მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ტურისტული ცენტრის აჩრდილი


ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აქვს გამოცხადებული. პრიორიტეტულ სფეროდ ტურიზმი ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქუთაისთან მიმართებაშიც გამოაცხადა. სწორედ ქუთაისის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის იდეას ემსახურება ქალაქის ისტორიული უბნის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკვე ორი წელია მიმდინარეობს. მთავრობის მიერ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დადებული პირობის თანახმად, ქუთაისი დღეს უკვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი უნდა იყოს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ქალაქში, რომელზეც ესოდენ დიდ იმედებს ამყარებდა ცენტრალური ხელისუფლება, დღეს ქართულენოვანი ექსკურსიამძღოლიც კი სანთლით საძებარია, სხვა სერვისებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ქუთაისში უკვე წლებია აღარ ფუნქციონირებს საექსკურსიო ბიურო, გაუქმდა ტურიზმის დეპარტამენტი. ტურისტული ფირმებიც, ძირითადად, გამსვლელ ტურისტებზე არიან ორიენტირებულნი, ხოლო ქალაქში ჩამოსულ ტურისტს თავად უწევს გზის გაგნება და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

"შარშან, ჩემს სამ მეგობართან ერთად, ვიყავი ქუთაისში ჩამოსული. ძალიან მაინტერესებდა ქალაქის დათვალიერება. ორი დღე დავრჩით, მეტი ვეღარ გავძელით. ბაგრატის ტაძარი, გელათი და სათაფლია ძალიან მოგვეწონა, მაგრამ ჩვენ სახელდობრ ქალაქის დათვალიერება გვინდოდა, ძველი უბნების ნახვა. ჯერ იმან დაგვტანჯა, რომ უბნებს ვერ ვაგნებდით, არც წარწერები ჰქონდა ქუჩებს, არც არაფერი. გამვლელებს ვაჩერებდით, ვეკითხებოდით და ისე მივდიოდით სხვადასხვა ადგილას. მეორეც, მივხვდი, რომ იმ რამდენიმე ისტორიული ძეგლის გარდა, რომელიც ისედაც ყველასათვისაა ცნობილი, ქუთაისში არც არაფერია სანახავი," - ამბობს თბილისში მცხოვრები სტუდენტი ალექსი ხაჩიძე.

ამ პატარა ტურისტულ ჯგუფში თამთა წერეთელიც შედიოდა, რომელიც ქუთაისურ შთაბეჭდილებებზე გვიყვება: "უდაოდ საინტერესო და ისტორიული ქალაქია, მაგრამ საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ვერ ახერხებს მთელი თავისი ღირსებების წარმოჩენას. მანდ ჩამოსულებს რომ დაგვხვედროდა თუნდაც ერთი პატარა ტურისტული სააგენტო, რომელსაც მივმართავდით და დახმარებას გაგვიწევდა, ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ ქართველები ვართ და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება უცხოელი, რომელმაც არც ენა იცის, არც რუკა აქვს და საერთოდ, ალალ ბედზე დახეტიალობს ქალაქში. თბილისში ეს პრობლემა ასე თუ ისე მოგვარდა, არის ფირმები, სადაც მიხვალ და შესაბამის მომსახურებას გაგიწევენ, კარგი იქნება თუ მსგავსი სერვისი რეგიონებშიც დაინერგება. საღამოს გართობა გვინდოდა, მაგრამ გასართობი ადგილი ვერ ვნახეთ, მერე ისევ ერთ პატარა კაფეში დავჯექით, საიდანაც ნახევარ საათში, რასაც ჰქვია, გამოგვყარეს, ვიკეტებითო. ძალიან მინდა განახლებული ქუთაისი ვნახო და ის ცუდი შთაბეჭდილებები დავივიწყო, რაც მაშინ გამომყვა," - ამბობს ის.

ცნობისათვის, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია მსოფლიოში უმსხვილესი და უსწრაფესად მზარდი ბიზნესია. მოგზაურობის და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს შეფასებით, მოგზაურობა და ტურიზმი, როგორც გლობალური ეკონომიკა, პირდაპირ და არაპირდაპირ პასუხს აგებს საერთო შიდა პროდუქტის 11%-ზე, 200 მლნ სამუშაო ადგილზე, საერთო დასაქმების 8%-ზე და 5,5 მლნ ახალ სამუშაო ადგილზე 2010 წლამდე.

მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყნისათვის ტურიზმი არის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. ევროპაში, გნებავთ ამერიკაში, ნებისმიერ ქალაქში შეგხვდებათ ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია: ქალაქის ტურისტული რუკა, გართობის, დასვენებისა და კვების ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

"რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ევროპაშიც და ამერიკაშიც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ტურისტმა იგრძნოს თავი კომფორტულად. ყოველთვის, როდესაც ჩავდივარ რომელიმე ქალაქში, მივმართავ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს, საიდანაც ვიღებ აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაციას, რაც მაინტერესებს. შემდეგ ვიღებ ტურისტულ რუკას, სადაც დატანილია ქალაქში არსებული ყველა ობიექტი. ადამიანი პირველად ხარ უცხო ქალაქში, მაგრამ იმდენად ადვილადაა ყველაფერი ახსნილი, სად რომელი ტრანსპორტი მიდის, სად რომელი მეტრო, რომელ სადგურზე უნდა ამოხვიდე, ელემენტალური ინგლისური თუ იცი, არანაირი პრობლემა აღარ გექმნება," - ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ტურისტული რუკების დახმარებით გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენს, ასევე, მნიშვნელოვანია მოწოდებული სერვისი და მისი ღირებულება.

"საზღვარგარეთ ძალიან კარგი სერვისი აქვთ - ე.წ. ტური ავტობუსით. ყიდულობ ბილეთს, ადიხარ ორსართულიან ავტობუსში, რომლის მეორე სართული არის ღია და ავტობუსიდან ათვალიერებ ქალაქს," - ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

ის, რომ ტურიზმის განვითარებისათვის მარტო დაგებული ასფალტი და შეღებილი ფასადი საკმარისი არაა, განვლილმა პერიოდმაც ნათლად აჩვენა. ქუთაისში ტურისტული თვალსაზრისით ისევ ის მდგომარეობაა, რაც 2-3 წლის წინ იყო. თუმცა, გარკევულ სფეროებში შეინიშნება პროგრესიც: ქალაქში გაჩნდნენ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ, თუმცა, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ საგულდაგულო ძებნის შემდეგ თუ მიაკვლევ. არადა, ტურიზმის განვითარებაში რეკლამირება და საინფორმაციო უზრუნველყოფა უმნიშველოვანესი კომპონენტია. ერთ-ერთი ჯგუფი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. ამ უნივერსიტეტის სუბტროპიკული მეურნეობის, ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა დააარსეს ტურისტული სააგენტო "იბერიატური", რომელიც სწორედ შიდა ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.

როგორც ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სერგო ცაგარეიშვილი ამბობს, მათ მიერ მოხდა 30 ქართულენოვანი ექსკურსიამძღოლის გადამზადება, შემუშავდა ორი ტურისტული მარშრუტი, თუმცა ეს ყველაფერი ამ ეტაპზე პილოტირებას გადის. "ამ ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელიც სტუდენტია. ესენი არიან პირველი ექსკურსიამძღოლები ქუთაისში. ამჟამად პრაქტიკებზე არიან და ტურისტულ-საექსკურსიო მარშრუტებს ამუშავებენ. გარდა ამის "Word Vision"- თან ერთად მოვახდინეთ ინგლისურენოვანი გიდების გადამზადება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალაქს ნამდვილი პროფესიონალები ეყოლება," - ამბობს სერგო ცაგარეიშვილი.

მათ მიერ შემუშავებული მარშრუტები ასე გამოიყურება:

1. ქვეითი ტურისტული მარშრუტი ქუთაისის ქალაქ-მუზეუმში - ოქროს ჩარდახი, პირველი სკოლა, ბულვარი, აღმაშენებლის მოედანი, ჯაჭვის ხიდი, ასსაფეხურიანი კიბე, ბაგრატის ტაძარი, უქიმერიონი, გალაკტიონის ძეგლი, წითელი ხიდი.

2. ველო-ტურისტული მარშრუტი - ქუთაისი, დიდი ჯიხაიში (ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი), ქუთაისი.

3. სპელეო-ტურისტული მარშრუტი - ქუთაისი, სათაფლია, წყალტუბოს მღვიმე (ყუმისთავი), ქუთაისი.

მსგავსი სტანდარტული ტურების გარდა, ქუთაისში ფაქტობრივად არანაირი ტურისტული მარშრუტი არ არსებობს. იმ ადამიანებს, ვისაც ქალაქის დათვალიერება სურთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ.

"ხშირად ჩემს მეგობრებთან ჩამოვარდება ხოლმე საუბარი, რა გაქვთ ქუთაისში და იმერეთში, მარტო გელათი და ბაგრატიო. ჩვენი სიმდიდრის აფიშირებას ჩვენ საქართველოს დონეზე ვერ ვახდენთ და უცხოელები თუ ვერ მიხვდებიან, რაში მდგომარეობს ჩვენი ისტორიული ღირებულება, გული არ უნდა დაგვწყდეს. ამერიკაში დადებენ რაღაც ქვას და მერე ამ ქვის შესახებ ისეთ ლამაზ ისტორიას მოგიყვებიან, ძალაუნებურად იჯერებ და ამ ქვასთან სურათების გადაღებას იწყებ. მაშინ როცა ქუთაისში არაფრის მოგონება არ გჭირდება, შენი ისტორია, შენი წარსული გაძლევს ამის თქმის საშუალებას. უბრალოდ საჭიროა სწორი მარკეტინგული მიდგომა, სწორი საინფორმაციო კამპანია და ერთ დღეს მართლა შეიძლება გავხდეთ ტურიზმის ცენტრი," - ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

მოსახლეობის აზრით, დღეს ქუთაისში არსებული სიტუაცია ცხადხჰყოფს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ, ან სათანადო განათლება აკლიათ, ან ამის სურვილი არ აქვთ. ამის მაგალითად ისტორიული უბანიც გამოდგება, სადაც, რაც უკვე კეთილმოწყობილია, იმის ათვისებასაც ვერ ახერხებენ ქუთასელი მეწარმეები.

"ძალიან მომწონს განახლებული ქუთაისი. ერთხელ ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიიღებ ამ შენობების დათვალიერებით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ამ ცარიელი კედლების ცქერა მოგბეზრდება. როგორც ვიცი, აქ ყველა ობიექტი კერძოა, რატომ არაფერს აკეთებს ეს ხალხი, ძალიან მიკვირს. ტოტალიზატორით და საქაბაბით ტურისტს ვერ მოიზიდავ. ან ღია კაფე გააკეთონ, ან რამე. სამწუხაროდ, ქუთაისში გემოვნება არა აქვთ. გამოიტანენ პლასტმასის მაგიდებს, გაშლიან ქოლგებს და მერე ვინც ამ ქოლგების ქვეშ ჯდება, დანარჩენი ქუთაისი იმას დასცინის. ასე ვერ განვვითარდებით. სულ ცოტა ფული მაინც რომ დახარჯონ ამ ობიექტების მეპატრონეებმა, სასიამოვნო გარემო შექმნან, დარწმუნებული ვარ არამარტო ტურისტებს, ადგილობრივებსაც მიიზიდავენ," - ამბობს ქუთაისის მცხოვრები ეკა ამყოლაძე.

იდეა, ქუთაისი - ტურისტული ცენტრი ამ ეტაპზე განუხორციელებელია, მაგრამ სერგო ცაგარეიშვილის თქმით, ერთ დროს ქუთაისი მართლა იყო ტურისტული ცენტრი და თუ იარსებებს ხელისუფლების ნება, კვლავ შეიძლება გახდეს.

"ქუთაისს რამდენიმე სახეობის ტურიზმის მოცვის საშუალება აქვს. ჩვენთან მოდიოდნენ სამთო ტურისტული ჯგუფები, რომლებიც მიდიოდნენ მთაში. გარდა ამისა, განვითარებული იყო საცხენოსნო და ისტორიულ-კულტურული ტურები. დღეს ეს ყველაფერი აღარ გვაქვს. აეროპორტი დაკეტილია, შესაბამისად, სვანეთში ტურისტები პირდაპირ თბილისიდან მიდიან, სხვა ინფრასტრუქტურაც მოიშალა, რაც თავისთავად აფერხებს განვითარებას," - ამბობს ის.

კიდევ ერთი დამაბრკოლებელი გარემოება ზოგიერთი სერვისის არარსებობა და მომსახურების კულტურის ნაკლებობაა. "მე, პირადად, შევისწავლე ტურისტულ ფირმებსა და სასტუმროებში არსებული მდგომარეობა და მომსახურების დონე. ამ სასტუმროების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ისინი არ შეესაბამებიან საერთაშორისო სტანდარტებს. ტურიზმის განვითარებას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ეკოტურიზმის განვითარება იმერეთის რეგიონში მოგვცემს ეკონომიკური ზრდისა და გარემოს დაცვის შეთავსების საშუალებას, რაც აქტუალურია განვითარებადი ქვეყნისთვის,"- ამბობს სერგო ცაგარეიშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, რეალურად დღეს ქართული ტურიზმი ტურიზმის დეპარტამენტის ამარაა დარჩენილი. გაუქმებულია ყველა რეგიონალური სამსახური და ყველა გადაწყვეტილებას დაპერტამენტი იღებს. იმერეთში ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კოტე ჭარხალაშვილი დღეს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტია. მისი თქმით, დღეს არ არსებობს შესაბამისი უწყებების ნება, რომ რეგიონებში ტურიზმი განვითარდეს.

"საკანონმდებლო ბაზა არა აქვს ტურიზმს. ტურიზმის განვითარებას ჭირდება განვითარების კონცეფცია, სტრატეგია და ტაქტიკა. რა ხდება ამ დროს ჩვენთან? აქ არ არსებობს არანაირი სისტემა, არც ბილეთები გვაქვს მუზეუმებში. ისტორიულ ძეგლებთანაც საერთოდ არაფერი გვაქვს. სიტყვა ტურიზმი ამოიღეს დებულებიდან. რას ვერჩი ქალაქის ხელისუფლებას? უფლება არა აქვთ რომ ამ კუთხით თანხები დახარჯონ," - ამბობს კოტე ჭარხალაშვილი.


მანანა ქველიაშვილი
13.07.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 14 °C + 18 °C
ღამით + 8 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.