მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"გაერთიანებული ტელეკომი" და "სიჯისი" ისევ ურთიერთობის სამართლებლივ გარკვევას ცდილობენ

გაზეთ "რუსთავის" # 7-ში დაიბეჭდა ინტერვიუ, "შეეწირება თუ არა ორი სატელეფონო კომპანიის დავას 3000 აბონენტის ინტერესები", სადაც "გაერთიანებულ ტელეკომი" და "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია" (სიჯისი) ერთმანეთს გარკვეული არგუმენტაციით ადანაშაულებდა. დავა მათ შორის ცოტა ხნის წინ დავალიანების თაობაზე წარმოიშვა, რაც გაზრდილი ტარიფების გამო ‘სიჯისის" გაერთიანებული ტელეკომის მიმართ აპრილის თვის მონაცემებით, 100 ათას ლარამდე დაუგროვდა.

აღნიშნული დავალიანების გამო, გაერთიანებულმა ტელეკომმა სულ ორიოდე დღით ‘სიჯისის" იმ 3000 აბონენტს შეუწყვიტა მომსახურება, რომელთაც `სიჯისი~ მათგან იჯარით აღებული საკაბელო მეურნეობით ემსახურება. ორი დღის შემდეგ კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით გაერთიანებულ ტელეკომს აეკრძალა კორპორაციისთვის სატელეფონო წყვილებით მომსახურეობის შეწყვეტა.

გაერთიანებული ტელეკომის მიმართვის საფუძველზე სარჩელი რუსთავის სასამართლოში განმეორებით 13 მაისს განიხილეს, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილება არ შეცვალა. ამჯერად "გაერთიანებულმა ტელეკომმა" სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა და იმედი აქვთ, რომ თავიანთ სიმართლეს დაამტკიცებენ. თავის მხრივ, კონკურენტი კომპანიის წინაშე ‘სიჯისიც" თავს პირნათლად თვლის და დროებით გათიშული აბონენტების მომსახურების აღდგენისათვის გაერთიანებული ტელეკომისგან ზარალის ანაზღაურებასაც მოითხოვს.

ნანა შარაშენიძე, საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის გენერალური დირექტორი:

- მივმართეთ სარჩელის უზრუნველყოფის კომისიას, რომელის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გაერთიანებულ ტელეკომს დაევალა ქსელიდან გათიშული ჩვენი აბონენტების აღდგენა და აეკრძალა მათი გათიშვა. ამის შემდეგ გაერთიანებულმა ტელეკომმა გაასაჩივრა განაჩენი, მაგრამ მათ საჩივარი არ დაუკმაყოფილეს და ძველი გადაწყვეტილება დატოვეს ძალაში. ჩვენი ძირითადი პრინციპია, რომ ვიყოთ კანონმორჩილი, შევინარჩუნოთ იმიჯი, როგორც ჩვენ აბონენტებთან, ასევე იმ კომპანიებთანაც, ვისთანაც ვთანამშრომლობთ. თუ სადმე ძალადობრივ ფაქტს ვაწყდებით, გვაქვს შესაბამისი ორგანოების იმედი, რომლებიც სამართლიანად შეძლებენ მის აღმოფხვრას და ჩვენი სიმართლის დამტკიცებას. ჩვენს შორის არსებული უთანხმოება არანაირად არ უნდა შეხებოდა აბონენტს. ამ ადამიანებს არც უნდა გაეგოთ არსებული სიტუაციის შესახებ, რადგან ჩვენ მათ კომფორტს ვუქმნით და არა პრობლემებს. ძალადობა გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაამართლებს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ რახან გაერთიანებული ტელეკომი დიდი კომპანიაა, "სიჯისი" კი - პატარა, ძალადობა გაიმარჯვებს.

მე თქვენ გიჩვენეთ 30 აპრილს გამოგზავნილი მათივე ხელით ხელმოწერილი წერილი, რომლის საფუძველზეც გვთხოვენ ვიმოქმედოთ. ამ წერილით თვითონვე მოდიან წინააღმდეგობაში, როცა ამტკიცებენ, ჩვენს შორის მოქმედი ხელშეკრულება არ არსებობსო. გასული წლის ბოლოს მათ მივწერეთ წერილი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე და სწორედ იმ 2007 წლის ხელშეკრულების ფარგლებში ვემსახურებით. ხალხი ნახულობს ამ საბუთებს და დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში. მათგან გათიშული აბონენტების აღსადგენად კი ჩვენმა კომპანიამ გარკვეული ზარალი მიიღო. ზარალი დავითვალეთ და ახლა უკვე დავა ამ საკითხზე გვექნება.

იმედს ვიტოვებ, რომ როგორღაც არაძალადობრივი მეთოდებით მოხერხდება ჩვენს შორის ურთიერთობის დარეგულირება, რადგან კონკურენცია მტრობას არანაირად ნიშნავს. ვფიქრობ, ორივე კომპანია შევძლებთ, ისე მოვემსახუროთ აბონენტებს, რომ მათი გულისწყრომა არ გამოვიწვიოთ. ერთის მხრივ, მადლობელიც კი ვარ მათი, რადგან მთელი ჩემი მუშაობის მანძილზე გამუდმებული კონკურენციის გამო მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ და უფრო და უფრო მეტი წინსვლისკენ მიბიძგებენ.

ლევან ურუშაძე, "გაერთიანებული ტელეკომის" ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორი:

- ილუზია არც მქონია იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შეიცვლებოდა, რადგან საქმეს იგივე სასამართლო და იგივე მოსამართლე განიხილავდა. ჩვენთვის გაუგებარია, რომ `სიჯისიმ" გაერთიანებული ტელეკომის კი არა, ქვემო ქართლი _ ტელეკომის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ფილიალი კი ცალკე იურიდიულ სუბიექტს არ წარმოადგენს. ხელშეკრულების გაფორმება იქნება თუ სხვა რამ მნიშვნელოვანი საკითხი, ესეც გაერთიანებულ ტელეკომთან უნდა შეათანხმონ და არა მის ფილიალთან.

როგორც იურისტებმა გადმოგვცეს, სასამართლომ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც მესამე სუბიექტის, აბონენტთა ინტერესების გათვალისწინებით არ შეცვალა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სიმართლეს სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად დავამტკიცებთ, რადგან ჩვენსა და ‘სიჯისის" შორის მოქმედი ხელშეკრულება არ არსებობს.

ამის დამტკიცება ძალიან მარტივია, თუ წავიკითხავთ შავით თეთრზე დაწერილს, რომ 2007 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულებას ვადა 2008 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ამის შემდეგ ჩვენს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც მაჩვენებს "გაერთიანებულ ტელეკომსა" და `სიჯისის" შორის მოქმედ ხელშეკრულებას. როგორ ფიქრობთ, ასე რომ იყოს, ამას დავმალავდით? დავხევდით, თუ როგორ მოვიქცეოდით?

ის, რომ "სიჯისიმ" წერილი მოგვწერა ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა. გვანახოს თუნდაც ჩვენგან მიწერილი პასუხი, რომ თანახმანი ვართ. ჩემთვის აქამდე ცნობილი იყო, რომ ასეთ შემთხვევაში ორივე მხარისგან წერილობითი დოკუმენტაციაა საჭირო, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს და მხარეებმაც გარკვეული ვალდებულებები იტვირთონ, მაგრამ ვირტუალური ხელშეკრულებაც თუ არსებობდა, ნამდვილად არ მეგონა. და თუ ნამდვილად არსებობს, თვითონ წარმოადგინონ, ბატონო!

ჩვენს შორის ერთი კი არა, რამდენიმე ხელშეკრულება მოქმედებდა და თუ ჩვენგან მიწერილ წერილს იყენებენ საბუთად, შესაბამისი არგუმენტიც გვექნება მასში აუცილებლად მითითებული. ჩვენ ვართ მხარე, რომელიც ამ შემთხვევაში იჯარით გაცემულ პროდუქციაზე შესაბამის ანაზღაურებას, ანუ საიჯარო ქირას მოვითხოვთ. კონკრეტულ მომსახურებაზე გვაქვს ჩვენი ფასი, მაგრამ მათ არ უნდათ ამ ფასის გადახდა. მოძალადეები მაინც ჩვენა ვართ?

შეგვიძლია წარმოვადგინოთ სრული დოკუმენტაცია და სრული სიმართლე და დაველოდოთ აპელაციას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე კი ვიმოქმედებთ ისე, რის უფლებასაც კანონი მოგვანიჭებს.

ისინი ისევ აგრძელებენ ჩვენი წყვილებით სარგებლობას და შესაბამისად, დავალიანებაც ემატებათ, მაგრამ ჩვენი თვითმიზანი არ არის მათთვის მომსახურეობის შეწყვეტა. თუ დავალიანებას გადაიხდიან და ახალ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ, ისევ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, თუმცა გაერთიანებულმა ტელეკომმა მათ არაერთხელ მიწერა წერილი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მიიღო.


ნონა ქარქაშაძე
22.05.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Unbelievable how well-written and inrfomative this was.
: 20
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 24 °C
ღამით + 12 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.