მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ზვიად შინჯიკაშვილი:
სპექტრი. 2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით, 14-ის წინააღმდეგ 215 მსჯავრდებული პოლიტპატიმრად სცნო. მოგვიანებით კი საკანონმდებლო ორგანომ "ამნისტიის შესახებ" კანონი 80 ხმით დაამტკიცა და პოლიტპატიმრებმა ციხეები დატოვეს. ამნისტირებულთა სიაში მოხვდა სოფელ ზემო გურჯაანის მკვიდრი ზვიად შინჯიკაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ წაყენებული ბრალი აბსურდული და გამოგონილი იყო.

ზვიად შინჯიკაშვილი საპატრულო ეკიპაჟმა რაიონულ პოლიციაში 2011 წლის 6 სექტემბერს გადაიყვანა. ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გამოძიების თანახმად, მან შელაპარაკებისას მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უფრო კონკრეტულად კი, ქვა ჩაარტყა. პოლიტპატიმარი ამ დანაშაულს აბსურდულს და შეთითხნილს უწოდებს. ზვიად შინჯიკაშვილის თქმით, საქმე ყოფილი ხელისუფლების დავალებით "შეკერეს" და ოპოზიციური განცხადებებისა და ქმედებებისთვის დასაჯეს.
 
"სპექტრთან" საუბრისას მან თავი შეიკავა, იმ პირების დასახელებისგან, ვინც მის საქმეში ფიგურირებს. "ფაქტიურად ეს საქმე წინასწარ განზრახული და დაგეგმილი იყო. ეს კონკრეტული პიროვნებების კი არა, იმ რეჟიმის ბრალია, რომელსაც "ნაციონალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტური" რეჟიმი ჰქვია. ისინი თუ არ იქნებოდნენ, მაშინ სხვები შეასრულებდნენ მითითებებს." 

მან დაწვრილებით გაიხსენა ის დღე, როდესაც დააკავეს:
-"2011 წლის 6 სექტემბერს მე და ჩემი მეუღლე ბანკიდან გამოვედით, ის გავაცილე და მეგობრის სანახავად წავედი. ამ დროს ჩემთვის უცნობმა ადამიანმა დამიძახა. მითხრა შენი ნახვა მინდოდა, დიდი ხანი გეძებდიო. საკმაოდ ნასვამი იყო. ვუთხარი, არ მცალია-მეთქი და გზა გავაგრძელე. შემდეგ კიდევ რომ გამიმეორა, ვიფიქრე, დაველაპარაკები, გავიგებ რა უნდა-მეთქი. ამ პიროვნებამ მითხრა: ერთი თვის წინ ბაზართან, ტაქსებთან ვიდექი, მზესუმზირას ვჭამდი, შენ "სემიჩკის" ნაფცქვენი მოგეყარა და ამის გამო შემაგინეო. არადა, იმ პერიოდში, რა დროზეც ეს კაცი ლაპარაკობს, თბილისში ვიყავი, აბსურდული რაღაცაა. ვკითხე, რატომ მაშინვე არ გამეცი პასუხი, ეხლა რომ ამბობ-მეთქი. მაშინ ვერ გავიგე, მერე ტაქსის შოფერმა მითხრაო. როგორც მერე მივხვდი, შეგნებულად ხმამაღლა ლაპარაკობდა. ვთხოვე ტაქსის შოფერი ეჩვენებინა, ან კიდევ საქმე მაშინ გაგვერკვია, როცა გამოფხიზლდებოდა. იქვე, რაღაც 50 მეტრში პატრულის მანქანა იდგა. ჩემი აზრით, სპეციალურად იცდიდნენ. დაახლოებით ორ წუთში ჩვენთან მოვიდნენ. თავიდან ვითომ იმიტომ წამიყვანეს, რომ დამხმარებოდნენ, დაედგინათ რატომ მომაყენა შეურაცხყოფა. ანუ მოტყუებით წამიყვანეს. ჩვენებას რომ იწერდნენ, ვუთხარი არაფერი მომხდარა და არაფერი დაუშავოთ-მეთქი. იქით ვიცავდი იმ კაცს." _ გვიყვება ზვიად შინჯიკაშვილი. 

მისივე თქმით, მოგვიანებით სასამართლო პროცესზე ცრუმოწმეები მიიყვანეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან. -"მაშინ იქ არც არავინ იყო, არადა შემდეგ სასამართლოზე დაახლოებით თერთმეტამდე მოწმე მოიყვანეს, ვითომ ამ ამბავს შეესწრნენ. ისეთი რამეები ილაპარაკეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სასამართლო პროცესი ორ დღეში დანიშნეს და 40 დღე პირობითი მომისაჯეს, გლდანში გადამიყვანეს. შემდეგ კი, ჩემი თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით განისაზღვრა. თუმცა ერთი წელი და ხუთი თვის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მომანიჭეს. განაჩენს რომ დახედოთ, თვითონ მიხვდებით, რომ აბსურდულია."
 
ზვიად შინჯიკაშვილი დაკავებამდე ერთი წლით ადრე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იყო. `ბოლი დროს უკვე აქტიურად აღარ გამოვხატავდი ჩემს პოლიტიკურ  მოსაზრებებს, რადგან პირადი ბიზნესი მქონდა. იქამდე კი საკრებულოში `ბლოკი ხიდაშელი, დავითაშვილი, ბერძენიშვილი კონსერვატიულ-რესპუბლიკური პარტიის~ წევრი ვიყავი. 2011 წლის 26 მაისის მიტინგის ღამესაც ამიყვანეს, მაგრამ მეორე დღეს გამომიშვეს. ამ მიტინგის დროს დაკავებული ზოგიერთი ადამიანი დღესაც საპატიმროში რჩება.~ _ გვითხრა მან. ზვიად შინჯიკაშვილი ერთ კვირაზე მეტია `გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურების~ სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

დანაშაული თუ პროვოკაცია?

ზვიად შინჯიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით "სპექტრმა" კომენტარი მის ადვოკატს, ლოლა ტუსაშვილს სთხოვა. მან რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროვოკაცია მოუწყვეს.

-"ზვიად შინჯიკაშვილი 2011 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. საქმეში ორი დღის შემდეგ ჩავერთე. არავინ იცოდა კონკრეტულად რაზე იყო დაპატიმრებული. წინაწარი დაკავების იზოლატორში პირველად რომ შევხვდი, მეკითხებოდა რაზე დამაკავეს რა უნდათ ჩემგანო?Dგამოძიების თანახმად, თურმეAშინჯიკაშვილსა და ახაშენში მცხოვრებ გიორგი ჩალათაშვილს შორის თავისუფლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიადს მისთვის ბეჭებში ქვა ჩაურტყამს. არადა, სინამდვილეში შელაპარაკებაც კი არ მომხდარა. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს იყო პროვოკაცია, რათა ზვიადი დაეკავებინათ. 
ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, ოპოზიციური პარტიის წევრი იყო. 26 მაისის მიტინგზეც დააკავეს, მასობრივ დაპატიმრებაში მოჰყვა. მაშინ კი გამოუშვეს, მაგრამ მერე უკვე სექტემბრის თვეში გაახსენდათ, რომ საარჩევნოდ რეგიონისთვის შეიძლება საფრთხე შეექმნა. ვითომდა მის მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ნიშნავს ხულიგნობას და დანაშაულის იარაღად რაიმე სხვა საგნის გამოყენებას. ფაქტიურად, ეს ქვა იმიტომ ფიგურირებდა, რომ დანაშაული დაემძიმებინათ. სინამდვილეში, ქვა არ არსებობდა და არც ნივთმტკიცებად ყოფილა სასამართლოზე წარმოდგენილი," _ გვითხრა ლოლა ტუსაშვილმა. 

მისივე განმარტებით, ამ მუხლით სასჯელის ზომა განსაზღვრულია ოთხიდან შვიდ წლამდე. 
-"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მინიმუმი, ოთხი წელი მიუსაჯეს, საქმე, თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. მოსამართლე მამუკა წიკლაურსაც სჯეროდა, რომ ეს იყო "შეკერილი" დანაშაული. სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოიტანა განაჩენი. არც ერთ მოწმეს მინიშნებითაც კი არ დაუდასტურებია, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ქვა ჩაარტყა."

ლოლა ტუსაშვილის თქმით, თავად გიორგი ჩალათაშვილიც თავდაპირველად სხვა ჩვენებას იძლეოდა, რომელიც შემდეგ შეაცვლევინეს. "ე.წ. დაზარალებული პირველად, რომ დაიკითხა იმანაც კი თქვა, ქვა არ ჩაურტყამსო, მაგრამ იმავე საღამოს გურჯაანის პროკურატურაში იმისთანა დღე მოაწიეს, განცხადება დააწერინეს: "მაშინ შემეცოდა, ახლა ჩვენებაში სიმართლეს დავწერო." 

ყველზე მთავარი არის ის, რომ უშუალოდ ვესაუბრე გიორგი ჩალათაშვილს. მისი ნაამბობიდან გაირკვა, რომ სამი თვე ციხეში უკანონოდ იჯდა. სოფელ ახაშნელი მოხუცი ქალის გაუპატიურებას და მოკვლას აბრალებდნენ. ათასნაირი წამება გადამატარეს, ციხეში ისეთი პირობები შემიქმნეს, თავის მოკვლას ვაპირებდიო. მისი თქმით, როდესაც ეს არ დაუდასტურდა და სხვას მიაგნეს, გაათავისუფლეს, მაგრამ ის სამთვიანი პატიმრობა უკანონობაში რომ არ ჩათვლოდათ, გადაჭრილი თოფის შენახვის გამო მისცეს პასუხისგებაში, ეხლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ ვიმყოფებიო. რა ვქნა თავს ზევით ძალა არ მაქვსო. ეს ადამიანი ფსიქოლოგირად ძალიან დათრგუნული იყო და ასეთი პროვოკაციისთვის გამოიყენეს. თუ დავუშვათ, ზვიად შინჯიკაშვილი იგინებოდა, თვითონ ხომ ამბობდა ჩალათაშვილი ერთმანეთს ვაგინებდითო, ფაქტიურად ამანაც გამოავლინა საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივისმცემლობა. ამის გამო მე მოვითხოვდი მის დასჯასაც."
 
ადვოკატი ამბოს, რომ ზვიად შინჯიკაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებით ჯერ კიდევ ახლადმოწვეულ პარლამენტს მიმართა. -"პარლამენტი ახალი შეკრებილი იყო, მაშინვე გავამზადე განცხადება და გადავაგზავნე. გარდა ამისა, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მივმართე, რომ ეს საქმე გადაეხედათ."

საუბრის დასასრულს, ადვოკატმა გვითხრა, რომ ზვიად შინჯიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეაბილიტაციის პროცედურების დაწყებას ელოდება, რომელსაც სპეციალური კომისია კანონის მიღების შემდეგ განახორციელებს.   


ლანა გულოშვილი
19.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Your articles are for when it abyolutels, positively, needs to be understood overnight.
: I'm so glad that the inreentt allows free info like this!
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 19 °C
ღამით + 8 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.