მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მილიონები "ნაციონალურ"ყულაბაში შემოწირულობების ხარჯზე

 შესყიდვები ერთ პირთან მოლაპარაკებით

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის საერთო მაჩვენებლები ამ დროისთვის 61 654 200 ლარს შეადგენს. აქედან 10 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან 30 მარტს ჩაირიცხა ქუთაისის თვითმმართველობის ანგარიშზე - პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის; 19 893 000 ლარი გათანაბრებითი ტრანსფერია; 210 000 ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი; 7 500 000 ლარი - სპეციალური ტრანსფერი. ამასთანავე, 7 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტში გასული წლის 11 დეკემბერს შევიდა სს "ავტოქარხნის" პრივატიზაციის შედეგად, რომელიც ქუთაისის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსავლებში აისახა.

სწორედ ამ თანხებით ხორციელდება ქუთაისში მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რისთვისაც ხელისუფლება სახელმწიფო შესყიდვებს კერძო კომპანიებისგან ახორციელებს. საბიუჯეტო სახსრებით ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის პროცესს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არეგულირებს. აღნიშნული კანონის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ფორმებს ადგენს მონეტარული ზღვრები. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის ფორმად ფასთა კოტირება გამოიყენება იმ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 100 000 ლარზე, აგრეთვე, იმ სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე; ერთ პირთან მოლაპარაკება კი - იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვა უნდა განხორციელდეს ტენდერის გზით. მიუხედავად ამისა, ქუთაისის თვითმმართველობა თითქმის ყველა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვას არა ტენდერის, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ახორციელებს.

"თუკი არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭოს ქუთაისის მერიას ერთ პირთან მოლაპარაკების ხელშეკრულების გაფორმების უფლება, ეს დასაშვები ხდება მოქმედი კანონმდებლობით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კანონის დარღვევა, ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ კორუფციის მნიშვნელოვან წყაროდ," - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი თამარ კორძაია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების ხელშეკრულებებს კერძო ფირმებთან კანონით დადგენილ მონეტარულ ზღვარზე მეტ თანხაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე აფორმებენ. "ჩვენ თხოვნით მივმართავთ ხოლმე საქართველოს მთავრობას, რომ ნება დაგვრთონ სახელმწიფო შესყიდვა განვახორციელოთ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და ამის საფუძველზე ვაფორმებთ ხელშეკრულებებს ფირმებთან. სახელმწიფო შესყიდვის ამ ფორმას ვიყენებთ იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც შემჭიდროვებულ ვადებში უნდა განხორციელდეს. ტენდერის ჩატარება დიდ დროსთან არის დაკავშირებული, ერთ პირთან მოლაპარაკებით კი ეს პროცესი დროში აღარ იწელება," - აცხადებს ქუთაისის მერის პირველი მოადგილე მერაბ მეშველიანი.

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი იმისთვისაა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა წინასწარ დაგეგმონ მომავალი წლის შესყიდვები. ეს პრაქტიკა კი, როდესაც მთავრობა აპელირებს ვადების შემჭიდროების აუცილობლობაზე, როცა ერთ პირთან მოლაპარაკებას იყენებს, ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში სრული დაუგეგმაობა სუფევს და ხელისუფლებას არა აქვს დაგეგმილი, რა უნდა გააკეთოს," - აცხადებს თამარ კორძაია.

არის თუ არა ვადების შემჭიდროება გადაუდებელად აუცილებელი იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაც წელს ქუთაისში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხორციელდება? - ამის საილუსტრაციოდ ჩვენ ამ პროექტების მოკლე ჩამონათვალს გაგაცნობთ: ამ პროექტებს შორისაა, მაგალითად, ქუთაისში დახურული საცურაო აუზის (ერთ პირთან მოლაპარაკების ხელშეკრულება გაფორმებულია 1 600 000 ლარზე), ჩოგბურთის კორტების (ერთ პირთან მოლაპარაკების ხელშეკრულება გაფორმებულია 760 000 ლარზე), "ტორპედოს" სტადიონის (ერთ პირთან მოლაპარაკების ხელშეკრულება გაფორმებულია 2 მილიონ ლარზე), პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა (ამ დროისთვის ერთ პირთან მოლაპარაკების ხელშეკრულებები გაფორმებულია 2 მილიონზე მეტ ლარზე) და სხვა.

 "ხელი ხელს ჰბანს" და ორივე ერთად - "ნაციონალურ მოძრაობას"

2010 წელს ყველაზე სოლიდური შეკვეთები ქუთაისის თვითმმართველობისგან თბილისურ ფირმას - შპს "დაგს" ერგო წილად. სწორედ "დაგი" შეირჩა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით "ტორპედოს" სტადიონის "უეფასა" და "ფიფას" სტანდარტებთან დასაახლოებლად. სტადიონის რეკონსტრუქციისთვის "დაგმა" ქუთაისის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი მიიღო. "შპს "დაგი" შეირჩა მისი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით. მას მანამდე ყველა სამუშაო აქვს პირნათლად შესრულებული," - აცხადებს ქუთაისის მერიის აპარატის მთავარი სპეციალისტი ქეთი დეისაძე, თუმცა ჩვენს შეკითხვაზე, დაესახელებინათ ამ ფირმის მიერ "მანამდე პირნათლად შესრულებული სამუშაოები" ქუთაისში, მერიას პასუხი არ აღმოაჩნდა.

გავარკვიეთ მხოლოდ ის, რომ შპს "დაგი" ქუთაისში წელს კიდევ ერთ ობიექტს არემონტებს: ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში ამ კომპანიამ დაბალი ფასის გამო გაიმარჯვა - სამუშაოებს, რომლისთვისაც მერიამ 3 675 500 ლარი გამოყო, შპს "დაგი" ნახევრის ფასად - 1 700 218 ლარად ასრულებს. "ჩვენ მცირე მოგებაზე ვართ ორიენტირებულები და ამიტომ ვთავაზობთ ასეთ დაბალ ფასებს," - აცხადებს შპს "დაგის" დირექტორი მიხეილ შარანგია.

ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელ" დეპუტატს ვიკა ნაკაშიძეს მიაჩნია, რომ ფავორიტი ფირმების წარმატებას სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში საერთო არაფერი აქვს შეთავაზებულ დაბალ ფასებთან: "ის ფირმები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, ან ერთ პირთან მოლაპარაკებით ხდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების განმკარგველები, ოფიციალურად ან არაოფიციალურად არიან "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებლები," - აცხადებს ნაკაშიძე.

შპს "დაგი" მართლაც ფიგურირებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდის შემომწირველთა ნუსხაში. მაგალითად, 2008 წლის 14 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე, ამ ფირმამ "ნაციონალურ მოძრაობას" 20 000 ლარი შესწირა; 2007 წლის 21 დეკემბერს კი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ეს ფირმა მმართველ პარტიას 40 000 ლარით შეეწია.

"არანაირი შეხება არა აქვს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ფირმა იყო "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი იმასთან, რომ ჩვენ ვიღებთ სახელმწიფო შეკვეთებს. როგორ ფიქრობთ, ჩვენ 40 ათასი რომ შევწირეთ, ამის გამო მოგვცეს 1.5 მილიონი?! მე აქ რაიმე პარალელს ვერ ვავლებ," - აცხადებს შპს "დაგის" ხელმძღვანელი მიხეილ შარანგია. "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდის შემომწირველებს შორის აღმოვაჩინეთ სს "ხუროც", რომელმაც წელს ქუთაისის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი მიიღო გზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

აღნიშნული კომპანია მმართველ პარტიას 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ 8000 ლარით შეეწია. "ასეთი ფაქტები ხშირია, როდესაც ის ფირმები იღებენ სახელმწიფო დაკვეთებს, რომლებიც შემოწირულობებს იღებენ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში. ხდება ისე, რომ ჯერ შემოწირულობებს იძლევიან ფირმები და მერე იღებენ სახელმწიფო შეკვეთებს და პირიქითაც. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ეს არის კორუფციის ნაირსახეობა," - აცხადებს თამარ კორძაია.

ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისში კიდევ არა ერთმა ფირმამ მიიღო სახელმწიფო დაკვეთა, რომელთა შემოწირულობებიც ასახულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდების ანგარიშებში. მაგალითად, 2008 წელს ქუთაისის ისტორიული უბნის კეთილმოწყობისთვის ერთ პირთან მოლაპარაკების ხელშეკრულების საფუძველზე შპს "დტს"-მ 934 278 ლარი მიიღო ბიუჯეტიდან, იმავე პერიოდში კი ეს ფირმა მმართველი პარტიის საარჩევნო ფონდს 100 000 ლარით შეეწია. 75 000 ლარი გაიღო "სამშენებლო კომპანია თბილისმა" 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ქუთაისის ბიუჯეტიდან კი ამ ფირმამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 2008 წელს 5 100 000 ლარი მიიღო. სს "სამშენებლო კომპანია თბილისმა" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"საარჩევნო ფონდს 2006 წელს 100 000 ლარი შეწირა.

ქუთაისში პრეზიდენტის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება - "ქუთაისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი", რისთვისაც 20 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი. მართალია, ამ პროგრამისთვის გამოყოფილ თანხებს არა ქუთაისის თვითმმართველობა, არამედ "მუნიციპალური განვითარების ფონდი" განკარგავს, მაგრამ ყურადღებას იპყრობს იმ ფირმების ნუსხა, რომლებიც ქუთაისში ამ პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ. მათ შორისაა შპს "ნიუ ენერჯი" (რომელსაც 2008 წელს ქუთაისში, 28 ქუჩის წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 5 604 364 ლარი გადაერიცხა). აღნიშნულმა ფირმამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდში 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის 130 000 ლარი შესწირა. მისმა ქვეკონტრაქტორმა ფირმამ ქუთაისში - შპს "სერვისმა" კი - 50 ათასი ლარი.

საკრებულოს დეპუტატები და სახელმწიფო შესყიდვები

2007 წლის 2 ივლისს ქუთაისის თვითმმართველობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა და მერიის შენობიდან 27 ხელბორკილიანია `ჩინოვნიკი~ გამოიყვანა. მათ შორის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზვიად მანდარია, რომელსაც ბრალი სხვა პირის მიერ განზრახ დანაშაულის წაქეზებაში დაედო. გამოძიებამ წარმოადგინა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მანდარიასა და სატენდერო კომისიის ერთ-ერთ წევრს შორის, რომლითაც დგინდებოდა ის ფაქტი, რომ საკრებულოს დეპუტატმა ზეგავლენა მოახდინა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაზე და ამ გზით მოიპოვა დედამისის ფირმამ 40 ათას ლარიანი კონტრაქტი ქუთაისის თვითმმართველობისგან. ამ ფაქტის შემდეგ შეიცვალა ის, რომ მანდარია დაიჭირეს, მალე გაათავისუფლეს და საბოლოოდ საკრებულოდან გაწვევას დააჯერეს. საკრებულოში კი დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ და ირიბად მონაწილეობენ ბიზნეს კომპანიებში და უპრობლემოდ მოიპოვებენ საბიუჯეტო დაფინანსებას ამ კომპანიებისთვის.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლავთ სს "იბერია 21", რომლის ერთ-ერთი მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია საკრებულოს დეპუტატი, უმრავლესობის წევრი - ნესტორ (ბადრი) ფრუიძე. "მე ვარ ამ ფირმის 60%-ის მფლობელი, უფრო სწორად ვაკონტროლებ ^0%-ს, ყველა აქცია ჩემი არ არის," - აცხადებს ბადრი ფრუიძე.

სს "იბერია 21" მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის დაკვეთით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მაგალითად, დახურული საცურაო აუზის მშენებლობისთვის ამ ფირმამ ერთ პირთან მოლაპარაკებით ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი მიიღო. ასევე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და 7^0 000 ლარად აშენებს ეს კომპანია ქუთაისში ჩოგბურთის კორტებს. 440 000 ლარი სს "იბერია 21"-მა ტენდერის გზით მოიპოვა და ამ თანხით ტანვარჯიშის დარბაზს აშენებს.

 აღნიშნულ ფირმას სახელმწიფო დაკვეთები ქუთაისის ბიუჯეტის დაფინანსებით გასულ წლებშიც აქვს შესრულებული: 2009 წელს სს "იბერია 21"-მა ერთ პირთან მოლაპარაკებით სამი ხელშეკრულება გააფორმა ქუთაისის მერიასთან და საერთო ჯამში, 2 764 174 ლარი მიიღო; 2008 წელს კი - 480 000 ლარი. "როდესაც საკრებულოში შემოდის რაიმე საკითხი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ვნებათაღელვა ახლავს ამ განხილვებს თან საკრებულოში, რადგან თითქმის არ არსებობს სფერო, რომ არ ხდებოდეს უმრავლესობის წევრების მიერ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ლობირება კონკრეტულ სფეროებზე," - აცხადებს საკრებულოს წევრი "რესპუბლიკური პარტიიდან" ვიკა ნაკაშიძე.

"არა, ბატონო, რა ლობირებაზეა საუბარი? დაბალი ფასებით მოიგო ჩემმა კომპანიამ და მოიპოვა ეს ხელშეკრულებები," - აცხადებს ბადრი ფრუიძე. დაბალ ფასებზე ამახვილებს ყურადღებას საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ვლადიმერ (ნუკრი) კვერნაძეც, როდესაც მას იმ ხელშეკრულებებზე ვეკითხებით, რომლებიც ქუთაისის მერიამ შპს `მეოხთან~ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების მიზნით. სწორედ ნუკრი კვერნაძის მიერაა დაფუძნებული წლების წინ შპს "მეოხი". ის გახლდათ შპს "მეოხის" 100%-ანი წილის მფლობელი, თუმცა 2010 წლის 27 იანვრიდან ამ ფირმის 100%-ანი წილის მფლობელი მისი მეუღლე ნანა კვერნაძეა.

ნუკრი კვერნაძე საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ ჯერ კიდევ გასული წლის 24 ივნისს დაინიშნა და ამისთვის ის ხელფასსაც იღებს (700 ლარზე მეტი ხელფასის სახით+213 ლარი - დანამატის სახით ყოველთვიურად), თუმცა ამ ფაქტს მისთვის რატომღაც ხელი არ შეუშლია, რომ მთელი შვიდი თვის განმავლობაში (2009 წლის 24 ივნისიდან 2010 წლის 27 იანვრამდე) თან ბიზნეს-საქმიანობაც ეწარმოებინა. შპს "მეოხმა" 2010 წელს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 129 478 ლარიანი კონტრაქტი მოიპოვა და ამ თანხით ქუთაისის მერიის შენობის მეოთხე სართულზე 25 ოთახი გაარემონტა.

წელსვე, აღნიშნულმა ფირმამ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ღვარსადენების მოვლა-პატრონობის მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და შედეგად 11 000 ლარი მოიპოვა ქუთაისის ბიუჯეტიდან. შპს "მეოხი", დირექტორის - აკაკი კუხალაშვილის თქმით, თითქმის მთლიანად სახელმწიფო შეკვეთებზეა დამოკიდებული: "ახლახანს დავიწყეთ ჭის თავების წარმოება, რომ გავიტანოთ თავისუფალ ბაზარზე," - აცხადებს კუხალაშვილი. მისივე თქმით, შპს "მეოხი", რომელსაც მხოლოდ 18 თანამშრომელი ჰყავს, მრავალპროფილიანი ფირმაა და შესაბამისად, სახელმწიფო დაკვეთებს სხვადასხვა სფეროში იღებენ, როგორიცაა ელმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, მშენებლობა, სარემონტო სამუშაოები და ა.შ.

"რა კავშირი აქვს ჩემს საკრებულოში ყოფნასთან ამ ფირმის საქმიანობას, ვერ ვხვდები?! ამ ფირმას მანამდეც საკმაოდ დიდი სახელმწიფო დაკვეთები ჰქონდა, სანამ მე საკრებულოს წევრი გავხდებოდი. თანაც, ამ ფირმის მფლობელი აღარა ვარ, ჩემი მეუღლის არის ეს ფირმა," - აცხადებს ნუკრი კვერნაძე.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის თამარ კორძაიას თქმით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ დაუშვებელია, შესყიდვისას მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა შემსყიდველ ორგანიზაციას (მის ხელმძღვანელს, თანამშრომელს) ან სახელმწიფო მართვის სტრუქტურებს და მათ წარმომადგენლებს მიმართოს თხოვნით შუამდგომლობის შესახებ, ან მოახდინოს მათზე პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს მისთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების უფლება.

"მართალია, ეს ძალიან ზოგადი დებულებაა, მაგრამ საუბარია პირდაპირ და ირიბ ზეგავლენაზე. ამ შემთხვევაში, საკრებულოს წევრს, რომელიც აკონტროლებს მერიას (გაკონტროლება კი ნიშნავს იმასაც, რომ ამოწმებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებსაც), აქვს ფარული ზეგავლენის განხორციელების შესაძლებლობა, რომ თუნდაც მისი მეუღლის ფირმის სასარგებლოდ მოიპოვოს ხელშეკრულება," - აცხადებს თამარ კორძაია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქუთაისში 2010 წელს თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროექტს თბილისური კომპანიები ახორციელებენ საბიუჯეტო სახსრებით. გამონაკლისი მხოლოდ ეს ორი ფირმაა (შპს "მეოხი" და სს "იბერია 21"), რომელთაგანაც განახორციელა წელს სახელმწიფო შესყიდვა ქუთაისის მერიამ. "ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს გზების რეაბილიტაციის კუთხით, მაგრამ ვერც შარშან და ვერც წელს ვერც ერთ ტენდერში ვერ მოვიპოვეთ გამარჯვება, სამაგიეროდ, ისეთ ფირმებს გაამარჯვებინეს, რომლებსაც ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ," - აცხადებს შპს "არადანის" ხელმძღვანელი მამუკა თევდორაძე.

გამოცდილებას რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ქუთაისის მერიისთვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებისას, ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, თუ როგორ შეირჩა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის "დიდების მემორიალის" დემონტაჟის განმხორციელებლი ფირმა: შპს "საქმილსადენმშენს" გასულ წელს ქუთაისის მერიამ ისე გაუფორმა ^00 ათას ლარიანი კონტრაქტი ძეგლის აფეთქების თაობაზე, რომ ამ ფირმას ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების კუთხით არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში კი, ძეგლის დემონტაჟსა და აფეთქებას, რაშიც ქუთაისის მერიამ 470 280 ლარი გადაიხადა, ორი ადამიანი ემსხვერპლა.


მაია მეცხვარიშვილი
20.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Articles like this make life so much sipemlr.
: 20
: Is that really all there is to it because that'd be flabbegrasitng.
: perespam.txt;4;6
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
21-08-2018
2.5558   -0.0221
2.9154   -0.0190
3.2556   -0.0196
3.8054   -0.0213
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 26 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.