მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სანახევროდ გაკეთებული საქმე -- რაში დაიხარჯა დონორთა მილიონები?!

„დევნილები ძალიან კმაყოფილები არიან. ახლა, ბინების მათთვის საუთრებაში გადაცემა დავიწყეთ,“ - ეს კომენტარი დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, ფოთში, მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულებისას გააკეთა. მინისტრმა ფოთში ორი დღე დაჰყო. სუბელიანმა რამდენიმე ობიექტი მოინახულა, სადაც დევნილთა განსახლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. მცდელობის მიუხედავად, განსხვავებით ცენტრალური ტელევიზიებისაგან, ჩვენი გაზეთისათვის მინისტრმა ზემოთქმულის გარდა, კომენტარი აღარ გააკეთა. მათთან მინისტრი ჩატარებული სამუშაოების შესახებ კმაყოფილებით საუბრობდა. ბოლო ობიექტი, რომლის მონახულებითაც სუბელიანის ფოთში სტუმრობა დასრულდა, ნაბადას უბანში მდებარე დევნილთა კოლექტიური ცენტრი იყო. აქედან, მინისტრი ხობში გაემგზავრა. 
რამდენად კმაყოფილნი არიან დევნილები კოლექტიურ ცენტრებში ჩატარებული სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებით, ამის გარკვევა, იმ ობიექტიდან დავიწყეთ, სადაც მინისტრმა ვიზიტი დაასრულა.

შპს „დაგის“ მიერ „სანახევროდ გაკეთებული საქმე“

ნაბადას უბანი, ხობის ქ. #28. ე.წ. „ჰიდრომექანიზმების ბაღი“. 
ბაღისთვის აშენებულ ორსართულიან შენობაში დევნილები ათეულ წელზე მეტია ცხოვრობენ. აქ ფართების განაწილება არ მომხდარა. იმის მიხედვით - ვინ ადრე მოვიდა და ვინ - გვიან, დევნილებმა ოთახები თავად დაინაწილეს. შენობაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობს. შენობის ფასადი თითქოს ახალშეღებილს ჰგავს, თუმცა მიახლოებისას აღმოაჩენ, რომ ალაგ - ცისფერია, ალაგ - ლურჯი. ეზო პატარაა. გუბეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წვიმის დროს წყალი დგება. კუთხეში სამშენებლო მასალების ნარჩენები ყრია. 
პირველივე კარზე ვაკაკუნებ. მასპინელი შინ მეპატიჟება. მანანა ქირიას შვიდსულიანი ოჯახი 30 კვ.მ. ფართში ცხოვრობს. იატაკი ახალია, კედლები შელესილი და შეღებილი, კარ-ფანჯარა მეტალპლასტმასისაა, შეკეთებულია სველი წერტილებიც. 
მანანა ქირია, აფხაზეთიდან დევნილი: „ჩემი ოჯახი აქ, შედარებით გვიან მოვიდა, ამიტომ რაც შეგვხვდა, სულ ესაა. მე და ჩემი მეუღლე, მოხუცი დედამთილი, დაოჯახებული ვაჟი ბავშვიანად და მეორე ვაჟი - ყველანი ამ ორ ოთახში ვართ. სამუშაოების დროს არსად წავსულვართ: თან ვცხოვრობდით, თან რემონტდებოდა. აბსოლუტურად გამოცვალეს ყველაფერი. ახლა მხოლოდ მრიცხველები დარჩა. უკმაყოფილოები ნამდვილად არა ვართ, პირიქით. აქ ისეთი მდგომარეობა იყო: არ იყო იატაკი, კარ-ფანჯრები სანახევროდ `ფანერებით~ გვქონდა აჭედილი. ახლა, თქვენც ხედავთ როგორი მდგომარეობაა. რაც შეეხება, ხარისხს - საშუალო დონეზე გაკეთდა.“
შენობაში ჟურნალისტის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რამდენიმე მეზობელი ინტერესდება. ჩვენი საუბრის პარალელურად, მეგრულად იწყებენ ერთმანეთში დიალოგს: `ვისიანია ახლა ეს? იმათიანია, რა კითხვა უნდა. აქ არ იყვნენ დილით? რა აინტერესებთ ახლა, ჟურნალისტთან რას ვიტყვით?“ ვუხსნი „ვისიანიც“ ვარ, არ ვიცი, რამდენად ვახერხებ მათ დარწმუნებას, თუმცა ფაქტია, ამის შემდეგ საუბარი ახალ დინებაში დგება. 
_„არც აივანი, არც შენობის ფასადი, არც სახურავი არ შეაკეთეს. გვითხრეს, რომ შენობა ქალაქის მერიის ბალანსზეა და ამიტომ ჩვენ არ გვეკუთვნის მაგის გაკეთებაო. ოთახები კი გააკეთეს, მაგრამ სახურავმა წყალი გამოატარა. მარტო მეორე სართული კი არა, პირველიც დააზიანა. აივანზე „სინკარები“ ისეა ერთმანეთს დაშორებული, რომ ღარი გაიკეთა. წვიმის წყალი ჟონავს და პირველ სართულზე აივნის ჭერი სულ გააფუჭა. ცოტა ხანში წყალი ოთახის კედლებსაც მოწვდება და ამ ახლადგარემონტებული ოთახებიდან არაფერი დარჩება. ვთხოვეთ, ნება მოგვეცით, ვისაც ფართი არ გვყოფნის მივიმატოთ აივნის ფართი, საცხოვრებელ ოთახებად გავაკეთებთ, რომ ამოვაშენებთ, წყალიც აღარ შემოვა-თქო, მაგრამ უარი თქვეს. მადლობელები ვართ რაც გააკეთეს, მაგრამ ასე მალე თუ გაფუჭდა, ვინ გაგვიკეთებს თავიდან?“-აცხადებენ ისინი. 
`ეს სანახევროდ გაკეთებული საქმეა. წვიმის წყალმა ყველაფერი გააფუჭა, რაც მაგათ გააკეთეს,“ – ამ სიტყვებით უკვე მიქაიების ბინას ვათვალიერებთ. წვიმის წყლის კვალი აქ ჭერზეც ეტყობა. „გაარემონტეს და კარგია, თუმცა რა გამოვიდა, თუ ამ ყველაფერს წვიმა ერთ წელიწადში მოსპობს?“ - ამბობს ლონდა მიქაია.
წვიმის წყლის გარდა, მიქაიების ოჯახში უხარისხოდ დამონტაჟებული სანტექნიკის გამო, სასტუმრო ოთახის კედლები მილებიდან გამოჟონილმა წყალმა გააფუჭა: „მინისტრის თანდასწრებით დაგვპირდნენ, გავაკეთებთო, ვნახოთ. ის მაფიქრებს, კედლებში მილებს ისე როგორ გამოცვლიან თუ არ გამოტეხეს? გამოდის, რომ ეს ოთახი ხელახლა უნდა გაარემონტონ?“
შესაკეთებელია მეორე სართულზე კედლების დიდი ნაწილიც. აქ, ბინებში, ძირითადად, ხანდაზმულები ცხოვრობენ. „ამ ჩვენ აივანს გადაუღე ერთი, ბებო, როდის ჩაიქცევა, კაცმა რომ არ იცის,“ - მთხოვს ერთ-ერთი მათგანი.
ერთ-ერთ კარებზე ვაკაკუნებ. ბინის სიღრმიდან ქალბატონის ხმა მეპატიჟება. ნელი კანკია სახლში მარტოა, შვილები ფინანსური პრობლემების გამო საზღვარგარეთ გაიხიზნენ. ავადაა და სიარული უჭირს, ამიტომაც მინისტრის ვიზიტის შესახებ არაფერი იცის. რომ ენახა, თავის ბინაში მიიპატიჟებდა და აუცილებლად აჩვენებდა გაფუჭებულ კედლებს, სადაც საღებავის ნაცვლად ნესტის დიდი ლაქებია. აქ წყალი გვერდიდან ე.წ. „სინკარების“ შუაში დარჩენილი ბზარიდან შემოდის. კედლები აქაც თავიდან იქნება შესაკეთებელი.
_„ჯერ სახურავი და კედლები შეეკეთებინათ და მერე ოთახები. ზოგი იტყვის, უმადურები არიანო. პირიქით, ძალიან მადლიერები ვართ, სად ვცხოვრობდით და ახლა სად ვართ, ამას ჩვენც ვხვდებით, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ამხელა თანხები იხარჯება და საქმე ისევ ხელახლა გასაკეთებლია,“ - ამ სიტყვებით მემშვიდობებიან დევნილები. 
ნაბადას უბნიდან კუნძულის უბანში ე.წ. „შმოს“ შენობისაკენ ვინაცვლებთ. აქაც დევნილთა კოლექტიური ცენტრია. რემონტი რამდენიმე თვეა დასრულებულია. ჰიდრომექანიზმების ბაღისაგან განსხვავებით, დევნილთა და განსახლების მინისტრი აქ ობიექტის სანახავად არ მიუყვანიათ. ადვილად მისახვედრია, რატომაც: ახლადშეღებილ ფასადზე იოლად შეამჩნევთ წყლისა და ნესტის უზარმაზარ ლაქას. ეზოში პირველივე შემხვედრს ვესაუბრებით. მოგვიანებით, საუბარში სხვებიც აქტიურად ერთვებიან, თუმცა აქ ერთი დილემის წინაშე ვდგებით: კითხვებზე იმ პირობით გვპასუხობენ, თუკი მათ ვინაობას საიდუმლოდ შევინახავთ. _ „მე ამ მთავრობასთან ვმუშაობ და რად მინდა ახლა ჩემი სახელის გაშუქება?“ „ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამათთან სულ მაქვს საქმე და რამე არ გამიფუჭდეს, ჩემს სახელს ნუ დაწერ!“ - პირობას ვთანხმდები და ისინიც ენაწყლიანები ხდებიან. 
_„გვესმის, რომ რაც გაკეთდა, ჩვენთვის გაკეთდა. მარტო ის რად ღირს, წყლის თრევა ეზოდან რომ არ მოგვიწევს და არც რიგში ჩავდგებით `ვედროებით~. უმადურობას ღმერთი არ გვაპატიებს, მაგრამ გათვლები რომ არასწორი ჰქონდათ, გამოჩნდა. ფოთში სხვანაირი კლიმატია, ეს შენობაც ძველი და დანესტილი იყო და რემონტის დამთავრებიდან ორ თვეში კედლებზე შპალერს ვეღარ ვამაგრებდით, ისეთი ნესტი გამოვიდა. სადავოა კარებებიც. შემოგვთავაზეს ხის და მეტალპლასტმასის კარებები. ვინც ხის კარი აირჩია, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ხის კი არა ქაღალდის კარი შეხვდა, რომელიც ხის ფერზე იყო შეღებილი,~ - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები. კარის შუა ნაწილი რომ მუყაოსია, ამას გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.
_„რა უნდა ვთქვა, როცა მეზობლის წყლის მილი ჩემს „ზალაში“ გადის?! მეზობელი იყო და დავთანხმდი იმიტომ, რომ მშენებლები შემპირდნენ, ისე დავფარავთ არ გამოჩნდებაო. მაგრამ ისე წავიდნენ, მილი შუა ოთახში დამიტოვეს და რამდენი მეზობელი წყალს ჩაუშვებს, ჩვენს ოთახში მიჩხრიალებს ყველა,“ - აღშფოთებას ვერ ფარავს კიდევ ერთი ქალბატონი. 
შენობის არც ერთ სართულზე არ შეკეთებულა კიბის უჯრედები, ხელუხლებელია კორიდორები, ასევე, სველი წერტილების ნაწილი. შენობაში ელექტროენერგია არ არის: „დავალიანების გამო ჩაჭრეს,“ - გვიხსნის მასპინძელი. სარემონტო კორიდორებისა და სველი წერტილების გადაღებას ვერ ვახერხებთ, რადგან დერეფნებში ბნელა, მაგრამ ფეხქვეშ იატაკის ფიცრები ისე იზნიქება, სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დაეცე. 
ორივე ობიექტზე სარემონტო სამუშაოები შპს „დაგი“-მ ჩაატარა. შპს-მ სამუშაოების წარმოების უფლება ტენდერის გზით მოიპოვა. ფოთში ათზე მეტი დევნილთა კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციისათვის „დაგი“-მ 2მლნ. 297 ათასი ლარი მიიღო.

ორჯერ გარემონტებული ერთი სახლი
„შმოს“ კოლექტიური ცენტრის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით, გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ვეძისის ტიპის სახლში სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ადგილას მრავალსართულიანი მრავალბინიანი სახლი უნდა აშენებულიყო. ვინაიდან აშენებულ ხუთ სართულს წლების განმავლობაში არაფერი ემატებოდა, გადაწყდა კარკასულ მდგომარეობაში „დაკონსერვებული“ ნაგებობა დევნილთა განსახლების სახელმწიფო სტრატეგიის გეგმის ფარგლებში დაესრულებინათ და დევნილთა 45 ოჯახი შეესახლებინათ. სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა მშენებელ ფირმას, მიმდინარე წლის 12 აპრილს ეწურება. თუმცა, სანამ მშენებლები ზედა სართულებზე მუშაობდნენ, ქვედა სართულებზე შელესილი კედლები ნესტმა გააფუჭა. ამ დროისათვის მშენებლები სამუშაოს ხელახლა აკეთებენ, რამდენად ხარისხიანად ამას დრო აჩვენებს. 
აქ სამუშაოებს შპს „დასავლეთსაქგაზმშენი“ აწარმოებს. ხსენებული შპს აფხაზეთიდან დევნილი 92 ოჯახისათვის ორ საცხოვრებელ კორპუსს არემონტებს. ტენდერის პირობებით სამუშაოს ფაქტიური ღირებულება 1 მლნ. 258 ათასი ლარია. 
   
„ობიექტური მიზეზებით“ გაფუჭებული რემონტი
  მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, ფოთში 12 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სარემონტო სამუშაოების წარმოების უფლება ფირმებმა ტენდერში გამარჯვების გზით მოიპოვეს. სამუშაოებს, ძირითადად, სამი ფირმა - შპს „დაგი“, შპს `ნიუ ენერჯი“, შპს `დასავლეთსაქგაზმშენი“ აწარმოებს. ობიექტების დიდი ნაწილის რემონტი (საერთო ღირებულებით - 2 296 963 ლარი) შპს „დაგი“-მ შეასრულა. მათ შორის, ჩვენს მიერ შესწავლილი ორი ობიექტისაც – ხობისა და დანელიას ქუჩებზე. 
ობიექტების მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელს შპს „დაგის“ დირექტორი მიხეილ შარანგია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, კონსტანტინე მგელაძე აწერენ. აქტების მიხედვით, შპს „დაგიმ“ სამუშაოები (მათ შორის ჰიდრომექანიზმების ქარხნის ბაღსა და დანელიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან სახლში) კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დაასრულა. დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იბარებს დამთავრებულ სამუშაოებს კონტრაქტის მიხედვით და თვლის, რომ შესრულებული სამუშაო პასუხობს მოქმედ სამშენებლო ნორმებს.“ თუმცა, არ ათავისუფლებს „დაგის“ მშენებლობის ჩაბარებიდან 12 თვის განმავლობაში დეფექტებზე პასუხისმგებლობისაგან.  
კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა საკითხებს კოორდინირებას, ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით, რომეო ჩაჩხიანი უწევს. სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე საუბრისას სწორედ დოკუმენტის ამ პუნქტით აპელირებს კოლექტიური ცენტრების კოორდინატორი, რომელიც ადასტურებს, რომ რემონტის დასრულების შემდეგაც, ობიექტებზე გასაკეთებელი ისევ ბევრია.
მისი თქმით, ხარვეზების „გამოვლენა“ მინისტრ კობა სუბელიანის ვიზიტმა დააჩქარა: `როცა მინისტრი იყო სტუმრად ფოთში, ობიექტებზე გამოჩნდა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთ ადგილებში არის პატარა ხარვეზები, ის, რაც ჩაბარების დროს არ ჩანდა და მოგვიანებით, ფოთის კლიმატური პირობების გამო გამოჩნდა. ამის მიზეზია ის, რომ ფოთში არის ნესტი, იმოქმედა უამინდობამაც. სამწუხაროდ, ბევრი იყო დეფექტები, შედგა დეფექტური აქტები, კონტრაქტებში შევიდა ცვლილებები, მოსახლეობის მოთხოვნები შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული. დავუკავშირდით შემსრულებელ კომპანიებს. ისინი მოავლენენ სპეციალურ კომისიებს და მოკლე ხანებში ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. მე ვერ დავეთანხმები აზრს, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, უბრალოდ, ობიექტური მიზეზების - უამინდობისა და ფოთის კლიმატური პირობების გამო, ბევრი ხარვეზები გაჩნდა და ფირმებს მიეცათ დრო მათ გასასწორებლად.“
რატომ არ გაითვალისწინეს ფირმებმა ფოთის კლიმატური პირობები სამუშაოების დაწყებამდე და რატომ უნდა დაიხარჯოს თანხა ხელახლა? ჩაჩხიანის განმარტებით: „ფირმას საერთო თანხიდან 5% უკავდება და გამოჩენილი ხარვეზები ამ თანხიდან იფარება და ზედმეტი ხარჯების გაწევა არ მოხდება“.
შპს „დაგის“ დამფუძნებელი გოგი გულორდავა ადასტურებს, რომ, ობიექტებზე არის ხარვეზები, თუმცა არ თვლის, რომ ეს სამუშაოების დაბალი ხარისხის გამოა:_„ეს შენობები ძალიან ძველია. სინესტე თავიდანვე გამოდიოდა. თითქოს ვაცადეთ გამოშრობა, მაგრამ პრობლემა მაინც დარჩა. ჩვენი ჯგუფები მზადაა ასეთ ადგილებში ხელახლა შეაკეთოს კედლები. ასე იქნება ჰიდრომექანიზმების ბაღის შენობის შემთხვევაში. ეს არც ჩვენი ბრალია და არც მოსახლეობის, ამიტომ რასაც შევძლებთ გავაკეთებთ.
- თუმცა გარანტიის ვადა მხოლოდ 12 თვეა?
- დიახ. შემდეგ არ ვიცი როგორ იქნება. რაც შეეხება, ე.წ.“ შმოს“ შენობას. ეს შენობა ჩაიბარა კომისიამ, გვაქვს დოკუმენტები, ასევე მოსახლეობის ხელმოწერილი მადლობის წერილები. ამიტომ არ მესმის მათი პრეტენზიები.
ჩვენი საქმე იყო გაკეთება, მათი საქმე იყო მოვლა. ახლაც მოგვმართეს, რომ გაფუჭებულია საკეტები. ასე როგორ უნდა მოიხმარო, რომ 2 თვის გაკეთებული თავიდან გახდეს გასაკეთებელი? ამის მიუხედავად, ჩვენ ვუგზავნით საკეტებს და მუშებს და შეაკეთებენ. ერთ-ერთს აქვს პრეტენზია: გატეხილი უნიტაზი დამიყენეთო. რატომ მოაწერა ხელი სამადლობელ წერილს თუ ბინაში უნიტაზი გატეხილი იყო? 
-იქ არის კარებების პრობლემაც, კარებები მუყაოსია.
- არა, მუყაოსი კი არა „ემდეეფისაა“ და გვაქვს შესაბამისი სერტიფიკატები, რომ ისინი გამოსაყენებლად ვარგისი და კარგი ხარისხისაა. თუ რომელიმე ოჯახმა არ მოუარა და დაამტვრია, ეს მისი პრობლემაა. ვერც კორიდორებსა და კიბის უჯრედებზე ავიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან ხელშეკრულებით ჩვენ მათი შეკეთება არ გვევალებოდა.

და ბოლოს, ოფიციალური კომენტარები...
ფოთში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა დევნილთა კოლექტიური ცენტრები ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა. ამის შემდეგ მან ბევრი ისაუბრა, რომ „საქართველოს მთავრობა ღირსეულად შეხვდა ახალ გამოწვევას, მიეღოO35 ათასი ახალი დევნილი და ახლა ამ ადამიანების ადგილობრივ თემებში ღირსეულად ინტეგრაცია უნდა მოხდეს.“ მოისმინა თუ არა ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დევნილთა პრეტენზიები, ამაზე ელჩმა მართლაც დიპლომატიურად გვიპასუხა: „არიან დევნილები, ვისთვისაც ჯერ სტრატეგიული გეგმის პირველი ეტაპიც არ დასრულებულა და მათი საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებულა. რაც შეეხება დანარჩენებს, გამოთქვეს პრეტენზიები და წუწუნებდნენ, მაგრამ, ასევე, მესმოდა ბევრი კმაყოფილი მოსაზრება. ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბევრი ადამიანი კმაყოფილია.“
 ქალაქ ფოთის ხელისუფლების განმარტებით, დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობა მინიმალურია. როგორც მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დახმარებისა და დევნილთა სამსახურის უფროსმა ვიოლეტა ჯღამაძემ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მათი მოვალეობები, მხოლოდ ინფორმაციული უზრუნველყოფით ამოიწურა: „ჩვენ მონაცემები მივაწოდეთ და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დავეხმარებით. რაც შეეხება ტენდერებს, სამუშაოების მიმდინარეობას, ობიექტების ჩაბარებასა და შესრულების ხარისხს, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.“  
დევნილთა და განსახლების სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლის, თენგიზ ლუკავას განმარტებით, დევნილთა ინტერესები მაქსიმალურად დაცულია: „მე არც `პრარაბი~ ვარ და არც ინჟინერი, ყველა ფირმას უდევს კონტრაქტში პირობები.“
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ხელისუფლების განმარტებითაც, „დევნილთა განსახლების გეგმის ყველა ეტაპი ფოთში წარმატებით მიმდინარეობს.“ 
რეალურად კი, ფოთში დევნილთა განსახლების გეგმის ვადები ყველა ობიექტზე დარღვეულია, დევნილთა ნაწილი შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა, სამუშაოების ხარისხი დაბალია. მიუხედავად მინისტრის განცხადებისა, ადგილობრივ თვითმმართველობას არავითარი ოფიციალური დოკუმენტი დევნილთათვის ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესის დასაწყებად, არ მიუღია. შეჩერებულია ახალ ობიექტებზე დევნილთა შესახლების პროცესიც. გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ არადევნილ ოჯახებს. 





სტატია გამოქვეყნებულია პროექტის - `ჟურნალისტთა ქსელი საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობისთვის~ - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია~. პროექტი დაფინანსებულია მარშალის ფონდის პროექტის `თჰე Bლაცკ შეა თრუსტ ფორ ღეგიონალ ჩოოპერატიონ" ფარგლებში ჩარლზ სტიუარტ მოტის ფონდის მიერ.



 
 






















 




ნინო თუნთია
21.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I'm imrpessed by your writing. Are you a professional or just very knowledgeable?
: I really wish there were more acrtlies like this on the web.
: 20
: 20
: That's 2 clever by half and 2x2 clever 4 me. Tahnks!
: ძალიან კი ჭედავენ ბაღში მცხოვრები ლტოლვილები აივანი რომ არ მიერთებინეს და ისე არ გაურემონტეს, მერე კითხვა არ გამიგრძელებია ))
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 34 °C + 34 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.