მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ხატვა მისი სულის ნაწილია

ბორჯომი. ამ ორიოდე კვირის წინ წირვა-ლოცვისას ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში შემოსულმა რამდენიმე პიროვნებამ მიიპყრო მრევლის ყურადღება - სიმპათიურ ჭაბუკს ხელში დიდ, ლამაზ ჩარჩოში ჩაბრძანებული მაცხოვრის ხატი ეჭირა, გვერდით ოჯახის წევრები - დედა, მეუღლე და და ედგნენ...

წირვა-ლოცვა დამთავრდა, ჭაბუკმა თავისი სურვილიც განუცხადა ყველას - უნდოდა ხატი ამ ეკლესიისათვის შეეწირა. იქ მყოფნი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ხატს სათითაოდ ემთხვეოდნენ.

ეს ყმაწვილი კი გურამ გოგოლაძე გახლდათ. ბევრისათვის ეს სახელი და გვარი თითქოს ახალია, არადა ერთი ბორჯომელი, ახალშენელი ახალგაზრდაა. #6 საშუალო სკოლაში სწავლობდა, სწორედ აქ ეზიარა პირველად ხატვის ხელოვნებას, მერე კი რუბენ ვეფხვაძის მოსწავლე გახდა და მხატვრის ფუნჯიც იქიდან დაიხვეწა. სკოლა 2002 წელს დაამთავრა, იმავე წელს გრანტით სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. დღეს მაგისტრატურაში სწავლობს და ამ დარგის უზომო სიყვარულითაა სავსე.
გურამ გოგოლაძესთან საუბარი არავის გაუჭირდება, განათლებული, თავაზიანი ახალგაზრდაა. მისი მეზობელი ვარ და გულწრფელად მიხარია გაზეთის საშუალებით საზოგადოებისათვის მისი წარდგენა.

გურამ, ეს ხატი შენი შთაგონების ნაყოფია თუ ორიგინალიდან გადაწერილი, როგორ დაგებადა მისი ამ ეკლესიისათვის შეწირვის იდეა?

- სამებაში ვიყიდე პატარა ხატი ,,მაცხოვარი ეკლის გვირგვინით~ და იქიდან უფრო დიდი მასშტაბით გადავწერე. ჩარჩოთიც და მინითაც მე დავამშვენე. ეკლესიისათვის ხატის შეწირვის სურვილი კი უფრო ადრე დამებადა, უბნის პატარა ბიჭები ეკლესიის მშენებლებს რომ ვეხმარებოდით, ვფიქრობდი, ხატვა ვიცი და ხომ შეიძლება ჩემს მიერ დაწერილმა ხატმა დაამშვენოს ეს ეკლესია. სამხატვრო აკადემია დავამთავრე და ბავშვობის ეს ოცნებაც ავისრულე. ოჯახის წევრებთან ერთად მოვიტანე ეს ხატი.

გურამ, მალე მაგისტრის წოდებას მიიღებ. წინ ახალ-ახალი ოცნებების ასრულება გელოდება, მაგრამ მანამდე საინტერესოა, სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- რაღაც გამორჩეული მოსწავლე არასოდეს ვყოფილვარ. ფიზიკა-მათემატიკა არ მიყვარდა. ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზი მაგონდება ხოლმე. ხატვას ვიყავი გადაყოლილი და ეთერ აფხაიძე საშემოდგომო გამოცდას მაყოლებდა. იმ დღეებში ის და კლასის ხელმძღვანელი ტასიკო მასწავლებელი სამხატვრო გალერეაში შესულან, სადაც ბავშვთა ნახატებს შორის ჩემი რამდენიმე ნახატიც იყო გამოფენილი. ეთერ მასწავლებელს ჩემი ნახატები მოწონებია და ტასიკო ხაჩიძისათვის უთქვამს, აქედან სკოლაში შეიარე და ამ ბავშვს ორიანი ოთხიანად გადაუსწორეო.

ოცნებებს კი რა დაულევს ადამიანს. მაგისტრატურის ჯგუფელებს გადაწყვეტილი გვაქვს გამოფენა-გაყიდვის მოწყობა და ახლა იმაზე ვმუშაობ. მაგისტრის წოდების მიღების შემდეგ მინდა მუშაობა დავიწყო ლექტორის ასისტენტად, პედაგოგის კურსები გავიარო და უფლება მოვიპოვო აკადემიაში ვასწავლო.

გურამი მშვენიერი, პატიოსანი ოჯახის შვილია. მამა, ვაჟა გოგოლაძე, წლების მანძილზე ავტოსაწარმოში მუშაობდა. დღეს, როგორც ბევრი სხვა ქართველი, იძულებული გახდა საზღვარგარეთიდან დაეხმაროს ოჯახს. დედა - მარინა ამჟამად დიასახლისია. მისმა უფროსმა დამ, ნატომ, სკოლაც წარჩინებით დაამთავრა და უნივერსიტეტიც საბანკო-საფინანსო სპეციალობით.

- მათ ბევრი რამ გამიკეთეს მიზნის მისაღწევად, ამბობს გურამი.

თვითონ კი უკვე დაოჯახდა. მისი მეუღლეც ისეთივე მშვენიერია, როგორც თვითონ და ოჯახის სხვა წევრები...

ზუსტად მეორე დღეს კი, როცა ეკლესიას ხატი შეწირა, ბედნიერ წყვილს ვაჟი შეეძინა, პატარა რატი შეემატა გოგოლაძეების ბედნიერ ოჯახს.

გურამი ოჯახით თბილისში ცხოვრობს, თავისუფალ დროს კი ყველა ერთად ბორჯომში ატარებს.

დიდხანს, დიდხანს იცოცხლოს ამ ოჯახის ყველა წევრმა, ხოლო ხელოვნების სიყვარული, სითბო და ალერსი თაობიდან თაობას გადაეცეს.

ჩვენი ეკლესია კი ამიერიდან 24 წლის მხატვრის მიერ შექმნილი მაცხოვრის ხატითაც მოიწონებს თავს.


იზა სანიკიძე
06.08.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: A piece of erudiiton unlike any other!
: 20
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.