მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`კომისიის წევრებმა მითხრეს: `თუ არ წახვალ, პოლიციას გამოვიძახებთო~

`კომისიის წევრებმა მითხრეს: `თუ არ წახვალ, პოლიციას გამოვიძახებთო~

 

რუსული ინტერვენციის შემდეგ ზემო ხვითში, ზემო და ქვემო ნიქოზში მცხოვრები მოსახლეობა დაძაბულ ვითარებაში ცხოვრობს. როგორც მოსახლეობა `ხალხის გაზეთთან~ საუბარში აღნიშნავს, აქ ომი ჯერ არ დამთავრებულა, ყოველდღე სროლებია და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ `ხალხის გაზეთი~ ამ სოფლებში `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგის ჩატარების მიზნით გაემართა. მოსახლეობასთან საუბრისას სხვა პრობლემებიც წამოიჭრა.

`თავს დამცირებულად ვგრძნობ, აღარც მინდა რამეზე ვისაუბრო,~ _ აღნიშნა მგზავრობისას ავტობუსში მყოფმა ასმათ ოქრუაშვილმა. მას რამდენიმე ქალბატონი დაეთანხმა, _ `რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ვის აინტერესებს ჩვენი პრობლემები. აქ ომი ხომ არც დამთავრებულა, მაგრამ ეჰ...~ _ ერთხმად ჩაიქნიეს ხელი და დროებით სიჩუმე ჩამოვარდა. სიჩუმე ისევ ასმათ ოქრუაშვილმა დაარღვია და `თქვენ ვინ ბრძანდებითო,~ _ მკითხა. როდესაც შეიტყო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, `იქნებ თქვენ მაინც მიიტანოთ ვინმეს ყურამდე ჩვენი გასაჭირიო,~ _ მთხოვა მან. ამასობაში ზემო ხვითამდეც მივაღწიეთ. გარს რამდენიმე ადამიანი შემომეხვია, ყველა ცდილობდა საკუთარი გასაჭირის შესახებ ეამბა.

ასმათ ოქრუაშვილი: `სოფელში ომის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთება ამორჩევით მოხდა. ზოგს, რომლებიც ამ სოფელშიც არ ცხოვრობენ მასალებიც მისცეს და სახლიც შეუკეთეს, ზოგს კი თავზე ენგრევა ჭერი და არაფერი არგუნეს. ამოვა კომისია და თავისი სურვილით, ვისაც უნდა იმას აძლევენ სამშენებლო მასალას. მე პირადად დამიზიანდა სახლი კომისიის წევრები გამივლიან-გამომივლიან და ვითომ არაფერი. ერთი ტომარა ცემენტი ვთხოვე და ისიც არ მომცეს. სხვისი ზარალი ზარალია, ჩემი კი... მოვლენ, `რა გჭირდებათო,~ _ გვეტყვიან, ჩაიწერენ და მიდიან.~

იზოლდა ესიაშვილი: `სოციალურ დახმარებას არ მაძლევენ, მდიდარი ხარო, არა და ვინც მართლა შეძლებულია, ისინი იღებენ დახმარებას. არანაირი შემოსავალი არ მაქვს, მოსავალი ვერ მოვიყვანე, ვაშლია და ისიც სარდაფში გვილპება, რეალიზაციას ვერ ვახდენთ.~

საუბარში კვლავ ასმათ ოქრუაშვილი ჩაერია: `

`ყველა ერი ჩვენ გვივლის ზედ, ქართველებს რაღა მოუვიდათ?!~ _ თქვა და მთხოვა, თავისი საცხოვრებელი სახლის დათვალიერება. საუბარი ისევ იზოლდა ესიაშვილმა გააგრძელა: `სამი დღის წინ სროლები იყო და ნიქოზში რამდენიმე სახლს მოხვდა. ჩვენთან კი ტყვიები სარდაფში ჩამოვარდა. შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. ვერც ბაღებს ვამუშავებთ... ოჯახში შვიდი სული ვართ, ცხოვრება არ გვინდა?!~

თამარ ესიაშვილი: `არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც დავკარგე რწმენა. რა საკითხზეც არ უნდა მივაკითხოთ, გვეუბნებიან, `რწმუნებული გყავთ და მოგხედავენო.~

დოდო ესიაშვილი: `ჩვენი ნაკვეთების ბოლოს დგანან ოსები და რუსები. `ყვავის საყდარს~ რომ გადასცდება ჩვენი საქონელი, ხელი გვაქვს ჩაქნეული, რადგან უკვე ვიცით, რომ ოსებს ჰყავთ წაყვანილი.~

მარიამ ესიაშვილი: `ჩემი სახლის სახურავი დახვრეტილია და წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, საძირკველი მორყეულია, ჩარჩოები დამპალია, ფანჯრები დაბზარულია, მაგრამ რა... ყურადღებას ვინ მაქცევს?! იქნებ თქვენ მაინც გვიშველოთ.~

როლანდ ესიაშვილი: `სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ისროდნენ და სახლები დაიცხრილა, მაგრამ თითქოს მიჩვეულნი ვართ, აქ არ შეწყვეტილა სროლები ომის შემდეგ. პრობლემას სხვა რამეც გვიქმნის _ მოსავალი რომ მოვიყვანოთ, სარწყავი წყალი ხომ გვინდა? არ გვაქვს _ ოსები გვიკეტავენ. `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ შიდა გზები უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ჯერ არ გაკეთებულა. წყლის სისტემა შეგვიცვალეს და სოფელში სასმელი წყალი გვაქვს.~

დიმიტრი გოგიშვილი: `მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან ცუდ ზონაში ვცხოვრობთ და სოფელი უკიდურეს გაჭირვებას განიცდის, უმთავრეს პრობლემას მაინც ვაშლის გასაღების ბაზრის არ ქონა წარმოადგენს. ვაშლი იმ ფასად არ იყიდება, რაც მის მოწამვლაში იხარჯება.~

ავთანდილ ერგემლიძე: `ომის დროს ყველა დაზარალდა და დახმარება ყველასთვის უნდა მიეცათ. მხოლოდ ერთეულებს რომ დაურიგეს 700 ლარი და ზოგს არაფერი ერგო, ეს შეიძლება? ნაკვეთებში ვერ მივდივართ, საშიშია. გვეუბნებიან, ჯერ განაღმული არ არისო. საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო, მაგრამ ბაღებს ვერ ვამუშავებთ. არც შესაწამლი საშუალება გვაქვს. სოფელს მოხედვა უნდა. საშიშ ზონაში ვართ. რომელ სოფელშიც არაფერი მომხდარა, იქ სათესლე მასალაც დაურიგეს და შხამ-ქიმიკატებიც. სამ სოფელში ერთი პატარა ტრაქტორი მოგვცეს, რომელიც მიწას ვერ ხნავს, თან ფულს გვახდევინებენ. საწვავიც არ მოუციათ, რომელ სასუქზე და სხვა დანარჩენზეა საუბარი. სულ მიტოვებულები ვართ. გვირჩევნია, ისევ რუსებისკენ გადავიდეთ, თუ მათგან დახმარებას ვიგრძნობთ, მერე თუ უნდათ, სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადონ.~

როზა ესიაშვილი: `მარტოხელა ვარ, 90-იანი წლებიდან დევნილი ვარ. სოციალური დახმარების სახით 28 ლარი მეძლევა. ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო? ომის დროს ჩემს ეზოში ტანკი შემოვიდა და სათავსოები დამინგრია, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას.~

გურგენ ესიაშვილი: `ჭურვი ჩემს ეზოში ჩამოვარდა და კედლები დასკდა. წვიმა ჩამომდის. გადახსნილი კედლებიდან ქარი შემოდის. კაციშვილი არ მაკითხავს, პატრონი არ გვყავს, ვის ვაინტერესებთ...~

ელენე გოგიშვილი: `ვისაც ბევრი აქვს და `ბობოლები~ ახვევია გარს, ისევ იმას ეხმარებიან. ჩამოვარდნილმა ჭურვებმა სახლი დამიზიანა. რწმუნებული მეუბნება, ეს დაზიანება ომის დროს არ მიუღია შენს სახლსო.~

პეტრე დურგლიშვილი: `შხამ-ქიმიკატები რომ დაგვირიგეს და შევწამლეთ ხეხილი, სულ გადაგვიხმა. ომის დროს რომ ჭურვებმა სახლის კედლები დამიბზარა, ქარი შემოდის და ჩემი პატარა შვილიშვილი ასთმით დამიავადმყოფდა. სამედიცინო დახმარებას არ გვაძლევენ. მე ჩემი გავიარე, მაგრამ ბავშვს რა ვუყო, მომავალი ხომ უნდა?~

ქეთო გოგაშვილი: `წყალი ჩამომდის, სახლი თავზე მენგრევა. საწოლში რომ ვწევარ, მეშინია კედელი არ ჩამოინგრეს.~

ზაურ ლაზარაშვილი: `ჭერი ჩამოზნექილია და ფიცარი მივუდგით, რომ არ ჩამოვარდეს. სადაცაა ჭერი თავზე ჩამომენგრევა. ძაღლიმანდურად ვცხოვრობ, ოთხი ფანჯრის მასალა ვთხოვე და მარტო ერთს მოგცემთო, მითხრეს.~

გია გოგაშვილი: `ქალაქურ ყაიდზე ვცხოვრობთ, ყველაფერს ვყიდულობთ. მოსავალი ვერ მოგვყავს. ნაკვეთებში ვერ გავდივართ, რუსები და ოსები დგანან და გვესვრიან. სასმელი წყალი სართვისის არხიდან გვქონდა, მაგრამ ოსებმა მიითვისეს. ვაშლი სარდაფში გვილპება, რაღა ვილაპარაკო არ ვიცი, ყურადღებას არავინ გვაქცევს, ალბათ მალე სოფელი დაიცლება.~

სოფლის მოსახლეობის თქმით, სასმელი წყალი გრაფიკით, სამ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, სოფელს არ აქვს რიტუალების სახლი. მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობს გაზის მაგისტრალური ხაზი, სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. `ესეც ფულის მახეა, თვალის ასახვევად არის, მილები დაჟანგებულია,~ _ აცხადებენ სოფლის მცხოვრებნი.

სწორედ იმ დროს, როდესაც მოსახლეობას ვესაუბრებოდი, გამგეობის ინფრასტრუქტურის და კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები ნიქოზის ტერიტორიული ორგანოს მთავარ სპეციალისტთან, რობიზონ მარიამიძესთან ერთად სოფელში დაზიანებული სახლების აღწერით სამუშაოებს აწარმოებდნენ. მათ ვაჟა დურგლიშვილის ეზოში შევხვდით.

კომუნალური განყოფილების სპეციალისტმა გორდა შერმადინმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საშენი მასალებით დახმარებას ამორჩევით აძლევდნენ მოსახლეობას, არ დაადასტურა. `თუ ვინმემ დახმარება არ მიიღო, თავისი ბრალია, ზოგი სახლში ზის და ელოდება, როდის რა იქნება. სიზმარში ხომ არ მომელანდება თუ არ მითხრეს?~ _ გვითხრა გორდა შერმადინმა.

დურგლიშვილების სახლიც ომის დროს დაზიანდა. დურგლიშვილების განცხადებით, სახურავი ტყვიების შედეგად დაიცხრილა, გორდა შერმადინმა კი ხელოსნის დაუდევრობად ჩათვალა, თუმცა დახმარებას მაინც დაპირდა. როგორც შერმადინმა გვითხრა, აღწერითი სამუშაოები ხელმეორედ მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება, ყველა მოსახლეს გადაეცემა საჭირო მასალა.

ჩემი მეგზური ვახტანგი მიამბობდა, რომ ომის დროს სოფელში ჩამოვარდნილი ჭურვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ერთი პიროვნება თავისივე სახლის წინ დახვრიტეს რუსებმა. მანქანაში ჩაცხრილეს ორი ადამიანი, ხოლო ჭურვი სახლს დაეცა და ეზოში მდგარი სულიკო მჭედლიძე ნაფლეთებად აქცია.

გარდაცვლილის მეუღლეს, ციალა მჭედლიძეს გავესაუბრე.

`7 თუ 8 ჭურვი ჩამოვარდა ჩემს ეზოში. ერთი პირდაპირ სახლს დაეცა. სოფელი 8 აგვისტოს დავტოვე, ჩემი მეუღლე კი აქ დარჩა. ტრაგედია 11 აგვისტოს მოხდა. ჩემი მეუღლის ამბავი ნათესავმა ოთხი დღის შემდეგ შემატყობინა, მან დაასაფლავა. მე არ მინახავს, მაგრამ როგორც ნათესავმა მითხრა, რამდენიმე ნაწილად ყოფილა საცოდავი დაგლეჯილი, თავიც მოწყვეტილი ჰქონდა. კომპენსაცია მომცეს, მაგრამ ჩემს მეუღლეს ხომ ვერ გამიცოცხლებს...~

ზემო ხვითის მოსახლეობა მთხოვდა, მათ ოჯახებში მივსულიყავი და მათი მდგომარეობა ადგილზე შემესწავლა. `თქვენ მაინც მიიტანეთ ჩვენი გასაჭირი ვინმეს ყურამდე.~ _ მეუბნებოდნენ ისინი.

განსხვავებული სიტუაცია დამხვდა ზემო და ქვემო ნიქოზში. შეიძლება ითქვას, რომ სოფელი ერთი შეხედვით, დაცარიელებული იყო, არც .. `ბირჟაზე~ იდგა ვინმე. მხოლოდ ერთმა მოხუცმა ქალბატონმა, ლეილა კანდელაკმა შემიპატიჟა სახლში და ვრცლად მიამბო, თუ რა გადახდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

`ომის დროს რუსი სამხედროები დამესხნენ თავს. მე დამალვა მოვასწარი, მაგრამ ჩემი მეუღლე ტყვედ წაიყვანეს. მას შემდეგ რამდენჯერმე შემომიცვივდნენ კიდევ, ბოლოს ოთხი სამხედრო შემომივარდა და ფული და ოქროული რომ ვერ აღმოაჩინეს, კომპოტებს დაერივნენ _ ზოგი გახსნეს და დალიეს, ზოგიც დაამტვრიეს. ობოლ შვილიშვილებს ვზრდი. ჩემი პენსია _ 80 ლარი კი არაფერში მყოფნის. დახმარება არ მეძლევა. სახლის კედლები დაცხრილულია და დაბზარული. საწოლში რომ ვწევარ, ჭერიდან ქვიშა მეყრება. საშენი მასალა მომცეს, მაგრამ საკმარისი არ არის, არც იმის საშუალება მაქვს, რომ ფანჯრები ჩამესვა, ცელოფნები მაქვს აკრული. საერთოდ, სოფელი ცუდ მდგომარეობაშია. მოსავალი თითქმის არ მოდის, ვაშლს რეალიზაციას ვერ ვუკეთებთ და სარდაფში ლპება, საქონელსღა ვაჭმევ. ახალგაზრდა რომ ვიყო, მივდგებოდი, მოვდგებოდი და რაღაცას ვიზამდი, ახლა რა უნდა ვქნა, არ შემიძლია, ან სად წავიდე და ვის მივმართო? ომის დროს ჩემი გასაჭირი მსოფლიომ გაიგო,~ _ თქვა და ორი უცხოური ჟურნალი გვიჩვენა, სადაც მასზე დაწერილ სტატიას ორ-ორი გვერდი ეთმობოდა. `ამას წარმოვიდგენდი, რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდი?~ _ ცრემლები შეიწმინდა ქალბატონმა ლეილამ.

ლეილა კანდელაკს გამოვემშვიდობე და მოშორებით მდგარი მაღაზიისაკენ გავემართე იმ იმედით, რომ ვინმესთან გასაუბრებას შევძლებდი. ვიდრე მაღაზიამდე მივიდოდი, ავტობუსის გაჩერებაზე ორ მანდილოსანს გავესაუბრე.

მალვინა მჭედლიძე: `ომის დროს სახლი ვისაც დაეწვა, იმას დაეხმარნენ, ჩვენ გაგვძარცვეს, მაგრამ არავინ არაფრად ჩაგვაგდო. დახმარების სახით სოფელში სამ თვეში ერთხელ ნახევარ კგ. შაქარს გვირიგებენ. საუბნო გზები უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ჯერ არაფერია გაკეთებული. ომის დროს სასაფლაო გაგვინადგურდა. ზემოთ ნაკვეთები გვაქვს, ჩვენმა მთავრობამ კი ნაკვეთების მისადგომებთან თხრილი გააკეთა და იქამდე ვეღარ მივდივართ, გამოდის, ძალით ჩამოგვართვეს.~

თამარ მინდიაშვილი: `საგაზაფხულო სამუშაოები იწყება. წესით ვაშლის ხეები უნდა გაისხლას, მაგრამ რად გინა, ახალი მოსავალი სადღა წავიღოთ, ძველი რომ სარდაფში დალპა? ამ მთავრობას მხოლოდ ციტრუსი და ყურძენი აინტერესებს.~

გამოვემშვიდობე ამ ორ ქალბატონს და მაღაზიისაკენ გავეშურე. იქაც რამდენიმე პიროვნებას გავესაუბრე. თავად მაღაზიის მეპატრონემ ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა საუბრიდან მისი სახელი მაინც გავიგე, ლალი ერქვა.

`ჩვენ არაფერი გვეშველება, ვისაც პატრონი ჰყავს, მარტო ისინი არიან კარგად. ამ ომში ზოგს ბომბი დაეცა, ზოგს `ტუზი.~ ვისაც არც კი უცხოვრია ამ სოფელში, სწორედ იმან მიიღო 15 ათასი ლარი. ჩვენი რწმუნებული გვეუბნება, თქვენი უბანი `მე-13 რაიონიაო~, რადგან 100 მეტრში დგანან ოსები და რუსები. სოფელში თუ რამე დახმარება მოდის, მოსახლეობამდე ვერ აღწევს.~ _ გვითხრა ქალბატონმა ლალიმ.

თეიმურაზ მჭედლიძე: `სოფელს რიტუალების სახლი არ აქვს. სტადიონი ისეთ ადგილზე იყო აგებული, რომ რუსებმა და ოსებმა გაანადგურეს. სასაფლაოს ტანკებით გადაუარეს და გაანადგურეს, მაგრამ ვინ აქცევს ყურადღებას? სახლი დამიზიანდა და ისეთი მცირეოდენი მასალა მომცეს, არაფერში მეყო. გორის მუნიციპალიტეტში რომ მივედი თხოვნით, კომისიის წევრებმა მითხრეს, `თუ არ წახვალ, პოლიციას გამოვიძახებთო.~ სასმელი წყალი ჩვენ არ გვაქვს, სარწყავი წყალი ჩვენ არ გვაქვს, ოსების მხრიდან მოდის და როცა უნდათ, მაშინ გვიკეტავენ. აი, ასეთ რთულ პირობებში ვცხოვრობთ.~

მაყვალა ჯაფარიძე: `ორი სახლი მაქვს. ერთს ორი ჭურვი დაეცა, მეორეს ტანკი დაეჯახა და კედელი შეანგრია. არავის მოუქცევია ყურადღება. ერთი წლის შემდეგ გამონგრეული კედელი მეზობელმა ამომიშენა. რწმუნებულმა კი მითხრა `დიდი ამბავი თუ შენი სახსრებით ამოაშენეო.~ ამ ომის დროს ხალხი აშენდა, ჩვენ კი დავიქეცით. ვუყურებდი, როგორ ზიდავდნენ ჩემი სახლიდან რუსები ყველაფერს.~

გურამ ბეგიაშვილი: `საძოვარი არ გვაქვს, საქონელი მინდორში ვერ გაგვყავს, იქ ოსები და რუსები დგანან. ნაკვეთებს ვერ ვამუშავებთ. ყოველ საღამოს სროლებია, გაუსაძლისია აქ ცხოვრება, მაგრამ რა ვქნათ?~

ზემო ნიქოზიდან ქვემო ნიქოზისაკენ გამოვემართე. საინტერესო ის იყო, რომ ამხელა გზაზე არავინ შემხვედრია, მხოლოდ იური ლომსაძე მიიჩქაროდა სადღაც. `მოსავლის რეალიზაციას ვერ ვახდენთ~-, მითხრა ორი სიტყვით და ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა. ამასობაში ტერიტორიული ორგანოს შენობას მივუახლოვდი. ამავე შენობაში ქურთის პოლიციის განყოფილებაა განთავსებული. თანამშრომლები გზაზე შემოწმებას აწარმოებენ. შენობის მოპირდაპირე მხარეს, ნაკვეთში ორი ხანში შესული კაცი მუშაობდა. მეც მათკენ წავედი, იმ პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც გამვლელ მანქანებს ამოწმებდა, ეჭვის თვალით შემომხედა და დაწვრილებით გამომკითხა ვინაობა. როგორც კი დარწმუნდა, რომ მხოლოდ საუბრებს ვაწარმოებდი, თავი დამიკრა და იქაურობას გაეცალა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვემო ნიქოზში `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

გაიოზ სააკაშვილი: `სოფლის საუბნო გზები გაფუჭებულია, სარწყავი წყალი არ არის და ყველაფერი გვიხმება. `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ არაფერი მსმენია, რა ვიცი, რაც უნდათ, იმას გააკეთებენ.~

ვახტანგ შალუტაშვილი: `ომის დროს სახურავი დაზიანდა და სახლში წვიმა ჩამომდის. მეუბნებიან მასალას მოგცემთო, მაგრამ მატყუებენ. სარწყავი წყალი არ გვაქვს. სასმელი წყალი კი არის, მაგრამ დასალევად არ ვარგა. არაფერი ამ სოფელში არ გვაქვს, უპატრონობაა,~ საუბარში საიდანღაც მომავალი მამუკა მარიამიძე ჩაერთო: `სოფელი გაჭირვებულია. საძოვარი არ გვაქვს, რომ საქონელი ვაძოვოთ. ჩვენი ნაკვეთების ქვემოთ პატარა მინდორია, მაგრამ იქამდე ვერ მიგვყავს საქონელი, მეზობელმა გაიყვანა და სროლა აუტეხეს ოსებმა. ხელისუფლების წარმომადგენლები აქამდე არ ამოდიან. შემოვლენ არასამთავრობო ორგანიზაციები, არც არაფერს აკეთებენ და მიდიან უკან. სოფლის ცენტრში ჭაბურღილია, მაგრამ წყალი სასმელად არ ვარგა. წყლის მილები ძველია და დაჟანგებული, წყალს ჭიაყელები მოსდევს. სოფელში ახალგაზრდობა აღარ არის, მხოლოდ პენსიონერები არიან დარჩენილი, რომლებიც მხოლოდ პენსიაზე არიან დამოკიდებულნი. მაღაზიიდან ნისიად ეზიდებიან პროდუქტს, ვალს კი თვის ბოლოს აღებული პენსიით ისტუმრებენ და ასე მეორდება. ვაშლია და საქონელს ვაჭმევთ. ამ დღეებში გამოვიტან და მდინარეში გადავყრი. რა უნდა ქნას გლეხმა, საშველი არ ჩანს.~

გიორგი დევიძე, ნიქოზის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული: `ზემო ხვითში სამი სასაფლაო შემოვღობეთ, დარჩენილი მასალა შენახული მაქვს. ამის შესახებ იცის სოფლის მოსახლეობამ. ქვემო და ზემო ნიქოზში გავაკეთეთ სადაწნეო კოშკი. ნაწილობრივ გამოვცვალეთ წყლის მილები. ამ ეტაპზე სოფლებში პრობლემას მხოლოდ სარწყავი წყლის არარსებობა ქმნის, რადგან წყალი ცხინვალიდან მოდის და ოსები გვიკეტავენ. რაც შეეხება თხრილს, ეს ისევ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გავაკეთეთ, რათა ოსები არ გადმოსულიყვნენ სოფელში. ჩვენი სპეცრაზმი აფრთხილებს სოფლის მოსახლეობას, რომ უკონტროლო ზონაზე არ გადავიდეს.

გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამივე სოფლისთვის 17 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. წელს თითოეულ სოფელზე თითქმის 15 ათასი ლარია გამოყოფილი. ზემო ხვითში და ქვემო ნიქოზში მოიხრეშება გზები. ქვემო ნიქოზში გვინდა წყლის საქაჩი ტუმბო დავაყენოთ, მაგრამ გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის და ცოტა ხანში გადაწყდება, მის ნაცვლად რა გაკეთდეს.~

გივი ხუროშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი: `ზემო ხვითში ავიტანეთ სასაფლაოს შემოსაღობი მასალა და თავად მოსახლეობას უნდა შემოეღობა. ზემო და ქვემო ნიქოზში სასმელი წყლის საუბნო ქსელები გამოვცვალეთ. საუბნო გზების მოხრეშვა 2009 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით არ ყოფილა გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ქვემო ნიქოზისთვის გამოყოფილია 13 100 ლარი. სოფლის მოსახლეობისგან შემოსულია 390 ხელმოწერა სასაფლაოს შემოღობვის მოთხოვნით. ზემო ხვითისთვის გამოყოფილია 15 ათასი ლარი და 432 ხელმომწერი საუბნო გზების მოხრეშვას ითხოვს. ქვემო ნიქოზისთვის გამოყოფილია 15 400 ლარი. მოსახლეობა სარწყავი წყლის სატუმბი სადგარის მოწყობას ითხოვს და რადგან აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის, ამიტომ მოსახლეობის ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.~

 

თამუნა მოსიაშვილი


თამუნა მოსიაშვილი
13.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
15-10-2018
2.6376   0.0000
3.0546   0.0000
3.4872   0.0000
4.0001   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.