მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ექსტერნატის გამოცდები დარღვევებით ჩატარდა

სამწუხაროდ, ღიად ამ საკითხზე არავინ ისურვა საუბარი. თუმცა, პირად საუბრებში მოსწავლეები და მათი მშობლები იმასაც ამბობდნენ, რომ ზოგიერთმა ბავშვმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადალახა ბარიერი. გამოცდების დასრულების შემდეგ იმაზეც საუბრობდნენ, რომ „ვისაც პატრონი ჰყავდა“, საერთოდ, შემოხაზული ტესტები მიუტანეს და ისე ჩააბარებინეს გამოცდა.

„ზუსტად ვიცი, ორჯერ ჩაჭრილი ბავშვი იჯდა ჩემს გვერდით და ისე აბარებდა დღეს ეკონომიკის გამოცდას. ვინც მიიტანა 100 დოლარი, არავის პრობლემა არ შექმნია და ვინც არა - ჩაიჭრა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა. აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე. მისი თქმით, არავის არანაირი ინტერესი არა აქვს, რომ რომელიმე მოსწავლე ჩაჭრას.

„ჩვენ გვაქვს ერთი ცუდი ჩვევა: თუ კარგად ვაბარებთ გამოცდებს, მაშინ ყველაფერი კარგადაა და თუ ვერ ვაბარებთ, მაშინ „ჩააწყვეს“. დედამიწის ზურგზე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მოსწავლეს საკუთარ ცოდნას დაუკარგავს. თან ეს კონკურსი ხომ არაა, რომ შეზღუდული იყოს ადგილები და ამის გამო განგებ ვჭრიდეთ ვინმეს. 208 ექსტერნატი იყო. რომ ჩაებარებინათ, ყველა გავიდოდა,“ - ამბობს მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე, რომელიც ამავე დროს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეც იყო.

იმ ფაქტს, რომ ექსტერნატის გამოცდებზე დარღვევები არსებობდა, არც რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე უარყოფს. მისი თქმით, ის თავად შეესწრო ერთ ფაქტს, როდესაც მეშვიდე სკოლაში მივიდა.

 „მე არ ვერევი საგამოცდო პროცესში. რესურს-ცენტრიდან იყვნენ წარმომადგენლები კომისიაში და ისინი ზედამხედველობდნენ ამ პროცესს. მომივიდა ინფორმაცია, რომ ბავშვები ერთმანეთისაგან იწერდნენ. მე თვითონ მივედი და ძალიან „შეხმატკბილებული“ სიტუაცია დამხვდა მოსწავლეებსა და მეთვალყურეებს შორის. კომისიის წევრებს მკაცრი გაფრთხილება მივეცი და მომდევნო გამოცდაზე გაითვალისწინეს. აბა, რა უნდა მექნა? გამოცდის შედეგებს ხომ არ გავაუქმებდი?“ - ამბობს ლადო პატარიძე.

გარდა იმისა, რომ ბავშვები ერთმანეთისაგან იწერდნენ, გამოცდებზე იმდენად თავისუფალი სიტუაცია იყო, სმს-ის საშუალებითაც იღებდნენ სწორ პასუხებს. მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე ამბობს, რომ გამოცდაზე შესვლის წინ ყველა ბავშვს გარეთ ატოვებინებდნენ მობილურ ტელეფონებს, ხოლო თუკი მაინც აღმოაჩნდებოდა ვინმეს, მაშინვე ართმევდნენ.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ობიექტურად ჩავატაროთ გამოცდები. იყო ერთი შემთხვევა, მოსწავლე მობილურზე საუბრობდა და ამოცანის პირობას კარნახობდა ვიღაცას. რა თქმა უნდა, იმწამსვე აღვკვეთეთ ეს ფაქტი და თავად მოსწავლეს მკაცრი გაფრთხილება მივეცით. თუმცა, ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: კარგი, შეიძლება მართლა დაეხმარა ვიღაცა ვიღაცას, მაგრამ ამით სხვა მოსწავლეს ვინმემ ცოდნა წაართვა?“ - ამბობს ენდი ნემსიწვერიძე.

თავის დროზე სკოლის ექსტერნად დამთავრება პრესტიჟულად ითვლებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოცდები ძალიან მკაცრად ტარდებოდა და ამ ფორმით სკოლის დამთავრებას მხოლოდ განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები ახერხებდნენ. არსებული რეალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს ექსტერნად გამოცდების ჩაბარება ბავშვის ნიჭიერებას ყველაზე ნაკლებად განსაზღვრავს. დღეს სახელმწიფოსაც აწყობს, თუკი მოსწავლე ადრე დაამთავრებს სკოლას, ამით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იზოგება, რომელიც მოსწავლეების ვაუჩერებში იხარჯება.

რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ სკოლის ადრე დამთავრების სხვადასხვა მოტივი აქვთ. ბიჭებისთვის ეს, ძირითადად, ჯარიდან თავის არიდების ერთ-ერთი გზაა. „გამოცდების ექსტერნად ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა ადრე დავამთავრო სკოლა. ახლა 17 წლის ვარ და მეთერთმეტე კლასში ვსწავლობ. გაისად რომ დავამთავრო სკოლა, ეგრევე ჯარი მიწევს. ამიტომ გადავწყვიტე ექსტერნატზე გასვლა,“ - ამბობს მეცხრე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი მინაძე. სხვებს მოსალოდნელი გამოცდები აშინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ წელს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მეთორმეტე კლასელს 7 გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ამ ფაქტს ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლანდელი მეთერთმეტე კლასელები ე.წ. საპილოტე კლასია, გამორიცხული არაფერია. უნდა ითქვას, რომ 22 დეკემბრამდე გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თითოეული გამოცდის შედეგების მიხედვით, ყოველდღე სკოლის ნაადრევად დამთავრების მსურველებს რამდენიმე ადამიანი აკლდებოდა.

21 დეკემბერს კი, ქიმიის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 19 ბავშვი აღმოჩნდა ჩაჭრილთა სიაში. მეორე დღეს მშობელთა და ახლობელთა მობილიზება მე-7 სკოლაში დილიდანვე დაიწყო. მოსწავლეებმა ტირილით გული რომ იჯერეს, საკუთარი ნაშრომები მოითხოვეს და მასში დაშვებული შეცდომებიც აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ რესურს-ცენტრის მიერ მიწოდებულ ქიმიის ტესტში შეცდომა იყო გაპარული. მოსწავლეებს რეალურად სწორი პასუხი ჰქონდათ გაცემული, კომისიის წევრებს კი სწორი პასუხები არასწორად ჰქონდათ ჩათვლილი.

„ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც ტესტების დაბეჭდვის დროს გაიპარა. ჩვენ ვაღიარეთ ეს შეცდომა და ის ბავშვები, ვისაც ამის გამო ქულა დააკლდათ, ყველანი დავუშვით გამოცდაზე,“ - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე. მისივე თქმით, ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბავშვმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები.

პატარიძის თქმით, მოსწავლეებმა გამოცდაზე ძალიან დაბალი შედეგი აჩვენეს. „ძალიან დაბალი შედეგები აჩვენეს ბავშვებმა. აქ საუბარი არაა ქიმიაზე და ფიზიკაზე, არამედ ძირითად საგნებზე, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ ბავშვები. ერთადერთი ინგლისური იყო, რომელშიც მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი მივიღეთ. ქართულსა და მათემატიკაში კი საშინლად ცუდი შედეგია. ტყუილად ყრიან ამ ბავშვების მშობლები რეპეტიტორებთან ფულს, ესენი ამ ცოდნით ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ,“ - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე.

გამოცდები 25 დეკემბერს დამთავრდა, რომელიც 208 ბავშვიდან, ჯამში სულ 135 ბავშვმა ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ექსტერნად გამოცდებიც ჩაბარების მსურველებს 2010 წლის მაისში კიდევ ერთი შანსი მიეცემათ. გაზაფხულზე გამოცდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრი ჩაატარებს და ის მეთერთმეტე კლასელები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ყველა გამოცდას, ატესტატს აიღებენ. შესაბამისად, უფლება ექნებათ ეროვნულ გამოცდებშიც მიიღონ მონაწილეობა.


მანანა ქველიაშვილი
30.12.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: ra sisulelea aranairi darxvevebi ar kopila iq viyavi da chami tvalit vxedavdi kvelapers chavabaree da dzalian gaxarebuli var es uazro nabodvariaa am statiis gamoqveyneba ubralod didi sibriyveaa da sisulelee . . . :))))
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 22 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.