მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ყარაჯალის სკოლაში ჰიჯაბის აკრძალვა განათლების სამინისტრომ ლეგიტიმურად მიიჩნია - TDI
ყარაჯალის სკოლაში ჰიჯაბის აკრძალვა განათლების სამინისტრომ ლეგიტიმურად მიიჩნია - TDI

 26-01-2018

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლაში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმება ჩაატარა, რომლის შედეგადაც დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლისთვის სკოლაში თავსაბურავის ტარების აკრძალვა არ დადასტურდა. TDI-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვის ფაქტი არ დადგინდა, სამინისტრომ სკოლის შინაგანაწესში არსებულ ჩანაწერზე მიუთითა, რომლითაც სკოლაში ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება აკრძალულია. TDI-ის განმარტებით, ეს ჩანაწერი სამინისტრომ მოსწავლის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევისათვის ლეგიტიმურ საფუძვლად მიიჩნია.

TDI-იმ 2017 წლის 2 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიმართა და სთხოვა ყარაჯალის სკოლის დირექტორის მიერ თავსაბურავის აკრძალვის ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა. როგორც ორგანიზაციას განემარტა, განცხადების საფუძველზე სკოლაში განხორციელდა ინსპექტირება, რომლის საფუძველზეც სკოლაში მასწავლებლის მხირიდან მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა არ დადგინდა.

"12 წლის ა. ა. და მე-7 კლასის მოსწავლეა, მან თავსაბურავის ტარება 2017 წლის ზაფხულში გადაწყვიტა. სკოლის დირექტორის განმარტებით, მან ა. ა თავსაფრით პირველად სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 14 სექტემბერს ნახა, როდესაც ის სკოლაში სახელმძღვანელოების წასაღებად მივიდა. დირექტორმა იმ დღესვე ჰკითხმა მოსწავლეს, თუ რატომ ეხურა თავსაფარი. როგორც დირექტორი TDI-ისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნვს, ა.ა-მ უპასუხა, რომ ეს მამამისის გადაწყვეტილება იყო. თუმცა, მოსწავლის მშობელმა თ.ა-მ TDI-სთან საუბარში გამორიცხა რაიმე სახის ზეწოლა მოსწავლეზე და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი შვილის გადაწყვეტილება. ასევე დამატებით განმარტა, რომ ა.ა რელიგიურ ოჯახში იზრდება, სადაც სისტემატურად ლოცულობენ, კითხულობენ ყურანს და შესაბამისად, ბუნებრივად მიიჩნევს, რომ მისმა შვილმა თავსაბურავის ტარება გადაწყვიტა. თავად ა.ა-მ TDI-ის განუმარტა, რომ თავსაბურავის ტარების გადაწყვეტილება მან საკუთარი სურვილით, ყურანის წაკითხვის შემდეგ მიიღო.

სკოლის დირექტორის განმარტებით, მის მიერ სკოლაში თავსაბურავის ტარების აკრძალვა ეფუძნებოდა რამდენიმე გარემოებას. პირველ რიგში, თავსაბურავი დირექტორის პოზიციით, ჩაგვრის ინსტრუმენტია და ის არ წარმოადგენს ისლამის სიმბოლოს, რამდენადაც, სოფელ ყარჯალაში ქალები ჰიჯაბს არ ატარებენ.

სკოლის დირექტორმა დამატებით აღნიშნა, რომ თავსაბურავის აკრძალვის საფუძველი იყო სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, "აკრძალულია სკოლის შენობაში ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება". გარდა ამისა, TDI-სთან საუბარში მან განმარტა, რომ "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოები არ უნდა იყოს გამოფენილი არააკადემიური დანიშნულებით. დირექტორის ინტერპრეტაციით, თავსაფარი გაიგივებულია იმ რელიგიურ ატრიბუტიკასთან, რომლის განთავსებაც სკოლაში კანონით აკრძალულია.

მშობლის - თ. ა-ს განმარტების თანხმად, სექტემბერში, სასწავლოო პროცესის დასაწყისში, მოსწავლე თავსაბურავით დადიოდა სკოლაში, ხოლო დირექტორი არ უშვებდა გაკვეთილებზე და მოსწავლეც იძულებული იყო სახლში დაბრუნებულიყო. მისივე განმარტებით, ოქტომბრის დასაწყისში მან სცადა დირექტორისთვის აეხსნა მოსწავლის გადაწყვეტილების რელიგიური მოტივები.

2017 წლის 2 ოქტომბერს, დირექტორის განმარტბით, ა.ა-მ თავისი ნებით, მის თვალწინ საკუთარი ხელით მოიხსნა თავსაბურავი და კლასში გაიქცა, თუმცა პირველი გაკვეთილის მერე სკოლიდან წავიდა. მოსწავლის განმარტებით, 2 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა მას უთხრა, რომ განათლების სამინისტროდან დაუდასტურეს თავსაფრის სკოლაში აკრძალვის მართებულობა. მოსწავლის განმარტებით, დირექტორმა მას შესთავაზა რომ კლასში მოეხსნა თავსაბურავი და მამა ამას ვერ გაიგებდა. მისი თქმით კლასის გარეთ, ბუფეტში, დერეფანში, მას ნება დართეს რომ თავსაბურავით ევლო.

ამ დღიდან, ა. ა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, სკოლაში აღარ დადიოდა. ნოემბრის დასაწყისში, მოსწავლე, მშობლების თხოვნით, სასწავლო პროცესს დაუბრუნდა სკოლის დირექტორის მიერ შეთავაზებული პირობით, კერძოდ, ა.ა-ს სკოლამდე ახურავს თავსაბურავი, სკოლაში კი სასწავლო პროცესის განმავლობაში, იხსნის.

TDI-ის აღნიშნულ საქმეზე ინსპექტირების დასკვნა 2018 წლის 12 იანვარს ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტება არ აუღიათ არც მოსწავლისგან და არც მისი მშობლისგან. ამის მიზეზად კი ფსიქოლოგთან დანიშნულ დროს გამოუცხადებლობა არის მითითებული. შესაბამისად, დასკვნის მომზადების პროცესში სამინისტროს მშობლისა და მოსწავლის პოზიცია არ გაუთვალისწინებია.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა არ დაადგინა დირექტორის მხრიდან თავსაბურავის აკრძალვის ფაქტი, მითითება გააკეთა სკოლის შინაგანაწესში არსებულ ჩანაწერზე, რომლითაც "აკრძალულია სკოლის შენობაში ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება". სამინისტრომ მოსწავლის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევისათვის ლეგიტიმურ საფუძვლად მიიჩნია აღნიშნული ჩანაწერი.

როგორც არაერთ შემთხვევაში გამოიკვეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ახდენს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის სიტემურ განმარტებას დისკრიმინაციის აკრძალვასთან მიმართებით ან/და არასწორად განმარტავს "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის ნორმებს. კერძოდ, კანონის მე-18 მუხლის თანახმად: "საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს". აღსანიშნავია, რომ კანონის მიზნებისთვის, "რელიგიური სიმბოლიკა" გულისხმობს საკლასო ოთახში, ასევე ზოგადად, სასკოლო სივრცეში ხატებს, ჯვრებს და სხვა რელიგიური დანიშნულების ნივთებს. მოსწავლეების მიერ ისლამური თავსაბურავის, ისევე როგორც სხვა აღმსარებლობების სიმბოლიკის (მაგ. ქრისტიანული ჯვრის) ტარება აღნიშნული მუხლით აკრძალული არ არის. შესაბამისად, 

სკოლის შინაგანაწესებში არსებული ჩანაწერები თავსაბურავის აკრძალვის თაობაზე, ფორმით ნეიტრალური ხასიათისაა, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია ცალკეული სკოლების ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროს მხრიდან, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონებს, მაშინ როცა სხვა რელიგიის აღმსარებელ მოსწავლეებს რელიგიური მრწამსის გამოხატვა რელიგიური ატრიბუტის ტარების საშუალებით არ ეზღუდებათ.

იდენტური გადაწყვეტილება მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 16 თებერვალს, როდესაც სკოლაში ჩარიცხვის პირობად სოფელ მოხეს სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელ მუსლიმ მოსწავლეს თავსაბურავის მოხსნა განუსაზღვრა. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრება და პრაქტიკა თავსაბურავთან დაკავშირებით, ცალსახად დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ მოსწავლეებს.

2017 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოუწოდა, განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, ასევე, სკოლის მოსწავლეთა მიერ მათი რელიგიური იდენტობის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფისა და რელიგიური დისკრიმინაციის გამორიცხვის მიზნით. მუხედავად სახალხო დამცველის ზოგად წინადადებაში ასახული საჯარო სკოლაში არსებული არატოლერანტული გარემოს საკმაოდ კრიტიკული ანალიზისა, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი აგრძელებს მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და ზღუდავს მოსწავლეების რელიგიის, განათლებისა და თვითგამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს", - ნათქვამია TDI-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს განათლების სამინისტროს, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ყარაჯალის სკოლაში არსებული საქმის გარემოებების ხელახლა შესწავლა; შეიმუშავოს ერთიანი, არადისკრიმინაციული და მოსწავლის რელიგიის თავისუფლებაზე ორიენტირებული მიდგომა მოსწავლეების მიერ რელიგიური ატრიბუტიკის ტარებასთან დაკავშირებით; მიმართოს საჯარო სკოლებს, კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ სკოლის შინაგანაწესი, კონკრეტულად კი ის ჩანაწერები, რომლებიც სკოლაში თავსაბურავის ტარებას კრძალავს და ზღუდავს მოსწავლის რელიგიის თავისუფლებას; გადაამზადოს სკოლის დირექტორები ადამიანის უფლებების, თანასწორობის, მულტიკულტურული მახასიათებლების აღქმისა და ტოლერანტობის საკითხებზე.

reginfo.ge



27.01.2018
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 11 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.