მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
60-წლიანი "პატიმრობა"... სკოლაში!


ბორჯომი. გაზეთ "ბორჯომის" მრავალრიცხოვანი მკითხველი უეჭველად დამეთანხმება, რომ ერთ სკოლაში 60 წლის მანძილზე მუშაობის სტაჟის მქონე პედაგოგი არათუ ბორჯომში, საქართველოშიც იშვიათად მოიძებნება. ბორჯომელებს და განსაკუთრებით სხვადასხვა ასაკის მის ყოფილ მოსწავლეებს გვეამაყება, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ნინო ბასილიშვილი, რომელსაც ახლო მომავალში დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდება, კვლავ მხნედ დააბიჯებს მშობლიური ბორჯომის ქუჩებში...

სოფელ მიტარბში ტყისმცველად გაგზავნილ კარპეზ ბასილიშვილს და მის უკრაინელ მეუღლეს ალექსანდრა (საშა) მარტინენკოს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავდათ. მათ შორის უფროსი იყო ნინო. მისი მომდევნო ძმა - კოტე, გმირულად დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, ხოლო უმცროსი - დავითი, ავტოავარიის ტრაგიკული მსხვერპლი გახდა...

ნინო წაღვერის დაწყებითი სკოლის დამთავრებისთანავე ბორჯომის სანიმუშო სკოლაში (ამჟამად #1 საჯარო სკოლა) აგრძელებს სწავლას. წარჩინებით ამთავრებს 1936-1937 სასწავლო წლის 10 კლასს და სკოლის დირექტორის ვანო ახალკაცის რეკომენდაციით ამავე სკოლაში ინიშნება რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. რუსული ლიტერატურის სიყვარულს უმადლის დედას და ამ საგნის პირველ მასწავლებლებს - ნინო გურამიშვილს და მარიამ ყენიას.

მრავალი მოვლენის მომსწრე ქალბატონი ნინო ბასილიშვილი თბილად იგონებს თავის პირველ მასწავლებლებს - ქართულ ენასა და ლიტერატურაში  ნინო დვალიშვილს, მათემატიკაში - სოფიო ყავრელიშვილს. იგონებს წაღვერში მათი ოჯახის სტუმრებს - იოსებ გრიშაშვილს, მარიჯანს, რეჟისორ დოდო ალექსიძეს, მსახიობებს ლიზა ჩერქეზიშვილს, ვასო გოძიაშვილს და სხვებს...
მეორე მსოფლიო ომის წლებში მოსწავლე თაობას კარგად გვახსოვს ქალბატონ ნინო ბასილიშვილის გაკვეთილები. ეს იყო იმედის, რწმენის, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების დაუვიწყარი წუთები. ეს იყო გაკვეთილი - სპექტაკლი, ნინო მასწავლებლის რეჟისორობით ხორცშესხმული, მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟების გაცოცხლება და გახმოვანება საკლასო ოთახში. ჩვენ, ვითომ მსახიობები, ვცდილობდით ნინო მასწავლებლის კარგი შეფასების დამსახურებას როლების შესრულებისათვის. ბევრი რამ გვაქვს მოსაგონარი სასკოლო ცხოვრებიდან...

- ღვაწლმოსილი ჩემი უფროსი კოლეგა ქალბატონი ნინო ბასილიშვილი განსაკუთრებული ნიჭითა და ენერგიით დაჯილდოებული ადამიანია, - აღნიშნა საუბრისას ინგლისური ენის ცნობილმა პედაგოგმა, ბორჯომის საპატიო მოქალაქემ, ქალბატონმა თამარ ყავრელიშვილმა. - ბორჯომის #1 საშუალო სკოლაში მუშაობის მრავალი წლის მანძილზე ქალბატონი ნინო გამოირჩეოდა სხვადასხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზატორობით. შესანიშნავად მღეროდა, ცეკვავდა, უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, იყო ბევრი ზეიმის სულისჩამდგმელი. სრულყოფილად ფლობდა რუსულ ენას. სკოლიდან მოუწყვეტლად წარჩინებით დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის (ამჟამად სულხან-საბას) პედაგოგიური ინსტიტუტი. იმ პერიოდში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტები აბარებდნენ წერით გამოცდას რუსულ ენაში. ნინო მასწავლებლის მოსწავლეები ამ გამოცდას წარმატებით აბარებდნენ და ეს შეუმჩნეველი არ რჩებოდა. ქალბატონ ნინოს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება, დაჯილდოებულია მთავრობის ჯილდოებით, დიპლომებით, სიგელებით, ორდენებით. ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, გარდაეცვალა მეუღლე, შვილიშვილი ზაზა, სიძე - რეზო ნინიძე, ერთადერთი ვაჟიშვილი - ვახტანგ კუპრაძე, ის კვლავ აგრძელებს პედაგოგიურ ნაყოფიერ მოღვაწეობას ამჟამად სკოლის გარეთ. უანგაროდ ეხმარება ახლობლების შვილებს რუსული ენისა და ლიტერატურის შესწავლაში. მის კოლეგებს გვამხნევებს ქალბატონ ნინოს შესაშური შრომისმოყვარეობა, ენერგია, მეხსიერება, ენთუზიაზმი, მომავლის რწმენა, ოპტიმიზმი. ნინო ბასილიშვილი პედაგოგი - ბერმუხაა, რომელიც ახალგაზრდა კოლეგებს ლამპარივით უნათებს მომავლის გზას, - დასძინა საუბრის დასასრულს ქალბატონმა თამარ ყავრელიშვილმა.

ამ შეფასებას სრულიად ვეთანხმებით და გვსურს დავუმატოთ, რომ ქალბატონი ნინო ბასილიშვილი კვლავ სკოლის ,,პატიმრად~ რჩება.  ახლა უკვე სკოლის გარეთ და როგორც საკუთარ, ისე ახლობლების შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზეც ზრუნავს. ასე რომ, სკოლაში "პატიმრობის" სტაჟი 70 წელს აღემატება და გრძელდება!..

პატივცემული ნინო მასწავლებელი მოუთმენლად ელის გაზეთ "ბორჯომის" ყოველ ახალ ნომერს, რომელშიც საინტერესო რუბრიკით - "ბორჯომელები დედაქალაქში" მისი ქალიშვილის - ივეტა კუპრაძის შინაარსიანი ინტერვიუები იბეჭდება. მასთან ერთად ჩვენც გვახარებს, რომ ქალბატონ ივეტას სახით ნიჭიერი კოლეგა - ჟურნალისტი შემოგვიერთდა...


რობერტ ცუცქირიძე
06.08.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: Alakazaam-information found, problem solved, tahnks!
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 7 °C
ღამით -10 °C -6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.