მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
არ დაიკოლთ პრემიები, ჩინოვნიკებო!
 

ქუთაისის თვითმმართველობაში სოლიდურ პრემიებს 2009-შიც ვერ შეელივნენ. საჯარო მოხელეთა 2009 წლის პრემიალური ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხა ქალაქის ჯანდაცვის 546 000-ლარიან პაკეტს 100 000 ლარით სჭარბობს. მთავარი „პრიორიტეტი" შესრულებულია - ადმინისტრაციულ შენობაში მომუშავეებიდან გულნაკლული არავინ დარჩება. საამისოდ ბიუჯეტში 646 600 ლარი გაიწერა და საკრებულოს უმრავლესობის 11 ხელიც ამის მხრადასაჭერად დაუზარებლად აიწია.

პრემიები ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში დამსახურებისა და შრომის ნაყოფიერების მიხედვით კი არ გაიცემა, არამედ - საყოველთაოდ და დღესასწაულების მიზეზით, ზოგჯერ კი - გენდერული ნიშნით. პრინციპში, ამხელა შენობაში ამ შრომისნაყოფიერების შემფასებელიც არავინაა. წესით, ამას ადრე კადრების განყოფილება, თანამედროვეობაში კი ადამიანური რესურსების სამსახური უნდა ეწეოდეს, თუმცა 454 საჯარო მოხელის მოტივაციის კოეფიციენტი ჯერაც დაუთვლელია.

ბიუჯეტის პრემიების მუხლს  ეკონომიკური კრიზისის „სიმპტომები" არ დასტყობია. ყველა საქალაქო სამსახურს პრემიების საკუთარი საპროგნოზო მაჩვენებელი უკვე განსაზღვრული აქვს.

ქუთაისის საკრებულოს 28 თანამშრომლის პრემიებზე 56 400 ლარი დაიხარჯება, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ანგარიშზე 34 800 ლარია; კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახური 24 600 ლარით წახალისდება; ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური -15 300 ლარით; მერიის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა პრემიების გრაფაში 1 248 000 ლარი ჩაიწერა...

ქუთაისის  თვითმმართველობაში ხარჯები იზრდება, ადგილობრივი შემოსავლები კი მცირდება. ქალაქის ბიუჯეტში ძირითადი შენატანები სათამაშო ბიზნესისა და ტრანსპორტის მოსაკრებელზე მოდის. ქალაქის საფინანსო სამსახურში ირწმუნებიან, რომ ფინანსური კრიზისი ქუთაისს არანაირად არ ეხება და ის ჩვენთვის მეტისმეტად შორეული პერსპექტივაა. „კრიზისი ქუთაისში, შესაძლოა,  მხოლოდ შემოდგომაზე ვიგრძნოთ, გლობალური კრიზისი ახლა რუსეთშია," - ამბობს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გია შარაბიძე. რაც შეეხება პრემიების მინიჭების კრიტერიუმს, საფინანსო სამსახურის უფროსი ასე განმარტავს: „ეს სამსახურის ხელმძღვანელზე, თანამშრომელთა წარმატებულობაზე, ასევე დღესასწაულებზეა დამოკიდებული."

ქალაქის იურიდიულ სამსახურში დავაზუსტეთ, რომ მერის გადაწყვეტილებით სადღესასწაულო დღეებზე წელიწადში სამჯერ ხდება თანამშრომლებისთვის პრემიების გადაცემა. სარვამარტოდ ქალბატონები წახალისდებიან ხოლმე, სააღდგომოდ და საახალწლოდ კი ყველა თანამშრომელი. ერთჯერადად წლის განმავლობაში ხდება დახმარების გადაცემაც, რომელიც  დაუბეგრავი ხელფასის ოდენობისაა.

„ჩვენთან შრომის ნაყოფიერების მიხედვით პრემიის გადაცემის პრაქტიკა ჯერ დამკვიდრებული არ არის, ამის პრეცენდენტი, მე რაც აქ ვმუშაობ, არ ყოფილა, რადგანაც შესაბამისი სააღრიცხო სისტემა არ არსებობს, თუმცა მომავალში, შესაძლოა, ამაზე ვიფიქროთ. ახლახან შენობაში ვიდეოკონტროლის აპარატი დამონტაჟდა, რომელიც გააკონტროლებს, რა დროს მოდის თანამშრომელი სამსახურში და აქ რა პერიოდს ატარებს, შესაბამისად, ამის საფუძველზე წახალისდებიან, - გვეუბნება ლაშა გვენეტაძე, საქალაქო იურიდიული სამსახურის უფროსი.

პრემიების მინიჭების ქუთაისურ პრაქტიკას მიუღებელ ტენდენციად თვლიან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალშიც. „პრემიების გადაცემა შრომის ნაყოფიერებას უნდა ეფუძნებოდეს და არა დღესასწაულებს, ან გენდერულ მიდგომას. არამარტო პრემიების თანხებია გაბერილი, არამედ - შტატებიც, ის აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ნონსენსია კრიზისის დროს ახალი - ტრანსპორტის მართვის  სამსახურის შექმნა და კიდევ ექვსამდე თანამშრომლის დამატება, როცა შეიძლებოდა ამ სამსახურის ისევ ინფრასტრუქტურის სამსახურის შემადგენლობაში მუშაობა, როგორც აქამდე იყო, - თვლის ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის უფროსი კახა გვანცელაძე.

ექსპერტი ოთარ კონჯარია პრემიების გაცემას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კომპეტენციად თვლის, თუმცა აზუსტებს, რომ „წახალისების საბაბი მეტწილად შეიძლება გახდეს ის, რამდენად დატვირთულია თანამშრომელი და რა  შედეგი გამოიღო მისმა მუშაობამ, ასეთ შემთხვევებში მუშაკის მოტივაცია გაცილებით იზრდება ხოლმე".

ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში ახლა ყველაფერი- კრიმინალის აღკვეთაც და თანამშრომლების შრომისნაყოფიერების კონტროლიც ახლახან დამონტაჟებულ, ყოვლისშემძლე ვიდეოთვალებზეა მინდობილი, პრემიებისთვის ღირსეულებიც მან უნდა გამოავლინოს თურმე. თუმცა მისი ტექნიკური შესაძლებლობები ჯერ იმას არ გასცდენია, თანამშრომელთა მისვლა-მოსვლის გრაფიკის გარდა, მათი კომპეტენციაც შეამოწმოს.


ნინო ჯანელიძე
03.03.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: It's a palesure to find someone who can think so clearly
: 20
GRG : premia kutaisis chinovnikebs ara magram, am statiis avtors martla - PREMIA...
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 14 °C
ღამით + 6 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.