მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
სამუსიკო სკოლის დავალიანების გასასტუმრებლად გათავისუფლებული თანამშრომლები

 სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორს, ლალი მიმინოშვილ-კუტიბაშვილს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან უსამართლოდ განთავისუფლებაში ადანაშაულებენ. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად საკრებულო, გამგეობა და შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოც ჩაერთო. საბოლოოდ, თითოეულმა ორგანომ საკუთარი დასკვნა გააკეთა, რომელსაც დაზარალებულები არ ეთანხმებიან.

2008 წლიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუსიკალური სკოლა ააიპ-ად ჩამოყალიბდა, რომლის ხელმძღვანელადაც ლალი კუტიბაშვილი-მიმინოშვილი დაინიშნა. როგორც გაირკვა, წლების განმავლობაში `სამუსიკო სკოლის გაერთიანების~ დირექტორმა არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლა. სკოლის ყოფილი პედაგოგი მაია ჩუგოშვილი `სპექტრთან~ საუბარში მუშაობის წლებს იხსენებს და ამბობს, რომ დირექტორმა სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვა. "სამუსიკო სკოლაში 13 წელი ვიმუშავე. არასოდეს დამიზოგავს ენერგია იმისთვის, რომ ბევრი კარგი ბავშვი აღმეზარდა. მთელ დროს იმას ვანდომებდი, როგორ მომეწყო საუკეთესო კონცერტები და ჩემთვის მადლობა თვითონ ლალისაც არაერთხელ უთქვამს. მარტო მე კი არა, მან უსამართლოდ ძალიან ბევრი თანამშრომელი გაუშვა, რომლებიც ამ დრომდე ჩუმად არიან. სამთვიანი ხელშეკრულება მქონდა, ვადის გასვლის შემდეგ კი მითხრა, რომ გათავისუფლებული ვიყავი. იანვარ-თებერვალი იყო, ამიტომ ვკითხე, შუა წელში ხომ არ მივატოვებ იმ ბავშვებს, ვისაც ვასწავლი, რა ვუთხრა-მეთქი? ამის შემდეგ მიპასუხა, რომ მომეფიქრებინა და მოსწავლეებისთვის წასვლის შესახებ რამე მიზეზი მეთქვა," _ აღნიშნა მაია ჩუგოშვილმა და იქვე გათავისუფლების მიზეზსაც შეეხო: "ჩემს გამოსაშვებად რაღაც საბაბს ეძებდა და ეს თვითონაც კარგად იცის. ჩემდამი ცუდ დამოკიდებულებას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, კიდევ არ მეჯერებოდა, რომ შეიძლებოდა უსამართლოდ მომქცეოდა. ასე უთქვამს: ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, მაგას აქ ვერ გავაჩერებდიო. არადა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირადული მიზეზით იყო გამოწვეული. რეალურად კი აი, რა მოხდა: მის დაბადების დღეზე ერთ-ერთ კაფეში ვიყავით. ერთი ჭიქა ლიქიორი დავლიე, რომელმაც მომწამლა. აღნიშნულის გამო, რამდენიმე დღე სამსახურში ვერ წავედი. როდესაც გამოვჯანმრთელდი, საყვედურის სათქმელად კონკრეტულ კაფეში უნდა მივსულიყავი. აღმოჩნდა, რომ ეს ლიქიორი ლალის გაკეთებული იყო და მან მოიტანა. მიზეზადაც სწორედ ეს გაიხადა, რატომ ვთქვი, რომ ლიქიორმა მომწამლა. წამოსვლისას მითხრა: მე მოგწამლე და აქ როგორღა იმუშავებო?!" _ გვითხრა მაია ჩუგოშვილმა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფიციალურ ვებ.გვერდზე 2008 წელს, ინფორმაცია გამოქვეყნდა (02.07.2008. http://humanrights.ge), რომლის მიხედვითაც "გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა ლალი მიმინოშვილმა რაიონის ხუთ სკოლაში მომუშავე 100-ზე მეტი მასწავლებელი გაათავისუფლა. როგორც `ადამიანთა უფლებათა ცენტრს~ პედაგოგებმა აცნობეს, გაერთიანებასთან შრომითი ხელშეკრულებები 3 თვით ჰქონდათ დადებული. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა 30 ივნისს დამთავრდა, რის შემდეგაც გაერთიანების დირექტორმა ლალი მიმინოშვლმა მასწავლებლებს ხელშეკრულებების გაგრძელებაზე უარი განუცხადა. გასაჩივრების შემთხვევაში კი მათ ძმის, ზურა მიმინოშვილის სახელით დაემუქრა, რომელიც კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია. პედაგოგების გათავისუფლების ფაქტს ლალი მიმინოშვილი არ უარყოფს, თუმცა მისი თქმით, იგი არცერთ მასწავლებელს არ დამუქრებია". (სტილი დაცულია).

გარდა აღნიშნული ფაქტებისა, `სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა~ მიმდინარე წელს, ბიბლიოთეკარი ქეთევან მღებრიშვილიც გაათავისუფლა, რომელიც ამ თანამდებობაზე 1988 წლიდან მუშაობდა. `სპექტრთან~ საუბარში იგი განმარტავს, რომ ლალი კუტიბაშვილმა, მის მსგავსად დაუმსახურებლად, არაერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე დატოვა და იქვე განმარტავს, რომ სხვებისგან განსხვავებით სამართლიანობისთვის იბრძოლებს. "მუსიკალურ სკოლაში 1979 წლის 1 ოქტომბრიდან 1988 წლამდე კანცელარიაში ვიმუშავე, შემდეგ კი ბიბლიოთეკარად გადავედი. პირველ სექტემბერს დირექტორმა დამიბარა და ბიბლიოთეკის ოთახის გასაღების დატოვება მომთხოვა, რადგან შტატი გააუქმა და ხელშეკრულებას აღარ მიგრძელებდა. მითხრა, ზაფხულში (შვებულების) პედაგოგების ხელფასი გავეცი, 1300 ლარი ვალი დამედო და შენი ხელფასი (30 ლარი) ვალის დასაფარად მჭირდებაო. ამის შემდეგ, გუბერნიას, გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით მივმართე. გურჯაანის მუნიციპალიტის გამგებელი შოთა უტიაშვილი დამპირდა, რომ დირექტორი ორთვიან ხელშეკრულებას დამიდებდა და მუშაობას ჩვეულებრივ გავაგრძელებდი, მაგრამ ეს ხელშეკრულება დღემდე თვალით არ მინახავს," _ ამბობს ქეთევან მღებრიშვილი.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკაში აღწერა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ლალი კუტიბაშვილმა ამის საშუალება არ მისცა. "ლალიმ სანოტო ლიტერატურის აღწერისთვის კომისია შექმნა. დავიწყეთ კიდეც, მაგრამ ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მომეცა. იმის მაგივრად, რომ კომისიის ყველა წევრი დათქმულ დროზე მოსულიყო, ვისაც როდის ეცალა, მაშინ მოდიოდა. თანაც დირექტორის მითითებით აღწერისას ოთახში ისეთი პირებიც შემოდიოდნენ, რომლებიც კომისიაში არ იყვნენ. მე კი გასაღებს არავის მივცემდი, რადგანაც ყველა სანოტო ლიტერატურა მაწერია და დაკარგვის შემთხვევაში პასუხისმგებლობაც მეკისრება. აღსანიშნავია, რომ აღწერის პროცესში კარს ერთი საკეტი კიდევ დაადო, რომლის გასაღებიც თვითონ ჰქონდა. ანუ, ვერც მე და ვერც ლალი ცალ-ცალკე ოთახში ვერ შევიდოდით. 26 სექტემბერს ბიბლიოთეკის კარის ბოქლომი გამიტეხა. აღნიშნულის გამო, პოლიციაში განცხადება დავწერე. როგორც დირექტორმა მითხრა, ამის უფლება პოლიციამ მისცა. თუმცა, მან მორიგეს ის კი არ უთხრა, რომ ბიბლიოთეკის საკეტს ტეხავდა, არამედ ის, რომ მუსიკალური სკოლის მფლობელია და ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც უკვე გათავისუფლებულია, გასაღებს არ აძლევდა. სამსახურიდან მაშინვე წამოვიდოდი და გასაღებსაც დავუტოვებდი, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გარეშე ამის გაკეთება არ მინდოდა," _ გვითხრა სამუსიკო სკოლის ბიბლიოთეკარმა.

ისევე როგორც მაია ჩუგოშვილი, ქეთევან მღებრიშვილიც გათავისუფლების მიზეზად დირექტორის პირად ინტერესებს ასახელებს. "რეალური მიზეზი არ ვიცი, ვფიქრობ, რაღაც პირადულია. იყო დრო, ქათმებს მთხოვდა. რამდენიმეჯერ მართლაც მივუყვანე დედალი, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ მაქვს,~ _ ამბობს ქეთევან მღებრიშვილი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორი ლალი კუტიბაშვილი ბიბლიოთეკარის განთავისუფლების მიზეზად ხელშეკრულების ვადის გასვლას ასახელებს. როგორც თავად განმარტავს, ამის უფლება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის `ბ~ პუნქტი აძლევს, რომელიც გულისხმობს: `მუხლი 37-ე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია: ...ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა..." (www.parliament.ge).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ `სპექტრთან~ საუბარში ლალი კუტიბაშვილი ქეთევან მღებრიშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და საპირისპიროს ამტკიცებს. "2011 წლის 1 ივლისს ქეთევან მღებრიშვილს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა და გავათავისუფლე, რისი უფლებაც კანონით მქონდა. სასწავლო წლის დაწყებამდე გამგებელს წარვუდგინე ახალი საშტატო განრიგი, საქმის კურსში ჩავაყენე და დამიმტკიცეს. პირველ სექტემბერს ქეთინოს განვუცხადე, რომ განთავისუფლებული იყო ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. მან კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დამემუქრა, მითხრა, რომ მიჩივლებდა და წავიდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, რაც დირექტორი ვარ, ვთხოვდი აღწერის ჩატარებას, მაგრამ საშველი ვერ დააყენა. გასაღებსაც არ მაძლევდა. არ მინდოდა მისთვის ცუდი გამეკეთებინა, მაგრამ თვითონ გამომიწვია,~" _ განმარტავს ლალი კუტიბაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ გამგებელთან ჩივილის შემდეგ ბიბლიოთეკარისთვის ორთვიანი დროებითი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. "ორთვიან ხელშეკრულებაზე სასტიკი უარი განმიცხადა. ამ დროის განმავლობაში, ქეთინოსთან ერთად აღწერა უნდა გამეკეთებინა, რაზედაც ჩემი პედაგოგების მიერ დაკომპლექტებული კომისია შევქმენი. 11 საათზე რომ დავთქვავდით, ქეთინო პირველზე მოდიოდა, მეორე დღეს წნევა მაქვსო და ა.შ. გასაღებსაც არ მაძლევდა. ამიტომ პოლიციას მივმართე. ავუხსენი, რომ თანამშრომელი, რომელიც უკვე განთავისუფლებული იყო, არ მაძლევდა გასაღებს. მორიგემ მითხრა, რომ კომისიასთან ერთად შემეძლო შევსულიყავი, რის საფუძველზეც გავტეხე კარი და ამჟამად ისინი მარტო ატარებენ აღწერას," _ ამბობს სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორი.

"სპექტრთან" საუბარში ლალი კუტიბაშვილი ქათმის დაკვლისა და მოტანის დავალდებულებას უარყოფს. რაც შეეხება ვალს, მისი თქმით, არავითარი დავალიანება არ გააჩნია და რომელ 1300 ლარზე აქვს ლაპარაკი ქეთევან მღებრიშვილს, მისთვის გაურკვეველია. "არავითარი ხელფასების ვალი არ მაქვს. საიდან მოიტანა არ ვიცი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება გვაქვს, გარდა ამისა, მუსიკალურ სკოლასაც გააჩნია საკუთარი შემოსავლები და რიღასთვის უნდა დამედო ვალი?!" _ ამბობს ლალი კუტიბაშვილი.

ქეთევან მღებრიშვილის მსგავსად, გურჯაანის სამუსიკო სკოლის ყოფილი სასწავლო ნაწილი ნინო არაყიშვილიც ადასტურებს, რომ ლალი კუტიბაშვილმა რიგით პედაგოგად 1300-ლარიანი დავალიანების გამო გადაიყვანა. "ამჟამად რიგითი პედაგოგი ვარ, რადგანაც სასწავლო წელი რომ დაიწყო, დირექტორმა მითხრა, ზაფხულის საშვებულებო ხელფასი გავეცი, 1300 ლარი ვალი დამედო და ამიტომ იძულებული ვარ შენი შტატი გავაუქმოო. ეს ვალი ჩემი შტატის ხარჯზე უნდა გადაეხადა. მეც სხვა რა გზა მქონდა, როგორც სკოლას სჭირდება, ისე იყოს-მეთქი," _ განმარტა სამუსიკო სკოლის პედაგოგმა ნინო არაყიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ქეთევან მღებრიშვილი სწავლის პროცესს ხელს არანაირად არ უშლიდა. "მე სასწავლო პროცესის ზედამხედველობა მევალებოდა, მაგრამ არც ერთი პედაგოგი საჩივარზე არ მოსულა და არ უთქვამს, რომ ქეთინოს არყოფნის გამო სწავლა ფერხდებოდა. იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ბიბლიოთეკარი თავის ოთახში არ იჯდა, მაგრამ სად უნდა მოეძებნათ, ეს ყველა პედაგოგმა იცოდა," _ აღნიშნა მან.

საკრებულოში ქეთევან მღებრიშვილის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე, საკითხის შესწავლა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ენუქიძეს დაევალა. მისი განმარტებით, საკითხი გამოიკვლია და დირექტორს შენიშვნებიც მისცა. "ეს არ არის გამოძიება, ეს არის მოკვლევა, მე მაინტერესებდა სწავლის პროცესი, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. ვინ კლიტე გატეხა და რატომ, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანო. მე გამოვიკითხე და გაირკვა, რომ ბიბლიოთეკარი არ მუშაობდა და სწავლის მიმდინარეობას ხელს უშლიდა. აღწერის პროცესი კი ორივე მხრიდან დარღვეული იყო, რაზეც დირექტორს შენიშვნა მივეცი. საშინლად მოუწესრიგებელია ბიბლიოთეკაც, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუსაყვედურე. ქალბატონმა ლალიმ განმიმარტა, რომ ქეთევან მღებრიშვილი დამლაგებელს გასაღებს არ აძლევდა, რის გამოც, ჰიგიენური ნორმები არ იყო დაცული. გარდა ამისა, თუ ქეთევან მღებრიშვილი აგვიანებდა ან არ დადიოდა, ხელმძღვანელს აქტი უნდა შეედგინა და მისთვის ხელი მოეწერებინა. ყველაფერი დოკუმენტაციით უნდა იყოს დადასტურებული, ასე ყველა თავისთვის, ზეპირად ლაპარაკობს. რაც შეეხება სანოტო ლიტერატურას, დანაკლისის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დირექტორს ეკისრება," _ გვითხრა გიორგი ენუქიძემ.

მისივე თქმით, დირექტორს უფლება აქვს ბიბლიოთეკარის საქმიანობა სხვა თანამშრომელს შეუთავსოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ქეთევან მღებრიშვილმა განცხადებით არა მარტო გამგეობას, საკრებულოსა და გუბერნიას, არამედ შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოსაც მიმართა. აღნიშნულ უწყებას მიმართვა `სპექტრმაც~ გადაუგზავნა, საიდანაც გვაცნობეს, რომ სამუსიკო სკოლის ბიბლიოთეკის კარზე ბოქლომის გატეხვასთან დაკავშირებით ლალი კუტიბაშვილს არც სიტყვიერად და არც განცხადებით მიუმართავს. შსს გურჯანის რაიონული სამმართველოდან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ: "თქვენი 2011 წლის 7 ოქტომბრის #45 მომართვის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ქ. გურჯაანის სამუსიკო სკოლის დირექტორს ლალი მიმინოშვილ-კუტიბაშვილს გურჯაანის რაიონული სამმართველოსთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ მოუმართავს. 2011 წლის 26 სექტემბერს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მომართა სოფელ ჭანდარში მცხოვრებმა ქეთევან მღებრიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობდა ქ. გურჯაანის სამუსიკო სკოლის ბიბლიოთეკარად, მაგრამ სკოლის ხელმძღვანელმა ლალი კუტიბაშვილმა მიმდინარე წლის 01 სექტემბერს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. ვინაიდან იგი აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ მუშაობდა, ხოლო ბიბლიოთეკაში ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა გადაბარების გარეშე, ამიტომ პასუხისმგებლობა მას აღარ დაეკისრებოდა. გურჯაანის სამუსიკო სკოლის დირექტორის ლალი კუტიბაშვილისგან ირკვევა, რომ მუსიკალური სკოლის ბიბლიოთეკარს ქეთევან მღებრიშვილს მიმდინარე წლის 01 ივნისიდან სთხოვდა ჩაეტარებინა ინვენტარიზაცია და წარმოედგინა შესაბამისი ანგარიში, მაგრამ ბიბლიოთეკარი აჭიანურებდა ინვენტარიზაციის ჩატარებას და დირექტორის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად ბიბლიოთეკის კარების გასაღებს არ ტოვებდა, ამიტომ სკოლის დირექტორმა ლალი კუტიბაშვილმა შექმნა კომისია, შეადგინეს ოქმი #ს/კ 227770506, რომლის საფუძველზეც კომისიის წევრებმა გახსნეს ბიბლიოთეკის კარი და დაიწყეს ინვენტარიზაციის ჩატარება."

აღნიშნულ ოფიციალურ პასუხს ხელს ინსპექტორ-გამომძიებელი დ. ჯაჭვაძე აწერს. საბოლოოდ, თითოეული მათგანი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია. ქეთევან მღებრიშვილი კი თავისი შტატის აღსადგენად ბრძოლას აპირებს, თუმცა ეს გამოიღებს თუ არა შედეგს, ამას მომავალი გვიჩვენებს. P.შ . სტატიის წერისას ქეთევან მღებრიშვილმა გვაცნობა, რომ გურჯაანის სამუსიკო სკოლის ბიბლიოთეკარის მოვალეობას 65 წლის პედაგოგი შეითავსებს. 


ინგა ბიტარაშვილი
19.10.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: mokled am qalis madlieri gurjaanSi aravin ar aris da amas nuTu ver xedaven ?
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
valutis kursebi
17-04-2014
1.753   0.0009
2.4262   0.0087
2.9438   0.0145
4.8585   -0.0134
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 22 °C
ღამით + 10 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.