მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
უპოვარებით მდიდარი მამა
ამბობენ, ბერი არ უნდა შეაქოო. ეს, ალბათ, ზოგადად ყველა ადამიანსაც ეხება, მაგრამ ხანდახან სათქმელი უნდა ითქვას, რომ ადამიანებმა იცოდნენ სიმართლე. შენდობას ვთხოვ მამა ნიკოლოზს, რომ ვბედავ მასზე წერას.
ადრე გზაზე ხშირად მხვდებოდა ხნიერი, წარმოსადეგი მოძღვარი, რომელიც მისი ასაკისათვის უჩვეულოდ მსუბუქად, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა ქუჩაში. ერთხელ მაღაზიაში შემხვდა, ხუმრობდა, იღიმებოდა. გავბედე მაშინ და მოვიკითხე _ ,,როგორ ბრძანდებით, მამაო?~ თვალები ჰქონდა საოცრად ნაცნობი, ახლობელი, ნათელი, სხივიანი.
2009 წელს ჯერ მხოლოდ ერთი წლის მისული ვიყავი ეკლესიაში, როდესაც უკვე მრავალი შეკითხვა მებადებოდა. აღსარებას ახალგაზრდა მღვდელს ვაბარებდი, რომელმაც დიდი ძალისხმევა გასწია ჩემზე და დამეხმარა ეკლესიური ცხოვრების დაწყებაში, მაგრამ სულიერი მამა - მოძღვარი ჯერ არ მყავდა, ერთ-ერთი ასეთი შეკითხვით თითქოს სრულიად შემთხვევით მოვხვდი მამა ნიკოლოზთან. მისმა პასუხმა გამაოცა. სრულიად მარტივად, უბრალოდ ამიხსნა ის, რაც საოცრად რთულად მეჩვენებოდა. ვიგრძენი მასთან ისეთი სიახლოვე, თითქოს ბავშვობიდანვე ვიცნობდი. მაშინ ვთხოვე, ჩემი მოძღვარი თქვენ იყავით-მეთქი.
მოგვიანებით მეგობარი მიყვებოდა _ თბილისიდან ჩამოსული ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მოხვედრილი გააოცა მწირველი მღვდლის სულში ჩამწვდომმა ხმამ. უცებ წირვის მსვლელობაში ანგელოზებრივი გალობა მომესმაო. მისი ჩატარებული პარაკლისისა თუ პანაშვიდის მოსმენისას სასოების ცრემლი გერევა, როცა თვალნათლივ ხედავ ასეთ ცოცხალ, ნამდვილ სარწმუნოებასა და სიყვარულს.
საოცარია, რომ სულიერი შვილებიდან ყველა გრძნობს, რომ ის განსაკUუთრებით უყვარს მოძღვარს. ,,ყველაზე მეტად სიყვარულს~ თანაბრად უნაწილებს ყველას, როგორც მზრუნველი მამა. მისი განუმეორებელი იუმორით ისე გვამხნევებს ამქვეყნიური ზრუნვით დამძიმებულებს, უცებ აქარწყლებს იმას, რაც დიდ სიმძიმედ გვეჩვენებოდა.
მამა ნიკოლოზი (ერობაში გიორგი), 1939 წლის 1 ნოემბერს დაიბადა, მრავალშვილიან, ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა, არანაირ შრომას არ თაკილობდა. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ მუშად მUუშაობდა, ფლობს მრავალ სამშენებლო პროფესიას, წერს შესანიშნავ ლექსებს, ხატავს და კითხულობს ფილოსოფიურ წიგნებს. პატარაობიდანვე მორწმუნეა, რაც იკვეთება მის ლექსებშიც, მაგრამ ჯერ, ალბათ, არა აქვს გაცნობიერებული, რომ არის დაბადებით ბერი. მოგვიანებით პანსიონატში მუშაობდა შეფ-მზარეულად. აქვე გაიცნო მომავალი მეუღლეც _ ქალბატონი შურა, სამი შვილის დედა, მოგვიანებით _ მონაზონი მარიამი, ამჟამად, სამწუხაროდ, განსვენებული (დაკრძალულია ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში). მამა ნიკოლოზი იხსენებს, რომ მონაზონი მარიამი იყო ისეთი სუფთა პიროვნება, ერთ ბოროტ აზრსაც რომ არ გაივლებდა გონებაში. როგორც იგონებენ ხანდაზმული ბორჯომელები, ,,მას ძალიან ეცოდებოდა ახალგაზრდა შურა, რომელიც ოჯახის მთელ სიმძიმეს მარტოდმარტო ეზიდებოდა. ხშირად მატერიალურად და ფინანსურად ეხმარებოდა. სამსახურში ფიზიკურ შრომასაც უადვილებდა და დედაშვილებს სულიერ სიმხნევეს და რწმენას მატებდა... ეს დაოჯახება არ იყო ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე დაფუძნებული. ეს იყო სულიერი თანადგომა~... ახლაც უკანასკნელ თეთრამდე ყველაფერს უნაწილებს ადამიანებს უპოვარებით მდიდარი მამა.
ერთ ხანს კახეთში მოუწია ცხოვრება. ჯერ კიდევ ბორჯომში ყოფნისას, გიორგის ჰქონდა ღვთაებრივი უწყება, რომ მისი გზა სულ სხვაგვარად უნდა წარმართულიყო. სიზმრად მას ანგელოზმა ნუსხა-ხუცურით დაწერილი სამი წიგნი ,,ჩაუდო~ ხელში _ ეს იყო სახარება, სამოციქულო და დავითნი. გიორგის გული წყდებოდა, რომ ვერ კითხულობდა ამ ასოებს. უკვე ცხადში, ხაშურში, ეკლესიაში ყოფნისას იცნო მან სიზმრად ნანახი წიგნები და ნუსხა-ხუცური დამწერლობაც. შემდგომში მან სასწაულებრივად სწრაფად ისწავლა ნუსხური ანბანი.
გავიდა ხანი. უკვე 50 წელს მიღწეულმა გიორგიმ გააცნობიერა, რომ ღვთის მიერ მისთვის დადგენილი გზა სწორედ სასულიერო მოღვაწეობა იყო, რაც უწმინდესის კურთხევითაც დამოწმდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-სთან შესახვედრად სამი კვირა დასჭირდა. გაუზიარა სასულიერო სემინარიაში სწავლის სურვილი. ადგილები უკვე შევსებულიაო, უპასუხა პატრიარქმა. გააკვირვა გიორგის განსწავლულობამ, საეკლესიო წიგნებისა და ხუცურის ცოდნამ. საიდან ხარო, შეეკითხა უწმინდესი. კახეთიდანო. აბა, კახური კილო რომ არ გაქვსო? რაკი შეიტყო მისი ბორჯომელობა, მისცა კურთხევა, მისულიყო მეუფე ანანიასთან და შესდგომოდა სასულიერო საქმეს.
პატრიარქის რჩევის შესაბამისად, რაკი სასულიერო სემინარიისთვის ხანდაზმულიც იყო, შეუდგა მორჩილებას მეუფე ანანიასთან, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ერთიან ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიას განაგებდა. მაშინ ბორჯომში მხოლოდ ერთი ტაძარი იყო მოქმედი _ ღვთისმშობლის სახელობისა. მეუფე ანანიამ ძალიან თბილად მიიღო და მცირე ხანში, 1991 წლის მარტში აკურთხა დიაკვნად, შემდეგ კი, უკვე აგვისტოში, დაასხა ხელი მღვდლად. მეუფე ანანიას ძალიან უყვარდა მამა გიორგი, ამბობდა, რომ ასეთი მორჩილი მას არა ჰყოლია.
მამა ნიკოლოზი ათი წელი მოღვაწეობდა ღვთისმშობლის ტაძარში, ჯერ როგორც მღვდელი გიორგი, შემდეგ, 1995 წელს, მეუფე სერაფიმემ, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმთავარმა იგი ბერად აღკვეცა ნიკოლოზის სახელით, ხოლო 1998 წლის 14 ივნისს იღუმენის ხარისხი მიანიჭა. 2000 წელს მეუფემ მამა ნიკოლოზი წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში დაადგინა მღვდელმსახურებისათვის. დღემდე იქ მსახურობს. 2011 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, მეუფე სერაფიმემ იგი გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა, რასაც მისი მრევლი დიდი სიხარულითა და მადლიერებით შეხვდა.
ცოტა ხნის წინ გამოიცა მამა ნიკოლოზის ქადაგებები და ლექსები, მისთვის საკმაოდ მოულოდნელად, როდესაც იგი ჯერ კიდევ მამა გიორგის სახელით მღვდელმსახურებდა, უცნობმა ქალბატონმა მას მადლობა გადაუხადა არაჩვეულებრივი ქადაგებისათვის და სთხოვა მისი ქადაგებანი წასაკითხად. მამა ნიკოლოზმა ათხოვა მას ქადაგებები და ლექსები, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. 2010 წელს მამა ნიკოლოზს უცხო პიროვნებამ ტელეფონით სთხოვა ნებართვა მისი ნაწერების წიგნად გამოცემისა, რადგანაც უამრავ ადამიანს, ასევე მღვდელმთავრებს, ძალიან მოეწონათ მისი ქადაგებანი. ასევე ურჩია, რომ წიგნის გაყიდვით მას მცირეოდენი სახსარი გაუჩნდებოდა. მამა ნიკოლოზს მადლობა გადაუხდია, მაგრამ მკაცრად უთხოვია, რომ წიგნში მიეთითებინათ, ,,გაყიდვას არ ექვემდებარებაო~, ყველა მსურველს საჩუქრად გადავცემო. ერთ თვეში მას სახლში მიართვეს 600 წიგნი, ხოლო ქველმოქმედის სახელი უცნობი დარჩა. წიგნი მოიცავს 13 ქადაგებას, ახალგაზრდობის წლებიდან შემონახულ ლექსებს, მათ შორის ულამაზეს ლექსებს ყმაწვილურ, უმანკო სიყვარულზე (ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, დაკარგულია) და შედარებით გვიანდელ, ლექსად დაწერილ სავედრებელ ლოცვებს.
ქადაგებების განმარტებისაგან თავშეკავება ვარჩიეთ, უმჯობესი იქნება მათი წაკითხვა. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ისინი ეხება თანამედროვე ადამიანის სულიერ პრობლემებს და მიმართულია მათ საკურნებლად. იქ ვკითხულობთ ზუსტად იმას, რაც სჭირდება დღევანდელ ადამიანს, ქრისტიანს, რომ შეძლოს, თავი დააღწიოს ამაო წუთისოფლის ორომტრიალს, გადაურჩეს ცბიერი მოძღვრებების (მაგ. რასელისტების) დამღუპველ და მწვალებლურ გავლენებს და დაფიქრდეს ძირითადზე _ საკუთარი ცხოვრების აზრზე, რომლის უმთავრესი მიზანიც სულის ცხონება უნდა იყოს.
   (იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით)

სულიერი შვილი თამარ ხოშტარია
12.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: AKAIK you've got the ansewr in one!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.