მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საკრებულოს საკუთარი უფლებები გაცნობიერებული არა აქვს

  
  შსს წინასწარი დაკავების იზოლატორი ფოთის ბიუჯეტიდან რემონტდება

“ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები წარმოადგენენ ნებისმიერი დემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს”_ ადგილობრივი თვითმმარველობების შესახებ ევროპული ქარტიის ამ პუნქტში, სწორედ ადგილობრივი მართვის ორგანოებზეა საუბარი; დამოუკიდებელ, გადაწყვეტილების მიღების უფლებისა და ფართო ავტონომიის მქონე ორგანოებზე, რომელსაც მოქალაქეები დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გზით ირჩევენ. 
  ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა, მისი ამომრჩევლის ანუ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზებული შემოსავლების ადგილობრივი საჭიროებებისამებრ განკარგვა – ეს უფლება მმართველობის აგილობრივი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობითაც გარანტირებულია. თუმცა, ექსპერტების შეფასებებით, ქართული თვითმმართველობა ევროპული იდეალისაგან შორსაა და ამაში ლომის წილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივ ჩინოვნიკებს მიუძღვით, ვისაც ცენტრის კეთილგანწყობა დამოუკიდებლობაზე გაცილებით მეტი უღირს. სწორედ, ცენტრის კეთილგანწყობის საფასურად და მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით, ადგილობრივი ხელისუფლება წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით აფინანსებს ცენტრალური უწყებების დაქვემდებარებაში მყოფ ადგილობრივ ორგანოებს.  
  ბოლო სამი წლის განმავლობაში ფოთის ბიუჯეტიდან სამართალდამცავ უწყებებზე, მათი ოფისის ხარჯებზე, საწვავის, ელექტროენერგიისა და სატელეფონო საუბრების დანახარჯებზე, ასევე, მათი შენობების რემონტზე, ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. მაგალითად, 2009 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში სამართალდამცავებისათვის გათვალისწინებული 100 000 ლარი იყო, თუმცა საერთო ჯამში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად ამ უწყებებმა თითქმის 500 000ლარი მიიღეს. ძირითადად, ეს თანხები ოფისის ხარჯების, საწვავის, ელექტროენერგიისა და სატელეფონო საუბრებისთვისაა, თუმცა, ფოთელი ჩინოსნები არც შენობების რემონტის თუ ეზო-სკვერების კეთილმოწყობის და ა.შ. დაფინანსებაზე ეუბნებიან უარს სამართალდამცავებს. ცალკე საუბრის თემაა მანქანები, რომელსაც ფოთის მთავრობა ყოველ წელს მერიის ადმინისტრაციისათვის ყიდულობს და მერე სამართალდამცავებს( და არა მხოლოდ მათ) “საჩუქრად” ურიგებს. ასეთ საჩუქარს პოლიცია მიმდინარე წელსაც მიიღებს. ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით მერია ამისთვის დაახლოებით 110 000ლარის დახარჯვას აპირებს.
  თითზეჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ექსპერტების გამუდმებულ კრიტიკას, ხელისუფლებამ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით უპასუხა. გასული წლის მაისში, ორგანულ კანონში ჩაიწერა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ნებაყოფლობითი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ცენტრალური ხელისუფლების ისეთი უფლებამოსი-ლებების დაფინანსება, რაც ადგილზე მის უკეთ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. შედეგად, ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში ხელის ფათური, უკვე კანონის ფარგლებში შეუძლია. შვებით ამოისუნთქეს ადგილობრივმა მოხელეებმაც.  
  “ის, რაც კანონით აკრძალული არ არის, დაშვებულია”-ასეთია ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, სულხან თოლორდავას არგუმენტი, როცა მას ფოთის ბიუჯეტიდან შს სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების დაფინანსებაზე ვეკითხებით. 
  რა უჯდებათ გადასახადების გადამხდელ ფოთელებს შსს-ს ქვემდებარე უწყებების დაფინანსება? სურათს სულხან თოლორდავას მიერ მოწოდებული რიცხვები ცხადყოფს. სულ ფოთის დამტკიცებული ბიუჯეტი 16 687 300 ლარია. აქედან, თითქმის მეოთხედი 4 387 700 ლარი გამოთანაბრებითი ტრანსფერია. შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის განყოფილება- 65ათასი ლარი, საპატრულო პოლიციის ფოთის განყოფილება-20 000 ლარი, კონსტიტუციური დეპარტამენტის ფოთის განყოფილება – 30 000 ლარი, ამდენითაა დაფინანსებული სამართალდამცავი უწყებები ფოთის ბიუჯეტიდან. მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით, ვერც ერთი თვის ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა. დაგეგმილი 3,5 მლნ ლარის ნაცვლად ფოთის ბიუჯეტი, მხოლოდ 700 000 ლარით შეივსო. ნაკისრ ვალდებულებებს ფოთის ხელისუფლება გამოთანაბრებითი ტრანსფერიდან აფინანსებს. ამის მიუხედავად, სამართალდამცავები დაფინანსებას შეუზღუდავად იღებენ. გასული სამი თვის განმავლობაში პოლიციის სამმართველომ 29 700 ლარი, საპატრულო პოლიციამ 600 ლარი, კუდ-მა კი 6 500 ლარი აითვისა. 
 “ქალაქი ტრანსფერზე დამოკიდებული გახდა და შეიძლებოდა ისინი ცოტა ნაკლები თანხებით დაგვეფინანსებინა, მაგრამ, როცა განკარგულება ზემდგომისაა, უნდა შესრულდეს.”-ამბობს ფოთის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ვასილ თოდუა.  
  სწორედ ამ ტიპის განკარგულებების “წყალობად” მიიჩნევენ საბიუჯეტო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობების დაკნინებულ როლსა და ფრთებშეკვეცილ დამოუკიდებლობას, ცენტრალურ ხელისუფლებას კი თვითმმართველობების არსის – მისი დამოუკიდებლობის ხელყოფაში სდებენ ბრალს. 
_“როცა მსგავსი შინაარსის ინფორმაციას ვისმენ, შეკითხვები უკვე ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მიჩნდება”-გაოცება ვერ დამალა საბიუჯეტო ექსპერტმა, ოთარ კონჯარიამ, როცა მოისმინა ფოთის ბიუჯეტიდან პოლიციის სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორის რემონტისათვის დაიხარჯული თანხის შესახებ. 
  საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, უკვე თავისი ბოლო საბიუჯეტო ცვლილებებისას (30 მარტი, 2010წელი), ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პოლიციის სამმართველოს დაფინანსება 9 ათასი ლარით გაიზარდა. განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან 7000 ლარით პოლიციის იზოლატორის შეკეთება იგეგმება. საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, სულხან თოლორდავამ, არ დაადასტურა იზოლატორის რემონტის დაფინანსების ფაქტი. _“ჩვენ გამოვყავით 9 000 ლარი, მაგრამ რისთვის მოიხმარს მას პოლიცია, გავიგებთ მას მერე, რაც ამ ფულს დახარჯავს,”-განაცხადა მან. 

იმავე საბიუჯეტო ცვლილების ფარგლებში ადგილობრივ ბიუჯეტში გაითვალისწინეს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის(სოდ-ი) ფოთის განყოფილებისათვის 30 000 ლარი, რომელსაც განყოფილება საწვავისათვის მოიხმარს. “ძირთადად, მოვახდინეთ შიდა მუხლობრივი ცვლილები. გადათამაშდა თანხები სამი თვის ფაქტიური შემოსავლის მიხედვით. თანხები ავიღეთ ტრანსპორტის, სამშენებლო სამუშაოების, ასევე კაპიტალური ხარჯებიდან. ასევე, გვქონდა ტენდერის შემდგომ აკუმულირებული თანხები და ამ უწყებების დაფინანსება აქედან განხორციელდა,” – ამბობს თოლორდავა.
  ოთარ კონჯარია, ექსპერტი საბიუჯეტო საკითხებში:
_“ამ ცვლილებებით თუ ვიმსჯელებთ, ე.ი. სოდ-იც ფოთის ბიუჯეტის სარჩენი გაუხდიათ. რაც შეეხება იზოლატორის თემას: თუ ეს თანხა მართლაც დაიხარჯება პოლიციის სამმართველოს ფოთის განყოფილებში იზოლატორის რემონტზე, მე ამ შემთხვევაში პრეტენზიები და კითხვები უკვე ფოთის საკრებულოს წევრებისადმი მექნება. რაზე ფიქრობენ, როცა ასეთ საკითხებზე მხარდასაჭერად ხელს წევენ? არ მესმის საკრებულოს წევრის, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. საკუთარი მწირი საბიუჯეტო სახსრებით დაუფინანსო სარემონტო სამუშაოები შს სამინისტროს, რომელსაც შენზე 10-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს, სულ მცირე გაუგებარია მათი საქციელი. ამ თანხით ხომ თავისუფლად შეიძლებოდა ფოთის ერთი კონკრეტული ქუჩის ან უბნის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება, ვთქვათ, სანიაღვრე კანალიზაციის ან ნაგავსაყრელის საკითხის. და თუმცა, ამ ყველაფერში არაკანონიერი არაფერია, ეს ნიშნავს, რომ თქვენი საკრებულოს დეპუტატებს არა აქვთ გაცნობიერებული საკუთარი უფლებები.”


  












 


ნინო თუნთია
21.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Tip top stuff. I'll eepxct more now.
: 20
: Mighty useful. Make no mitsake, I appreciate it.
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 25 °C + 26 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.