მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საინვესტიციო ხანძარი

14 თებერვალს, ღამით, მთლიანად დაიწვა ქუთაისის მასწავლებელთა სახლის მეორე და მესამე სართული. ხანძარს მსხვერპლიც მოჰყვა, კვამლში  გაიგუდა 55 წლის პედაგოგი ოთარ გამთენაძე, რომელიც, შეთავსებით, დარაჯად მუშაობდა.  

გამოძიება, ჯერჯერობით, ძალიან „გასაიდუმლოებულ“ ვერსიებზე მუშაობს, მილიციის მეორე განყოფილების გამომძიებელი კოტე ბაბუხადია ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პრესასთან არაფერი აქვს სათქმელი.  ცეცხლი შენობას, სავარაუდოდ, სამის ნახევრისთვის გაუჩნდა, ეს ის დროა, როცა მოსახლეობას უკვე სძინავს, ამ პერიოდში ცენტრში აქტიურად მოძრაობს პატრული. თუმცა, სახანძროში შეტყობინება მოქალაქისაგან შევიდა.  

ჭაბუკი გრძელიშვილი, საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსი: „იქ, ქუჩაზე, ახალი გაკეთებულია განათება და თავიდან აალება შეიძლება ვერც კი შეენიშნათ. ხანძრის შესახებ შეტყობინება მივიღეთ მაშინ, როცა სამს აკლდა ექვსი წუთი და ორ წუთში უკვე იქ ვიყავით. ჩვენ და პატრული თითქმის ერთდროულად მივედით, კარები გუშაგმა გაგვიღო, ოთარ გამთენაძემ. შევედით თუ არა, უკვე დატრიალდა კვამლი და პატრულმა შველა ითხოვა. მეც არ მეცვა ფორმა. ჩვენი ჩამოსვლა და იმწუთშივე მოწყდა მესამე სართული. განგაში გამოვაცხადე, მთელი რეგიონებიდან მოვითხოვე სახანძრო მანქანები, მაგრამ კედლები „ტკეჩით“ იყო გაკეთებული, ამიტომ ვერ შევძელით შენობის გადარჩენა. თან ორიენტირება ავიღეთ იმაზე, რომ ცეცხლი მოსახლეობაში არ გადასულიყო. დაშავდა ორი მეხანძრეც, რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აქვთ. რაც შეეხება მასწავლებელს,  როგორ მოხვდა ის ადამიანი ზევით,  ეს უკვე აღარ ვიცით.“ 

წესით, ხანძრის დროს, შენობაში უბრალო მოქალაქეები რომ არ შევიდნენ, ან არ შებრუნდნენ, საპატრულო პოლიციამ უნდა გააკონტროლოს. ასე რომ ოთარ გამთენაძის დაღუპვა ვიღაცის ბრალი ნამდვილად არის.  რაც შეეხება ვერსიებს, თავიდანვე ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროკონტაქტი დაასახელეს.

მასწავლებელთა სახლის დირექტორს ამ ვერსიის ნაკლებად სჯერა. ქალბატონმა მარიკა მარუაშვილმა, მისი თქმით, საღამო ხანს ყველაფერი თავად შეამოწმა და წესრიგში დატოვა, თან ელექტროგაყვანილობაც სამი-ოთხი წლის წინ გამოცვალეს და სადენები ლითონის მილებში იყო მოთავსებული.  „როგორც კი დამირეკეს, ხანძარიაო, 5-10 წუთში აქ ვიყავი. მაშინ ცეცხლი მხოლოდ სხვენში იყო, ორი-სამი მანქანა ასხამდა წყალს, არ უნდოდათ, მოსახლეობაში გადასულიყო. როგორც კი სახურავიდან მესამე სართულზე ჩამოვიდა ცეცხლი, მივხვდი, მთელი შენობა დაიწვებოდა. ვიცი, რომ ხანძარი ოთახებიდან არ გაჩენილა,“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში მარიკა მარუაშვილმა. 

გამოძიების საბოლოო პასუხამდე და არც მის შემდეგ ქუთაისში არავინ დაიჯერებს, რომ შენობა შემთხვევით დაიწვა, რადგანაც თბილისშიც და რეგიონებშიც ხელოვნური  ხანძრები იაფი ინვესტიციების მოსაზიდად  უკვე საკმაოდ აპრობირებული წესია.  ქუთაისის განათლების მუშაკთა სახლის შენობა მე-19 საუკუნეშია აგებული და ისტორიული ძეგლია. თავის დროზე, წერა-კითხვის გავრცელებაში მიღებული უდიდესი წვლილისათვის, ხელისუფლებამ ამ შენობით მასწავლებლები დაასაჩუქრა.

ამჟამად შენობაში განათლების მუშაკთა პროფკავშირები  და კერძო სკოლა „დვირე“ იყო განთავსებული. შენობა ახლად რეაბილიტირებულ ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. პროფკავშირის წარმომადგენლებიც და სკოლაც ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. სკოლაში 120 ბავშვი სწავლობს. დირექციას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არანაირი დახმარება არ მიუღია. ქალაქის მერს ამაზე ლოგიკური პასუხი აქვს - არავის მოუმართავსო. დახმარებები მეგობრებიდან მიიღეს: ცოტა ხანში კერძო სკოლა და პროფკავშირები მე-12 სკოლის მესამე სართულზე განთავსდება.  

მარიკა მარუაშვილი ამბობს, რომ ამ შენობის მიმართ ინტერესები ყოველთვის არსებობდა. ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე ერთ-ერთი ვიცე-მერის წარმომადგენლები ეწვივნენ და მოსთხოვეს, შენობა დაეტოვებინათ, რადგან თურქებისთვის აპირებდნენ მიყიდვას, რომლებიც მასწავლებელთა სახლის ნაცვლად იქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას აპირებდნენ. „მაშინ გადავირიე, რა უნდა ჩემს შენობაში თურქებს-მეთქი. ყოველთვის უმიზნებდნენ ამ შენობას, არადა, შენობა მასწავლებლებს აჩუქეს და ქუთაისელი მასწავლებლების საკუთრებაა. ამბობენ, იმერეთის გუბერნატორს მიხეილ ჩოგოვაძეს უთქვამს, ამ შენობას ავაშენებთ და ისევ მასწავლებლებს ჩავაბარებთო. რამდენად მართალია, არ ვიცით,“ - გვითხრა მარიკა მარუაშვილმა.  

იმერეთის გუბერნატორს ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ნათელი დამოკიდებულება ნამდვილად არა აქვს. სამხარეოს პრეს-სამსახურში განგვიცხადეს,  რომ შენობის აღდგენა  ქუთაისის ცენტრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპშია ჩასმული და აუცილებლად აღსდგება კიდეც, ხოლო რაც შეეხება შენობის საკუთრებას, ეს არც აქტიურად განიხილება და არც პასიურად.  შენობა რომ ქუთაისელი მასწავლებლებისაა, არც ქალაქის მერს სჯერა. „გაჩუქების უფლება, ერთადერთი, პრეზიდენტსა აქვს და თუ ასეთი დასტური აქვთ, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ნუგზარ შამუგიამ.  მითუმეტეს, შენობა არც თვითმმართველობის ბალანსზეა. პირველი სართული, სადაც ამჟამად სათამაშო ბიზნეს-ობიექტია განთავსებული, კერძო საკუთრებაა და ის ბიზნესმენ ამბერკი დვალიშვილს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი ფართი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. 

ოფიციალურად არავინ საუბრობს იმაზე, რომ შენობა აღდგენის შემდეგ მასწავლებელთა პროფკავშირს დაუბრუნდება. ჯერჯერობით, არც ისაა ცნობილი, რა განთავსდება მასში რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

 


მაკა ჩინიჯიშვილი
26.02.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: The honesty of your potsnig is there for all to see
: Articles like this make life so much simlper.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
18-01-2018
2.5463   0.0012
3.1154   0.0096
3.5134   0.0154
4.4951   -0.0118
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 5 °C + 9 °C
ღამით -2 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.