მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ფეხსაცმელი გაგიფუჭდათ? შორენასთან!

ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პატარა ჯიხურზე თუ ასეთ წარწერას დაინახავთ:

„ტუფლების შეკეთება.
ზმეიკების შეცვლა:
კურტკაზე, შარვალზე, კაბაზე.
სამუშაო საათები: ყოველდღე 10.00-18.00"

...და შიგნით შეიხედავთ, ერთი შეხედვით უცნაურს ვერაფერს შეამჩნევთ: გასაკეთებლად დახვავებული ფეხსაცმელები, სამუშაო ხელსაწყოები, წებო, ძაფი, რეზინები, ელვაშესაკრავები... სხვა, მსგავსი ჯიხურებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ უჩვეულო სისუფთავე და... მეწაღე ქალი დაგხვდებათ.

შორენა ქათამაძე ჯიხურში პირველად 3 თვის წინ შემოვიდა, თუმცა, ამ საქმიანობას ხელი გაცილებით ადრე - 5 წლის წინ მოჰკიდა. ბავშვობის ოცნება - პედაგოგიურზე ჩაებარებინა და მასწავლებელი გამოსულიყო, თავის დროზე ფინანსური პრობლემების გამო ვერ აისრულა. ერთწლიანი ტექნიკუმი და ბურდას კერვის კურსები კი წარმატებით გაიარა. ამბობს, რომ კერვა ყოველთვის მოსწონდა და ეხერხებოდა. დიზაინერობა მისი მეორე საოცნებო საქმიანობაა.

ახლა 35 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. ჯიხურშიც იმავე ფინანსურმა მდგომარეობამ დასვა, რამაც 5 წლის წინ, რუსეთში, ამ საქმისთვის მოაკიდებინა ხელი.

„ოჯახიდან მამამთილი მუშაობს მარტო, მაგრამ ამდენს ვერ სწვდება და იძულებული გავხდი, ჯიხურში შემოვსულიყავი. რუსეთშიც ვკერავდი რაღაცებს, მაშინაც იგივე სიტუაცია იყო - არავინ მუშაობდა, ჩემი მამამთილის გარდა. ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ერთი ოჯახი, რომელსაც ჰქონდა ეს სამუშაო და დავდიოდი ერთი თვის მანძილზე იქ. არანაირი სურვილი არ მქონდა, ეს საქმე მესწავლა, მაგრამ, რომ ვუყურებდი, იმდენად ადვილი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, ვთქვი ოჯახში: „შემიძლია გავაკეთო". მერე იქ შევიძინეთ „ცეხი" და დავიწყე ეს საქმიანობა".

ასე იმუშავა რუსეთში სამი წლის მანძილზე. მუშაობა რომ დაიწო, იმ ადგილს 350 კლიენტი ჰყავდა, თვის ბოლოს კი მათმა რიცხვმა 400-მდე მოიმატა. ფეხსაცმლის კეთებას ტანსაცმლის გადაკეთება და ელვაშესაკრავების ჩაკერებაც მიემატა. იქ თვეში 3000 დოლარს აკეთებდა, აქ იმდენი გამოსდის, რაც ოჯახს საარსებოდ ყოფნის.

„ხელები, როგორც კაცს, ისე მაქვს უკვე, ფრჩხილებიც - მოუწესრიგებელი... ოჯახს სჭირდება და ბავშვებს, თორემ ნამდვილად არ მინდა აქ მუშაობა. იმის იმედი მაინც სულ მაქვს, რომ რაღაცას გავაკეთებ. სულ ასეთ ადგილას არ მინდა ვიყო და ვცდილობ, უკეთესი პირობა შევქმნა ჩემს ცხოვრებაში".
თავიდან მეუღლეც ეხმარებოდა, მაგრამ ორისთვის ჯიხური ძალიან პატარა აღმოჩნდა. თან, მეუღლის გაკეთებულს მისი ხელის შევლება მაინც სჭირდებოდა და... როგორც კი სხვა სამუშაო ადგილი გამოჩნდა, მეუღლე იქ გაუშვა. ამბობს, რომ ასეთი ხელობის ქალის დანახვაზე უჩვეულო რეაქციები აქ უფრო აქვთ, ვიდრე რუსეთში ჰქონდათ.

„აქ უფრო მეტად უკვირთ მეწაღე ქალის დანახვა. შემოდიან ხოლმე და, რომ დამინახავენ, შებრუნდებიან და უყურებენ ტრაფარეტს. ბევრიც მეუბნება: რომ დაგინახე, ქალი იყავი, მაგიტო მოვედიო. მამაკაც მეწაღესთან უფრო კომპლექსდებიან. მამაკაცი უფრო უხეშია, ჩემთან კი, არანაირად არ უჭირთ. ქალი სისუფთავესაც სხვანაირად იცავ. ამ წუთას შემოვედი და პირველად დალაგება დავიწყე. კლიენტიც აღნიშნავს: „სუფთად აკეთებ, კოხტადო". ზოგი ხელოსანი საერთოდ არ წმენდს ტუფლს, რომ გააკეთებს. მე რომ დავამთავრებ გაკეთებას, თუ ტყავია - ტყავის საცხით ვწმენდ. თუ სხვა მასალაა - თავისებურად. ძალიან კმაყოფილი მიდიან. ზოგიც ლარის ნაცვლად 5 ლარს ტოვებს".

თითქმის ყველა კლიენტთან მეგობრობს. მათ ხასიათს ფეხსაცმლის მიხედვითაც ხვდება. ამბობს, რომ ზოგიერთი ფეხსაცმლის სილამაზეს იმდენად არ აქცევს ყურადღებას - უმეტესობა აქცენტს პრაქტიკულობაზე აკეთებს.

„როგორი ადამიანიც არ უნდა შემოვიდეს, მთავარია, ჩემგან გავიდეს ლამაზი და კოხტა!"

ცოტა ხნის წინ მისი დიდი ხნის წინანდელი ოცნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და სტილისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ამიტომ, ტრაფარეტზე მითითებულ დროს სამსახურში მისვლას ვეღარ ახერხებს. დილით ჯერ ლექციები აქვს, მერე - პრაქტიკები, ბოლოს კი ჯიხურში გასაკეთებლად დახვავებული ფეხსაცმელი ელოდება.

„ლექციების და პრაქტიკების შემდეგ 2-3 საათისთვის მოვდივარ ცეხში, მაგრამ ჩემი კლიენტები მაინც ყოველთვის ჩემთან არიან: ორჯერ, სამჯერ მოდიან და კითხულობენ: სად არის შორენა, როდის მოვაო? შინ საღამოს 11 საათზე შევდივარ. ხშირ შემთხვევაში პატარას უკვე სძინავს. უფროსი სახლის საქმეებში მეხმარება. სამუშაო ხშირად სახლშიც მიმაქვს..."

ფეხსაცმელს აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებს. გადასაგდებად გამზადებულიც ბევრჯერ განუახლებია...

„ზოგჯერ, მოთმინება არ ჰყოფნის ხალხს, რომ ტუფლი გაკეთდება და ხშირად აგდებენ. მოდიან და მეკითხებიან: ამას თუ ეშველება რამეო? მე ვუხსნი: აქ ჩავსვამ ტყავს, თან ისე მოვათავსებ, რომ არ გამოჩნდეს, არ დავკერავ, უხეში შესახედავი არ იქნება და თავის ფორმასაც არ დაკარგავს".
ჯიხურში ხატების კუთხეც აქვს: „ეს პირველი იყო, რაც აქ შემოსვლისთანავე გავაკეთე". მეორე კედელზე ქალიშვილების ნახატებია გაკრული, სამუშაო მაგიდაზე კი საოჯახო ფოტოალბომი დევს...

„ეს ნახატები ბავშვებმა სკოლაში დახატეს. მოიტანეს სახლში და ოთახში დაკიდება უნდოდათ. ვუთხარი, რომ ჩამოყალიბდებით და კარგ ნახატებს გააკეთებთ, იმას გააკრავთ სახლში, ამას წავიღებ „ცეხში"-თქო და აქ მოვიტანე".

ახლა შორენას ერთადერთი ოცნება საკუთარი სალონის გახსნაა. ამბობს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ოცნებას აუცილებლად აისრულებს. უკვე ბავშვებიც ხშირად ეკითხებიან: „დედა, შენს სალონს როდის გახსნიო?". ფეხსაცმლის შეკეთება კი მისთვის იმდენად მოვალეობის საქმეა, ტუფლის დიზაინის ხსენება სამომავლოდაც არ უნდა. იხვეწება - გამომიყენეთო! უნდა, ჯიხურიდან წასვლამდე ვინმეს თავისი საქმე ასწავლოს და ადგილიც გადააბაროს.

„მართალია, ეს ადგილი არ არის ქალბატონებისთვის, მაგრამ ნამდვილად შემოსავლიანია და დაეხმარება ოჯახს. დიდი სურვილი მექნება, ვისაც კერვა ოდნავ ეხერხება, ცოდნა დავუმატო და, თუკი ჩემს ადგილას დაჯდება, მივესალმები".

 


ანი ონიანი
06.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: At last, soemnoe comes up with the "right" answer!
: 20
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 14 °C
ღამით + 6 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.