მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რა მოხდა შარტავას პროსპექტზე

  5 თებერვალს, ღამის 3-დან 4 საათამდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა და იგინებოდა, ხელჰყო ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის წინამდებარე მოედანზე დადგმული ილია ჭავჭავაძის ძეგლი. კვარცხლბეკიდან ძირს ჩამოგდებული ბიუსტი დაიმსხვრა.

  შემთხვევის ადგილზე გაჩნდნენ საპატრულო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი იქვე დააკავეს.

  იმ ღამის ვაიგმირი აღმოჩნდა არა ვინმე გადამთიელი, არამედ რუსთაველი კაცი, 1967 წელს დაბადებული დავით ხოჯაშვილი.

   ასე, რომ დილით, შარტავას პროსპექტზე მდებარე სახლების მობინადრეებს და დაწესებულებათა თანამშრომლებს დიდი განმანათლებლის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ძეგლის ადგილზე მხოლოდ ცარიელი კვარცხლბეკი და ბიუსტის ნამტვრევები დახვდათ.

   ამ ბარბაროსულმა, შეუწყნარებელმა ფაქტმა შეძრა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ილია ჭავჭავაძის სახელი, ვინც ჩვენი ქალაქის ჭეშმარიტი გულშემატკივარია.

  ამასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომლებზეც პასუხს ელის ყველა რუსთაველი და არა მარტო რუსთაველი.

   პირველი კითხვა კი ასე დაკონკრეტდა: დასახელებული ძეგლი, იმის გარდა, რომ ერის მამას _ ილია ჭავჭავაძეს გამოსახავდა, რა მატერიალურ ღირებულებას წარმოადგენდა?

  ამ კითხვაზე პასუხის მიღების სურვილმა თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში მიგვიყვანა.

  გაირკვა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი 2007 წლის ოქტომბერში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 170 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა, რასაც თან ახლდა ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამავე პერიოდში ცენტრალურ ბიბლიოთეკას ილია ჭავჭავაძის სახელი მიეკუთვნა.

   ბიუსტი, რომლის ავტორია თბილისელი მოქანდაკე გურამ გიგაური და რომლის დასამზადებლად გამოყენებული იყო სპეციალურად დამუშავებული მარმარილოს ფხვნილი, 4500 ლარი დაჯდა.

  კვარცხლბეკი ინდმეწარმე გაგი არჩვაძემ დაამზადა. კვარცხლბეკი დამზადებულია ბეტონისაგან, მოპირკეთებულია ბუნებრივი გრანიტის ფილებით. მისი დამზადება დაჯდა 2110 ლარი. ძეგლის შემკვეთია ქალაქ რუსთავის მერია.

   ეს, რაც შეეხება ძეგლის მატერიალურ ღირებულებას. რაც შეეხება მხატვრულ ღირებულებას, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ამ გარემოში შესანიშნავად ჩაიწერა და ძალიან მოუხდა არა მარტო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიასა და პროსპექტს, არამედ _ ქალაქსაც.

  ყოველივე ამის შემდეგ გასაგებია ის ტკივილი და საერთო აღშფოთება, რაც ძეგლის დამსხვრევის ფაქტმა გამოიწვია.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, ძეგლის დაზიანების გამო გამოწვეულმა ზარალმა 4500 ლარი შეადგინა. მომხდარის გამო საქმე აღიძრა სისხლის სამართლის 187-ე მუხლის I ნაწილით, რაც სხვისი ქონების განადგურებას ნიშნავს. დამნაშავეს შეეფარდა გირაო პატიმრობით, ამჟამად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

  ილია ჭავჭავაძის ძეგლი დანგრეულია. დამნაშავე დაკავებულია.

  ბუნებრივია, ჩნდება სხვა მრავალი კითხვებიც: ვინ არის ის რუსთაველი 42 წლის მამაკაცი, ვინც თებერვლის იმ ღამეს, სიმთვრალის გამო ქუჩაში ელექტრონის ბოძს, ან ხეს, ან ძეგლის კვარცხლბეკს შუბლით კი არ დაეტაკა, პირდაპირ ილიას ბიუსტს ეცა და მოანგრია? თუ იცოდა, რას სჩადიოდა საერთოდ და კონკრეტულად, ვის ბიუსტს ანგრევდა? აქვს თუ არა ილია ჭავჭავაძის რომელიმე ნაწარმოები წაკითხული, თუნდაც `მგზავრის წერილები~, თუნდაც `ოთარაანთ ქვრივი~, თუნდაც `გლახის ნაამბობი~, თუნდაც `სარჩობელაზე~, ან `გლახა ჭრიაშვილი?~ თუ იცის, ვინ იყვნენ ფილიპე მახარაძე და გიგლა ბერბიჭაშვილი და რით და როგორ განსხვავდება იგი მათგან? ახლა მაინც თუ მიხვდა თავის დანაშაულის სიმძიმეს, შეიგნო და გაითავისა ჩადენილი ქმედება? რას ფიქრობს დღეს? თუ ხვდება, რა ცოდვა ჩაიდინა, როგორც ქართველმა კაცმა?

  ზოგიერთ ამ კითხვებზე, ჩემო მკითხველო, შეიძლებოდა პასუხის მიღება უშუალოდ თებერვლის იმ ღამის `გმირისგან~, დაკავებული დავით ხოჯაშვილისგან, მაგრამ გეტყვით და გთხოვთ, დამიჯეროთ: ეს ჩემთვის, ერთი პერიფერიელი ჟურნალისტისათვის, მიუღწეველია. იმ მწირ ინფორმაციაზეც, რაც შევაგროვე და შემოგთავაზეთ, იმდენი ძალისხმევა დამჭირდა, ჩემს წინ იმდენი დახურული და გაუღებელი კარი აღმოჩნდა, რომ... როგორც იყო, გაიღებოდა კარი და აღმოჩნდებოდა, რომ იმ კარის შიგნით, კაბინეტის პატრონმა ან საერთოდ არ იცოდა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დანგრევის ამბავი, ან თვითონ სადღაც ეჩქარებოდა და სხვაგან და სხვასთან მაგზავნიდა.

  კიდევ ერთი კითხვა: დავით ხოჯაშვილმა როგორ შეძლო, როგორ მოახერხა ბიუსტის ჩამოგდება? რატომ გაუადვილდა კვარცხლბეკზე დამონტაჟებული ბიუსტის ხელყოფა? ან სპეციალურად დამუშავებული მარმარილოს ფხვნილისაგან დამზადებული ბიუსტი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე მეტრის სიმაღლის კვარცხლბეკიდან ჩამოვარდა, ისე ლუკმა-ლუკმად როგორ დაიმსხვრა და დაქუცმაცდა?

   ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისიც, რომ, როგორც ილია ჭავჭავაძის ძეგლის (უკვე ყოფილის, სამწუხაროდ!) მიმდებარე საცხოვრებელი სახლების მობინადრეები და დაწესებულებათა თანამშრომლები ამბობენ, ბიუსტი ქარში ხშირად იცვლიდა მიმართულებას, ბიბლიოთეკის მხარეს ხან ზურგით იყო, ხან _ სახით. ის კი არა, ბიუსტი რამდენჯერმე კვარცხლბეკიდან ჩამოღებული და ძირს დადებულიც უნახავთ... ეს გულგრილობაა თუ დანაშაული პირველ რიგში, შემსრულებლის და ასევე, მიმღებ-ჩამბარებლის მხრიდან? მაინც რამდენჯერ უნდა მოკლან ილია ჭავჭავაძე? ხომ ხედავენ, რომ ილია უკვდავია, მას მოკვდავის ხელი ვერაფერს ავნებს! აი, კითხვები, რომლებიც პასუხს ელიან...


თინათინ სიყმაშვილი
28.02.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: What a joy to find soenmoe else who thinks this way.
: I didn't know where to find this info then kboaom it was here.
: My problem was a wall until I read this, then I samshed it.
: 20
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.