საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტურში `რუსთავმა” `დინამოს” უმასპინძლა.
სანახაობრივი შეხვედრის მოლოდინში ქიმიკოსთა დარბაზი ქომაგებით გაივსო, არც `დინამო” ჩამოსულა ერთგული გულშემატკივრების გარეშე, თუმცა დაძაბული შეხვედრის მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა.
დინამოელები თავიდან დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაში ნელ-ნელა დაალაგეს და პირველ შესვენებაზე ლიდერებად გავიდნენ - 21:18. მეორე მეოთხედი 46:43 დასრულდა, რაც იმის იმედს იძლეოდა, რომ მეორე ტაიმშიც საინტერესო ორთაბრძოლა იქნებოდა.
დიდი შესვენებიდან რუსთაველები უფრო მოტივირებულნი და გასამარჯვებლად შემართულნი დაბრუნდნენ. მასპინძლებმა მესამე მეოთხედიდან თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს და სწრაფი შეტევებისა და კომბინაციური თამაშის სწალობით „დინამოს“ შანსი არ დაუტოვა. საბოლოოდ კი 94:75 იმარჯვეს კიდეც.
რუსთაველთა შორის საუკეთესოდ კაელ ნელსონი ითამაშა, მის ანგარიშზე 22ქულაა, დინამოელთაგან 23 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა.
მიხეილ ბერუაშვილი , “რუსთავის” მწვრთნელი :
_ დღევანდელი მოგებით პლეი ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. „დინამო“ საკმაოდ ძლიერი გუნდია და გამარჯვების მიღწევა იოლი არ იყო. წინ კიდევ უფრო სერიოზული ბრძოლები გველის და ვეცდებით, აღებული ტემპი არ დავაგდოთ.
ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მწვრთნელი:
_ სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ ეს არაა ტრაგედია. ეს მატჩები პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გვინდა, რადგან გადამწყვეტი ბრძოლები სწორედ მეოთხედფინალიდან იწყება. რუსთაველებს პირველ ტაიმში ბრძოლა გავუმართეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა მაღალ დონეზე ითამაშეს.
18.02.2013 |