მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"მეცამეტე თვის პოეტები"

   გასულ კვირას ტრენინგ ცენტრ "ინტელექტში” პოეზიის საღამო გაიმართა, რომელშიც რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად, მოწვეული სტუმარი, პოეტი ბენჯი ჩხაიძეც იღებდა მონაწილეობას.

   საღამომ მსმენელთა მოლოდინი გაამართლა. თითქმის სამი საათის განმავლობაში მაყურებელი ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებას ისმენდა და დასასრულს მხურვალე ტაშითაც დააჯილდოვა.

  ამ საღამოზე წარსდგნენ "მეცამეტე თვის პოეტები”, რომელთა შემოქმედება რუსთაველი პოეზიის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობია. ოთხი ახალგაზრდა პოეტისა და რამდენიმე მუსიკოსისაგან შედგარი ეს ხელოვანთა ჯგუფი, ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებებს. ხარისხიანი მუსიკისა და ლექსების სინთეზი კი სასიამოვნო გარემოს ქმნის.

  სულ რამდენიმე თვეა, რაც "მეცამეტე თვის პოეტები” შეიკრიბნენ. ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით იპოვეს და თავიდან “პოეტური კოქტეილი” დაირქვეს, თუმცა დღესდღეობით უკვე ახალი სახელით გამოდიან მაყურებელთა წინაშე. ბაჩო ზაქაიძე, ოთო გურგენიშვილი და ამირან ჯანჯღავა სტუდენტები არიან, ხოლო გურამ ლაცაბიძე კი მოსწავლეა.

  მათი დებიუტი სწორედ მშობლიურ ქალაქში შედგა. რუსთაველთა წინაშე ერთ-ერთი საღამოს ფარგლებში წარსდგნენ და სწორე ეს დღე იქცა წარმატებული საღამოების სერიის სტარტად...

  ნელ-ნელა მათ მუსიკოსთა ჯგუფიც შეუერთდა და ამჟამად უკვე ცხრა წევრისგან შედგება ეს ხელოვანთა გუნდი.

  წერენ ყველაზე და ყველაფერზე, რაც აწუხებთ, რასაც გრძნობენ და ვინც უყვართ...

  უფრო ვრცლად, საკუთარ შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებსა და თანამედროვე პოეზიაზე თავად გიამბობენ. გთავაზობთ ინტერვიუს “მეცამეტე თვის პოეტებთან”.

   ბაჩო ზაქაიძე:

  _ პირველი ლექსი 20 ოქტომბერს დავწერე. თბილისში სამარშუტო ტაქსით მივდიოდი და დავინახე გოგონა, რომელსაც საოცარი თვალები ჰქონდა. ერთს მეორე მოყვა და შემდეგ უნივერსიტეტში ჩემს მეგობრებს ვანახე. მათთაც მოეწონათ და სტიმული მომეცა. გავაგრძელე წერა და ეს ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მექცა.

  ვწერ ყველაფერზე,ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს ჩემი მუზა: სიყვარული, სარწმუნოება, სიმარტოვე, ხელგამოწვდილი ადამიანი, ემიგრანტი ქალი. ერთ-ერთი ლექსია:

  გამისამართებული დედა

                   "ეძღვნება ყველა ემიგრანტ ქალს,

                    ჯვარცმით რომ იხდის დედობის ვალს."

  მე უშენობით წამოვიზარდე,

 ჩემთან კი არა, შორსა ხარ დედი,

 უკვე წვერებიც გამოვიზარდე,

 საცაა ბეჭდით გავიხსნა ბედი.

 დედიკო მარტოს გამისამმართდი,

 თვალში სისველით წლები გეღვრება,

 ჩემიდან შორით გამისამართდი,

 გლოვას მარხულობ და არც გერღვევა.

 დედი სიცილი როგორ გიხდება,

 ჩემი თვალებით განახა ნეტავ,

 ოთახში შესულს იცი რა მხვდება?

 კარი, რომელსაც შენ აღარ კეტავ.

 დედი ცრემლების აღარ მრცხვენია,

 ბედი ყოფილა ჩვენდამი მკაცრი,

 შენი ტკივილი როგორ მტკენია,

 ბავშვივით ვტირი ამხელა კაცი.

 თუ რამე ტკბილს ვწერ, დედი შენია,

 ჩემი კალამით შენს სახელს ვიცავ,

 შენთვის ვცოცხლობ და არ მეშინია,

 ჭაღარა ცრემლის ნაოჭებს ვფიცავ.

 მარად გაღმერთებს შენ “შვილისერთავ”,

 ცხრა თვის გაზრდილი შენივე რძეში,

 და როცა წახვალ ჩემიდან ღმერთთან,

 ოცდაოთხ საათს ვილოცებ დღეში.

     ოთო გურგენიშვილი:

 _ 6 თვის წინ დავწერე პირველი ლექსი და ჩემს შეყვარებულს მივუძღვენი.. იყო პერიოდი, როცა ყოველდღე ვწერდი. ერთმანეთის ლექსებიც ხშირად გამხდარა მუზა. მაგალითად, ამირანის ლექსზე ბაჩოს აქვს დაწერილი, ბაჩოს ლექსზე მე და ა.შ. ვწერ იმაზე რაც მაწუხებს, მტკივა და მას შემდეგ ვაკლავ ფურცელზე.

  ბიბლიოთეკა (წიგნში ჩავიძირე)

  ბიბლიოთეკაში გაბნეულია შექსპირის ვლაქი სურნელება,

 გადავშლი ტაეპს,აბზაცს დაეძებს თვალის ცრუ ჩვენება.

 ავიღებ კალამს,მოვნიშნავ გოეთეს ბიბლიის კოლიდორში,

 დავეძებ ღატაკს,იქნებ რომის გზაზე ვუბოძო ორი გროში.

 ჭამს მადას ტოლსტოი,დაჭრილი პოეზიის ზედა თაროზე,

 ლუარსაბს აბავს აზიურ სტილში ფეტვი კალოზე,

 ქვეყნიდან გამაქვს,სატირის ხმები უკუნეთ მზეში,

 უდაბნოს ჩამაქვს,ქვესკნელის მტვერით ნაკამი ხრეში.

 გემის კაპიტანი,ვისოცკის ქარგებში მიმართა გემბანი,

 ენდემო ბერო,პორტო რუეკო გაჰყვირის ,,ენბანი",

 ეშმაკის საჭე,ნაზავი სხეულის ფართო გაგებანი,

 ინდოეთს მივაგენით ბრიტანულ სტილში ყვირის მაგელანი!!!

     ამირან ჯანჯღავა:

  _ ერთხელ იმდენად მარტო ვიყავი, რომ სიმარტოვე მომიჯდა გვერდზე და მაიძულა ლექსი დამეწერა. ამიტომ ჩემი პირველი ლექსიც მარტოსული და ცრემლიანი იყო. ვცდილობ, პრობლემატურ საკითხებს შევეხო, გადმოვცე ის განცდა რაც ჩვენშია და თეთრ ფურცელზე გავაცოცხლო. ჩვენს შემოქმედებაში მომწონს ის, რომ რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში არ ვჯდებით...

  ***

  მიწიერ მტვერში გამოძერწილო ხორცის მშვენებავ

  დაღლილ რაბობზე აკვნესებულო ტკბილო ზე ნებავ

  გულის ჭრილში ხარ ამოკვეთილი შენ ინტალიო

  ტრფობის ბეჭედო მე შენი გრძნობა მინდა დავლიო

  ოღონდ მაღირსა მაგ ბაგეთა წამით შეხება

  ჰომეროსივით მეც მომინდა სხვების შექება

  სულის ტკივილო რად მექეცი ედელვაისად

  გულს მოეფინე ვით ვარდები ბაღებს მაისად

 და გადავთელო ეს ოზებიც იქნებ გაისად

 ლექსად წავიქცე, მელნად დავიქცე, მაგრამ ვაი სად?

 სად დაემალოს მარტოობას ფიქრი გამხმარი

 არც საუზმარი, არც ზარმელი, აღარც სამხარი

 მეც ჟრუნივით ბებერ ზამთარს, თოვლის საბანს შევაფარებ

 მწიფე ბაგეთ კოცნით ზაფრულს იანუსო შენ გადარებ

 როს გაუვა ვადა ჭურჭელს, ტკბილი სულის შენახვისა

 დროს წაუვა მადა, ცრუს, ჭრელს, ატირდება შენს ნახვისას

 მთვარე ვარსკვლავს ცას აკერებს, ამიხსენით რა ფონია?

 ხმაც დამშორდა, წყეულ ჩურჩულს, რა დავარქვა აფონიაა?

 არ მქონია შენს ვნებაში, შეცურების ბედისწერა

 მაგ ცურების დასაპყრობად ჯებირს მიგებს ურჩი წერა

 ვერ დაჩრდილავს სილამაზეს ვერც ეპოქა და ვერც ერა

 ფიქრს ოცნების ტყვეობაში, დაავიწყეს ლექსის წერა

 ტანჯულს მინდა ფუტკრის სკაში, მოგონებად დავილექო

 და ბატივით ჩემმა ხმამაც არ გამოსცეს თუგინდა ექო

 ოღონდ სანთლად გამომთალონ, შენს ხელებში დავიღვენთო

 სულს, ხომ მაინც შემიბერავ, აქ ჩამქრალი, ცად აღვენთო.

   გურამ ლაცაბიძე:

 _ ჩემი პირველი ლექსიც სიყვარულზე იყო. თუმცა მიმაჩნია, რომ როცა პოეტი ხარ არ არსებობს ერთი თემა. წერ ნებისმიერ საკითხზე.. შეიძლება ერთი სიტყვაც კი გახდეს მუზა. მაქვს ლექსები საწმუნოებაზე. მათ შორის:

  ა მ ი ნ!

   ამინდს გახადეს თებერვალი, როგორც პატარძალს,

  კაბა, ან უფრო მასკარადის შესამოსელი.

  სიზმრებისავით ვუყვები და ფიქრებს ვატან წყალს,

  გადაგვარებულს და საეჭვოს როგორც ბოსელში-

  შობა მაცხოვრის - ურწმუნოსთვის - ვერც გაამტყუნებ...

  მოციქულები უსინჯავდნენ უფალს ჭრილობას!

  ისე მწარეა რეალობა, როგორც გარტყმული

  სილა სახეში და სხეულის შებოჭილობა.

  უწყლო ნაპირი, მარტოსული, როგორც ჰეტერა,

  ღამეში დუმს და არსაიდან მოსჩანს ტივები.

  შენც დადუმდები და მიხვდები, ყოფა გეტირა

  ყოფა, რომელსაც უშენოდაც აატირებდნენ!

  სამყაროს გარეთ გაიგონებ მაჯების ფეთქვას,

  უსასრულობას დაიჩემებს უბრალო წამი.

  შენ ხომ ყოველთვის ის გინდოდა, რომ ერთხელ მეთქვა,

  ჰოდა დრო არის,

  უფალო,

  და ვიძახი...

   ა მ ი ნ!

  _ თქვენი პირველი საღამოდან, მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ამ მცირე დროში უკვე შეძელით პოეზიის მოყვარულთა მოწონება დაგემსახურებინათ. ალბათ კრიტიკაც იყო და ითვალისწინებთ თუ არა მას?

  ოთო:

 _ დაახლოებით 20 ღონისძიებაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია აუდიტორიის აზრი. ღვთის შეწევნით, მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება და ხშირად მეორედაც კი გვიწვევენ ხოლმე სკოლებში . ერთ-ერთმა პედაგოგმა ლექსიც დაგვიწერა. ჩვენ ასევე საშუალებას ვაძლევთ ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედება წარმოაჩინონ ხოლმე და ღონისძიებების დრო სცენაზე ვიწვევთ.

  ბაჩო:

  _ გამოხმაურება და დაინტერესება საკმაოდ დიდია. სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდი გვაქვს და მოწონებების რაოდენით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოება დადებითად არის განწყობილი ჩვენი შემოქმედთა ჯგუფის მიმართ.

  ამირანი:

  _ რაც შეეხება კრიტიკას, ჯანსაღ კრიტიკას მივესალმები. არიან კონკრეტული ადამიანები, რომელთა აზრსაც ვუსმენ და მათ შეხედულებებს ვიზიარებ. ჩვენი მიზანია პოეზიას რუსთავში დავუღამოთ და წინ წამოვწიოთ ეს ფასეულობები.

  გურამი:

  _ პირველად მაშინ მივხდი რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებდი, როცა ქუჩაში ბავშვმა გამაჩერა და მითხრა, რომ ჩემი ლექსები მოსწონდა. ბავშვზე გულწრფელად ამას ვერავინ გეტყვის. ჩემთვის ყველაზე დიდი კრიტიკოსები ეს ბიჭები არიან და მათი აზრი მნიშვნელოვანია.. პირველად სწორედ მათ ვუკითხავ ლექსს. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა ჩემი აზროვების და შემოქმედების გაზრდისთვის სასარგებლოა, რა თქმა უნდა მივიღებ. სხვა კი დადებითს არაფერს მომცემს.

 “პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ, ლექსებად კვდებიან პოეტები” ... და სანამ ჩვენი ლექსები იარსებებს, მანამ ვიცოცხლებთ ჩვენც.

  _ რაც შეეხება თანამედროვე პოეტებს, რომელს გამოარჩევდით?

  ამირანი:

 _ ჩემთვის საუკეთესო თანამედროვე პოეტები ბაჩო ზაქაიძე, ოთო გურგენიშვილი და გურამ ლაცაბიძე არიან.

  ბაჩო:

  _ მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ლექსები არ მიყვარს, მაინც გიორგი ზანგურს გამოვარჩევდი. ის ცდება რეალობას და ძალიან ლამაზად წერს.

  თუმცა მიყვარს ილიას კრიტიკა, ვაჟას პოემები, გალაკტიონი, ტერენტი გრანელი...

  ოთო:

   _ თანამედროვეებიდან მეც გიორგი ზანგურს და თემურ ელიავას გამოვარჩევდი.

  გურამი:

  _ ტერენტი გრანელი ძალიან მიყვარს. რაც შეეხება თანამედროვეებს, გიორგი ზანგურს აქვს ისეთი პოეზია, რომ ყველა სიტყვაში რაღაც კადრი არის ჩადებული...


ნათია ჯიოშვილი
26.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Just do me a favor and keep writing such trenchant anaysles, OK?
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
16-10-2018
2.6664   0.0288
3.0925   0.0379
3.5076   0.0204
4.0628   0.0627
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.