მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რატომ ირიცხება პატიმარი დღემდე საკრებულოს წევრთა სიაში და რატომ უცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტს წარმომადგენლობით ორგანოს?!

რატომ ირიცხება პატიმარი დღემდე საკრებულოს წევრთა სიაში და რატომ უცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტს წარმომადგენლობით ორგანოს?!

 2006 წლის 2 ნოემბრიდან...

2006 წლის 2 ნოემბრის განკარგულებით, `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის `დ~ ქვეპუნქტისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკრებულოს 31 წევრის უფლებამოსილება დაადგინა. ესენი იყვნენ: გივი აბალაკი, თემურ აფხაზაშვილი, მიხეილ ახალკაცი, მამუკა ბაზანდარაშვილი, ზაზა ბერიძე, ლევან ბიძინაშვილი, მამუკა დავითულიანი, ზურაბ დაღელაშვილი, კახაბერ ერგემლიძე, მურად თოფჩიშვილი, გიორგი თენაძე, მალხაზ კაკაშვილი, ანზორ კაჭკაჭიშვილი, დავით კეკელიშვილი, ხათუნა ლომოური, მიხეილ ლურსმანაშვილი, ვასილ მახარაშვილი, თამარ მურალოვი, გიორგი მჭედლიძე, მარლენ ნადირაძე, ილია ოქროაშვილი, ნუგზარ პაპუნაშვილი, ზაირა ტეტუნაშვილი, სევერიან ქარელი, სამსონ ქებაძე, ავთანდილ ყაზარაშვილი, კახი შავდათუაშვილი, ნოდარ ციცაგი, შალვა ცომაია, ზვიად ხმალაძე და იოსებ ხუროშვილი. 2006-2007 წლებიდან დღემდე ეს სია რამდენჯერმე შეიცვალა. ზემოთ აღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთ კვირაში _ 9 ნოემბერს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა გიორგი მჭედლიძეს, გიორგი თენაძეს, ანზორ კაჭკაჭიშვილს, ზაზა ბერიძეს; 29 ნოემბერს ვასილ მახარაშვილს; 2007 წლის 16 თებერვალს ემირ ბოლოთაშვილს და თამარ მურალოვს; 17 ივლისს დავით კეკელიშვილს და შალვა ცომაიას. მათი წერილობითი განცხადებები საკრებულოს წევრობაზე უარის თქმის შესახებ უშუალოდ ვერ ვიხილეთ, თუმცა `ხალხის გაზეთი~ შეეცადა ყოფილი დეპუტატების მიერ საკრებულოს წევრობაზე უარის თქმის მოტივთან დაკავშირებული ინფორმაცია სხვა წყაროებიდან მოეპოვებინა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის, თამარ მურალოვის ინფორმაციით, პროპორციულ საარჩევნო სიაში მყოფ დეპუტატებს _ გიორგი თენაძეს, გიორგი მჭედლიძეს, ანზორ კაჭკაჭიშვილს და ზაზა ბერიძეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ პირადი განცხადებების საფუძველზე. მათი ადგილმონაცვლეები გახდნენ დავით მაჭარაშვილი, ემირ ბოლოთაშვილი, რამაზ ჩუტკერაშვილი, დავით მაყაშვილი. დავით მაჭარაშვილმა და დავით მაყაშვილმა უარი განაცხადეს საკრებულოს წევრობაზე. მათი ადგილმონაცვლეები გახდნენ ილია მეტრეველი და ლალი კლიმიაშვილი. ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. მისი ადგილმონაცვლე კი გიორგი ბუხნიკაშვილი გახდა. ემირ ბოლოთაშვილს უფლებამოსილება გარდაცვალების გამო შეუწყდა. მისი ადგილმონაცვლე გახდა ლევან ვარდიაშვილი, რომელმაც წერილობითი უარი განაცხადა საკრებულოს წევრობაზე და შესაბამისად, ბოლოთაშვილის ადგილმონაცვლე გახდა ბონდო ცაციაშვილი. დავით კეკელიშვილს უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე. მისი ადგილმონაცვლე გახდა შალვა გიუნაშვილი, რომელმაც უარი განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. შალვა გიუნაშვილი იყო ბოლო კანდიდატი პარტიულ სიაში, შესაბამისად, დავით კეკელიშვილის მანდატი გაუქმდა. თამარ მურალოვი აცხადებს, რომ უფლებამოსილება შეუწყდათ ასევე მარლენ ნადირაძეს და შალვა ცომაიას, რომელთა მანდატებიც გაუქმდა (მარლენ ნადირაძის თემას დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ). რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას, პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ მიერ წარდგენილ დეპუტატს _ ვასილ მახარაშვილს, ხოლო მისი ადგილმონაცვლე გახდა ბლოკი `დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშივილის~ მიერ წარდგენილი კანდიდატი დავით რაზმაძე. ასევე პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ მიერ წარდგენილ დეპუტატს _ თამარ მურალოვს. მისი ადგილმონაცვლე გახდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი გიორგი ხოხაშვილი, რომელმაც წერილობით განაცხადა უარი საკრებულოს წევრობაზე. შესაბამისად, მურალოვის ადგილმონაცვლე გახდა ბლოკი `დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის~ მიერ წარდგენილი კანდიდატი მამუკა ლომსაძე, რომელმაც ასევე წერილობით განაცხადა უარი საკრებულოს წევრობაზე, რის შემდეგაც ძევერის საარჩევნო ოლქში მანდატი გაუქმდა. თამარ მურალოვი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი: `ეს პიროვნებები პირადი განცხადებების საფუძველზე წავიდნენ საკრებულოდან. არის შემთხვევები, როცა პირადი განცხადება ხდება მიზეზი, ან როდესაც სამსახურეობრივი შეუთავსებლობის გამო ამბობენ უარს დეპუტატები საკრებულოს წევრობაზე. რამდენადაც მახსოვს, მახარაშვილს გამგებლად არჩევის შემდეგ შეუჩერდა უფლებამოსილება. რაც შემეხება მე, როდესაც საკრებულოს წევრი გავხდი, პარალელურად დავინიშნე აპარატის უფროსად, მაგრამ შემდეგ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად ამ ორი სამუშაოს შეთავსება აღარ შეიძლებოდა. ამის გამო მომიწია განცხადების დაწერა.~ ზვიად ხმალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: `გიორგი მჭედლიძე გუბერნიაში გადავიდა სამუშაოდ, გიორგი თენაძეც სამსახურის გამო წავიდა საკრებულოდან _ თბილისში გადავიდა, ქალთა ნაკრები გუნდი ჩააბარეს ძიუდოში და კიდევ გარკვეული ობიექტი. ვასილ მახარაშვილი გამგებელი გახდა, თამარ მურალოვი კი საკრებულოს აპარატის უფროსი. კაჭკაჭიშვილზე და დანარჩენებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ალბათ თვითონ ამ პიროვნებებს უნდა ჰკითხოთ. მათ მაშინ დაწერეს განცხადებები, როდესაც მე ჯერ კიდეც არ ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე.~ ამ ეტაპზე საკრებულოს წევრთა ოფიციალური სია თავმჯდომარის და მისი მოადგილის ჩათვლით 28 დეპუატატისგან შედგება: ზვიად ხმალაძე, გივი აბალაკი, მიხეილ ახალკაცი, თემურ აფხაზაშვილი, ლევან ბიძინაშვილი, გია ბუხნიკაშვილი, მამუკა ბაზანდარაშვილი, მამუკა დავითულიანი, ზურაბ დაღელაშვილი, კახა ერგემლიძე, მურად თოფჩიშვილი, ხათუნა ლომოური, ილია მეტრეველი, ილია ოქროაშვილი, დავით რაზმაძე, ზაირა ტეტუნაშვილი, სევერიან ქარელი, სამსონ ქებაძე, ავთანდილ ყაზარაშვილი, კახი შავდათუაშვილი, რამაზ ჩუტკერაშვილი, ნოდარ ციცაგი, ბონდო ცაციაშვილი, ნუგზარ პაპუნაშვილი, იოსებ ხუროშვილი, მალხაზ კაკაშვილი, მიხეილ ლურსმანაშვილი და მარლენ ნადირაძე. პატიმრობაში მყოფი ნადირაძე ისევ საკრებულოს წევრია როგორც გავარკვიეთ, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი დეპუტატი მარლენ ნადირაძე დღემდე პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს იხდის 2007 წლის 6 ნოემბრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (ქრთამის აღება), რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლის და 6 თვის ვადით, ასევე მოხსენიებულია პოლიტპატიმრების სიაში. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ რჩება საკრებულოს წევრთა ამჟამინდელ, მოქმედ სიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთგვაროვან კომენტარებს აკეთებენ `ხალხის გაზეთის~ რესპონდენტები. თამარ მურალლოვი: `შეუძლებელი და კანონშეუსაბამოა მისი სიაში ყოფნის ფაქტი, რადგან რამდენადაც ვიცი, მარლენ ნადირაძეს განაჩენი გამოუტანეს და სასჯელს იხდის.~ ზვიად ხმალაძე: `ამ საკითხზე იურისტს უნდა ჰკითხოთ, მე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს წმინდა იურიდიული საკითხია, მე კი იურისტი არ გახლავართ.~ ნიკოლოზ ადიკაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურისტი: `სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით, მე აპარატის იურისტი ვარ. ეს კი პროცედურული საკითხია და აგვარებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ნაკლებად ეხება ჩემს თანამდებობას და საქმიანობას.~ `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის (საკრებულოს წევრის სტატუსი) მე-5 პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ `მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.~ იგივე საკითხს არეგულირებს გორის საკრებულოს რეგლამენტის მე-2 თავის მე-6 მუხლის მე-3 პუნტი, სადაც აღნიშნულია, რომ: `თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია გამოითხოვს განაჩენს და წარუდგენს საკრებულოს ცნობის სახით.~ აღნიშნულ პუნქტთან შეუსაბამო განცხადებას აკეთებს `ხალხის გაზეთთან~ საუბრისას საკრებულოს იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მამუკა დავითულიანი: `დაახლოებით 3 წლის წინ, ნადირაძის დაკავებისთანავე ჩვენ მივმართეთ გორის რაიონულ სასამართლოს. სანამ იგი არ გვაცნობებს მარლენ ნადირაძის ბრალეულობას, მანამდე დეპუტატს უფლებამოსილებას ვერ შევუჩერებთ. შესაძლოა სასამართლოში პროცესი ისევ მიმდინარეობს, ჩვენ თავად ხომ ვერ დავადგენთ პიროვნების ბრალეულობას?! სასამართლომ შესაძლოა დამნაშავედ სცნოს, შესაძლოა გაამართლოს. როგორც კი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება, ჩვენც მაშინ ვიმოქმედებთ. მოგეხსენებათ, რომ ეს საკითხი გაჭიანურდა და დღემდე ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას.~ რევაზ რევაზიშვილი, `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ გორის ოფისის ადვოკატი: `ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, სასჯელის შესაბამისი ზომის შეფარდებით ითვლება კანონიერად და დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ანუ ითვლება კანონიერ ძალში შესულად, მიუხედავად იმისა, გაასაჩივრებენ თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულის ადვოკატები.~ ქეთი ბებიაშვილი, `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ გორის ოფისის ხელმძღვანელი: `თუ ბრალდებულის (საკრებულოს წევრის) მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ან საკრებულოს სამანდატო კომისია იხილავს საკითხს ამ დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და გამოაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.~ `ვალდებულები არ ვართ `პირველკლასელებივით~ გამოვცხადდეთ სხომებზე...~ საკრებულოს წევრთა მიმდინარე სიაში ისეთი დეპუტატებიც არიან, რომლებიც სისტემატიურად აცდენენ საკრებულოს ხსდომებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, თუმცა დღემდე მათი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი არ დამდგარა. ასეთები `მარლენ ნადირაძესთან~ ერთად არიან მალხაზ კაკაშვილი და მიხეილ ლურსმანაშვილი. `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის (საკრებულოს წევრის სტატუსი) მე-5 პუნქტის `ე~ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ `არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში.~ გორის საკრებულოს რეგლამენტის მე-6 მუხლიც ამ შინაარსის პუნქტით იწყება: `თუ საკრებულოს წევრი 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ამზადებს დასკვნას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად.~ თამარ მურალოვი: `კონტროლის მექანიზმი გამცდენი დეპუტატების მიმართ ჩემი საკრებულოში მუშაობის პერიოდში არ განხორციელებულა.~ საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ ფრაქცია `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~ წევრები _ კახა ერგემლიძე, თემურ აფახაზაშვილი და სევერიან ქარელი. თემურ აფხაზაშვილი, საკრებულოს წევრი: `ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2009 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა ჩვენ წერილობითი მოხსენება და გარკვეული ანალიზი გავაკეთეთ. ამის შესახებ თქვენს გაზეთშიც იბეჭდებოდა. ბოიკოტი გამოვაცხადეთ მას შემდეგ, როცა 2010 წლის ბიუჯეტს უყარეს კენჭი. მე მაშინ შენობაში ვიყავი, უბრალოდ, რეგისტრაცია არ გამივლია, საბიუჯეტო დოკუმენტაცია წამოვიღე და სხდომათა დარბაზიდან გამოვედი. გავეცანით ამ ბიუჯეტს და როგორც გახსოვთ, სერიოზული კომეტარიც გავაკეთეთ, რომ გორს აღარ აქვს ადგილობრივი ბიუჯეტი და ეს არის ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ფონდი, მათ ბიუჯეტის სახით პარტიული ფონდი დაამტკიცეს. სხდომაზე არ დასწრების და ბოიკოტის მიზეზი სწორედ ეს არის, რადგან ჩვენ არ ვართ `ნაციონალური მოძრაობის~ წევრები და შესაბამისად, იქ აღარაფერი გვესაქმებოდა. კონკრეტული დეტალები და შენიშვნები ჩვენ არაერთხელ, პერმანენტულად, მთელი წლების განმავლობაში გვქონდა და ვაფიქსირებდით ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე. ისე, რომ ერთი და იგივეს საუბარი, ერთი და იგივეზე მუდმივად ჩიჩინი, როცა საქმე უკან-უკან მიდის და არც სურთ ამის გაგება, ცოტა უხერხულია, აზრი არ აქვს. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა, ნამდვილად არ არის უმნიშვნელო, მაგრამ ისე, როგორც ესენი მუშაობენ, ასეთი ტექნიკური საკითხები უმნიშვნელო ხდება. მაგალითად, ვიღაცის საჩივრის არ დაკმაყოფილება ქონების აღიარებასთან დაკავშირებით და მსგავსი საკითხები. ასეთ რამეებზე თავს ნამდვილად არ შევიწუხებთ, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. ამ მოწვევის საკრებულომ ერთი საკითხიც კი `ვერ ჩააგდო,~ იმდენად `ხუთიანზე~ გამოდის ყველაფერი მომზადებული, არც ერთხელ, არც ერთი საკითხი არ ჩავარდნილა, ანუ ყველაფერი კარგად აქვთ. ჩვენი დამოკიდებულება კი ცხადზე ცხადია და მრავალჯერ გვაქვს დაფიქსირებული. რაც შეეხება დასწრება-არ დასწრებას, რაც რეგლამენტშია აღნიშნული, არის ნორმა. თანაც ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ვალდებულები არ ვართ `პირველკლასელებივით~ გამოვცხადდეთ სხდომებზე, როგორც გაკვეთილზე. ბოიკოტის რეჟიმი ნიშნავს, რომ შეგნებულად ვამბობთ უარს დასწრებაზე, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და რადგან სხდომებზე არ ვესწრებით, არ ნიშნავს, რომ ზარმაცი დეპუტატები ვართ, ეს ჩვენი პროტესტის ფორმაა.~ კახა ერგემლიძე, საკრებულოს წევრი: `ბოიკოტის მიზეზი ის არის, რომ ჩვენს მოხსენებაში დაფიქსირებულ არც ერთ საკითხს არ ითვალისწინებს არც საკრებულოს თავმჯდომარე, არც მთლიანად საკრებულო. მოხსენებაში საუბარია თანხების გაფლანგვაზე. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყოველი ჩვენი დასწრება არის კატეგორიული წინააღმდეგობა მათ მიერ მიღებული ვითომ სასიკეთო გადაწყვეტილებებისა. ფაქტიც სახეზეა. თუნდაც გორში წყალდიდობების დროს ვერც ერთმა სანიაღვრე არხმა ვერ გაატარა წყალი და მთელი ქალაქი დაიტბორა. ათობით ათასი ლარი არის გაფლანგული 2009 წლის ბიუჯეტში. გნებავთ, დეტალებში ვისაუბროთ, ძალიან ბევრ მიზეზს გეტყვით.~ ზვიად ხმალაძე: `წყალდიდობების შემდეგ რაიმე პრობლემა დარჩა ქალაქში მოსაგვარებელი?! ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. თუ რაიმეს თავს ვერ ვართმევთ, ბოიკოტი კი არ უნდა გამოგვიცხადონ, არამედ მოვიდნენ, ღიად განაცხადონ და ერთად გადავჭრათ ესა თუ ის საკითხი. დეპუტატობა საკრებულოს წევრების საზოგადოებრივი დატვირთვაა, საკრებულოს წევრი თავისუფალია, შეუძლია მოვიდეს, შეუძლია არ მოვიდეს. კანონმდებლობით განსაკუთრებული პასუხისმგებელობა არ არის გათვალისწინებული. შესაძლოა, 6 თვის შემდეგ საკრებულოს წევრებმა დააყენონ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ლურსმანაშვილი და კაკაშვილი ნამდვილად არ დადიან სხდომებზე. ასეთი მოთხოვნა დეპუტატებს არ დაუყენებიათ, თუკი ასეთი მოთხოვნა იქნება ვიმოქმედებთ. ჯერჯერობით არავის არ მოსვლია აზრად ეს. ოპოზიციონერებს რა მოთხოვნები აქვთ, არ ვიცი, ვერ გეტყვით... არც ერთი მოთხოვნა არ ჰქონიათ და ძალიან დამავალებთ, თუ გამაგებინებთ, რომელი მოთხოვნა არ დავუკმაყოფილეთ. რადგან ოპოზიციას წარმოადგენენ, ჰგონიათ, რომ არ უნდა იარონ და საქმე არ უნდა აკეთონ. ალბათ ეს ყველაფერი მოახლოებული არჩევნების გამო სჭირდებათ, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ ერთი რამ _ მოსახლეობამ მათ ნდობა გამოუცხადა, რომ უნდა ყოფილიყვნენ აქ მოქალაქეების თვალი, ყური და ემართათ პროცესები, მათ ნაცვლად უნდა მოესმინათ, გაეგოთ, მათ ნაცვლად უნდა ეთქვათ სათქმელი, თუ რაიმე დასანახი უნდა დაენახათ, მაგრამ არ დადიან ბატონო... არ მახსოვს, მათ რაიმე მოთხოვნა დაეყენებინოთ, პირიქით, რომ თუკი რაიმე იდეა აქვთ, თუკი რაიმე უნდათ, მზად ვარ განვიხილო, რადგან დღევანდელი საკრებულო წინა საკრებულოსგან ისე განსხვავდება, როგორც ცა დედამიწისაგან. ადრე ერთი პიროვნება იღებდა `ზემოთ~ გადაწყვეტილებებს, თავს ახვევდა და ხელს აწერინებდა დეპუტატებს. დღეს კი სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. საკრებულო და კომისიები მუშაობენ, გადაწყვეტილებები მიიღება ერთობლივად. სულ ვეუბნებით მათ, `თქვით თქვენი აზრი, ერთობლივად გადავწყვიტოთ~, მაგრამ არ მოდიან. მათი მოვალეობაა, ხალხის ინტერესები გამოხატონ აქ. მათი სათქმელი მოიტანონ, დაიცვან საზოგადოების ინტერესები. რომ არ დადიან სხდომებზე, ე.ი. ამ ფუნქციას და საკუთარ მოვალეობას ისინი არ ასრულებენ. შემდეგ კი დიდი პრეტენზია აქვთ. ბოიკოტის გამოცხადებით საქმე არ კეთდება. ხალხმა ისინი იმიტომ აირჩია, რომ ბოიკოტი აცხადონ და არ მიიღონ განხილვებში მონაწილეობა?! ეს თვითმმართველობაა, ეს არ არის პოლიტიკური ორგანო, საკრებულო არ არის პარლამენტი, აქ არ შეიძლება პოლიტიკა, ეს ორგანო სერვისების განმახორციელებელი ორგანოა და მუშაობს იმისთვის, რომ მოსახლეობის პრობლემები მოაგვაროს. ჩვენი უფლებამოსილებები შეზღუდულია. ქალაქის მოვლას, დასუფთავებას, კომუნალურ და სხვა მსგავს საკითხებს არ სჭირდება პარტიულობა, როდესაც ეზოში ჭის სარქველი ვარდება, პარტია კი არ სჭირდება საკითხის გადაწყვეტას, არამედ ადამიანი, რომელთანაც მიხვალ საკრებულოში და ეტყვი, რომ ჭის სარქველია დაზიანებული, მოდი და გააკეთე!~ ილია ოქროაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივი ეკონომიკისა და კომუნალური მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე: `ისეთი დეპუტატები ნამდვილად არ გვყავს, რომლებიც სისტემატიურად აცდენენ სხდომებს. სხდომის გაცდენის მიზეზი ზოგადად შეიძლება იყოს ავადმყოფობა და ამის შესახებ დეპუტატები წინასწარ გვატყობინებენ. სხდომის თარიღი ერთი კვირით ადრე ვიცით, ასე რომ წინასწარ ვემზადებით ხოლმე.~ მამუკა ბაზანდარაშვილი, საკრებულოს წევრი: `ის დეპუტატები, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ და სამსახურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ სხდომებზე დასწრებას, შეთანხმებულები იყვნენ საკრებულოს ხელმძღვანელობასთან. როგორც ასეთი, სისტემატიურად რომ ეცდინა, ერთ ან ორი დეპუტატი იქნებოდა და ალბათ შეუჩერდებოდათ კიდეც მათ უფლებამოსილება.~ არსებობს თუ არა 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე `ნაციონალური მოძრაობის~ საარჩევნო სია?! `ხალხის გაზეთის~ ინფორმაციით 2006-2007 წლებში `ნაციონალური მოძრაობის~ წევრებს, რომლებსაც შესაბამისად უნდა დაეკავებინათ საკრებულოს წევრის ადგილი წინამორბედის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თავად `ნაციონალური მოძრაობა~ აიძულებდა დეპუტატობაზე უარის თქმას და მათ ადგილს სხვა პიროვნებები იკავებდნენ. მხედველობაში გვაქვს ის ადამიანები, რომლებმაც, როგორც სტატიის დასაწყისშია ნათქვამი, საკუთარი ნებით უარი თქვეს საკრებულოს წევრობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ `ხალხის გაზეთის~ რესპონდენტები. ზვიად ხმალაძე: `ამ დროისთვის სია უკვე ამოწურული იყო. მიშა ქარელის დროიდანვე ვინ იყო სიაში, ყველა შემოვიდა საკრებულოში, სხვა აღარავინ დარჩა და ვისზე უნდა მომხდარიყო ზეწოლა? მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ცოტა უცნაურია ჩემთვის, 3 წლის წინანდელ ამბებს ახლა რატომ იხსენებთ. ასეთ რამეს ადგილი უბრალოდ ვერ ექნებოდა.~ თამარ მურალოვი: `ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, ასეთი რამ არ მსმენია.~ მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვიპოვეთ 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე `ნაციონალური მოძრაობის~ წევრთა საარჩევნო სია. გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნულ ინფორმაციას ვერ მიაკვლიეს და განგვიმარტეს, რომ ეს დოკუმენტი ან გაანადგურეს, ან არქივში გაგზავნეს. რაც შეეხება კომპიუტერულ ვერსიას, მათი თქმით, იგი აღარ არსებობს, რადგან კომპიუტერში ახალი ოპერაციული სისტემა ჩაიტვირთა და შესაბამისად, იქ არსებული მონაცემები წაიშალა.~ პრობლემებზე ყველა არ საუბრობს... საკრებულოს უპირველესი ფუნქცია მუნიციპალიტეტის პოლიტიკური მართვაა. საკრებულოს წევრობა წარმოადგენს ე.წ. საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ თანამდებობას, რომლის დაკავებაც სავალდებულო არ არის და რომელზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეიძლება მიზეზების მითითების გარეშე. საკრებულოს წევრები არ იმყოფებიან საჯარო-სამართლებრივი სახის სამსახურებრივ ურთიერთობაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან. მათი საქმიანობის ერთადერთი კრიტერიუმია საკუთარი სინდისის კარნახით საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული მუშაობა. საკრებულოს წევრი ყველაზე ინფორმირებული და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეა. რა პრობლემები ექმნებათ დღეს დეპუტატებს, ამის შესახებ ბევრს არაფერს ამბობენ, საკუთარ საქმიანობას 2006 წლიდან დღემდე კი დადებითად აფასებენ. თამარ მურალოვი: `მე პირადად არასოდეს, არც ერთ უწყებასთან არ მქონია პრობლემები, პირიქით, საუკეთესო თანამშრომლობა მქონდა როგორც ქალაქში არსებულ ყველა უწყებასთან, ასევე თითოეულ მოქალაქესთან. შეიძლება მათ მაქსიმუმს ვერ ვუკეთებდი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში სასურველ შედეგებს ვაღწევდით. ვერც ერთი უწყების ხელმძღვანელს ვერ დავასახელებ, რომ რომელიმესთან სულ პატარა პრობლემა მაინც გვქონოდეს. არც დეპუტატებს ჰქონდათ პრეტენზიები. საერთოდ, ხელფასები რომ მიზერულია, ამას რად უნდა კომენტარი?! იმ დეპუტატებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ (კომისიების თავმჯდომარეები და სხვები) და დადიან საკრებულოში, არსებული ანაზღაურება შესაძლოა ტრანსპორტის ხარჯების დასაფარადაც არ ეყოთ. უფრო მეტი რომ უნდა კეთდებოდეს საკრებულოს და დეპუტატების მხრიდან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.~ ილია ოქროაშვილი: `არანაირი პრობლემები არ შეგვქმნია უფლებამოსილებების განხორციელებაში, პირიქით, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე ისეთი პიროვნებაა, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და ყველა პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. თუკი რამე გვითხოვია და დაგვჭირვებია და ამის საშუალება ყოფილა, ყველაფერი შეძლებისდაგვარად მოგვარებულა. არც ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები. ინფორმაციას ვიღებთ როგორც ტელეფონის საშუალებით, ასევე ოფიციალურად, წერილობითი ფორმით. კარგად ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან. მისი წარმომადგენლები ესწრებიან ჩვენი კომისიის სხდომებს და შეძლებისდაგვარად გვიწევენ დახმარებას. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მუშაობაში ხელისშემშლელი არაფერი ყოფილა.~ კახა ერგემლიძე: `როდესაც ჩვენი ფრაქცია ოფიციალურად ითხოვს გამგეობიდან ინფორმაციას, გადის 2-3 თვე და ვერ ვიღებთ. ნაცვლად დაუყოვნებლივ მოწოდებისა, 100-200 გვერდიანი დოკუმენტის ასლის გაკეთებისთვის 5 თვე სჭირდებათ... ასე იმიტომ ხდება, რომ წესრიგში არ აქვთ დოკუმენტაცია. პოლიციის მხრიდანაც გვექმნება პრობლემები, თქვენ იცით ცნობილი ფაქტები... გორში არსებულ სხვა სამსახურებთან პრობლემები არ გვაქვს, რადგან მათთან მჭიდრო ურთიერთობები არ გვაკავშირებს, მხოლოდ მუნიციპალურ სამსახურებთან გვაქვს კონტაქტი.~ მამუკა ბაზანდარაშვილი: `ვინმემ რომ ხელი შეგვიშალოს საქმიანობაში და უფლებამოსილებების განხორციელებაში, ასეთი რამ გამორიცხულია. კანონი გვეუბნება, რომ ყველა უწყება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვალდებულია, ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შემთხვევაში გაგვცეს პასუხი, მაგრამ თვითონ ეს უწყებები არ იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებულნი და ბევრი კითხვა უჩნდებოდათ. როდესაც მივდიოდით და ვუხსნიდით, რომ ეს არის საკრებულო და ისინი იყვნენ ვალდებულნი, მოეწოდებინათ საჭირო ინფორმაცია, შემდეგ არანაირი დაბრკოლება აღარ არსებობდა, მაშინვე აკმაყოფილებდნენ ჩვენს მოთხოვნას. უბრალოდ, დღემდე ვერ გაითავისეს და ვერ წარმოიდგინეს ხელმძღვანელებმა, რა არის საკრებულო და რა ფუნქციები გააჩნია მას. ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ ამ წესით პირველად იქნა მოწვეული წარმომადგენლობითი ორგანო. ჩემი აზრით, ეს პირველი საკრებულო იყო და შეიძლება ცოტა დასახვეწები ვიყავით, ახლა ჩვენი დეპუტატობის ვადა მთავრდება და ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმე ასე თუ ისე შევასრულეთ, რაც პირველადი იყო, გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული საკრებულო იყო.~

ნინო შოთნიაშვილი


ნინო შოთნიაშვილი
18.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
21-06-2018
2.4573   0.0012
2.8414   0.0051
3.2338   0.0008
3.8647   0.0292
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.