მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
დევნილები სტატუსის გარეშე -"ჰაერის მოქალაქეები" დახმარებას ითხოვენ

კარბაუსკარების 5-სულიანი ოჯახი აფხაზეთიდან უკვე 16 წელია დევნილია, მაგრამ დღემდე დევნილებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარება არ მიუღიათ. ამ ხნის განმავლობაში ოჯახს არც სხვა სახის დახმარება მიუღია, რასაც ჩვეულებრივ დევნილები იღებდნენ. ამ ხნის განმავლობაში კარბაუსკარებმა ვერ მოახერხეს, რომ მათთვის სახელმწიფოს დევნილის სტატუსი მიენიჭებინა. დღეს ეს ოჯახი ზუგდიდში, ჭითაწყარის დასახლებაში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
. სახლი, რომელიც მათ არასამთავრობო ორგანიზაცია `ოქსანიმ" 1996 წელს აუშენა, უკვე დამპალია და აწვიმს. კარბაუსკარებს არც იმ პატარა მიწის ნაკვეთს უკანონებენ, სადაც მათი 2-ოთახიანი სახლი დგას. სტატუსის გარეშე დარჩენილი კარბაუსკარები ამბობენ, რომ ისინი 'ჰაერის მოქალაქეები" არიან. 

ოჯახის უფროსი ალექსი კარბაუსკარი ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში, დაიბადა. საბჭოთა წყობის დროს ალექსი ავღანეთში მსახურობდა, შემდეგ კი სოხუმში დასახლდა. მან ოჯახი ოჩამჩირის რაიონ სოფელ ოქუმიდან დევნილ ირინა ქარაიასთან დევნილობაში, 1994 წელს, შექმნა. ალექსისა და ირინას 3 შვილი ჰყავთ. ალიონა მე-9 კლასშია, ლენა მე-6-ში, ხოლო პატარა ალექსანდრე 6 თვისაა. ოჯახის არც ერთ წევრს დევნილის სტატუსი არა აქვს. ქორწინების მოწმობის მიუხედავად, ბავშვებს სტატუსი არ მიანიჭეს, თუმცა, პირადობები და მიწერა მათ დედისეულ სახლში, ოქუმში აქვთ. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მიწერა ოჩამჩირის რაიონში აქვთ, ბავშვებს დევნილის სტატუსი მაინც არ მიანიჭეს. ირინამ დევნილთა სამმართველოს და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც მიმართა, მაგრამ ოჯახის არც ერთი წევრი დახმარებას არ იღებს. მიზეზად ირინა ქარაიას მისი ქმრის მოქალაქეობას უსახელებენ. თუმცა, ალექსი კარბაუსკარი საქართველოში უკვე 20 წელია ცხოვრობს და მისთვის მოქალაქეობის მინიჭება მხოლოდ პროცედურული საქმეა. ამ პროცედურას კი ოჯახს უკვე 10 წელია უხანგრძლივებენ. ცნობისათვის, ალექსი კარბაუსკარი აფხაზეთის ომში იბრძოდა და იარაღი 1998 წელს გალის რაიონში მიმდინარე მოვლენების შემდეგ დაყარა. ის 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ცხინვალშიც იბრძოდა, მაგრამ, როგორც ირინა ქარაია ამბობს, საქართველომ მის ქმარს არც ეს დაუფასა. როგორც კარაბუსკარები ამბობენ, ალექსის პასპორტი ჰქონდა, მაგრამ ომის დროს დაკარგა და ახალი პირადობა ძირის არპოვნის მიზეზით არ მისცეს. კარბაუსკარებმა ყოველგვარი იმედი ამოწურეს და ფიქრობენ, რომ მათ პრობლემას სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს.
რამდენადაც ძნელად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, კარბაუსკარების 5-სულიანი ოჯახი 9 კვადრატულ მეტრიან პატარა სახლში ცხოვრობს. სახლს მხოლოდ ორი ოთახი აქვს. ირინა ამბობს, რომ ამ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია _ `გარდა სოციალური დახმარებისა, არაფერი გვაქვს, ამ დევნილის მოწმობას საშველი არ დაადგა. იცით რა მიკვირს, ეს ბავშვები ოქუმში არიან მიწერილები და რატომ არ უნიშნავენ დევნილის დახმარებას? არადა, ჩემი ქმარიც რამდენი ხანია საქართველლოში ცხოვრობს, სულ ამ ქვეყნისთვის იბრძვის. თუ რამე საომარი მოქმედებაა, მაშინ კი გაახსენდებათ და პირველი მიჰყავთ ომში, ახლა ცხინვალშიც იბრძოდა. არ ვიცით, რა გვეშველება. ვის არ მივმართეთ, მაგრამ გვეუბნებიან, შენი ქმარი საქართველოს მოქალაქე არ არის და ვერც შენს შვილებს მივცემთ დახმარებასო, თუმცა, ჩემი შვილები ხომ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და მათ რატომ არ აძლევენ? ჩემს ქმარს პირადობა ჰქონდა, მაგრამ ომის დროს დაკარგა. მერე დევნილობის დროს რაღაც მიწერა ჰქონდა, ახალი პირადობის მოწმობები რომ შემოვიდა, უთხრეს პირადობის ძირი არ არის და ვერ მოგცემთ პირადობასო. თუნდაც რომ არ იყოს ჩემი ქმარი საქართველოს მოქალაქე, 20 წელზე მეტია აქ ცხოვრობს და ხომ უნდა მიანიჭონ მოქალაქეობა?!"
ირინა ქარაია ჩვენთან საუბარში ცრემლებს ვერ იკავებს და გვიყვება _ `ჩემი ნათესავები ყველა იქით არიან _ აფხაზეთში, მართალია, იქ ჩვენი სახლი დამწვარია, მაინც დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მიწას დავამუშავებდი და საჭმელი მაინც მექნებოდა, მაგრამ ვერ წავალთ. ჩემი ქმარი ომში იბრძოდა და ყველას დაგვხოცავენ. თუმცა, რა აზრი აქვს აქ შიმშილით მოვკვდები თუ იქ აფხაზები მომკლავენ. ბავშვებს რა ვაჭამო, არ ვიცი. სოციალური დახმარების 100 ლარი რას ვამყოფინო _ საჭმელი ვიყიდო, ბავშვებს ჩავაცვა, წიგნი ვიყიდო თუ სად ჯანდაბაში წავიდე. ჩვენი უფროსი შვილი კარგად სწავლობს, მაგრამ წიგნები არა აქვს და რამდენიმე თვეა სკოლაში არ უვლია. ყველა ჩემს კლასელს წიგნები აქვთ და მარტო მე ვერ ვივლი უწიგნოდო. მეორე მეექვსე კლასშია, მისთვის რაღაც რვეულების ყიდვა მოვახერხე და დადის სკოლაში. მაგრამ თუ იწვიმა, ეგეც სახლიდან ვერ გადის, ზაფხულის ქოშებით ამ ზამთარში ხომ ვერ ივლის სკოლაში. ამათ ახალი არც არასდროს ჩაუცვამთ, მაგრამ ის მეორადი რომ ვიყიდო, მაგის ფულიც არ მაქვს. ჩემი უმცროსი გოგო, ლენა, კარგად ხატავს, მასწავლებლები მეუბნებიან, ბავშვს ასეთი ნიჭი აქვს და არ დაუკარგოო, მაგრამ სამხატვრო სკოლაში რომ ვატარო, მაგის ფიული სად მაქვს.~ ქარაია ამბობს, რომ მის შვილებს ხშირად საჭმელი ენატრებათ. ზამთარი კი მათთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან სხვა საზრუნავთან ერთად შეშაზეც უწევთ ზრუნვა. როგორც ოჯახის დიასახლისი გვიყვება _ `რაღაც ფიჩხებს მოვაგროვებთ, ან მოსახლეობაში ვინმეს ვთხოვთ და ამით ვთბებით. ჩვენ კიდევ რაღაცნაირად ავიტანთ სიცივეს, მაგრამ ამ პატარას რა ვუყო, შეცივდება თუ არან ტირილს იწყებს და სახე ულურჯდება.~
კარბაუსკარების მეზობლლად არსებულ დევნილთა საერთო საცხოვრებელში აღწერაზე უკვე იყვნენ, თუმცან მათთან არავინ მოსულა. ირინა ქარაიამ დევნილთა სამმართველოში იკითხა, მიეცემოდა თუ არა მათ დევნილებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოტეჯების აშენებას, არსებული საცხოვრების გარემონტებას და დაკანონებას ან მათთვის ერთჯერად ფულად დახმარებას გულისხმობს. მას უთხრეს, რომ ეს დახმარებები მათთვის არ არის. _ `არც ამ პატარა მიწის ნაკვეთს გვიკანონებენ, ხედავთ, სულ რაღაც 100 კვადრატული მეტრიც არა არის, მაგრამ არც ამას იმეტებენ ჩვენთვის. ფაქტობრივად, ეს ქოხი ჰაერზე დგას. იმ კოტეჯებზე რომ მივაკითხე, მითხრეს, ვერაფერს მიიღებ, რადგან დევნილის მოწმობა არ გაქვსო. მოწმობა როგორ მექნება, როცა თვითონ არ მაძლევენ და არც იმას მეუბნებიან, რა უნდა გავაკეთო, ან ვის მივმართოთ. მართლა მაინტერესებს, როგორ მოვიქცეთ, პირადობა იქიდან გადმოსულების ნახევარს დაკარგული ჰქონდა და ჩვენ რატომ გავხდით მაინცდამაინც საპრობლემო," _ ამბობს `თავისუფალ სიტყვასთან" საუბარში ირინა ქარაია.
`სახელმწიფო ხომ უნდა ზრუნავდეს ჩვენზეც, ამდენი წელია არავის მოუხედავს ჩვენთვის. რომ არა ის არასამთავრობო ორგანიზაცია. არც ეს ქოხი გვექნებოდა. ცხინვალიდან დევნილები რომ ვიყოთ, დარწმუნებული ვარ, დამეხმარებიან, მაგრამ რა ჩემი ბრალია, ჩვენი აფხაზეთიდან გადმოყრის დროს შევარდნაძე რომ იყო ხელისუფლებაში.
მართლა უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, ხომ ხედავთ, ამ ოთახს რამდენ ადგილას აწვიმს. არც ამას გაგვირემონტებენ და არც ახალ კოტეჯს დაგვიდგამს ვინმე. რისთვის? იმისთვის, რომ ჩემმა ქმარმა ომის დროს პასპორტი დაკარგა? უკაცრავად, მაგრამ იმ ომის დროს ჩემი ქმარი აფხაზეთისთვის იბრძოდა, საქართველოს იცავდა, მაგრამ დაუფასა ვინმემ?" _ ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ირინა ქარაია.
როგორც კარაბუსკარების ოჯახში გვითხრეს, მათი პრობლემის მოსაგვარებლად არაერთ უწყებას მიმართეს, მაგრამ ამაოდ _ "ვისაც მივმართავთ, აქაც ვეპატიჟებით, იქნებ ნახონ, რა დღეშიც ვართ-მეთქი, მაგრამ ვინ მოდის. არა მგონია ჩვენნაირ სიღარიბეში თუ ცხოვრობს ვინმე. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, იქნებ მოგვხედონ. მეშინია, რომ ითოვოს, ჭერი თავზე ჩამოგვემხობა," _ ამბობს ჩვენთან საუბარში დევნილის სტატუსის გარეშე დარჩენილი ირინა ქარაია.
 


პაატა ლაგვილავა
04.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: You're a real deep thneikr. Thanks for sharing.
: You have the monopoly on useful information-aren't monopolies illeagl? ;)
: 20
: AFAIC that's the best anwesr so far!
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 34 °C + 34 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.