მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
,,ახალი ანაკლია” _ ხალხისთვის წართმეულ მიწაზე
                                        

"სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება იმიტომ კი არ არსებობს,რომ ადამიანებმა კანონები შექმნეს. არამედ პირიქით, სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების არსებობამ განაპირობა კანონების შექმნა."  კლოდ ფრედერიკ ბასტია, ფრანგი ეკონომისტი(1801–1850)


ანაკლიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 8 სექტემბერს გაახმაურა და ადგილობრივებს დაპირდა, რომ ანაკლია 2-3 წელიწადში ყველაზე კარგი საზღვაო კურორტი იქნებოდა.
“ახალი ანაკლიის” პროექტზე ის ესპანელი არქიტექტორები იმუშავებენ, რომლებმაც შარშან ბათუმის ახალი ბულვარი დააპროექტეს. მისივე განცხადებით, ანაკლიაში იახტკლუბი, დაკიდული ხიდი, ბულვარი, ახალი ინფრასტრუქტურა გაშენდება. თუმცა, ანაკლიელები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათი საკუთრების ხელყოფის ხარჯზე მოხდებოდა.

                                                                         ვის ეკუთვნის ანაკლიის მიწები?

პრეზიდენტის ანაკლიაში ვიზიტის შემდეგ, ანაკლიელების საკუთრებაში არსებული მიწების ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაყვანა დაიწყო. მიწის ჩამორთმევა სხვადასხვა მეთოდით განხორციელდა:
1. ადგილობრივ მკვიდრთ, რომლებიც წლების მანძილზე სარგებლობდნენ მიწებით, მაგრამ ოფიციალურად არ ჰქონდათ რეგისტრირებული, სახელმწიფომ მიწები ძალიან ადვილად ჩამოართვა. აქ საკმაოდ მარტივმა არგუმენტმა გაჭრა: “ისედაც დიდი ხანი სარგებლობდით სახელმწიფო მიწებით, ისე, რომ არაფერს იხდიდით და ახლა მიწა სახელმწიფოს სჭირდებაო”.
2007 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოსარგებლე, სახელმწიფო მიწით, 15 წელზე მეტი სარგებლობდა, მას მიწის დაკანონება შეეძლო, თუმცა, არაინფორმირებულობის გამო, ეს კანონი არავის გამოუყენებია.
ხელისუფლებას საქმე იმანაც გაუადვილა, რომ არსებული კანონის შესახებ, მოსახლეობამ არ იცოდა, შედეგად ის მიწები, რომლებსაც მოსახლეობა მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებდა და წლების განმავლობაში საკუთარი ეგონა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

2. მიწის მფლობელებს, რომელთაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი შევარდნაძის პერიოდის დოკუმენტები გააჩნდათ, მიწის რეფორმისას დაშვებულ შეცდომებზე მიუთითეს და როგორც კანონდარღვევით გაცემული, მიწები მათაც უბოდიშოდ ჩამოართვეს. როგორც საჯარო რეესტრის ზუგდიდის სამსახურის უფროსი კახაბერ ჯოლოხავა განმარტავს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ მისი კუთვნილი, უკანონოდ გაცემული მიწა დაიბრუნა.
ამგვარი მიწების მფლობელები პროკურატურაში დაიბარეს, მიწის `უკანონოდ მითვისების" გამო პრობლემების შექმნით დაემუქრნენ და საუკეთესო ვარიანტად, მიწის სახელმწიფოსთვის ჩუქება შესთავაზეს.

3. მიწის კანონიერ მფლობელებს, რომლებსაც მიწა მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული ან შეძენილი და საკუთრება რეესტრშიც ჰქონდათ გატარებული, მიწები მხოლოდ იმ მიზეზით ჩამოერთვათ, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები რეესტრში დათქმულ ვადაში ვერ წარადგინეს, ხოლო იმ მესაკუთრეებმა, რომლებმაც ეს დოკუმენტები დროულად წარადგინეს, საკუთრებაში არსებული მიწები, რატომღაც სახელმწიფოს აჩუქეს.

,,მიწა წამართვეს, მაგრამ ვერაფერს გავხდები"

ანაკლიის მკვიდრის, თორნიკე ბუბუტეიშვილს მიწა საჯარო რეესტრში გატარებული ჰქონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაც გააჩნდა, მაგრამ ის ანაკლიის განვითარების ახალი პროექტისთვის გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში, ანუ როგორც მოსახლეობას ეუბნებიან, ე.წ. “გადაფარვაში” მოექცა და სახელმწიფომ მიითვისა. ("გადაფარვა" ანუ იგივე "ზედდება" ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც არ ჯდება იმ საზღვრებში, რაც მესაკუთრის მიწის ნაკვეთზეა მოცემული და ზედდებაშია სახელმწიფო მიწასთან, ანუ სახელმწიფო და კერძო მიწები ერთ საზღვრებშია მოქცეული).

საკუთრებაჩამორთმეული ბუბუტეიშვილის ეზოს ნაწილში სამშენებლო კომპანია `დაგი" 5-სართულიან სასტუმროს აშენებს, დანარჩენზე კი, ანაკლიის ახალი ბულვარი მოეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ მის ეზოში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მისთვის კომპენსაცია ან მიწის საფასური არავის მიუცია. თორნიკე ბუბუტეიშვილი მედიასთან საუბარს გაურბის, _ `ხომ იცით, რომ წამართვეს, მაგრამ ვერაფერს გავხდები, მითხრეს ჩუმად იყავიო,"_ ბუბუტეიშვილმა ჟესტიკულაციით მიგვანიშნა, რომ მას ხმის ამოღება არ შეუძლია. პირად საუბარში გვითხრა, რომ დააშინეს: _ "ხე-ტყე და სასოფლო-სამეურნეო მიწა წაგვართვეს, მაგას არც ვჩივი, მაგრამ ისიც წამართვეს, სადაც ვცხოვრობ, არავის არაფერი მოუცია და არც ველოდები, მითხრეს იტყვი რამეს და ხომ გახსოვს შენი შვილი თბილისში რომ ცხოვრობსო." ბუბუტეიშვილი ვარაუდობს, რომ იგივე პრობლემა მალე მთელს სოფელს დაუდგება. –„აქ ყოველ კვირა მერაბიშვილი და ადეიშვილი ჩამოდიან და პირადად აკონტროლებენ ყველაფერს (ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მშენებლობაზე ხშირ ვიზიტებს ადასტურებენ, მშენებერე სასტუმროს მუშებიც. პირად საუბარში მათ გვითხრეს, რომ მერაბიშვილის სასტუმროს ვაშენებთო) ჩემი საქმე წასულია, დამღუპეს და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ვიტყვი და კიდევ უარესი იქნება, ცხოვრებას გამიმწარებენ. აქ მუშად მოგაწყობთო, კარგი იქნება თუ დამასაქმებენ მაინც," _ გვითხრა ბუბუტეიშვილმა.

იძულებით გაჩუქებული მიწა

ბუბუტეიშვილის მსგავსი პრობლემა, ანაკლიის მოსახლეობის უმეტესობას აქვს, ანაკლიაში არა ერთი მსგავსი ისტორია მოვისმინეთ. ზოგიერთ მათგანს საკუთრებაში არსებული (რეესტრში გატარებული) მიწები საჯარო რეესტრში მისვლის დროს, სახელმწიფოზე გადაფორმებული დახვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მიწის მესაკუთრეებმა სამართლებრივი ფორმებით დააპირეს მიწების დაბრუნება, ყველა მათგანს რატომღაც აზრი შეეცვალა და სახელმწოფოსთვის ჩუქება გადაწყვიტა. პროკურატურაში დაბარების შემდეგ, მათ კუთვნილი მიწები სახელმწიფოს აჩუქეს. თუმცა, ანაკლიელი მარინა სორდიას გარდა, უარესის მოლოდინის შიშით, ამ ფაქტებზე არც ერთი მათგანი პრესასთან არ საუბრობს.

მარინა სორდიამ მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრში "ვარდების ხელისუფლების" დროს, 2007 წლის 3 სექტემბერს გაატარა. მიუხედავად ამისა, სორდიას მიწა (სარეგისტრაციო ზონა 43, სექტორი 30, კვარტალი #1, ნაკვეთი #211, სარეგისტრაციო #433001211) “გადაფარვაში”, მაინც მოხვდა. რეესტრის მიერ გაცემული ამ დოკუმენტის გრაფაში _"უფლება", სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრედ მარინა სორდიაა მითითებული, 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრები კი, მისი შვილები თამარ და ალექსი ესართიები არიან. სორდიას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრმა, ჩვეულებრივ მიღება-ჩაბარების აქტის (#50) და ზუგდიდის სახელმწიფო არქივის ცნობის (#393) მიხედვით გასცა. მიუხედავად იმისა, რომ მარინა სორდიას მიწა მაინც ჩამოერთვა და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემიდან ორ წელიწადში, 2009 წლის 19 ნოემბერს, პრეზიდენტის მიერ ანაკლიასთან დაკავშირებული ახალი გეგმების გახმაურების შემდეგ, რეესტრიდან მიღებული ცნობის თანახმად, მისი მიწა, ამჟამად, სახელმწიფო საკუთრებაშია.
საჯარო რეესტრმა ორი წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობა ორ სხვადასხვა მესაკუთრეზე გასცა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, თამარ კორძაია:
_"კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ არსებობს, რასაც ექსპროპრიაციის პროცესი ეწოდება,მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ეს ნამდვილად არ არის ექსპროპრიაცია. კონსტიტუცია უშვებს გამონაკლისს, როცა რკინიგზა ან რაღაც ქსელებია გასაყვანი, ან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობაა იმ ტერიტორიაზე განსახორციელებელი. ამ შემთხვევაში, შეიძლება, კერძო პირითვის მოხდეს მიწის ჩამორთმევა, თუმცა, ამას თავისი სავალდებულო პროცედურები აქვს. თუ საქმე ეხება იმას, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ხდება კერძო საკუთრების ჩამორთმევა, აუცილებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა დაამტკიცოს და ამავე დროს უნდა მოხდეს, ქონების შეფასება და კომპენსაციის გადახდა.

ამ მაგალითებზე დაყრდნობით, კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის საკუთრების უფლების ხელყოფა.~

სორდიას მსგავსად, საჯარო რეესტრის ზუგდიდის განყოფილებას, მისმა მეზობლებმაც მიმართეს, მაგრამ დოკუმენტები ვეღარ მიიღეს:_`ჩემს შემდეგ რეესტრში ჭკუა ისწავლეს და ორ ურთიერთგამომრიცხავ დოკუმენტს უკვე აღარ გასცემენ,~_ ეჭვობს მარინა სორდია.

საჯარო რეესტრში ჩვენც მოსახლეობის მსგავსად გვიხსნიან _ `გადაფარვაში~ მოქცეული მიწის მესაკუთრე სახელმწიფოა, თუმცა, სამართლებრივ საფუძველს ვერ გვისახელებენ.

თავდაპირველად, #211 მიწის ნაკვეთის ჩამორთმევამდე, მარინა სორდიამ, მისი კუთვნილი, საჯარო რეესტრში გატარებული მიწა, ნებაყოფლობით აჩუქა სახელმწიფოს. როგორ მოხდა ეს ე.წ. `ნებაყოფლობითი გაჩუქება”?
_ `სადაც ახლა სასტუმრო შენდება, მანდ 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გვქონდა, სადაც ჩემი შვილი უნდა დასახლებულიყო. როცა ჩვენს მიწაზე მშენებლობა დაიწყო, ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლებს, როცა ვკითხე, ჩემს მიწაზე რას აშენებთ-მეთქი, მითხრეს, _ ჩვენ, ამის უფლება გვაქვს და სხვაგან გაარკვიეთო. ამის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს მივწერე და ავუხსენი, რომ ჩემს საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა და დახმარება ვთხოვე. წერილის შეტანიდან რამდენიმე დღეში პროკურატურიდან დამიკავშირდნენ და დამიბარეს. პროკურორმა გია ბერიშვილმა მითხრა, რომ ეს მიწა არაკანონიერად იყო გაცემული და უნდა ჩამებარებინა, თორემ პრობლემები შემექმნებოდა, სხვა მიწასაც დავკარგავდი ანუ საუბარი იყო, იმ მიწაზე (ნაკვეთი #211-ავტ.), რაც ახლა მიიტაცა სახელმწიფომ. თავზე მადგნენ პროკურორები, გამომძიებლები, მაშინებდნენ: სჯობს ჩააბარო, თორემ პრობლემებიდან ვერ გამოხვალო. მეც მარტო ვიყავი, შემეშინდა და ვუთხარი: თუ ჩემნარი ქვრივი და გაუბედურებული ქალისგან (რამდენიმე ხნის წინ, მას სახლიც დაეწვა-ავტ.) სახელმწიფოს დახმარება სჭირდება და ასე თუ უჭირს თქვენს "ვარდების ხელისუფლებას," ჯანდაბას, გაჩუქებთ-მეთქი,"_ გვიყვება სორდია.

მარინა სორდიას თქმით, ამ იძულებითი გადაწყვეტილების შემდეგ, სამხარეო პროკურატურაში განცხადების დაწერა და კუთვნილი მიწის სახელმწიფოსთვის ჩუქებაზე ხელის მოწერა უბრძანეს. თუმცა, სორდიამ პროკურატურაში ხელისმოწერაზე უარი განაცხადა და სახელმწიფოსთვის მიწის ჩუქებას, დაშინების შემდეგ ხელი საჯარო რეესტრის ზუგდიდის განყოფილებაში მოაწერა. `რომელი ჭკუადმყოფელი აჩუქებს თავისი ნებით სახელმწიფოს მიწას? მე სახლდამწვარი და ქვრივი ქალი, ჩემი ნებით მივცემდი მიწას სახელმწიფოს? მაგრამ დამაშინეს და სხვა რა გზა მქონდა? რა გარანტია უნდა მქონოდა, რომ მერე დანაპირებს არ შემისრულებდნენ და ჩემს შვილებს რამეს არ დაუშავებდნენ ან ახლა რა გარანტია მაქვს?" _ აცრემლებული გვეუბნება მარინა სორდია.

მარინა სორდიას მტკიცებით, სახელმწიფოსთვის მიწის ჩუქების სანაცვლოდ, მას დაპირდნენ, რომ სხვა მიწაზე, პრობლემა არ შეექმნებოდა. თუმცა, შეპირების მიუხედავად სორდიას სხვა საკუთრებაც ე.წ. `გადაფარვა-ზედდებაში" მოხვდა. უმიწოდ დარჩენილი, როგორც თვითონ საკუთარ თავს უწოდებს _ "სახელმწიფოს მიერ გაძარცვული” მოქალაქე, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად, სამართლიანობის აღსადგენად სასამართლოში ჩივილს აპირებს. მან წერილი, სადაც აღნიშნულ ფაქტებზე ყვებოდა, ანაკლიაში ყოფნის დროს, პირადად მიხეილ სააკაშვილსაც გადასცა, თუმცა, მისი პრობლემით აქამდე არავინ დაინტერესებულა.

_ ,,არც ერთი წუთი არ ვაპირებ ჩემი საკუთრების დათმობას. რაც ძალით მაჩუქებინეს ვერაფერს გავხდები და, ალბათ, ვერც დავიბრუნებ, მაგრამ მეორე მიწის ნაკვეთს არანაირად არ დავთმობ. თავს შევაკლავ ვინმეს და ეგ იქნება," _ აცხადებს სორდია.
_"თუ მარინა სორდია სასამართლოში დაამტკიცებს იმას, რომ მიწის ჩუქება მისი თავისუფალი ნების საფუძველზე არ მომხდარა, მაშინ მას შეუძლია დაიბრუნოს მისი მიწა სასამართლოს გზით. თუ რამდენად პერსპექტიულია დღეს სასამართლოში დავა ეს სხვა საკითხია, მაგრამ სამართლებრივი გზა სწორედ ასეთია,"- აცხადებს თამარ კორძაია.


მიწის მითვისება

მას შემდეგ რაც, საჯარო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ჯოლოხავამ პასუხის მისაცემად საჯარო რეესტრის პესსამსახურში გადაგვამისამართა, წერილობით გვიპასუხეს:_"მარინა სორდიას მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში მან ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია."
მარინა სორდიას თქმით, საჯარო რეესტრს მის საკუთრებაში არსებული მიწის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებაზე ის არ გაუფრთხილებია, მეტიც სორდიამ ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მიწასთან დაკავშირებით პრობლემები მის მეზობლებს შეექმნათ და საკუთარი მიწის საბუთების მოსაკითხად საჯარო რეესტრს მიმართა. ამის შემდეგ, მარინა სორდიამ რეესტრის ზუგდიდის განყოფილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველის აღმოფხვრისთვის შემდეგი დოკუმენტები წარუდგინა: საჯარო რეესტრის მიერვე 2007 წლის 3 სექტემბერს სორდიას საკუთრებაში არსებული მიწის მფლობელობის დამადასტურებელი საბუთი, რესტრის მიერვე დამტკიცებული _ მიწის აზომვითი ნახაზი, რომელსაც თან ერთვოდა ნახაზის ელექტრონული ვერსია, მიღება- ჩაბარების აქტი და ზუგდიდის არქივის ცნობა #393.
_"რეესტრში იტყუებიან: საბუთები და მიწის აზომვის ელექტრონული ვერსია სამჯერ მივუტანე. მითხრეს, რა აზრი აქვს, რაც არ უნდა გქონდეს, ვერაფერს გახდებიო. მეუბნებოდნენ, შენ ყველაზე მეტად დაიჩაგრე სახელმწიფოსგანო. ერთი მიწა ვაჩუქე, იმ პირობით, რომ მეორეს არ წამართმევდნენ, მაგრამ ესეც წამართვეს,"-აცხადებს სორდია.

ეკონომიკის განვითარების სამინისტროს პოზიცია და გასაიდუმლოებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

მოქალაქე მარინა სორდია, სხვა თანასოფლელების მსგავსად, შესაბამისი კომპენსაციის შემთხვევაში, მიწის გასხვისების წინააღმდეგი არ ყოფილა. ამიტომაც შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რატომ არ მოხდა მისთვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის ანაზღაურება და თითქმის სამი თვის განმავლობაში ვცდილობდით გაგვერკვია თუ რა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საფუძვლებით მოხდა ამ მოქალაქეების კერძო საკუთრებაში არსებული მიწის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა.
კითხვებზე პასუხებს ეკონომიკის სამინისტროში, ზუგდიდის საკრებულოში, ანაკლიის გამგეობაში, საჯარო რეესტრში და პროკურატურაში ვეძებდით. ზუგდიდის საკრებულოს ყველა დადგენილება და განკარგულება გამოვითხოვეთ რაც 2008 წლიდან დღემდე ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცემულა, თუმცა, კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივი საფუძველი მათ მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში არ აღმოჩნდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველომ ჩვენი წერილის პასუხად მოგვწერა: “ანაკლიაში, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსულა”.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეს ორაზროვანი პასუხი იმას ადასტურებს, რომ არც სორდიას და არც მის თანასოფლელებს მიწა საკუთარი განცხადების საფუძველზე ნებაყოფლობით არ გადაუცია სახელმწიფოსთვის და მეორე, თუკი ეს ეკონომიკის სამინისტროს პასუხად შეგვიძლია მივიჩნიოთ, გამოდის, რეესტრის მსგავსად, რომელიც მიწის ჩამორთმევის ერთადერთ არგუმენტად მიწების “გადაფარვაში” მოყოლას ასახელებს, მასაც არავითარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, მიწის გადაცემა სახელმწიფოსთვის ოფიციალურად საერთოდ არ მომხდარა.

თუკი მიწის კერძო მესაკუთრეებისთვის წართმევის ფაქტს არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ ადასტურებენ და მეტიც პრობლემას არ კი იცნობენ, მაშინ ჩამორთმევის საფუძველი კიდევ უფრო გაუგებარი ხდება. ანაკლიის გამგებელი დავით ცხადაია კი ამბობს: "მე ამ ხალხის პრობლემების შესახებ ყველაფერი ვიცი, არჩევნები დამთავრდა და ალბათ, დალაგდება პრობლემები, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუმცა ჩემთვის უცნობია ამ ადამიანებს მიეცემათ თუ არა კომპენსაცია ან რაიმე თანხა."

ახალი ანაკლია და ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების უგულებელყოფა

პროექტის მიხედვით ანაკლიაში იახტკლუბი, დაკიდებული ხიდი, ბულვარი, სასტუმროები და ახალი ინფრასტრუქტურა უნდა გაშენდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანაკლიაში 360 მეტრიანი (ანაკლია-განმუხურის შემაერთებელი) ხიდი და ახალგაზრდული ბანაკი უკვე გაიხსნა. ორი სასტუმროს მშენებლობა კი გამალებით მიმდინარეობს. 10-სართულიან სასტუმროს, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია `სანი" აშენებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მათ მიწა სახელმწიფოსგან იყიდეს და საკუთარ სასტუმროს აშენებენ. სახელმწიფოსგან ,,სანის' მიერ ნაყიდი მიწის ნაწილი მარინა სორდიას საკუთრება იყო. თუკი მიწა მართლაც გაიყიდა, რატომ მოხდა ეს მისი ყოფილი მეპატრონის გარეშე ან რატომ არ მიიღო მისმა მფლობელმა შესაბამისი ანაზღაურება? _კითხვაზე პასუხი დღეს არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს.
თორნიკე ბუბუტეიშვილისთვის ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთზე კი, შ.პ.ს. `დაგი" 5-სართულიან სასტუმროს აშენებს, რომელმაც სასტუმრო დამკვეთს მიმდინარე წლის 7 აგვისტოს უნდა ჩააბაროს. გარდა იმისა, რომ `დაგი~ ანაკლიაში სასტუმროს აშენებს, ის საქართველოს მასშტაბით სხვა მნიშვნელოვან პროექტებსაც იგებს. ფოთში დევნილთა სახლების კეთილმოწყობა, ქუთაისში `ტორპედოს" სტადიონისა და ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია სწორედ `დაგის" ანდეს. `ახალი გაზეთის" ჟურნალისტის, მაია მეცხვარიშვილის მასალაში `მილიონები `ნაციონალურ~ ყულაბაში შემოწირულობების ხარჯზე," ვკითხულობთ: `2008 წლის 14 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე, შ.პ.ს. "დაგმა"`ნაციონალურ მოძრაობას" 20 000 ლარი შესწირა; 2007 წლის 21 დეკემბერს კი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ეს ფირმა მმართველ პარტიას 40 000 ლარით შეეწია."

სწორედ ხსენებული `დაგი" ანაკლიის სასტუმროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით აშენებს. შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობისათვის ფული ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.

იურისტ თამარ კორძაიას თქმით, იურიდიულად გამგეობას შეუძლია ააშენოს ასეთი სასტუმრო, თუმცა, ერთ აუცილებელ გარემოებას გამოყოფს: `თუ ეს სასტუმრო დარჩება გამგეობის საკუთრებაში, მაშინ ამ სასტუმროდან შემოსული შემოსავლები უნდა აისახოს ბიუჯეტში, როგორც დამხმარე დამოუკიდებელი შემოსავალი."

_`გამგეობას შეუძლია დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდეს, მაგრამ სასტუმროს ბიზნესი არ არის დამხმარე ეკონომიური საქმიანობა, ეს წმინდა სამეწარმეო საქმიანობაა. ეს ფაქტი არის სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში უხეში ჩარევა და ეწინააღმდეგება ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს და იმ აქტს, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა რამდენმე თვის წინ... ვფიქრობ, რომ გამგეობა აშენების შემდეგ, სასტუმროს გადასცემს ინვესტორს, რომელიც ამუშავებს ამ სასტუმროს და, ალბათ, მოგებას წილობრივად გაიყოფენ,~- გვითხრა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, დავით ნარმანიამ.

იმ ფაქტს, რომ `დაგი" 5-სართულიან სასტუმროს გამგეობის დაკვეთით აშენებს, ჩვენთან საუბარში თავად `დაგის~ დამფუძნებელი, გოგი გულორდავა და ზუგდიდის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თენგიზ ქობალია ადასტურებენ. თუმცა, განსხვავებულად გვიპასუა ანაკლიის გამგებელმა დავით ცხადაიამ. მისი თქმით, `დაგი~ სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. _`სასტუმროს მშენებლობა "დაგს", იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა დაუკვეთეს, რამდენადაც მე ვიცი მშენებლობა აგვისტოს პირველ რიცხვებში უნდა მორჩეს"_გვიდასტურებს გამგებელი, რის შემდეგაც მას `დაგისთვის" გამგეობის მიერ სასტუმროს მშენებლობაზე მიცემულ დაკვეთაზე ვკითხეთ, რაზეც გვპასუხობს _ `არ ვიცი, მე ასე გავიგე იუსტიციის სამინისტრო და შსს აშენებენო." როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ადეიშვილი-მერაბიშვილის მშენებლობაზე ხშირ ვიზიტს მშენებარე სასტუმროს მუშებიც ადასტურებენ. სასტუმროს გახსნას პრეზიდენტი ზუსტად 8 აგვისტოს აპირებს, ანუ რუსეთთან ომის 2 წლის თავზე.
ანაკლიაში სატუმროს მშენებლობაზე დაკვეთის მიცემას არ ადასტურებენ იუსტიციის სამინისტროში, პრესცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა იოსავას განმარტებით _ ,,ის, რომ ვიღაც კონტროლს უწევს სატუმროს მშენებლობას და აქედან გამომდინარე ხშირად უხდება ჩასვლა ადგილზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამკვეთია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ იუსტიცის სამინისტრო ანაკლიაში არანაირ სასტუმროს არ აშენებს". შსს-ს პრესცენტრს პასუხი აქამდე არ გაუცია
კონკრეტულად რა ეკონომიკურ სარგებელს ნახავს ანაკლია "ახალი საკურორტო ზონის" გახსნის შემდეგ, ან რამდენი ადამიანის დასაქმება იგეგმება ანაკლიის პროექტის დასრულების შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის გამგეობაში არ ფლობენ.
   


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტური გამოძიება სამეგრელოში“, რომელსაც აფინანსებს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში –„საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“







 


პაატა ლაგვილავა
23.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That's a sensible answer to a cahlelgnnig question
: It's a joy to find sooemne who can think like that
: So that's the case? Quite a revelaiotn that is.
: 20
: 20
: A few years ago I'd have to pay someone for this ionfrmation.
: I had no idea how to approach this bferoe-now I'm locked and loaded.
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 34 °C + 34 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.