მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ბორჯომი ჩემი ბავშვობა, სიყვარული და მონატრებაა...
პატივცემულო მკითხველო!
დიდიხანია არ შეგხმიანებივარ, რისთვისაც პატიებას გთხოვთ. მეც ძალიან მენატრებით და ვეცდები, ეს მონატრება ერთი კარგი ბორჯომელით გაგილამაზოთ. იმედია, კმაყოფილები დარჩებით.
ბატონ გურამ თათეიშვილს ბორჯომში ბევრი იცნობს, იგი თხემით-ტერფამდე ნაღდი ბორჯომელია და ბორჯომელთა ჭირისა და ლხინის გამზიარებელია. დღეს ის ჩვენი სტუმარია.
_ ბატონო გურამ, მინდა, მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ, რომ გამონახეთ დრო და შედგა ჩვენი შეხვედრა. მოდით, ჩვენს მკითხველს გავაცნოთ, ვინ ხარ, საიდან მოდიხართ და როგორ განვლეთ თქვენი ცხოვრება.
_ (ჩაფიქრდა), დავიბადე 1939 წლის 11 მაისს სამტრედიაში. დედ-მამა ორივე სამტრედიელი იყო, მალე მთელი ოჯახი ბორჯომში გადმოვიდა მუდმივ საცხოვრებლად. 1958 წელს დავამთავრე #1 საშუალო სკოლა, შემდეგ ჯარში გამიწვიეს, სამი წელი ვიმსახურე; ჯარის შემდეგ ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ვარ ფინანსისტი. სწავლის დამთავრების ბოლო კურსიდან პარალელურად დავიწყე მუშაობა ცსს სასწავლო კომბინატში. აქ პედაგოგად ვმუშაობდი, შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებში ვხელმძღვანელობდი ფინანსებს, კერძოდ, შამპანურის \ქარხანაში, #3 ღვინის ქარხანაში, ,,თბილ ღვინოში~, სამტრესტში. ბოლოს პენსიაზე გასვლამდე ,,ეკოფუდში~, პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ვაგრძელებდი: ვკითხულობდი ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე.
ბატონი გურამი თავის თავზე ლაპარაკს გაურბის, ამიტომ გეტყვით, სადაც იმუშავა, დიდი ავტორიტეტი და სიყვარული დაიმსახურა ხელმძღვანელობას, სტუდენტობასა და თანამშრომლებს შორის. მისი აღზრდილები ღირსეული სპეციალისტები არიან და ძირითადად წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ.
ბატონ გურამს ჰყავს ორი შვილი ნათია და გიორგი და ორი შვილიშვილი _ ნუცა გოგიბედაშვილი და ანდრია თათეიშვილი. მისი მეუღლე იყო აწ გარდაცვლილი იზოლდა კანდელაკი.
_ ჩემი ბავშვობა უკავშირდება #1 საშუალო სკოლას, სადაც შესანიშნავი თაობა იყო თავმოყრილი, რომლებიც შემდეგ ცნობილი ექიმები, მეცნიერები, ეკონომისტები, პედაგოგები, იურისტები გახდნენ და ასახელეს როგორც სკოლა, ასევე ოჯახი. სკოლიდან ბევრი კურიოზები მაგონდება, ყველას რა ჩამოთვლის?! (ეღიმება).
მათემატიკას _ ბატონი ემირ შერმადინი, ისტორიას _ ვალოდია აბულაძე და ლუბა გორდაძე, გეოგრაფიას _ ეთერ ვეფხვაძე, ქართულ ენას დარიკო ბერიძე გვასწავლიდნენ. ისე უაღრესად განათლებული და სიმპათიური ქალბატონი მასწავლებლები გვყავდა: ნ. დვალიშვილი, ნინა ბასილიშვილი, ლ. ქვარცხავა, თამრიკო ყავრელიშვილი, ნათელა გოგიჩაიშვილი, რომლებიც გარდა საგნისა, ადამიანურ ქცევებსაც გვასწავლიდნენ, რაც ცხოვრებაში ნამდვილად გამოგვადგა.
მინდა, ასევე დიდი სიყვარულით გავიხსენო პერიოდი, როცა სკოლის პარალელურად ჩემი თავი ხელოვნებას მივუძღვენი, კერძოდ, კი _ ცეკვას. ბორჯომის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში დავიწყე ცეკვა, ქორეოგრაფი ბატონი გრიგოლ ჩივაძე იყო, რომელმაც თითქმის მთელი ბორჯომის ახალგაზრდობა აზიარა ქართულ ცეკვას. იმ წლებმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ჯარის სამსახურში რომ ვიყავი კრასნოდარში, იქ ბორჯომელი ბიჭები ჯემალ სუხიაშვილი, ტარიელ ლებანიძე და ჰაიკ არუთინოვიც მსახურობდნენ. ერთად ჩამოვაყალიბეთ კავკასიური ცეკვის ანსამბლი, სადაც სხვა ქართველებიც გავაწევრიანეთ, ასევე სხვა ეროვნების ოფიცრები და პედაგოგიური სასწავლებლის გოგონებიც ჩავრთეთ. დიდი წარმატებები გვქონდა, საშეფო კონცერტებს ვმართავდით ჩრდილო კავკასიის ქალაქებში და დიდი აღიარება მოვიპოვეთ.
ბორჯომში სახალხო თეატრშიც ვმოღვაწეობდი, რომელსაც ბატონი გოგი ხმალაძე ხელმძღვანელობდა. ერთი სიტყვით, ხელოვნების ნაწილი მეც გავხდი და ამისათვის დიდი მადლობა მინდა, გამოვხატო ჩემი მასწავლებლებისა და ჩემი მეგობარი კოლეგების მიმართ, ვისთანაც დღესაც ვაგრძელებ ურთიერთობას. ესენი არიან: ედუარდ ვახტანგიშვილი, გურამ გომარელი, ჯემალ სუხიაშვილი, თამაზ ხუციშვილი, დემურ გლუნჩაძე, ზურაბ ხვინგია, ომარ ლომსაძე, მურმან ედილაშვილი, გივი გონგლაძე, გოგონებიდან: იზო მაცაბერიძე, ნათელა თათეიშვილი, ნანული ჟუჟუნაძე, ციცო ტაბატაძე, სამწუხაროდ, ბევრი წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. ხშირად ვიგონებ იმ პერიოდს, როცა ჩვენმა ანსამბლმა გასტროლი მოაწყო უკრაინაში. ეს იყო პირველი გასვლა ანსამბლის ისტორიაში რესპულიკიდან. გასტროლებმა დიდი წარმატებით ჩაიარა... კარგი იყო ეს ყველაფერი... _ გულდაწყვეტილს აღმოხდა ბატონ გურამს და გააგრძელა; _ სკოლის მეგობრებთან დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას. ნახევარი კლასი ხომ მოცეკვავეები და მომღერლები ვიყავით... (იცინის). მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ჯემალ დოიჯაშვილი და ლერი დოლიძე, რომლებიც საუბედუროდ სიმღერამ იმსხვერპლა...
კლასელები ყოველ წელს შეხვედრას ვაწყობთ, ახლაც ვაპირებთ... გვიხარია, ერთმანეთის ნახვა!
ბორჯომში დიდი სამეგობრო მყავს, განსაკუთრებით კი ფრონდოზ აბულაძე და სოსო სვანიძე. მინდა, მათ ყოველივე კარგი ვუსურვო. ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ: კუკური თოდრაძე, გედი ფოფხაძე, გიური ჯიქია, კუკური კალმახელიძე, _ სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილები არიან. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მათი სულები.
_ ბატონო გურამ, რა არის თქვენთვის ბორჯომი?
_ ბორჯომი ჩემი სამშობლოა, სადაც გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად, შევიძინე საუკეთესო მეგობრები, რომლებთანაც ვმეგობრობ დღემდე და ასე გაგრძელდება ბოლომდე.
თვით ბორჯომი ჩემთვის არის სიხარული და სიყვარული. ვცდილობ, რომ ხშირად ვიყო აქ. ბორჯომში ჩამოსვლა ჩემთვის ყოველთვის დიდი ზეიმია!
_ რას უსურვებთ ბორჯომს და ბორჯომელებს?
_ შეჩერდეს ბორჯომის ტყის გაჩეხვა! წაღვერისა და დაბის მიდამოებში დამწვარი ტყის ყურება საცოდაობაა.
მინდა, რომ ჩვენი ბორჯომი აყვავდეს და აშენდეს, რათა მსოფლიოს საუკეთესო კურორტების რიგში მოხვდეს. თვით ბუნებამ დაგვასაჩუქრა და ვალდებულები ვართ, გონივრულად და გულისხმიერად მოვექცეთ ამ საჩუქარს.
ბორჯომელებო, ყველა ძალიან მიყვარხართ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!

ივეტა კუპრაძე
19.09.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
24-05-2018
2.4491   0.0053
2.8711   -0.0158
3.271   -0.0171
3.9712   -0.0105
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 17 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.