მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ას ორი ეტლის ცვალება მზისაგან
ვარდებით გადაბიბინებულ ეზოს გადასცქერის ვაზის ხეივნით გადაფარებული აივნიდან ელენე ბებო.
_ ერიჰაა... ასორი წლისა ვარ, ბებია და 7 იანვარს ასსამისა ვხდებიო, თვითონაც უკვირს. ახლაც თვალწინ უდგას ბავშვობის დროინდელი ცხოვრება _ ახალდაბაში, ჭაჭარაქში ლომიძეების უბანში. სამი ძმა და ორი და ჰყავდა. დედაბუდიანად შრომობდნენ მშობლებთან ერთად. სიზმრად თუ ნახავს გარდასულ დღეებს...
მაშინ ბედნიერი იყო. ძველი ხის რიკულებიანი შენობა, პატარა მინდვრიან ეზოში მოფარფატე ქათმები და ბატები, დედა-ღორი თავისი ნამატით, ჭრელა ძროხა... და, უფრო ახალი წლის დღე ახსოვს _ დედა რომ ტკბილეულს დააწყობდა მაგიდაზე და ათასნაირ საჭმელს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...
1909 წელს დაიბადა. წლებისა და ფორმაციის ცვლილების მიუხედავად, ელენე ბებო ერთ საქმეს ადგა _ უნდა ეშრომა მარჩენალ მიწაზე, რომ მშიერი არ ყოფილიყო მათი ოჯახი. თოხსა და მძიმე შრომას დღესაც ვერაფერი ცვლის, რათა კარგი მოსავალი მოიწიოს, ასე მითხრა.
თვალი და გონება სასწაულად უჭრის. ახსოვს ყველაფერი. ჯოხზე დაყრდნობილი დადის, მაგრამ სერიოზულად არანაირი ავადმყოფობა არ აწუხებს. ეგაა მხოლოდ, რომ წლები ამძიმებს. კარგად ახსოვს, მამამ როგორ გაათხოვა 18 წლისა. მაშინ, ჯერ კიდევ საქონელს მწყემსავდა ძმებთან ერთად და შეიძლება გულისსწორიც ამორჩეული ჰყავდა, მაგრამ სიყვარული ვინ აცალა. ხუთი მაშვალი მოადგა კარს ელენეს წასაყვანად... მამა ვისზეც იტყოდა, მე უარის თქმა არ შემეძლოო. მოდიოდნენ სასიძოები ხაშურიდან, ჭობისხევიდან, ცხრამუხიდან,.. ყვიბისელი აირჩიეს ჩემმა მშობლებმა, რადგან მამიდაჩემი იყო იქ გათხოვილი და იმიტომ გამათხოვეს ყვიბისში, პატარა პურისჭამა ქორწილისნაირი გადამიხადეს. მოჰქონდათ პატარძლისათვის ბეჭდები, დანა-ჩანგალი, თითბრის ტაშტი, ვერცხლის მანეთები, ფარჩისა და ჩითის საკაბეები, დედ-მამამაც ცოტაოდენი მზითვი გამოატანა და დასახლდნენ, დაფუძნდნენ ყვიბისში ხაჩიძეების კერიაზე. თვითონ ელენე ლომიძეა, ქმარი მეტად მშრომელი გიორგი ხაჩიძე ჰყავდა.
_ ქმარმა, პატარძალი რომ ვიყავი, ,,ვენგერკები~ მომიტანა, (მაღალყელიანი ჩექმა ყოფილა), აგრეთვე ,,კრევდიშინის~ კაბა, ,,მანტოს პალტო~, რომელიც ისეთი საუცხოო იყო, რომ მთელ სოფელს უკვირდა, ბეჭდები, საყურეები, გულის ,,ბროშკა~ და ვინ მოთვლის, კიდევ რა არ მომართვეს.
ხაჩიძეები შეძლებულები იყვნენ და ოჯახშიც დოვლათთან და ბარაქასთან ერთად მრავლად დამხვდნენ: დედამთილ-მამამთილი, ხუთი მული და ერთი მაზლი, დედამთილის დედა, რომელიც ჩინებული ადამიანი იყო და შვილები მან დამიზარდა. ოჯახში, რადგან რძალი ვიყავი, საღამოს ყველასთვის ფეხები მე უნდა დამებანა, ვახშამი მე უნდა გამეწყო, და ოთხი შვილიც _ სამი ბიჭი და ერთი გოგო უნდა გამეზარდა. მეწველი ძროხა, 30 ფრთა ქათამი, ინდაურები, პრასით, ოხრახუშით და ქინძით სავსე ბოსტანი მე უნდა გამემარგლა. ოჯახში ყველა ვშრომობდით, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, ჩემს გარდა ოჯახის ყველა წევრი, ტყის პირას მამულში, მიწას ამუUშავებდა: თოხნიდნენ, ბარავდნენ. ღამეები არ მეძინა, რადგან ბავშვები მტირალები გამოდგნენ. მთელი ღამე აკვნებს ვარწევდით მე და ჩემი დედამთილის დედა. ასე ვიყავი დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი და მალე სამი ვაჟკაციც წამომესწრო და მეხმარებოდნენ. მანამდე კი ვწვალობდით, და ნალიას სიმინდს არ ვაკლებდით, ამბარს მჭადსა და პურის ფქვილს. ყველი თიხის ქილებში გამოულევლად გვქონდა და ბარაქა ტრიალებდა _ ღვთის მადლით. ელენეს რა უჭირს, ბიჭები ეხმარებიანო _ იტყოდნენ ხოლმე სოფელში. მაშინ ომიანობა იყო და ჩემი მეუღლეც იბრძოდა. ომის გამო შვილებს ვერ ვასწავლე და ეს დღესაც მაწუხებს. მერე კი კოლმეურნეობაში ვმუშაობდი მებოსტნედ. აფსუს, რა მUუშაობა და პასუხისმგებლობა იყო. მახსოვს იმ პერიოდში დიდი ქურდობა იყო. ქათმებს, ხბორებს, წვრილფეხს იპარავდნენ უკეთური ადამიანები. მე და ჩემი დედამთილი ერთ ღამეს დავუდარაჯდით ნაჯახებით ხელში: ქათმების კრიახი რომ გავიგეთ, გავედით და ქურდები დავაფრთხეთ. ერთი ქათმის მოპარვაც ვერ მოახერხეს, ისე ქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. ქმარი ომში იბრძოდა და სახლში მარტო ქალები ვიყავით. ექვსი წლის მერე, როცა მეგონა, რომ ქმარი ომში დამეღუპა, მაშინ ჩამოვიდა. დიდი სიხარული განვიცადეთ. ქმარი ახლახან, რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა.
ზამთრობით უმცროს შვილთან თბილისში ჩავდიოდი ხოლმე. დედა მოუკვდეს, 72 წლის ასაკში გარდამეცვალა, იმან მომწყვიტა გული, თორემ უფრო ჯანზე ვიყავი. ყველაფერს ვაკეთებდი სახლში. ასე სულმოუთქმელად, გამართულად, ერთი ამოსუნთქვით მომიყვა ელენე ბებო თავისი განვლილი ცხოვრება.
ბარაქალა, მის ქალობას, შვილიან-შვილიშვილიან-შვილთაშვილიანად სულ 42 მყავს. მთელი სოფელი ჩვენა ვართო, _ მითხრა და თავისი მონაგარით კმაყოფილმა, ღიმილით მოჭუტა თვალები. ახლაც ეტყობა, ლომიძის ქალი ლამაზი და მიმზიდველი იქნებოდა. არც ერთი ნაოჭი არ აქვს სახეზე, არც თვალის უპეებთან.
- ახლა რო ითხუპნებიან ათასი მაზებით, მაშინ დილით ცივ წყალს შევისხამდი სახეზე და საკმარისი იყო სახის კანისთვის, - მითხრა სიცილით.
დღეს რა ხდება, შვილო და... ახალგაზრდობა ბევრი მოგეწონება, ბევრი არა, მაგრამ, ერთია, ყველას უნდა უქნიო თავიო, მითხრა დაჯერებით...
ძალიან სათნო მოხუცია, სულ გინდა, რომ ისაუბროს და უსმინო. რა აღარ მოგვიყვა, რა აღარ გაიხსენა ამ ას ორი წლის ქალმა, რამდენ მთავრობას აღარ მოსწრებია, რა დრო არ უნახავს. ბევრი მადლი გაუკეთებია, ბევრი წვალება გადახდენია. ახლა თავის სახლშია. ბიჭები ახლომახლო ცხოვრობენ ცოლ-შვილთან ერთად და ხშირად დედასთან არიან, დედასთან, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა მათ დასაზრდელად, რომ არაფერი მოკლებოდათ.
- საკვები თუ ჩასაცმელი, სიცოცხლე არ დაიშურა შვილებისთვის.
- რაღაა ჩემი სიცოცხლე - და-ძმა ყველა იქით ქვეყნისკენ წავიდა, აღარავინ მაბადია. ჩემი შვილიც დამეღუპა. ახლა ძნელი იქნება ჩემი სიცოცხლის გაგრძელებაო...
სტუმრად მისულები ლოცვით გამოგვაცილა ვარდებით სავსე ეზოდან ელენე ბებიამ. ვინ იცის, რას ფიქრობს საუკუნეს გადაცილებული, ვინ იცის, რა ფიქრი აქვს. ალბათ, ყველაფერს დასასრული აქვს, ასე იქნება ჩემი სიცოცხლეცო.
_ ნეტავ, ყველამ იცოცხლოს 100 წლამდე და უდროოდ არავინ წავიდეს, ამას ვინატრებდი, ვისურვებდი და მიხარია, რომ ელენე ბებიამ წლებზე გაიმარჯვა...
იქვე შევნიშნე, ვარდის ფურცლებზე ცვარი ეყარა უხვად. მზეზე ბრწყინავდნენ წვეთები და სხივები ნაზად ეპკურებოდნენ ხის წვერებს, კაკლის დაჩრდილულ და დასიცხულ ტოტებზე წვრილნისკარტა ჩიტები ათასნაირად ჟღურტულებდნენ. ივნისის მოძალებული სხივები მარჯვენით მოიჩრდილა ელენე ბებომ და მზისა და დღის ხანგრძლივობის ლოცვა წარმოსთქვა წლების წინ გაზეპირებული.
საუკუნის ეტლის ცვალება გამოიარა მზემ. ამ წრებრუნვას მტკიცედ უძლებს ელენე ბებო...

ირინა კუჭუხიძე
06.07.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: No more s***. All posts of this quilaty from now on
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.