მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
უკანონო ნაგავსაყრელი და უმისამართო გადასახადები
კახეთის ხმა. ქალაქ გურჯაანში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება უკანონო ნაგავსაყრელების არსებობის საკითხი.
პრობლემა, რომელიც მოქალაქეებს საფრხეს უქმნის, რთულად მოსაგვარებელი არ უნდა იყოს, რადგან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  საკმაოდ სოლიდური თანხაა გამოყოფილი.  მუნიციპალიტეტმა 2010 წელს ქალაქ გურჯაანის ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა 160 000 ლარით დააფინანსა. გასულ წლებთან შედარებით დასუფთავების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა, თუმცა ქალაქი არათუ სუფთავდება, არამედ დღითიდღე ნაგვისაგან ივსება.
 როგორც გურჯაანის მუნიციპალიტიეს გამგებელმა  განაცხადა, ქალაქ გურჯაანის დასუფთავებისთვის და საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანისთვის 160 000 ლარი გამოიყო, თუმცა გურჯაანის კომუნალური სერვისის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი ბიუჯეტი 134 732 ლარს შეადგენს.
  გაზეთმა `კახეთის ხმამ~ ოფიციალური წერილის მეშვეობით, გამოითხოვა ინფორმაცია შპს `კომუნალური სერვისისგან,~ რომელიც ქალაქ გურჯაანს ასუფთავებს, იმის შესახებ, თუ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი თანხები კონკრეტულად რაში იხარჯება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ ერთი უზუსტობა აღმოვაჩინეთ,  ოფიციალური წერილის თანახმად, ადმინისტრაციის ხარჯების დასაფარად 16 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენის  გატანისათვის, რომელიც საწვავის, ხელფასის, მასალების, სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყოფა, 114 050 ლარია. ეს თანხები რომ შევკრიბოთ, 130 050 ლარის მივიღებთ. დარჩენილი 4682 ლარი კონკრეტულად რაში უნდა დაიხარჯოს, ჯერ ვერ გაირკვა.
 გურჯაანის მუნიციპალიტეტი ქალაქის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის ყოველ წელს ატარებს ტენდერს, თუმცა ბოლო 7-8 წელია ერთი და იგივე კომპანია: `ქალაქ გურჯაანის კომუნალური სერვისი~ იმარჯვებს. 2010 წელს კომპანიას სახელი შეუცვალეს და შპს `კომუნალურ სერვისად~ გადააკეთეს.
 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ქალაქის დასუფთავებაზე ტენდერი 2010 წლის 9 თებერვალს გამოცხადდა, რომელშიც გაიმარჯვა შპს `კომუნალურმა სერვისმა,~ რომლის დამფუძნებელია მაილაშვილი. ძველმა კომპანიამ ტენდერში ვერ გაიმარჯვა. დავითი იმერლიშვილი,  კი რომელიც იმ კომპანიას ხელომძღვანელობდა, დაქირავებულია კომუნალური სერვისის მიერ~ .
 გაზეთმა `კახეთის ხმამ’’ შპს `კომუნალური სერვისის~ ადმინისტრაციას მიაკითხა.
გაირკვა, რომ მიუხედვად იმისა, რომ კომპანიის მფლობელი მაილაშვილია, დავით იმერლიშვილი ფაქტობრივ მმართველად რჩება.
 `გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ქალაქის დასუფთავებისთვის გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს `კომუნალურმა სერვისმა~. წელს ჩემს კომპანიას არ გაუმარჯვია, მე უბრალოდ დამიქირავეს, რადგან ამ საქმეში გამოცდილი ვარ,~- აცხადებს დავით იმერლიშვილი.
  გაზეთი ამ თემას ძალიან ხშირად აშუქებს, რადგან დღემდე ქალაქის დასუფთავების პრობლემა აქტუალურია. მოსახლეობას დასუფთავების სამსახურის მიმართ ეჭვის გამოთქმის საფუძველი ნამდვილად აქვს,  რადგან დასუფთავებისათვის სოლიდური თანხები გამოიყოფა, მოსახლეობა გადასახადსაც იხდის, მაგრამ შედეგი თითქმის უცვლელია.
ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენია ყოველ წლიურად მოსახლეობიდან ამოღებული მოსაკრებელი, დავით იმერლიშვილმა ასეთი პასუხი გაგვცა:
`სამწუხაროდ, რამდენიმე წელია, რაც ქალაქ გურჯაანის მოსახლეობა ნაგვის გატანის გადასახადს არ იხდის~, - თუმცა ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის სურათი  სხვაგვარია. ქალაქ გურჯაანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გადასახადს იხდიან და ამის დამადასტურებელი ქვითრებიც აქვთ.
`-კი, ნაგვის გადასახადს ვიხდი და ამის დამადასტურებელი ქვითრებიც მაქვს, მე ყოველთვის ვინახავ ქვითრებს და 2007 წლიდან დღემდე გადახდილი ქვითრები შენახული მაქვს,~ - გვითხრა ქალაქ გურჯაანის მკვიდრმა იზა ურატაძემ.
 უკანონო ნაგავსაყრელების გამო შეწუხებულმა ქალაქ გურჯაანისა და სოფელ გურჯაანის მცხოვრებლებმა გაზეთ `კახეთის ხმის~ რედაქციას არაერთხელ მიმართეს.
`ლეონიძის ქუჩაზე ვცხოვრობ და საშინლად დანაგვიანებულია ჩვენი ქუჩა, კორპუსის თავსა და ბოლოში ორი დიდი ნაგავსაყრელია, ბუნკერი რომ იდგას, იქ ჩაყრიდა ხალხი ნაგავს. ნაგავზე  მაწანწალა ძაღლები იყრიან თავს და ჯოგებად დადიან. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია უნდა იყოს, ხანდახან საშიშიც კი არის ეზოში გავლა. იქნებ რამე გვიშველოთ, რადგან ზაფხულში ისეთი სუნი მოდის ნაგავსაყრელიდან, რომ ფანჯარას ვერ ვხსნით, თუმცა ხალხასაც უნდა გვქონდეს იმის კულტურა, რომ საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელად არ ვაქციოთ’’– ამბობს ლეონიძის ქუჩის მცხოვრები ეთერ ოსიაშვილი.
 სოფელ გურჯაანის პირუტყვის საძოვარზე უკვე რამდენიმე წელია უკანონოდ იყრება ნაგავი. სოფლის მცხოვრებლებმა წერილით გამგებელსაც მიმართეს.
`სოფელ გურჯაანში, ცხვრის გადასარეკ-მოსასვენებელ ადგილზე, რომელიც 3 ჰექტარია, დაახლოვებით 5-6 წელია უკანონოდ იყრება ნაგავი, რადგანაც კანონიერი ნაგავსაყრელი შორსაა. ქალაქის დასუფთავების სამსახური გზას იმოკლებს და სოფლის ბოლოს უკანონოდ ყრის ნაგავს. მაშინ სოფლის მოსახლეობამ ეს ფაქტი გააპროტესტა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. სოფელ გურჯაანის მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინათაც დაწერა წერილი, რომ ნაგვის დაყრა შეჩერებულიყო და გაესუფთავებინათ. წერილი გამგეობის აპარატში დავარეგისტრირეთ გამგებლის სახელზე, თუმცა წერილი უგზოუკვლოდ დაიკარგა და არც ნაგვის დაყრა აკრძალულა,~ - გვითხრა სოფელ გურჯაანის მცხოვრებმა ვარდენ მედულაშვილმა.
  სოფელ გურჯაანის ბოლოს უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელი იმდენად ახლოსაა სოფელთან, რომ ნაგავზე მოქუჩებული მტაცებელი ცხოველები ხშირად თავს ესხმიან სოფლის პირუტყვს და მოსახლეობას აზარალებს. ჩვენ დავიწყეთ გარკვევა, თუ ვინ ყრიდა აღნიშნულ ადგილზე უკანონოდ ნაგავს და გავარკვიეთ, რომ გურჯაანის კომუნალური სერვისის კუთვნილი მანქანიდან მართლაც იქ იყრება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.. კითხვაზე, თუ რატომ იყრება უკანონოდ ნაგავი, კომუნალური სერვისის დირექტორმა ასეთი პასუხი გაგვცა:
`სოფელ გურჯაანის ბოლოს ნაგავი უკვე წლებია ყრია და ჩვენც ხანდახან იქ ვყრით. მეორე ნაგავსაყრელი არხის ქვემოთ მდებარეობს, აღნიშნული ნაგავსაყრელი კი არხის ზემოდანაა. ფაქტობრივად ერთიანი მანძილია ორივე ნაგავსაყრელამდე,~ - განაცხადა დავით იმერლიშვილმა.
 უკანონო ნაგავსაყრელზე ნარჩენების გატანა არა მხოლოდ კანონდარღვევაა, არამედ გარემოს დაბინძირების დიდ რისკს ქმნის.
  სოფლის ბოლოს მოწყობილი უკანონო ნაგავსაყრელი ქალაქიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული, კანონიერი ნაგავსაყრელი კი ქალაქიდან 10 კილომერტის მანძილზე, გურჯაან-აფენის გზის მარცხნივ, აგურის ქარხნის ყოფილი ტერიტორიაზეა და ამ ორი ნაგავსაყრელის მანძილი ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან.
 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ კონტროლდება კომუნალური სამსახური, თუმცა უკანონო ნაგვსაყრელის შესახებ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ.
`ჩემთვის უცნობია ასეთი ფაქტის შესახებ. თუ დასუფთავების სამსახური უკანონოდ ყრის სადმე ნაგავს, დაისჯება და გადაიხდის ადმინისტრაციულ გადასახადს. საკრებულოს მიერ ნამდვილად არის გამოყოფილი კანონიერი ნაგავსაყრელის ადგილი. ვერ ვიტყვი, რომ ნაგავსაყრელი მთლიანად გადავსებულია, მაგრამ არ არის კარგ მდგომარეობაში. თუ უკანონოდ იყრება ნაგავი და ეს დადასტურდება, დამყრელი ორგანიზაცია კანონმდებლობის მიხედვით დაჯარიმდება~- გვითხრა გიორგი ჩივიაშვილმა.
სოფიკო ნიკოლაშვილი
15.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „კახეთის ხმა“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That's a quick-witted answer to a dfifiuclt question
: Extremely helpful arctile, please write more.
: Damn, I wish I could think of somteihng smart like that!
: 20
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 8 °C
ღამით + 1 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.