მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გიორგი ტყავაძე: თითოეული მატჩიდან გამარჯვებას ველი

  საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის სტარტი რუსთავის საფეხბურთო გუნდისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მესამე ტურში “გაგრასთან” წაგების შემდეგ, “მეტალურგის” ფეხბურთელების ერთადერთი მიზანი საკუთარ მოედანზე “სპარტაკის” დამარცხება იყო, თუმცა მოლოდინი ამჯერადაც არ გამართლდა და მატჩი ფრედ დასრულდა.

  შეხვედრა თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ”ფოლადის” სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო თამაში იხილა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მასპინძლები მცირე უპირატესობას ფლობდნენ და სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნეს, მაგრამ არც სტუმრები ჩამორჩნენ და კონტრშეტევებზე კარგად ითამაშეს.

  კვლავ აქტიურობით გამოირჩეოდა რევაზ გეწაძე. მატჩის მე-3 წუთზე რუსთაველთა გარემარბმა მიქაბერიძესთან კომბინაცია გაითამაშა და “სპარტაკის” მეკარეს სიტუაცია დროულად რომ არ განემუხტა, გოლი გარდაუვალი იყო. მალევე თამაშში ჩართვა “მეტალურგის” გოლკიპერსაც მოუწია. ბედიაშვილმა შალამბერიძის დარტყმული ბურთი აიღო. ტაიმის მიწურულს კი დაწინაურების შანსი ტატანაშვილმა გაუშვა.

  რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, გეწაძე კვლავაც მოვლენათა ეპიცენტრში იყო, თუმცა მის შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია. თამაშის ყველზე მნიშვნელოვანი მომენტი კი მატჩის 93-ე წუთზე შეიქმნა. ცხინვალელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა, მაგრამ ლაინსმენმა ალამი ასწია და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.(0:0)

  ამ შეხვედრის შემდეგ “მეტალურგი” სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეექვსე ადგილზეა. ჩემპიონატში კი ჯერ-ჯერობით “ბაია” ლიდერობს.

  ასევე როგორც ცნობილია, რუსთავის საფეხბურთო გუნდში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. ”მეტალურგის” მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილი დაინიშნა, რომელსაც თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებთან აქვს ნამუშევარი, ამჯერად კი უმაღლესი ლიგის გუნდი ჩაიბარა. ხოლო კლუბის ყოფილი თავკაცი არმაზ ჯელაძე მეორე მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.

  ცვლილებები მოხდა გუნდის შემადგენლობაშიც. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რუსთაველთა რიგები ოთხმა ფეხბურთელმა: ლომაიამ, მურველაშვილმა, ტყემალაძემ და ახვლედიანმა დატოვეს, რომლებიც კვარაცხელიამ, ჭედიამ და სეთურიძემ ჩაანაცვლეს.

   აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე რამდენიმე დღეა კლუბს ახალი დირექტორი ჰყავს. ეს პოსტი გიორგი(ბუბა) ტყავაძემ დაიკავა. იგი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო. ნათამაშები აქვს როგორც ქართულ კლუბებში, ასევე თურქმენეთის ნაკრებშიც. ხოლო 2005 წლიდან 2010 წლამდე კი თბილისის “დინამოს” მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

  როგორ აფასებს კლუბის ახალი ხელმძღვანელი ეროვნულ ჩემპიონატში რუსთაველთა ასპარეზობას და კვლავ იგეგმება თუ არა “მეტალურგში” საკადრო ცვლილებები, ამის შესახებ გიორგი ტყავაძე გვესაუბრება. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

  _ მოგეხსენებათ, კლუბში აგვისტოს თვის დასასრულისკენ მოვედი, მაშინ როცა ეროვნული ჩემპიონატი უკვე მიმდინარეობდა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდეც მცირე დრო იყო დარჩენილი. ამიტომ გუნდში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეგვიტანია. პირველ წრეს “მეტალურგი” ფაქტიურად იგივე შემადგენლობით გაივლის, რაც დაგვხდა. თუმცა რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება მაინც მოვასწარით. ვნახოდ, როგორ გამოიჩენენ თავს ახალი ფეხბურთელები და აქ დამხვედრი მოთამაშეები...

  _ ბატონო გიორგი, მიმდინარე სეზონში “მეტალურგს” ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ეროვნულ ჩემპიონატში სტარტი არც ისე წარმატებით აიღო. რა არის გუნდის პროგრამა_მინიმუმი წელს?

  _ რა თქმა უნდა, გასული მატჩების შედეგები არ გვაკმაყოფილებს, ისევე როგორც გუნდის ეს მდგომარეობა. როგორც იცით, დიდიხნის განმავლობაში ვმუშაობდი “დინამოში” და იქაც კი არ ჰქონდათ ფეხბურთელებს ისეთი პირობები, რაც აქ დამხვდა. მათ საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ და თუ ფიქრობენ, რომ ამ გასამჯელოს და პრემიებს იმსახურებენ ეს მოგებული თამაშებით უნდა დაამტკიცონ. თუ არადა, მაშინ მივიჩნევთ, რომ შეცდომა იყო მათი იმ პირობებით მოყვანა, რაც გუნდშია და მოგვიწევს ვიღაც_ვიღაცეებთან დაშორება...

  ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული მატჩიდან გამარჯვებას ველი, მაგრამ რეალისტებიც ვართ და ვიცით, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ. თუმცა მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი ყოველთვის უმაღლესი მიზნისთვის უნდა იბრძოდეს, ეს იქნება ეროვნული ჩემპიონატი თუ ევროპის ლიგა. აქედან გამომდინარე მომდევნო შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიასთან” გუნდისგან წარმატებას ველოდები. მათ ახლა ორკვირიანი შესვენება აქვთ. ეს სავსებით საკმარისი დროა, რომ შეეჩვიონ იმ მოთხოვნებს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი უყენებს და ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოემზადნონ.

  რაც შეეხება პროგრამა მინიმუმს, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ როგორ გავივლით პირველ წრეს, სანამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის გაძლიერებას შევძლებთ. კლუბი ჩვენ დაბალანსებული არ დაგვხვდა, ბევრი პოზიცია სუსტია, ამიტომ პირველი წრე რთული იქნება. მიზანი კი მე თუ მკითხავთ ჩემპიონობაა..

   _ ევროტურნირებზე ასპარეზობამდე რუსთავის კლუბმა სახელი შეიცვალა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა გუნდის რებრენდინგი კვლავ მოხდეს...

  _ ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. თუ აზრთა სხვადასხვაობაა ამის თაობაზე, უფრო სამართლიანი რომ იყოს შეიძლება პატარა გამოკითხვაც ჩატარდეს ქალაქში და ხმათა უმრავლესობით გადაწყდეს. რა თქმა უნდა კლუბის ხელმძღვანელობის აზრი გასათვალისწინებელია და თუ დააკმაყოფილებთ ახალი სახელი რატომაც არა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე კლუბისთვის სახელის შეცვლა არ იგეგმება.

  რუსთავის გუნდში ჩემი საფეხბურთო კარიერის დროსაც ვთამაშობდი და მიხარია, რომ კვლავ ამ ქალაქში დავბრუნდი. “მეტალურგი” ამბიციური და მდიდარი ტრადიციების მქონე გუნდია და მინდა, რომ ის სახელი და წოდებები, რაც აქვს ფეხბურთელებმა ყოველ მატჩში განამტკიცონ...


ნათია ჯიოშვილი
06.09.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.