მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
,,...ცეკვით შემოვლილი მსოფლიო~...

,,ბორჯომი~. იმ ბორჯომელთა შორის, ვინც სახელი გაუთქვა მშობლიურ ქალაქს, ღირსეულად მოიხსენიებენ ომარ ლომსაძეს, რომელიც ბორჯომში ღვაწლმოსილ ჩივაძის ხელდასმით დაეუფლა ქართული ცეკვის საიდუმლოებას და მთელი სიცოცხლე შესწირა მის განვითარებას. ბატონმა ომარმა ბორჯომში ცეკვით დაწყებული საქმე თბილისში გააგრძელა, წარმატებით დაამთავრა კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი, სადაც ცნობილი ქორეოგრაფი და პედაგოგი კონსტანტინე მანჯგალაძე ამეცადინებდა. პერსპექტიული მოცეკვავე ჯერ თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში, შემდეგ შესანიშნავი შესახედაობის და მუსიკალური მონაცემების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდა მოცეკვავე 1963 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის შემადგენლობაში ჩარიცხეს.

ბატონი ომარი მრავალმხრივი მოცეკვავე გახლდათ, იგი წარმატებით ასრულებდა როგორც ცეცხლოვან მთიულურ ცეკვებს (ყაზბეგური, ხანჯლური, შეჯიბრი, მხედრული, ხევსურული, აჭარული, ხორუმი), ასევე სახასიათო ეპიზოდებს (,,ხაბარდა~, ,,ლელო~ და სხვა) ქორეოგრაფიულ კომპოზიციებში.
იგი 1962 წელს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩატარებული მსოფლიო ახალგაზრდობის VIII ფესტივალის ლაურეატია.
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. მისი მეუღლეა ჯულიეტა თექაძე, მათ ჰყავთ ორი შვილი თინათინი და ალექსანდრე, ხუთი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი.
_ ბატონმა ომარმა სწავლა ბორჯომის #1 სკოლაში დაიწყო და #2 სკოლაში დაამთავრა. ახლაც სიყვარულით იხსენებს პირველ მასწავლებლებს ქალბატონებს ქსენია ოსეფაშვილს და ნინო დვალიშვილს. თანაკლასელებს: ომარ კიკაძეს (პირტილოს), გოგა ტაბატაძეს, ომარ ფეიქრიშვილს, ნანა ხუციშვილს, ნუგზარ ქოზაშვილს, ცეზარ შველიძეს... ყველა ენატრება, მოკითხვას უთვლის გაზეთის საშუალებით. არც ბორჯომელი მეზობლები ავიწყდება: ჯემალ ჩხაიძე, გივი გონგლაძე, აბე შავიშვილი. აკოფ ამირშადიანი, დოდო გიუაშვილი, ნაუმ გოგოლაძე, თემურ ბორტიშვილი, უჩა კევლიშვილი, ჯემალ ლაზარაშვილი. სამწუხაროდ ზოგი აღარ არის ცოცხალი, ხშირად იგონებს მათთან გატარებულ წლებს, წუთებს, რომლის დავიწყება არ შეუძლია!
თბილი სიტყვებით იხსენებს ბატონ გრიგოლ ჩივაძეს, რომელმაც შეაყვარა ცეკვა. მომდევნო წლებში მისი პედაგოგები იყვნენ ბუხუტი დარახველიძე, ჯანო ბაგრატიონი, ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი. ეს  ადამიანები არიან ქართველ მოცეკვავეთა აღმზრდელები, რომელმაც მის ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს.
_ მახსოვს, 1962 წელს ბორჯომში გვქონდა მოსამზადებელი გამოსვლები, ვემზადებოდით ფინეთში მსოფლიო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. ჩემთან ერთად ბორჯომელი გურამ გომარელიც ცეკვავდა. ეს იყო ჩემი პირველი გასტროლი საზღვარგარეთ, რომელიც ოქროს მედლით დაგვირგვინდა! მაშინ ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი!
...იმავე წელს, 30 კაციანი ჯგუფი კუბაში მიგვიწვიეს. ფიდელ კასტროსთან ვიყავით მიღებაზე. უდიდესი წარმატება გვქონდა!
თვენახევარი ვიყავით იაპონიაში, სადაც ხალხთა ნაციონალური კოსტიუმების გამოფენა ტარდებოდა. ჩვენმა ნაციონალურმა ჩოხამ პირველი ადგილი დაისაკუთრა! მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მაშინ საქართველოდან პირველად ჩვენ ვიყავით იაპონიაში, ქართული ცეკვა მანამდე არ ენახათ. აღფრთოვანებულები, ფეხზე ამდგარნი გვიკრავდნენ ტაშს. განსაკუთრებით ცეკვა ,,ფარიკაობას~ ჰქონდა დიდი წარმატება, იხსენებს ბატონი ომარი.
1963 წლიდან სუხიშვილისა და რამიშვილის აკადემიურ ანსამბლში ჩაირიცხა, რომელშიც 1987 წლამდე ცეკვავდა, იყო ამ სახელოვანი ანსამბლის წამყვანი სოლისტი, მრავალმხრივი მოცეკვავე.
_ ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მთელი მსოფლიო ცეკვით მომევლო! (იცინის). დავაზუსტებ და გეტყვით, რომ ანსამბლთან ერთად ინგლისში _ 6-ჯერ, საფრანგეთში _ 3-ჯერ, იტალიაში _ 5-ჯერ, ავსტრიაში _7-ჯერ, ამერიკაში 4-ჯერ ვიყავი. სულ 90-ზე მეტი ქვეყანა ცეკვით მოვიარე. განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ვარ სავსე!
მახსოვს, ინგლისის დედოფალ ელისაბედის კარზე ვიეტნამისათვის მსოფლიოს მაღალი კლასის შემსრულებლებით დაკომპლექტებული  საქველმოქმედო კონცერტი იყო დაგეგმილი. ჩვენ ,,მხედრულით~ გამოვედით. ბილეთი 1000 ფუნტი ღირდა. არც ერთი ნომრის გამეორება არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ გაგვამეორებინეს(!), ეს იყო ქართული ცეკვის ტრიუმფი. დედოფალმა ელისაბედმა მადლობის ნიშნად ყველას ხელი ჩამოგვართვა ]_ ესპანეთში ბაგრატიონის შთამომავლის ირაკლი ბაგრატიონის ოჯახშიც ვარ მიწვევით ნამყოფი...
მოგონებები ძალიან ბევრია. საინტერესოა, განვლილი გზის გახსენება_ კვლავ მოგონებებში იძირება ბატონი ომარი.
 ბატონო ომარ, ახლა რას საქმიანობთ?
_ ამჟამად ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქარეოგრაფიულ სასწავლებელში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ანანიაშვილია _ ქართულ ცეკვებს ვასწავლი.
 თქვენი შვილები თუ ცეკვავდნენ? _ ვეკითხები ქალბატონ ჯულიეტას, ბატონ ომარის მეუღლეს.
_ სამწუხაროდ, არა. ჩვენი ქალიშვილი _ თინათინი უცხო ენის სპეციალისტია, ვაჟი _ ალექსანდრე კი ბიზნესით არის დაკავებული.
_ ბორჯომი ჩემი ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს. მე პირადად მენატრება ის პერიოდი, როდესაც ჩვენს ახალგაზრდობაში სასტუმრო ,,ბორჯომის~ წინ უამრავი ხალხი იყრიდა თავს, საუბრობდნენ, სეირნობდნენ, როდემდე უნდა იყოს სასტუმრო ,,ბორჯომი~ ნანგრევებად ქცეული? აღორძინებული ბორჯომი გვენატრება... ახლახან, გავიგე, რომ ბორჯომში ხელოვნების ფესტივალი ჩატარებულა, ძალიან გაგვეხარდა. დიდი სურვილი მაქვს, რომ იგი საერთაშორისო ფესტივალად გადაიქცეს, რაც ბორჯომელებისა და ყველა ქართველისათვის დიდი საჩუქარი იქნება! ჩემი ბავშვობა ბორჯომში დარჩა! აქაური  ქვა, ხე და ბუჩქი ჩემს ბავშვობას მაგონებს. მიყვარს ნადირობა, თევზაობა და როცა ბორჯომში ვარ, შეძლებისდაგვარად ვახერხებ ამ სურვილის ასრულებას... რა გითხრათ, მთელი მსოფლიო შემოვლილი მაქვს, მაგრამ ბორჯომისნაირი ულამაზესი ადგილი არსად არ არის! ხალხიც საოცრად საყვარელია, სტუმართმოყვარე და გულითადი!
ასეთებად დარჩით მუდამ, ჩემო ბორჯომელებო! მიყვარხართ!
    


ივეტა კუპრაძე
15.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
15-10-2018
2.6376   0.0000
3.0546   0.0000
3.4872   0.0000
4.0001   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.