მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`ჩვენ მიწას შეჩვეული ხალხი ვართ, ხილიც გვქონდა და სახნავ-სათესი მიწებიც~

`ჩვენ მიწას შეჩვეული ხალხი ვართ, ხილიც გვქონდა და სახნავ-სათესი მიწებიც~

`გვაფრთხილებენ, რომ ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ ჟურნალისტებთან~

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის  (UNHჩღ)  მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაახლოებით 134 000 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ და დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოსთვის ფინანსური დახმარება არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ გამოყო. მათ შორის გახლავთ გერმანიაც.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი სახსრებით გამოყო პერსონალი და სამშენებლო მასალა საქართველოში მცხოვრები დევნილებისთვის დაახლოებით 300 ტიპიური სახლის ასაშენებლად. აღნიშნული სახლების მშენებლობა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (Gთძ) დაეკისრა. ამ კუთხით გამოყოფილი ფინანსური დახმარება მთლიანობაში 8 მილიონ ევროს შეადგენდა. აღნიშნულ თანხას თავად დონორი განკარგავდა.
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის პროექტის - `საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთათვის დაახლოებით 300 ქვის (ბლოკის) სახლის აშენება~ - განხორციელების შესახებ დაიდო მთავრობის ხელმძღვანელებს შორის ნოტების გაცვლის შედეგად. შეთანხმების მიზანს წარმოადგენდა ახალ გარემოში იმ პირთა ინტეგრაცია, რომლებიც რუსულ-ქართული ომის შემდეგ ჯერჯერობით ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს.
პროექტის განმახორციელებელი საქართველოს მხრიდან იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
საქართველოს მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, გორის განაპირას 10 ჰა მიწის ნაკვეთი გამოეყო და თანამშრომლობის წვლილის სახით მშენებლობის ტერიტორიის ტექნიკური მომზადების ხარჯები ეტვირთა. დაგეგმვის პროცესი 2008 წლის ნოემბერში დასრულდა. ტენდერის საშუალებით შეირჩა რამდენიმე სამშენებლო კომპანია, რომლებთანაც 2009 წლის იანვარში დაიდო ხელშეკრულებები - 6 თვის ვადაში ხარისხიანი სახლების აშენების თაობაზე. ეს კომპანიებია: შპს `არტსტუდიო პროექტი~  (სახლებისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმვა), შპს `ბლოკ ჯორჯია~ (საკალატოზო და შიდა სამუშაოები), შპს `ვუდ სერვისი~ (სახურავების მშენებლობა), შპს `ბლექ სი გრუფი~ (გზები, წყალმომარაგება, კანალიზაცია), `საქ-ორგ-გაზი~ (გაზმომარაგება) და `ენერგო პრო~ (ელექტროქსელები).
საქართველოს სახელმწიფომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თხოვნით პროექტისათვის შესაძენი მასალები გაათავისუფლა სალიცენზიო, აეროპორტის, ნავსადგურის, იმპორტ-ექსპორტისა და სხვა ოფიციალური არაპირდაპირი გადასახადების, საბაჟო გადასახდელებისა და მოსაკრებლებისაგან, რითაც უზრუნველყო საქონლის შეუფერხებლად განბაჟება.
აშენებული 300 ერთბინიანი საცხოვრებელი სახლიდან თითოეულის ძირითადი ფართი შეადგენს 48 მ/კვ-ს, რომელიც შემდეგნაირადაა დაყოფილი: სამი საცხოვრებელი ოთახი, ერთი სამზარეულო და ერთი საპირფარეშო - ცხელი და ცივი წყალმომარაგებით. ყველა კოტეჯს თავისი საკუთარი გაზის და ელექტროგაყვანილობა აქვს. თითოეული სახლის მიწის ნაკვეთის ფართობი 204 მ/კვ-ს შეადგენს.
Gთძ-მა გადაწყვიტა, რომ მთლიანი თანხიდან 2 მილიონი ევრო გამოეყენებინა იმ დამატებითი სამუშაოების ანაზღაურებისა და რეაბილიტაციისათვის, რომლის საჭიროებაც დადგება დღის წესრიგში კოტეჯებში დევნილების შესახლებიდან ერთი წლის განმავლობაში. 
მშენებლობის დასრულების შემდეგ კოტეჯები საკუთრებაში გადაეცა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობამ, როგორც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ეს სახლები უფასოდ სარგებლობის მიზნით გადასცა დევნილ ოჯახებს და შესახლებიდან ერთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ეს კოტეჯები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავა შესახლებულების საკუთრებაში.
კოტეჯებში, ძირითადად, სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს.
ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდო საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის (პროექტის განხორციელების ხელშეკრულებები რეგულირდებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით), გათვალისწინებული იყო შემდეგი: `სახლების მომავალ ბინადრებს შეარჩევს სპეციალურად მოწვეული ერთობლივი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ გერმანიისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. სახლების განაწილებისას ერთობლივი კომისია იხელმძღვანელებს კრიტერიუმებით, თანაბარი სოციალური სტრუქტურის, მომავალში ერთად მცხოვრებ პირთა ჯგუფის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ასევე, მათი სიღარიბის დონის გათვალისწინებით...~
როდესაც დგებოდა იმ ოჯახების სია, რომლებიც შემდგომში გერმანელების მიერ  აშენებულ კოტეჯებში უნდა შესახლებულიყვნენ, 300 კოტეჯზე 500-მდე განაცხადი შევიდა შესაბამის სამსახურებში, მაგრამ ქურთის თემის გამგეობის თანამშრომლის _ ლევან მაისურაძის ინფორმაციით, უპირატესობა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ სიებს მიენიჭა და 2009 წლის 23 ოქტომბრიდან დაიწყო აღნიშნულ კოტეჯებში დევნილი ოჯახების შესახლება.
გარემონტებული კოტეჯების გარდა, დევნილებს საჭირო ავეჯიც გადაეცა, გარდა ტელევიზორებისა. ე.წ. გერმანულ კოტეჯში მცხოვრებმა ერთ-ერთმა დევნილმა, რომელმაც პირადი უსაფრთხოების მიზნით, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვითხრა: `ჩვენ თხოვნით მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჩვენთვის ტელევიზორებიც შემოეტანათ, მაგრამ მალევე გამოჩნდა ჩვენს დასახლებაში ვიღაც, ვინც ჩვენი განცხადება უკანვე დაგვიბრუნა და გვითხრა: `აღარ გრცხვენიათ, ხალხო?! ასეთ კოტეჯებში შემოგიყვანეთ და ახლა ტელევიზორებიც მოინდომეთო? გვაფრთხილებენ, რომ ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ ჟურნალისტებთან. ვისაც ჯარში ჰყავთ შვილები, ისინი უფრო მეტად ფრთხილობენ: ეშინიათ, მათი საუბრით შვილები არ დაზარალდნენ... კი, ბატონო, ნორმალური კოტეჯებია, ტექნიკაც კარგია, მაგრამ რატომ გვიშლიან ლაპარაკს, არ ვიცი მე! რაც არ გვიჭირს და რაც არ ხდება, იმას ხომ არ ვიტყვით, არა?!~
ჩვენმა ინკოგნიტო რესპონდენტმა კიდევ ერთი პრობლემის თაობაზეც გვიამბო: `ცოტა ხნის წინ გაზონზე დავრგე თუთის და ბლის ხეები. მოვიდნენ Gთძ-ის თანამშრომლები და უკან ამომიყარეს  ნარგავები, მითხრეს, აქ არ შეიძლება დარგვა, უნდა გავამწვანოთო. ცოტა ხანში მოვიდნენ და ნაძვის ხეები დარგეს ამ ადგილას. ნაძვის გირჩებით ზაფხულში არ მგონია, სული მოვითქვათ, ჩრდილი კიდევ ნაძვსაც აქვს და თუთასაც... ჩვენ მიწას შეჩვეული ხალხი ვართ, ხილიც გვქონდა და სახნავ-სათესი მიწებიც, ახლა კი... როგორ უნდა გავძლოთ ამ პირობებში არ ვიცი... მესმის, აქ საუბარია ესტეთიკურ სილამაზეზე, მაგრამ რა დროს ესაა, როდესაც თვიდან-თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი, ჩვენ, ფაქტობრივად, ნულიდან ვიწყებთ ახალ ცხოვრებას.~
ჩვენ ე.წ. გერმანულ კოტეჯებში მცხოვრებ სხვა დევნილებსაც გავესაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი ახალი საცხოვრებელი სახლებითა და პირობებით:
ელდარ მარიამიძე, დევნილი: `საკმაოდ ნორმალური პირობები გვაქვს საცხოვრებლად. გვაქვს ცხელი და ცივი წყალი. ჩემი კოტეჯი კარგ მდგომარეობაშია. მე, პირადად, არანაირი პრობლემა არ მაქვს შენობასთან დაკავშირებით, მაგრამ არის ბინები, სადაც გრუნტის წყლები გამოდის და ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მიმდინარეობს მუშაობა. ზოგიერთ კოტეჯში იატაკიც აიბერა და ამ ხარვეზის გამოსწორებასაც დაგვპირდნენ. ერთი სურვილი გვაქვს ყველას, რომ აივანი და კიბე გადაიხუროს, რადგან ისინი ხის მასალით არის გაკეთებული და დროთა განმავლობაში წვიმა დაალპობს. ჯერჯერობით არავინ გვპირდება, რომ ამას გაგვიკეთებენ.~
ლალი ხუცინაშვილი, დევნილი: `კედლები დაიბზარა, სათავსოები არ გვაქვს... ორი საძინებელი გვაქვს და იძულებულნი ვართ, იქ შევინახოთ ყველაფერი, სხვა გზა არ არის. გვეუბნებიან, თუ სარდაფს გათხრით, ჩვენ აღარ ვიქნებით პასუხისმგებელნი იმაზე, რომ კოტეჯი დაზიანდესო. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ოჯახმა სარდაფი მაინც გათხარა. კედლები, როცა დავსახლდით, ზოგიერთი მაშინვე იყო დაბზარული და ზოგიც ახლა დაიბზარა. ამ ხარვეზის აღმოფხვრა ახლა მიმდინარეობს. მოვიდნენ, დაათვალიერეს და თქვეს, ამ საკითხს მივხედავთო.
ბინებს არაუშავს, მაგრამ არსებობა ხომ უნდა ადამიანს? აღარც კვების პროდუქტებს ვიღებთ და აღარც პურს. რაც აქ დაგვასახლეს, მხოლოდ ორჯერ დაგვირიგდა საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საგნები. როგორც თქვეს, სამ-სამი თვისა იყოო. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა კი დაუსაქმებლობაა. სულზე 28 ლარი თვიდან-თვემდე გვეყოფა საარსებოდ?~
ლილი კაპანაძე, დევნილი: `კოტეჯები კარგია. თავდაპირველად რომ დაგვასახლეს, სულ ცარიელი იყო კოტეჯი და ავეჯი და ტექნიკა მოგვიანებით შემოიტანეს. ყველაფერი გამოსაყენებელი და ხარისხიანია, რაც შემოგვიტანეს, ესენია: მაცივარი, გაზქურა, წყლის გამაცხელებელი, გაზის გამათბობელი, სამი საწოლი, საძინებელ ოთახებში სათითაო კარადა, მაგიდა და სკამები. პირველადი მოთხოვნილების საგნები ყველაფერი გვაქვს. თუ რამე იყო დაზიანებული სახლში, ვაცნობეთ მშენებლებს და მაშინვე გამოასწორეს. მაგალითად, ჩემს კოტეჯში დენი არ ინთებოდა ერთ ოთახში. ეს პრობლემა მეორე დღესვე მოგვიგვარეს.~
მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში ხელისუფლების პირველი პირებისგან  არცთუ დიდი ხნის წინ ხშირად ისმოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ დევნილების გორის გარეუბანში ჩასახლების მიზანს წარმოადგენდა ის, რომ სოფლის სტრუქტურას არ მოწყვეტილიყვნენ და მიყოლოდნენ იმ ცხოვრებას, რითაც ისინი ცხოვრობდნენ 2008 წლის რუსულ-ქართული შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე, მაგრამ ზემოთ აღნიშნულ კოტეჯებში შესახლებულებს დღემდე არ მიუღიათ მიწის ფართობები, რომელსაც საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენებდნენ.
`ხალხის გაზეთმა~ ინფორმაცია მოიძია შიდა ქართლის მასშტაბით აშენებულ სხვა კოტეჯებზეც, თუმცა უნდა აღვნიშნოთY ისიც, რომ ჩვენთვის გაცილებით მარტივი აღმოჩნდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისგან სასურველ კითხვებზე პასუხის მიღება, ვიდრე ეს მოხდა ჩვენი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების შემთხვევაში. თავდაპირველად, ჩვენ განცხადებით მივმართეთ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ხმიადაშვილს და მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  მაგრამ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას 10 დღე დასჭირდა იმის მოსაფიქრებლად, რომ ეს მათი პრეროგატივა არ იყო და უნდა მიგვემართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის, რათა სასურველ კითხვებზე პასუხი მიგვეღო. ამის შემდეგ ჩვენ აღნიშნულ სამინისტროსაც მივმართეთ იმავე განცხადებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ რადგან განცხადება ელექტრონული ფოსტით იყო გაგზავნილი, დაფიქსირებული არ იყო განმცხადებლის პირადი ხელმოწერა... ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელახლა მოვითხოვეთ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული სამინისტროდან. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩვენ მათ ტელეფონით დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ `ხალხის გაზეთის~ წარმომადგენლის განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, რეაგირებისათვის გადაგზავნილია `საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში~ (ხელს აწერდა მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ მარტიაშვილი), იქ, სადაც ჩვენი გაზეთის ჟურნალისტმა უკვე გაგზავნა ანალოგიური განცხადება ელექტრონული ფოსტით. როდესაც ჩვენ `საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის~ პრესსამსახურის თანამშრომელს - ნინო ცხადაძეს დავუკავშირდით, გვითხრა, რომ მოიძიებდა განცხადებას და პასუხს ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ მივიღებდით. რამდენიმე დღის შემდეგ იმავე სამსახურში ჩვენ მიერ განხორციელებული სატელეფონო კავშირის შედეგად შევიტყვეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი განცხადება რამდენიმე დღით ადრე იყო შესული, სავალდებულო ვადის ათვლა დაიწყეს იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ დავრეკეთ.
საბოლოოდ, ჩვენი ექვსკვირიანი მცდელობის შემდეგ, მივიღეთ პასუხი.
`საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2008 წელს შიდა ქართლის მასშტაბით განახორციელა 1263 კოტეჯის მშენებლობა. სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 34,316.9 ათასი ლარი. ერთი კოტეჯის საშუალო ღირებულებამ _ 27.2 ათასი ლარი.
სამუშაოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფონდის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ანაზღაურდა 6.5 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო ევროკავშირის მიერ 10.5 მლნ ევროს ღირებულების სამუშაოები.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის #563 შესაბამისად, სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელდა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
შიდა ქართლის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი დევნილთა ჩასახლება გორის რაიონის სოფ. კარალეთის ტერიტორიაზეა. აღნიშნულ ჩასახლებაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ შემდეგი კომპანიები: შპს `პლანეტა~ (158 სახლი _ მთლიანი საკონტრაქტო ღირებულება 4 148 668.16 ლარი), შპს `ბლოკ ჯორჯია~ (160 სახლი _ საკონტრაქტო ღირებულება 4 201 203.20 ლარი) და შპს `აკსმშენი~ (162 სახლი _ საკონტრაქტო ღირებულება 4 253 718.24 ლარი). მშენებელი კომპანიისათვის სამუშაო ანაზღაურდა დღიური სამუშაოების ხელმოწერილი ფორმების საფუძველზე.
თავდაპირველად  მშენებელმა კომპანიებმა მიიღეს ავანსი _კონტრაქტის ღირებულების 50%, ერთი თვის შემდეგ _ 25%, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი _ დარჩენილი 25%.
 კარალეთის ტერიტორიაზე აშენებული 480 კოტეჯიდან, დღესდღეობით ყველა დაზიანებულია. დევნილი ოჯახები `ხალხის გაზეთთან~ გაუსაძლის პირობებზე საუბრობდნენ.
ნუგზარ ოთინაშვილი, დევნილი: `წელიწადზე მეტია, რაც ამ კოტეჯებში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენთვის შენობა საკუთრებაში ჯერ არ გადმოუციათ.
სახლი მთლიანად დაზიანებულია. როგორც გარეთ, სახლშიც ისე წვიმს, კედლებიდან და ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკიდან ნესტი ამოდის. ხის ავეჯი დაგვილპა. სველ საწოლში ვიძინებ და დილით მთლიანად სველი ვდგები. ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე უკვე ზედმეტია საუბარი. ფინანსური მხარე რომ მიწყობდეს ხელს, ამ პრობლემას როგორმე თვითონაც მოვაგვარებდი...
მე ხელოსანი ვარ, მანქანების შეკეთება შემიძლია. პრემიერ-მინისტრის დახმარებით სამუშაო იარაღები შევიძინე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი, ჩემი სახსრებით ყიდვის საშუალება ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ იმდენად მცირე შემოსავალი მაქვს, რომ ეს ყოველდღიურ ხარჯებსაც არ ყოფნის. დევნილთა დასახლებაში ხელოსანს ვინ დაუწყებს ძებნას...~
ზური მაისურაძე,  დევნილი: `ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება. კაპიკად არ ვარგა ეს კოტეჯები. იატაკი მიწაზეა დაგებული, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ფართოვდება ფიცრებს შორის მანძილი. თავისუფლად შეიძლება ჩაიხედოთ ფიცრებს შორის და დაინახავთ, რომ ქვეშ ბეტონიც არ არის დასხმული. მოდიან მშენებლები, აუვლიან და ჩაუვლიან კოტეჯებს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს.
ცოტა ხნის წინ ჭის ამოთხრა დავიწყე და 40 სანტიმეტრის სიღრმეზე წყალი ამოვიდა. სათლი არც არის საჭირო, ხელითაც შესაძლებელია წყლის ამოღება.
სახლში ყველა კარი ჩამოვარდნილია. რამდენიმე დღის წინ, როგორც მოვახერხე, მე თვითონ გავამაგრე ისინი, თორემ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ვინმეს დასცემოდა შემთხვევით. სახურავიც მთლიანად დაზიანებულია, კედლები ობდება, ტექნიკა, რომელიც აქ დაგვხვდა როდესაც შემოგვასახლეს, უკვე წყობიდან არის გამოსული...
ჭერზე და სახურავზე აღარც ვსაუბრობ...
ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დაუსაქმებლობაა. შემოსავალი რომ მქონდეს, როგორმე თვითონ მოვუვლიდი ჩემს თავსაც და პრობლემებსაც.~
ავთანდილ მაისურაძე,  დევნილი: `ჯობდა გეკითხათ რა არ გაწუხებთ და რა პრობლემები არ გაქვთო... ალბათ, ერთი ხელის თითებიც მეყოფოდა ამის ჩამოსათვლელად... გაუსაძლისი პირობები გვაქვს. იატაკზე იმხელა ხანები გაკეთდა, რომ სახლში ბალახები იზრდება, თაგვების დაჭერას ხომ ვეღარ ავდივართ!
დენის გაყვანილობაც ღიადაა დარჩენილი. კედლებზეა დაყრილი სადენები. არავითარი დამცავი საშუალება არ გააჩნია.~
კახა ხეთაგური, დევნილი: `ამას წინად მოვიდნენ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები და ზოგიერთი კოტეჯის სახურავი შეაკეთეს, მაგრამ მოვიდა წვიმა და ისევ ანალოგიურად განმეორდა ყველეფერი, ჩვენს კოტეჯებშიც გაწვიმდა. როგორ უხარისხოდაც ააშენეს, ისე უხარისხოდ შეაკეთეს.~
ნანა კორინთელი,  დევნილი: `გამათბობელიდან გაზი ჟონავს. როდესაც მისი გამოყენება დავიწყეთ თავდაპირველად, რამდენიმე კვირაში დაზიანდა. რამის გავიგუდეთ. ჩემი შვილი გაზით მოწამლული გავაქანეთ საავადმყოფოში...
იატაკიდან ჭაობის ბალახი ამოდის. ჩემი მეზობელი არ გლეჯს სპეციალურად. ჭერამდეა ასული ბალახის სიმაღლე.
ჩემს შვილს კალამი რომ დაუვარდება იატაკზე, ვეღარ ვპოულობთ, იატაკის ქვეშ ვარდება. შეუძლებელია ამ კოტეჯებში ცხოვრება. იატაკი, ჭერი, კედლები, კარები, ფანჯრები, ტექნიკა, ავეჯი _ ყველაფერი დაზიანებულია. ეს არის ამათი 38 ათასი ლარის ღირებულების ქონება? ის ფული ჩემთვის რომ მოეცათ, ბინასაც ვიყიდიდი და ავეჯსაც!
რომ გვასახლებდნენ კოტეჯებში, მშენებლებმა ხელი რაღაც საბუთზე მოგვაწერინეს. იმ საბუთის მიხედვით, ამ კოტეჯის ღირებულება 38 ათას ლარს შეადგენდა. გვითხრეს, ახლა უბრალოდ დროში ვეღარ ვეტევით და მოგვიანებით ყველაფერს კაპიტალურად გავაკეთებთო, პარკეტსაც დავაგებთ და სხვა დანარჩენ სამუშაოებსაც დავასრულებთო, მაგრამ აქ დღემდე დაპირების შესასრულებლად არავინ მოსულა. როდესაც ჩვენ დაპირების შეხსენებისათვის მივმართეთ მშენებლებს, მათ გვაჩვენეს ჩვენ მიერ ხელმოწერილი საბუთები, სადაც ეწერა, რომ კოტეჯები იდეალურ მდგომარეობაში ჩავიბარეთ. რაღას თხოულობთო?!_გვითხრეს. მე პირადად, ის საბუთები თვალითაც არ მქონდა ნანახი და საიდან გაჩნდა იქ ხელმოწერა, წარმოდგენა არ მაქვს.~
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სამშენებლო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებული იყო სამუშაოს დასრულებიდან 1 წლიანი `დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი~.
საქართველოს მუნიციპალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორის _ კონსტანტინე მგელაძის ინფორმაციით,  2009 წელს ფონდმა განახორციელა შესრულებული სამშენებლო სამუშაოების დათვალიერება-ინვენტარიზაცია და გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, შემსრულებელმა ორგანიზაციებმა მოახდინეს მათი მიზეზით წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრა. არ განხორციელებულა შიდა კედლების, ჭერის და იატაკის დეფექტების გამოსწორება, რომლებიც გამოწვეული იყო სამუშაოების არაშესაბამის კლიმატურ პირობებში ფორსირებულად ჩატარების გამო. დეფექტების აღმოფხვრის დამადასტურებელი აქტები ხელმოწერილია კომპაქტურ დასახლებებში განთავსებული ოჯახების წარმომადგენლების მიერ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ხარვეზები გამოსწორდება 2010 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცალკე პროექტის ფარგლებში.
ჩვენ ასევე ვცდილობდით ინფორმაციის მოძიებას იმის შესახებ, ჩატარდა თუ არა ნიადაგის გამოკვლევა მანამ, სანამ კოტეჯების მშენებლობა დაიწყებოდა, მაგრამ ამ დრომდე ჩვენ ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, კოტეჯების აშენებამდე ამ ტერიტორიაზე ჭაობი იყო. ამჟამად მოუწესრიგებელია შიდა გზების  საფარიც.
კარალეთის ჩასახლებაში მცხოვრები დევნილების მრავალრიცხოვან პრობლემებს ა.წ. 15-16 მარტს მომხდარი წყალდიდობაც დაერთო. მოვარდნილმა წყალმა 100-მდე კოტეჯი დატბორა. როგორც დევნილები ამბობენ, კოტეჯებში ატალახდა და იძულებულნი გახდნენ, რამდენიმე დღე სახლში ე.წ. მაღალყელიანი ფეხსაცმელით ევლოთ. წყალი მთლიანად საძირკველში ჩაიღვარა.
გარდა ამისა, ისინი საუბრობდნენ არასაკმარის საკვებ პროდუქტებზე და იანვრის თვეში გაუფრთხილებლად მოსულ დენისა და გაზის მაღალ გადასახადებზე. როგორც ამბობენ, მათთვის ცნობილი არ იყო, რომ აღნიშნულ გადასახადებზე ლიმიტი გასული წლის სექტემბრიდან დაწესდა. მათ იანვრის თვემდე კომუნალურ გადასახადებზე ქვითარიც არ მიუღიათ. დავალიანებამ იანვარში დენისა და გაზის მოხმარებისათვის ოჯახზე საშუალოდ 350 ლარი შეადგინა. ამის გამო, მოხდა დენისა და გაზის მიწოდებისაგან მათი ინდივიდუალური გამოთიშვა გადასახადის დაფარვამდე. ძველით ახალ წელს მათ უკვე აღარ მიეწოდებოდათ დენი (როგორც დასახლებაში ამბობენ, 13 იანვარს მოხდა ელექტროენერგიის გათიშვა). დევნილი მოსახლეობა ამ გადასახადებს დღემდე იხდის. `ჩვენმა ელექტროენერგიის დავალიანებამ იანვარში 450 ლარი შეადგინა. ჩვენ რომ წინასწარ გავეფრთხილებინეთ იმის თაობაზე, რომ უნდა გადაგვეხადა გადახარჯული კილოვატების საფასური, ამდენს არც დავწვავდით,  რაღაცნაირად გავფრთხილდებოდით. კედლებიდან წყალი ჩამოდის, იატაკიდან ნესტი ამოდის,  მატლებს ვეღარ ვუმკლავდებით ისეთი ამბავია... დიდი თანხა კი დაგროვდებოდა გადასახდელი ნოემბერში და დეკემბერში,  მაგრამ ამდენი? თან ამას თურმე  გამოკლებული აქვს ის ლიმიტირებული შეღავათიც, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ. ან მრიცხველები ტყუის,  ან დიდ თანხებს გვაწერენ თვითონვე. იანვარში სულ 12 დღე  გვქონდა ჩართული ელექტროენერგია და თურმე  ამ პერიოდში შეღავათის გამოკლებით 140 ლარი დაგვიწვამს...~_ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ნანო ოქროპირიძე.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა მანანა ჭამპურიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კოტეჯებში ჩასახლებული დევნილები სხვადასხვა სახის ლიმიტირებული შეღავათებით სარგებლობენ: `კერძოდ, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით, რომელიც განისაზღვრება ერთ სულ დევნილ მოსახლეზე 12,98 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, შეღავათი გააჩნიათ გაზის გადასახადზეც. აღნიშნული გადასახადი არის გამიჯნული ჩასახლებების მიხედვით. კოტეჯის ტიპის ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისათვის გათვალისწინებულია ოჯახზე 100 ლარის ოდენობით ღირებულების გაზი. გარდა ამისა, ისინი არ იხდიან კომუნალურ გადასახადს. კიდევ, თვეში ერთხელ ისინი იღებენ გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას მშრალი კვების სახით და მასში შედის პურის ფქვილიც,~ - აცხადებს ჭამპურიძე.
   `ენერგო-პრო ჯორჯიას~ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის _ გიორგი ბალახაშვილის ინფორმაციით, იმ მოსახლეობის ნაწილს, რომელთაც აღმოაჩნდათ დიდი რაოდენობით დავალიანება, მოლაპარაკების შედეგად გაუფორმდათ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დავალიანება სამ თვეზე გადანაწილდა. მათ, ვინც არ წავიდა მოლაპარაკებაზე, შეუწყდათ ელექტროენერგიით მომარაგება. იანვრის თვეში დავალიანება კარალეთის ჩასახლებაში სულ 32 875 ლარს შეადგენდა.
   ამავე პერიოდისათვის კარალეთის ტერიტორიაზე  ჩასახლებული დევნილების გაზის დავალიანებამ 65 ათასი ლარი შეადგინა, რის შემდეგაც მოხდა გაზის მიწოდების შეწყვეტა. დევნილების ინფორმაციით, გაზი მხოლოდ რამდენიმე დღით არ მიეწოდებოდათ. აღნიშნული პრობლემა მოგვარდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში _ ლადო ვარძელაშვილმა ადგილზე მოინახულა დევნილთა ჩასახლება, შეხვდა მოსახლეობას და შუამდგომლობა გაუწია `გორი გაზის~ ადმინისტრაციასთან ბუნებრივი აირის აღდგენის თაობაზე. აღნიშნულ ფაქტს ვარძელაშვილი ადასტურებს,
`გორი-გაზის~ დირექტორის მოადგილის _ თენგიზ ალექსიძის ინფორმაციით, მათ გაზი არ გადაუკეტავთ არც ერთი დევნილი მოსახლისათვის, რადგან მათ დავალიანება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დაუფარა. ოდნავ მოგვიანებით _ თებერვლის თვეში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც მაისამდე დევნილები ისევ ულიმიტოდ მოიხმარენ ბუნებრივ აირს.
როგორც აღმოჩნდა, იქ, სადაც დონორი ორგანიზაცია თავად აკონტროლებდა სამშენებლო სამუშაოებს, გაცილებით უკეთესი და ხარისხიანი კოტეჯები აშენდა, ვიდრე იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურები კურირებდნენ.
დევნილების კოტეჯებში შესახლებიდან წელიწადზე მეტი უკვე გასულია, მაგრამ საქართველოს მთავრობას მათთვის შენობები საკუთრებაში ჯერჯერობით არ გადაუცია. ჩვენთვის უცნობი დარჩა რატომ ფერხდება ან როდის მოხდება კოტეჯების დევნილების საკუთრებაში გადაცემა.
ლედი ოქროპირიძე

მინაწერი
სტატია გამოქვეყნებულია პროექტის - `ჟურნალისტთა ქსელი საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობისთვის~ - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს `საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია~. პროექტი დაფინანსებულია მარშალის ფონდის პროექტის `თჰე Bლაცკ შეა თრუსტ ფორ ღეგიონალ ჩოოპერატიონ~ ფარგლებში ჩარლზ სტიუარტ მოტის ფონდის მიერ.

 


ლედი ოქროპირიძე
08.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
20-01-2018
2.5429   0.0000
3.1082   0.0000
3.5214   0.0000
4.4825   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 10 °C
ღამით + 1 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.