მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სწავლების ახალი მეთოდი სააღმზრდელო დაწესებულებებში

სპექტრი. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, გურჯაანის სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მშობლებს ყოველდღიური 50 თეთრის გარდა ერთჯერადად, 10 ლარის გადახდაც დაევალათ. შევეცადეთ ეს ინფორმაცია ქალაქის ბაღებში გადაგვემოწმებინა. სწორედ ამ მიზნით სააღმზრდელო დაწესებულებებს ვესტუმრეთ. ბაღის მენეჯერებმა ეს ფაქტი არ დაგვიდასტურეს. მათი თქმით, 2012 წლის იანვრიდან სწავლების ახალ მეთოდზე გადავიდნენ, რის გამოც მშობლების მხარში დგომა განსაკუთრებით ესაჭიროებათ, რათა ბავშვებს პროგრამა ზედმიწევნით შეასწავლონ. გურჯაანის მ. კიკილაშვილის სახელობის #4 ბაგა-ბაღის მენეჯერ თამილა წერეთელის თქმით, აღმზრდელები ნამდვილად გრძნობენ სწავლების პროცესში მშობლების აქტიურობას და ჩართულობას."ჩვენს ბაღში თემატური სწავლება იანვრიდან დავიწყეთ და მასწავლებლები მშვენივრად ართმევენ თავს. აღმზრდელი ყველა ბავშვთან ცალ-ცალკე მუშაობს. საჭიროა პროგრამის მიხედვით დანართების გაკეთება. თანხის მოგროვების უფლება არ გვაქვს. უბრალოდ, ამ დანართებისთვის ვთხოვთ მშობელს ქსეროასლის გადაღებას. ამის გარეშე ბავშვი ვერ იმუშავებს. თუკი ოჯახს ქსეროქსის გაკეთების საშუალებაც არ აქვს, აღმზრდელი ბავშვს დაუსაქმებელს არ ტოვებს, სურვილის მიხედვით ის ხატავს, ან ძერწავს," _ აღნიშნა თამილა წერეთელმა.

თანხის მოგროვება #2 ბაგა-ბაღის მენეჯერმა ნონა ნონიაშვილმაც უარყო. "ახალი პროგრამები თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომას და სწავლებას გულისხმობს. მათ თემატურად ესაჭიროებათ დანართებზე მუშაობა. მხოლოდ ამ სავარჯიშოების ქსეროასლის გადაღებას ვთხოვთ მშობელს. ამის გამო ჩვენთან უკმაყოფილება არც ერთ მათგანს არ გამოუხატავს, რადგან იციან რომ ეს მათი შვილებოსთვისაა საჭირო. შეგიძლიათ პირადად მათთან გადაამოწმოთ," _ აღნიშნა ნონა ნონიაშვილმა.

დამატებითი თანხის (10 ლარის) შეგროვების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ #1 ბაგა-ბაღის მენეჯერმა ნათია ბეთანელმა დაგვიდასტურა. თუმცა არგუმენტად მანაც ზემოთ აღნიშნული მიზეზი დაგვისახელა. "ახალი პროგრამის მიხედვით მოსწავლეებს დამატებითი სწავლებისთვის დანართები ესაჭიროებათ და ქსეროასლებისთვის ვთხოვეთ მშობელს გარკვული თანხა. ამ ფულთან არანაირი შეხება არ აქვს არც აღმზრდელს და რა თქმა უნდა, არც ბაღის ხელმძღვანელობას. თავად მშობლები კრებენ და აგვარებენ ამ საკითხს," _ გვითხრა ნათია ბეთანელმა და იქვე დასძინა. "სხვა საკითხია, თუკი მშობელი გადაწყვეტს თავისი სურვილით რაიმე სახის საჩუქარი გაუკეთოს ბაღს, სათამაშო იქნება ეს, თუ სხვა სახის ინვენტარი. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი უფლება არ გვაქვს, რომელიმე მშობელი დავავალდებულოთ და რამე მოვთხოვოთ."

მშობლების ერთმა ნაწილმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს "სპექტრთან" საუბრისას აღნიშნეს, რომ დავალება სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორისგან მოდიოდა, თუმცა ლელა თევდორაშვილმა აღნიშნული ბრალდება უარყო და განმარტა: "ეს სიცრუეა, რადგან მე არც ერთი მენეჯერისთვის არ მითქვამს, რომ ბაღებში თანხა მოაგროვონ. თუკი ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, აუცილებლად გატარდება შესაბამის ღონისძიება. უბრალოდ მოგეხსენებათ, 2012 წლის იანვრიდან, საგნობრივი სწავლება აღარ არის და თემატურ განათლებაზე გადავედით. ამან მოითხოვა პედაგოგების გადამზადება. გაერთიანებამ საკუთარი ძალებით მოახერხა მათი გადამზადება. ამის შემდეგ უკვე სწავლების პროცესში საჭირო გახდა თვითონ ჯგუფის ოთახების გადაკეთება და ცალკეულ ცენტრებად დაყოფა: დრამის, მათემატიკის, წიგნიერების, მეცნიერების და ა.შ. ამ ცენტრების მოსაწყობად მშობლების თანადგომა დაგვჭირდა, რისთვისაც თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ახალი პროგრამის მიხედვით დღეს უკვე მასწავლებელი აღსაზრდელებთან ინდივიდუალურად მუშაობს, ამიტომ ბავშვს ყოველდღიურად სხვადასსხვა თემაზე შექმნილი დანართი სჭირდება. ჩვენი ბიუჯეტი ძალინ მწირეა და ვერ შევძლებთ თანხები ამ პროგრამას გავაწვდინოთ. ამიტომ უწევს მშობელს იზრუნოს დანართის ქსეროასლზე. თუკი რომელიმე ბაღში ხდება ფულის მოკრება, ეს კეთდება მხოლოდ ამ მიზნით."

ლელა თევდორაშვილმა ბაღების გაერთიანების ბიუჯეტზე ისაუბრა და გვითხრა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახისა და პატიმრების შვილებისთვის დღიური გადასხადი განახევრებულია და 0.25 ლარს შეადგენს."ნაწილობრივ მუნიციპალიტეტის გამგეობა გვაფინანსებს. ეს არის თანამშრომელთა ხელფასი და კვების თანხის ნახევარი 0.5 ლარი. ის 0.5 ლარი კი, რომელსაც მშობელი ყოველდღიურად იხდის, მთლიანად ბავშვის კვებაზე ნაწილდება. თვის განმავლობაში ოჯახს დაახლოებით 10 ლარის გადახდა უწევს."

"სპექტრი" რამდენიმე მშობელს გაესაუბრა. მათ საბავშო ბაღებში მიმდინარე სიახლეს დადებითად შეაფასებს და აღნიშნეს, რომ თუკი ეს თანხა ბავშვის სწავლა-განათლებას მოხმარდება, მზად არიან გადაიხადონ, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვინაობის დაფიქსირება არც მათ ისურვეს. 


ლანა გულოშვილი
17.05.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I don't even know what to say, this made things so much eaiesr!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.