეიძლება რაიმე სხვა ფორმით, ვიდრე - არჩევნების გზით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ასეთ შედეგს ჩვენ აღვიქვამდით უკან გადადგმულ ნაბიჯად, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპის საწინააღმდეგოა. საქართველო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. ჩემი მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის დროს დამიგროვდა, მე ავღნიშნავდი, რომ საქართველო განსაკუთრებით პასუხისმგებლობით ეკიდება იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომლებსაც იღებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ და ვაგრძელებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან მთავრობაში, არიან ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ღელავს თავისი ქვეყნის ბედზე და საქართველოს უკეთესი მომავალი სურს.

- ბატონო ელჩო, აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო წლების ურთიერთობებში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის გაფორმება. რა ეტაპზეა დღეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა, თუნდაც ამ ქარტიის ფარგლებში და ხომ არ უნდა ველოდოთ რამე ახალი ეტაპის დაწყებას? უფრო მეტად ყურადღებას გავამახვილებდი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით მხარდაჭერის პერსპექტივებზე.

- პარტნიორობის ფარგლებში შექმნილმა კომისიებმა სულ რაღაც ორი კვირის წინ დაასრულეს პირველი რაუნდი შეხვედრებისა, რომელიც მიძღვნილი იყო მთელი რიგი საკითხებისადმი. ჩვენ გვაქვს 4 სფერო, რომელზეც ვახდენთ კონცენტრირებას. პირველი არის თავდაცვა და უსაფრთხოება, მერე გახლავთ ეკონომიკა, ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, მესამე გახლავთ ამერიკელ და ქართველ ხალხთა დაახლოების საკითხებისადმი მიძღვნილი კომისია, გაცვლითი პროგრამები და ა.შ. და მეოთხე კომისია მუშაობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე. ყველა ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბრები როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე - ქართული საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. მას შემდეგ, რაც აქტიურად მიმდინარეობს ეს პირველი ეტაპი, ჩვენ ვმუშაობთ მთელი რიგი ახალი ხელშეკრულებების შემუშავებაზე, როგორიც არის, მაგალითად, ორმხრივი ხელშეკრულება ინვესტიციების თაობაზე. რაც შეეხება იმ სფეროს, რომელიც თქვენ ახლახანს ახსენეთ, ჩვენ ვაპირებთ დამატებითი რესურსები გამოვყოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმავოს მისი დემოკრატია. ზოგიერთი პროგრამა მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების მხარდაჭერაზე, მათ გაძლიერებაზე, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი საქმის კეთება, რათა დროთა განმავლობაში უფრო მეტი ხმა იქნას მოსმენილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია არსებული მდგომარეობა, როგორია ვითარება საქართველოში და ასევე, როგორი ფორმით და რა გზით უნდა მოხდეს სახელმწიფო თანხების დახარჯვა. ეს ცოტა გრძელი პასუხი გამომივიდა, მაგრამ სერიოზული კითხვა იყო, რომელსაც პასუხი სჭირდებოდა.

- 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს ბევრ მოქალაქეს შეიძლება შეერყა კიდეც რწმენა, რომ დღევანდელი, 21-ე საუკუნის მსოფლიოს წესრიგის საერთაშორისო სამართალი გამორიცხავს პატარა ქვეყნების ოკუპაციას და მათი უსაფრთხოების დარღვევას. ასევე, თქვენ იცით, რომ მოჰყვა სკანდალი რამოდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასულ სიუჟეტს და კითხვა ასეთია: როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ამ გადაცემის სცენარი მართლა განხორციელდეს? ანუ მოხდეს ინტერვენცია საქართველოში და რა იქნებოდა ელჩის აზრით, საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ამას აღკვეთავდა?

- თქვენ ახლა შეეხეთ ურთულეს საკითხს საქართველოსთვის. ჩემი აზრით, უძლიერესი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ კოლექტიურად გვაქვს, რომ აღვკვეთოთ ისეთი განვითარება მოვლენებისა, როგორც იყო გადაცემული "იმედის" მიერ და ჩემი აზრით, გადაცემის ფორმატი იყო საკმაოდ უპასუხისმგებლო, არის საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ყურადღება, ევროკავშირის დამკვირვებელთა (მონიტორთა) მისიის განლაგება ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე, გაგრძელება დიალოგისა საქართველოს მთავრობას, დეფაქტო მთავრობებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის იმისათვის, რომ გამოიძებნოს პრაგმატული გზები, რომელიც იქნებოდა მიმართული იმ ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისაკენ, რომლებიც ცხოვრობენ დღეს იმ ტერიტორიებზე, ან იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი. უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც აგვარიდებდა მოვლენების მსგავს განვითარებას, არის ის ობიექტური, ფაქტობრივი მასალა, რომელიც ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას მიღებული ადგილებიდან, რომელიც ასახავს, თუ რა ხდება რეალობაში; მინიმუმამდე დაყვანა იმ საბაბებისა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას კონფლიქტისთვის. ვაგრძელებთ რა, მუშაობას იმისათვის, რომ გამოძებნილი იქნას ამ კონფლიქტის მოგვარების გრძელვადიანი გეგმა, ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ იმაზე, რომ დღევანდელ პერსპექტივაში აცილებული იქნას კონფლიქტის განვითარება. და ისევე, როგორც ჩვენ ომის შემდგომ გავუწიეთ დახმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ადამიანებისათვის დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ ეს ადამიანები იძულებით გადაადგილებული პირები 2008 წლის კონფლიქტის შედეგად, თუ - ადრე.

- რახან "იმედი" და მედია ვახსენეთ, კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ოღონდ არა როგორც ელჩს, არამედ - როგორც ყოფილ ჟურნალისტს: როგორ აფასებთ, ზოგადად, ქართული მედიის შანსებს და თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მთავარი პრობლემები დღეს ქართულ მედიაში?

- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ერთი პერიოდი ვმუშაობდი მე ჟურნალისტად. სამი გამოწვევაა: პირველი ეხება მედიის ეკონომიკას, შედარებით მცირე ქვეყანაა, მცირე მოსახლეობით, მაგრამ საკმაოდ მრავალფეროვანი მოსახლეობაა. ამ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტების მომსახურება საკმაოდ დიდი გამოწვევაა. სფერო კიდევ, რომელსაც სჭირდება გაუმჯობესება, ჩემი აზრით, დაკავშირებულია მედიასაშუალებების მფლობელების გამჭვირვალობასთან. ასევე, სარედაქციო პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების პროცესს, როდესაც გარკვეულ თემებზე მიიღება გადაწყვეტილება, უნდა გაშუქდეს თუ არა ესა თუ ის ახალი ამბავი. მესამე, ჩემი აზრით, ეს არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება მედიის პროფესიულ სტანდარტებს. ვიცი, რომ ნამდვილად არიან საქართველოში და შევხვედრივარ კიდეც საუკეთესო ჟურნალისტებს და ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც აშკარად აკლიათ ტრეინინგი. მათ შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ გაიარონ გარკვეული საგანმანათლებლო კურსი და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ სამი გამოწვევის მიუხედავად, ვთვლი, რომ ფართო სპექტრი ინფორმაციისა, წარმოდგენილია და ხელმისაწვდომია საქართველოს საზოგადოებისათვის. ეს გახლავთ სწორედ ის ნაწილი იმ სფეროსი, რომელზეც შეერთებული შტატები აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა, რათა ამაღლდეს ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი და ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობას მედიის გაძლიერებაში.

- და ბოლოს, იქნებ, მოკლედ გვითხრათ თქვენი ქუთაისში ვიზიტის მიზნების შესახებ.

- პირველი მიზეზი, ალბათ, არის ის, რომ გავიგო ისეთი ამბები, რისი გაგებაც შესაძლებელია მხოლოდ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან საუბრებით. ძალიან დიდი სამუშაო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობა, მაგრამ ალბათ უმთავრესია, ის საქმიანობა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ საელჩოში და ეხება ამერიკელი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობებს. იმისათვის, რომ გავიგო, როგორია პილიტიკური ვითარება, ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატი, როგორ პრობლემებს აწყდებიან ადამიანები განსაკუთრებით თბილისს ფარგლებს გარეთ, ამისათვის ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა გავიდე, პირადად ვესტუმრო რეგიონებს და გავეცნო. მეორე მიზეზი არის ზუსტად იმ გზავნილის მიწოდება, რომ შეერთებული შტატები კვლავ რჩება ერთგული თავისი დაპირებისა და მხარდაჭერისა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე, ჩვენ ვრჩებით ერთგული და ვუჭერთ მხარს საქართველოს მისი წარმატებების გზაზე.



23.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
28-05-2018
2.4805   0.0000
2.9044   0.0000
3.3087   0.0000
4.005   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.