მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შხამ-ქიმიკატებზე ფასების მომატება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს

 სპექტრი. გლეხებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებისას ყოველწლიურად უფრო მეტი პრობლემა ექმნებათ. ბუნებრივი მოვლენები (გვალვა, გახშირებული წვიმები), საწვავისა და შხამ-ქიმიკატების სიძვირე _ მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. როგორც გლეხები ამბობენ, მიმდინარე წელს მცენარეთა დაცვის საშუალებების ფასმა იმდენად მოიმატა, რომ საუკეთესო მოსავლის შემთხვევაშიც კი მოგება, ფაქტობრივად, არ ექნებათ.


ბოლო თვეების მანძილზე საწვავის ფასი ნელ-ნელა, ხუთ-ხუთი თეთრით იზრდება. შესაბამისად, მიწის მოხვნისა და კულტივაციისთვის გლეხს მეტის გადახდა უწევს. წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა შხამ-ქიმიკატების ფასიც, რასაც რეალიზატორები საწვავის გაძვირებას უკავშირებენ."შარშანდელთან შედარებით ფასებმა აშკარად მოიმატა. შაბი, სპილენძის ქლორჟანგი და სხვა პრეპარატები, თითქმის ყველაფერი გაძვირდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წელს ხარისხი ცუდია," _ გვითხრა მცენარეთა დაცვის საშუალების გამყიდველმა დავით ზირაქაშვილმა.

გურჯაანში მცხოვრები გლეხები იმასაც ამბობენ, რომ შხამ-ქიმიკატების ფასმა, შესაძლოა, კიდევ მოიმატოს. "შხამ-ქიმიკატებს კატასტროფული ფასი აქვს. გაზაფხულის ბოლომდე ალბათ კიდევ უფრო მოიმატებს. 2 წლის ატმის ბაღი მაქვს, ჯერ ნერგებზე და მოხვნაზე გადავიხადე საკმაოდ დიდი თანხა, ახლა სასუქი და შხამ-ქიმიკატები რომ არ მივაშველო, ეს წვალება და ამდენი თანხა წყალში ჩამეყრება. ყველაფერი ისეთი ძვირია, რომ ხშირად სახლისთვის საპონი, ასანთი და სხვა პირველადი მოხმარების საგნები არ მიყიდია, რომ ფული დამეზოგა და ატამი მომეწამლა. არ ვიცი რა გვეშველება, მალე ალბათ, მოსახლეობა ერთი მუჭა ნაკვეთის დამუშავებასაც ვეღარ შეძლებს," _ გვითხრა გივი თევდორაშვილმა.

კიდევ გაძვირდება თუ არა პესტიციდები, ამის შესახებ რეალიზატორები წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ. "შარშანდელთან შედარებით ფასებმა საგრძნობლად მოიმატა, რადგან ჩვენ ძვირად ვყიდულობთ და ძვირადვე ვყიდით. თუმცა, ვერ გეტყვით კიდევ გაძვირდება თუ არა შხამ-ქიმიკატები," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამრეწველო ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული `მცენარეთა დაცვის საშუალების~ მაღაზიის გამყიდველმა თემურმა, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა. 

შხამ-ქიმიკატების სიძვირეზე საუბრობს გურჯაანში მცხოვრები ნათელა გოგიაშვილიც და ამბობს, რომ ამის გამო წელს მხოლოდ ორ ნაკვეთს ამუშავებენ."ჩემი ქმარი მთელი დღე ნაკვეთებშია, უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ სად იმუშაოს?! თითქმის ათი წელია მხოლოდ მიწის დამუშავებიდან მიღებული შემოსავლებით ვცხოვრობთ. ასეთი რთული ვითარება არასდროს გვქონია. მოგება ყოველთვის იმდენი გვრჩებოდა, რომ ნაკვეთის დასამუშავებლად საჭირო თანხაზე პრობლემა არასოდეს შეგვქმნია. ბოლო წლებია, განსაკუთრებით კი წელს, ყველაფერს კატასტროფული ფასები აქვს. არ ვიცი მომავალში რა იქნება. მთელ თანხას მიწის მოვლაზე ვხარჯავთ, შემოდგომაზე კი ყურძენში კაპიკებს გვიხდიან, ჩასაბარებლადაც კი არ ღირს. სულ 4 ნაკვეთი გვაქვს, შხამ-ქიმიკატების სიძვირის გამო, წელს მხოლოდ ორს ვამუშავებთ," _ გვითხრა ნათელა გოგიაშვილმა.

მოსახლეობა ამბობს, რომ თუ შხამ-ქიმიკატები არ გაიაფდა, უახლოეს მომავალში ყველაფრის ფასი კატასტროფულად გაიზრდება, რადგან მოსავლის მოყვანა ძვირი ჯდება. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ჰექტარი მიწა იყო დამუშავებული შარშან და რამდენია წელს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვალერი გორგიშელის განმარტებით, ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ ფლობენ და დაახლოებით მაისის ბოლოსთვის ექნებათ ის მონაცემები, რომელიც გაზეთ `სპექტრმა~ მოითხოვა.


ინგა ბიტარაშვილი
11.03.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I'm not esliay impressed but you've done it with that posting.
: 20
: Gee whiz, and I thoguht this would be hard to find out.
: Haha. I woke up down today. You’ve cheeerd me up!
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 13 °C
ღამით + 6 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.