მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საკუთარი მარჯვენით შექმნილი მომავალი...

,,ბორჯომი~. ბორჯომელი ნოდარ (ვანიჩკა) დოიჯაშვილი 78 წლისაა. ახლა თბილისში ცხოვრობს, სიბერის წლებს შვილებთან და შვილიშვილებთან ატარებს. ინტერვიუ მის შვილთან, ცნობილ მომღერალთან ზურასთან უნდა ჩამეწერა, მაგრამ სახლში არ დამხვდა, გადავწყვიტე მამას გავსაუბრებოდი.
_ ბატონო ნოდარ, ბორჯომიდან დიდი ხანია წამოსული ხართ, მაგრამ ის ადგილი, სადაც დაიბადეთ და გაზიარდეთ, ალბათ, მუდამ თავს გახსენებთ...
_ (ჩაფიქრებულია), უპირველესად მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. არ დაგიმალავთ და ჩემთვის, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო, ავღელდი კიდეც... (იღიმება).
აბა, ბორჯომის დავიწყება როგორ შეიძლება?! იქ დავიბადე, იქ ავიდგი ფეხი, ოჯახიც იქ შევქმენი. იცით, ჩემი მომავალი  მეუღლეც ბორჯომში გავიცანი. მისი დედა ბაღის გამგე იყო. დასასვენებლად ჩამოიყვანეს ბავშვები; ჩემი მომავალი მეუღლეც დედამისს წამოჰყოლია. მე კი, დავიტოვე, აღარ გავუშვი!!! (იცინის), კარგი ოჯახი შევქმენით, კმაყოფილი ვარ. სამი შვილი შეგვეძინა, გია _ ,,კოკა-კოლაში~ მენეჯერია, ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი, ზურას - ქალიშვილი და ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს, ნინოს _ ოთხი შვილი ჰყავს. შვილები ბედნიერად არიან და ეს მახარებს.
ცხოვრების დიდი გზა გამოვიარე, კარგი მასწავლებლები მყავდა.
ჩემი კლასელები იყვნენ: გიზო პატეიშვილი, ლილი ბარსეგოვა, ვანო მელიქიძე, ტარიელ მაცუკატოვი, მანანა შალუტაშვილი, თენგიზ ზეინკლიშვილი, ნოდარ კაპანაძე, ნელი ამაშუკელი, გივი კაპანაძე... სამწუხაროდ, ბევრი აღარ არის ცოცხალი...
რაც შეეხება სწავლას, ხშირად ვაცდენდი გაკვეთილებს, ზამთარში ტყეში დავდიოდი, შეშას ვამზადებდი, ოჯახს ვეხმარებოდი. მერე ისე მოხდა, რომ სკოლას თავი დავანებე და დურგლობა შევისწავლე, რამაც ძალიან გამიტაცა. წამყვან სპეციალისტად ვითვლებოდი. ვმუშაობდი კურორტის სამშენებლო სამმართველOში.
ჩემს საქმეს ერთგულად ვემსახურებოდი, მადლობაც უამრავი მიმიღია. მეამაყება, რომ ბორჯომში ბევრ მშენებლობაში ჩემი ხელიც ურევია. მაგალითად, პარკში საზაფხულო ესტრადის, სამფეხა ბიუვეტის, აუზების, სანატორიუმების, წყალდიდობისას დანგრეული ხიდების მშენებლობაში ჩემი წვლილიცაა.
თუ ნებას მომცემთ, ჩემი გულისტკივილი მინდა გაგანდოთ: პარკში სამფეხა ბიუვეტი ამავდროულად ურთულესი პროექტი იყო, დიდი მონდომებით ვაშენებდით. დანგრეული რომ ვნახე, გული მომიკვდა... იმ ადგილს ძალიან ამშვენებდა... (პაუზა).
...ჩვენს საუბარს ბატონი ნოდარის ქალიშვილი _ ნინო, სიძე ერეკლე ჯავახიძე შემოესწრნენ და ვკითხე:
_ ერეკლე, ბორჯომელების სიძე ყოფილხართ?!
_ (იცინის), პირიქით, ნინოა ქუთაისელების რძალი. ეს ხუმრობით, ისე კი, მეც ძალიან მიყვარს ბორჯომი. შეძლებისდაგვარად ჩამოვდივარ. მიყვარს ,,ფაფა~ და იქაური მეზობლები. ბორჯომელები სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, იცით სტუმრის ფასი და ეს ძალიან მეამაყება!
საუბარში ნინოც ჩაგვერთო: _ ჩვენი ყოველი ზაფხული ბორჯომს ეკუთვნის. მთელი ოჯახი სიხარულით მოვდივართ ხოლმე. ჩემი მეგობრები არიან:  მაია ციპლუგინა, ხათუნა მაისურაძე, თამრიკო რევაზიშვილი, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს, ყველა ძალიან მიყვარს.
_ ბატონო ნოდარ, თქვენი ვაჟი _ ზურა ქართველების საყვარელი მომღერალია. გვიამბეთ, როგორი ბავშვი იყო იგი? სიმღერისადმი მიდრეკილება ალბათ, ბავშვობიდან ჰქონდა. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ფაქტი, რომ თქვენი ახლობლები: დები, ძმები _ შოთა, ჯემალი, ასევე თქვენც, კარგად მღეროდით.
ჯემალი ხომ სიმღერის სიყვრულმა შეიწირა, რომელიც ფესტივალზე მიდიოდა თავის საყვარელ ანსამბლთან ერთად და უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ჯემალს ახლაც დიდი სიყვარულით იგონებენ ბორჯომელები. მისი ვაჟი  მერაბიც კარგად მღერის...
_ ზურას რაც შეეხება, სამუსიკო სკოლაში კი დადიოდა, მაგრამ ფორტეპიანოზე დაკვრა არ ისურვა (!), სამაგიეროდ მუსიკის წერამ გაიტაცა, გიტარაზე დაკვრა ისწავლა, მერე სიმღერა დაიწყო და...
_ დაიწყო და... გვახარებს ყოველი მისი გამოჩენა სცენაზე, ტელევიზორში.
ბატონო ნოდარ, რას უსურვებთ ბორჯომსა და ბორჯომელებს?
_ თუ ნებას მომცემთ, ჩემს მეზობლებს ალე ხარაზიშვილსა და უშანგი დევნოსაძეს მოვიკითხავ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მათ.
რაც შეეხება ჩემს აზრს ბორჯომის შესახებ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბორჯომი ულამაზესი ადგილია. ბევრგან ვყოფილვარ, ბორჯომს მაინც არაფერი შეედრება, მაგრამ მარტო ბუნებრივი სილამაზე აღტაცებისათვის არ კმარა! ჩემი ნატვრაა, რომ ბორჯომი მსოფლიოს ულამაზეს მხარედ იქცეს შინაარსით, კეთილმოწყობილი სანატორიუმებით, დასასვენებელი ადგილებით, სასტუმროებით, ინფრასტრუქტურით, ყველა პირობა შეიქმნას დამსვენებლის მოსაზიდად.
ბორჯომელებო, გისურვებთ, რომ პრობლემების გარეშე გეცხოვროთ! ოჯახებს დაგილოცავთ! ღმერთი გფარავდეთ!


ივეტა კუპრაძე
26.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
17-08-2018
2.5773   -0.0301
2.9299   -0.0196
3.2729   -0.0395
3.8499   -0.0340
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 30 °C
ღამით + 17 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.