მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე საქმის განხილვა დაასრულა და 7 მარტს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.   ცნობისთვის, საქმე ეხება მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაშია.  დღეს, დამასრულებელ სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მტკიცებულები გამოიკვლია. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (მერაბ ლომიძე - მომხსენებელი, თავმჯდომარ, თეა ძიმისტარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) სხდომაზე იმსჯელა მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით  უახლესი ცნობები მოისმინა. კერძოდ, როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას წერილობითი ინფორმაციით, სამინისტრო დავის მხარეებთან მორიგებას ყველა მხარის ინტერესების დაცვისა და უფლების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ  მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამინისტროს მხრიდან კონტაქტის არარსებობა გიორგი პაპუაშვილთან. მისივე განმარტებით, როლანდ ბლადაძე და გიორგი პაპუაშვილი იზიარებენ იმ აზრს, რომ მორიგება შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირებისა და კომუნიკაციის შემთხვევაში. შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უკვე მიმართა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. როგორც სასამართლომ განმარტა, საქმეზე მორიგების დამტკიცება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულება იქნება. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზე სასამართლოს წარუდგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტიც, რომელიც სამინისტრომ  მოამზადა და რომლის ფარგლებშიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმეზე მორიგება უნდა მომხდარიყო, თუმცა მთავრობის განკრაგულების პროექტის იმპლემენტაცია, იმის გამო, რომ სამინისტროს არ გააჩნია კონტაქტი გიორგი პაპუაშვილთან, არ განხორციელებულა. სასამართლოს სხდომას პირველად ესწრებოდა ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახის წევრები. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას როლანდ ბლადაძემ განაცხადა, გააჩნია პოზიტიური მოლოდინი, რომ სახელმწიფო მორიგების მიმართულებით საქმიან ნაბიჯს გადადგამს და სამართლიანობა ქონების დაბრუნებით დასრულდება. მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილთან არავითარი პიროვნული შეუთავსებლობა არ გააჩნია და აღნიშნა, რომ მომავალი თაობის, შვილების ინტერესების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საქმეში ყველა მხარის ინტერესების დაცვას. როლანდ ბლადაძის მეუღლის, მარინა ესელიძის თქმით კი, სასამართლოს გააჩნია ყველა უტყუარი მტკიცებულება, საიდანაც დასტურდება, რომ ქონება ნამდვილად მის ოჯახს ეკუთვნის.  „მიხეილ სააკაშვილმა ჩემი ოჯახი ქუჩაში დატოვა. მქონდა იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში მთავრობა წართმეულ სახლს დამიბრუნებდა და აღდგებოდა სამართლიანობა. თვითონ მაქვს კვირიკაშვილის ნათქვამი მოსმენილი, რომ ჩემს ქვეყანაში აღარ იქნება ატირებული ადამიანები და ქონებაჩამორთმეული ხალხი. ეკონომიკის სამინისტრო ამ დავაში მხარეა. ძალიან სულმდაბლად მოიქცნენ; პაპუაშვილთან გარიგებაში არიან. ძალიან შეუფერებელია სამინისტროს იურისტის გამონათქვამები, რაც დღეს პროცესზე მოვისმინე. ისინი ამართლებენ სისტემურ დანაშაულებებს. მე მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, თქვენ დღეს ხართ სახელმწიფო და თქვენ გაქვთ ვალდებულება დამიბრუნოთ ჩემი სახლი. მინდა მივმართო სასამართლოს, რომ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება და არ დატოვოს ადამიანის ღირსება და უფლება შეურაცხყოფილი“, _ განაცხადა მარინა ესელიძემ. „გურია ნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ მას დღემდე საკუთარ ქუჩაზე გავლაც კი აკრძალული აქვს. „დღეს როცა სამინისტროს წარმომადგენელმა, ასევე პაპუაშვილის ადვოკატმაც თქვა,  რომ გიორგი პაპუაშვილს ვერ ეცოდინებოდა 2007 წელს, ქონება ჩვენთვის რომ იყო წართმეული, არის ტყუილი. მანამდეც მიდიოდა დავები, მემუქრებოდნენ, რომ სამი შვილის დედა უბედურებას გადავეყრებოდი. იმ ქუჩაზე, ახლა სადაც პაპუაშვილი ცხოვრობს, გავლაც კი აკრძალული მაქვს. რომელ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ? შემთხვევით შემხვდა გიორგი პაპუაშვილის ცოლი ქუჩაში, ზუსტად სამი მეტრის მოშორებით ვიდექი.  ვიცოდი, რომ მათთან ახლოს მივლა კანონით არ შემეძლო და არც მივახლოებივარ. უბრალოდ ვკითხე,  6 წელია ჩემს სახლში ცხოვრობ და რამდენ ხანს აპირებ ცხოვრებას-თქო. ამის მოწმეც მყავს. რომ წამოვედი, მოუგლეჯია ტანზე ტანსაცმელი, შევარდნილა იქვე, გამოუძახებია პატრული და უთქვამს, რომ მე გავაკეთე ეს ყველაფერი... გამომიძახეს პოლიციის განყოფილებაში, დამაწერინეს განცხადება და ჩემს ქუჩაზე გავლა ამიკრძალეს. ეს იყო 2013 წელს“, _ აღნიშნა ესელიძემ და დასძინა, რომ მას საქმის სამართლიანად დასრულების იმედი აქვს. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვას 5 თვე მოანდომა. საქმეზე რამდენჯერმე შეიცვალნენ მოსამართლეები. პირველი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა. სადაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლემ, გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა. პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში, თავიდან  მოსამართლე მირანდა ერემაძე მონაწილეობდა, თუმცა 13 იანვრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეს მოსამართლეც შეიცვალა. თუმცა, 13 იანვრის სხდომაზე არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმის განმხილველი პალატის უმრავლესობის აცილების თაობაზე. ამავე სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომელიც ბლადაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქმნის უტყუარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ 2004-2007 წლებში, სახელმწიფომ არავითარი კანონისმიერი ღონისძიება არ განახორციელა სადავო ქონების გასხვისებისგან თავშეკავების თაობაზე, რითაც დაირღვა ქონების პრივატიზების მაშინდელი კანონმდებლობით დადგენილი წესები. ამასთან, პალატამ 31 იანვრის სხდომაზე დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი პაპუაშვილი 2007 წელსაც ფლობდა ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების თაობაზე, თუმცა გიორგი პაპუაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ვერ შევიდოდა. როგორც ბლადაძის ინტერესების დამცველი არჩილ კაიკაციშვილი განმარტავს, აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება უნდა მოხდეს. როლანდ ბლადაძე მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ უკანონო გადაწყვეტლება მიიღო. 2016 წლის 24 ოქტომბერს, დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარიც შეიტანეს. ამჟამად, გარდა იმისა, რომ  როლანდ ბლადაძე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის თავიდან განხილვაში დაბრუნებას ითხოვს, მისი სასარჩელო მოთხოვნაა,  ბათილად ცნონ 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავენ, „სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება“. „გურია ნიუსმა“ პროცესზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გიორგი პაპუაშვილის ადვოკატსაც სთხოვა; თუმცა, გოჩა გოგიშვილმა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ამაზე „გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ჩვენს მიერ, 2017 წლის 23 იანვარს სამინისტროსთვის გაგზავნილ კითხვებზე „გურია ნიუსმა“ მხოლოდ ეს პასუხი მიიღო : "დებატებში შესვლა სამინისტროს არ უნდა“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ სხდომაზე "გურია ნიუსს" მოსამართლეთა კოლეგიამ ფოტოგადღების უფლება არ მისცა. როგორც კოლეგიის თავმჯდომარემ, მოსამართლე მერაბ ლომიძემ განმარტა, როდესაც პროცესს იღებს ტელევიზიის ჟურნალისტი,  ფოტოდაგაღების დაშვებისას  პროცესის ხელი შეეშლება. მიუხედავად იმისა, რომ "გურია ნიუსმა" კანონით დადგენილ ვადაში, პროცესის დაწყებამდე ერთი საათით ადრე წარადგინა განცხადება მოსამართლის სახელზე და ითხოვა ფოტოგააღება, მოსამართლემ ამის უფლება არ მოგვცა. მერაბ ლომიძემ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 პრიმა მუხლი გამოიყენა, რომელიც სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებას ეხება. კანონში არ არის აღნიშნული, თუ პროცესის ვიდეოჩაწერას ახორციელებს ერთი მედიასაშუალება, სხვა მასობრივი საშუალების წარმომადგენელს/წარმომადგენლებს არ აქვს ფოტოგადაღების უფლება. მოსამართლემ კი, კანონი სწორედ ასე განმატა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე, არცერთ სასამართლო სხდომაზე, მათ შორის სააპელაციო სასამართლოშიც, ფოტოგადაღების უფლება არ შეგვზღუდვია. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბლააძე- პაპუაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 7 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდება. ამავე თემაზე: სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეს დაურთო _"ახალგაზრდა ადვოკატები" "ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან" სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -"ახალგაზრდა ადვოკატები" გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით "ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის" გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –"ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს "ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს" "ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება
წყარო: gurianews.com
gurianews.com
21.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
31-03-2017
2.4452   -0.0020
2.6266   -0.0142
3.0418   -0.0013
4.3422   0.0471
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 19 °C
ღამით + 4 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.