მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სასამართლო დღეს, ხვალ... მძიმე ჭაპანი


ბორჯომი. ამ ორიოდე თვის წინათ, სანამ რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეთა რიგებში გადავინაცვლებდი, ერთ-ერთი სამუშაო კვირის ბოლო დღის მიწურვისთანავე, პროცესებით მოღლილი, სწრაფად დავემშვიდობე ჩემს სანდომიან მდივანსა და კეკლუც თანაშემწეს, გარკვეული მითითებები მივეცი მომავალ კვირაში განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით და თბილისში წამოსასვლელად სწრაფად დავეშვი ბორჯომის გარეუბანში აღმართული, არც თუ ლაზათიანი სასამართლოს ფართე, მაგრამ თავის დროზე უგერგილოდ ნაკეთობის გამო თითქმის ნახევრად დანგრეულ კიბეებზე.

ტრანსპორტისათვის დიდხანს არ მილოდინია. ავტომანქანით გადატვირთულ ტრასაზე, ხელის აწევისთანავე, ფეხებთან გამიჩერდა მგზავრებით გადაჭედილი "მერსედესის" მარკის ცისფერი სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომლის წინა მინაზე დიდი, წითელი ასოებით, შორიდანვე იკითხებოდა "თბილისი".

ტრანსპორტში ასვლისთანავე შუა რიგში მჯდომმა ყმაწვილმა ჯერ მე შემომხედა, მერე, ნახევრადშემობრუნებულმა, ჩანთა-პარკებით ჩახერგილ, ვიწრო "კორიდორს" გადაავლო თვალი, თავაზიანად მითხრა დაბრძანდითო და უკანა რიგში, მგზავრთა მიწევ-მოწევით გამონახულ ადგილზე დაჯდა.

მანქანის დაძვრისთანავე მძღოლმა მაგნიტოფონს აუწია, მაგრამ ვისოცკის ისედაც ჩახლეჩილი ხმა ორიოდე წუთში თითქმის მთლიანად დაფარა მგზავრთა ყაყანმა.

სხვადასხვა ადგილზე მჯდომი სამი შუა ხნის ქალი და ერთიც მათივე ასაკის მამაკაცი ეტყობოდათ, მეზობლები იყვნენ, კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და სანამ მე  მათ დავემგზავრებოდი, მანამდე კარგად შეხურებულიყვნენ რაღაც აზრიანი, თუ უაზრო კამათით.

- ეხლა თოფებზე დაერივნენ! - სიტყვა გადაუგდო ჩემს გვერდით, ფანჯარასთან მჯდომმა, წითელპომადიანმა ქალმა უკან მჯდომ ქალს და სანამ ეს უკანასკნელი რამეს უპასუხებდა, ირონიული ღიმილით ჩაულაპარაკა:

- ქრისტო აიყვანეს გუშინ.

- ვინ ქრისტო, ქალო?!. ინტერესით ჩაეკითხა უკან მჯდომი.

- ჩემი მეზობელი, პაპიძე "გეკო" უნახეს სახლში და...

- ვინ ქალო, ხომ არ გადაირიე, ის მოხუცი კაცი?..

- ოთხმოცდახუთისაა, - შთამბეჭდავად დაუდასტურა წითელპომადიანმა.

- მერე, ქალო!

- მერე ისა, ლიზიკო, რომ არჩევნების საშეღავათო დღეები დიდი ხანია დამთავრდა და...  ჩაერია უკანა რიგის მარჯვენა კუთხეში მჯდომი მამაკაცი.

- რა შუაშია არჩევნები ხალხო, იმ მოხუცი კაცის დაჭერა შეიძლება?! - შეიცხადა ლიზიკომ.

- რის მოხუცი, რა მოხუცი, სულს ამოგხდიან თუ უნდათ, - აგრესიული ტონი გაურია მამაკაცმა, ნერვიულად მოისრისა თითები - აგერ რას უშვრებიან ჩემს ცოლის ძმას, ერთი საშეშე ხის მოჭრისთვის პასუხისგებაში მისცეს კაცი, ნერვიულობისგან შაქარმა აუწია, რა ვქნა, ადვოკატზე გადასახდელ ფულიანად, შვიდი ათასი უნდა ვიშოვო, საიდან, რითაო. ინერვიულა და ეგე, ხუთი დღეა კარდიოლოგიურში წევს, ახლაც იქ მივდივარ, არ ვიცი როგორ იქნება.

- ჰო ო ო, სხვათა შორის იმ უბედური ქრისტოსთვისაც ფული მოეთხოვათ, შოთავ, საპროცესოსთვისო, - მამაკაცს გამოეპასუხა წითელპომადიანი. თუმცა მანამ, წინა რიგებიდან, აქამდე ჩუმად მჯდომმა ბერიკაცმა გაკენწლა, შენ ცოლისძმა ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს, მაგრამ თითო ხის მოჭრით არის ტყე ისე გავერანებული, რომ ნადირი აღარ ჩერდება და ჩიტებს ბუდე ვეღარ გაუკეთებიაო.

შოთამ არაფერი უპასუხა ,,არამკითხეს~, ამრეზით გახედა და რაღაც ჩაიბუტბუტა.

- საპროცესო რაღა ჯანდაბაა, სასამართლომ არ უნდა განიხილოს საქმე? - ყველა თანამოსაუბრის გასაგონად იკითხა ლიზიკომ.

- პროკურატურა... პროკურატურა... დღეს ყველაფერი მაგათ ხელშია, კანონიც და სამართალიც... - ენა უფრო გაიმწარა შოთამ.

- "ოხ-ო-ხო-ხო!" - გამოჯავრებით ჩაილაპარაკა ბერიკაცმა, წამოჭარხლებულ სახეზე ეტყობოდა, რომ არ სიამოვნებდა შოთას გაბოროტებული ქაქანი.

- კი, მაგრამ სასამართლო... პროკურატურამ ხომ სასამართლოს უნდა გადასცეს საქმე? - არ მოეშვა შოთას ლიზიკო.

- სასამართლოს ვინ რას ეკითხება, პროკურატურაა დღეს ყველაფერი, მოსამართლეები დამონებული ჰყავთ პროკურორებს, რასაც პროკურორი იტყვის, მოსამართლეც იმას აკეთებს, კაი დედის შვილია, არ გააკეთოს, აუკრავენ კიდეც გუდა-ნაბადსა, - თავისებურად ჩაუფილოსოფოსა შოთამ ლიზას და აწრიპინებულ მობილურში გადაიტანა საუბარი.

ერთი ხანობა ვიფიქრე, რომელიმემ ხომ არ მიცნო და შეგნებულად ხომ არ ააბეს ჩემი და ჩემი პროფესიის მონათესავე სამსახურების გალანძღვა-გათათხვა-მეთქი, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ არ იყო ამდაგვარი ეჭვის საფუძველი.

ორსაათიანი მგზავრობისას მხოლოდ პოლიცია-პროკურატურის ზღვარს გადაცილებული უკანონობისა და მოსამართლეთა უსუსურობის შესახებ მესმოდა, არ ვიცი საფუძვლიან თუ უსაფუძვლოდ განაწყენებულ პირთა ღვარძლიანი ლაპარაკი და მთელი საღამო ვერ მოვიცილე ფიქრები: რა ხდება, რატომ არის ხალხში ასეთი უარყოფითი აზრი სასამართლოზე, რატომ ვაძლევთ მავანსა და მავანს ამის საფუძველს?

უცნაურად დაემთხვა და იმავე საღამოს ტელევიზიით გამოსვლისას, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტიურმა წევრმა მთლად მაქსიმუმადე აიყვანა ჩემი გაღიზიანება, როცა ხელისუფლებაზე უკმაყოფილო საუბრისას, სასამართლო, "დაჩმორებულ", უსუსურ ორგანიზაციად მოიხსენია.

ოპოზიციონერის უარგუმენტო მოძღვრებამ უფრო დამიმძიმა ავტობუსშივე დამძიმებული გული, სასამართლოზე და მოსამართლეებზე ქილიკი დიდი ხანია მესმის, მაგრამ ისე, როგორც იმ საღამოს, არასოდეს ჩავუფიქრებივარ ჩვენზე, მოსამართლეებზე გახშირებულ ლანძღვა-გინებას.

არა, მართლაც რომ უმადურია მოსამართლის პროფესიული საქმიანობა. გარდა თვითონ მოსამართლისა, ვინ იცის რა საფიქრალი და ნერვების წყვეტაა თითოეული განსახილველი საქმე.

"არც ერთი საქმე უბრალო არ არის", - გამახსენდა ყმაწვილობისას ერთ-ერთი მხცოვანი კოლეგის დარიგება და მართლაც, თითოეული საქმის უკან ხომ ადამიანი დგას, საქმისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ შეიძლება უზარმაზარი ზიანი მიაყენოს მის ქონებრივ, მორალურ თუU ფიზიკურ მდგომარეობას.

მძიმე ჭაპანია მოსამართლეობა, მაგრამ უფრო მძიმე და გულსატკენია მოსამართლის შრომის დაუნახაობაც.

პატიოსნება, კანონიერება და  სამართლიანობა, - აი, ძირითადი თვისებები, რითაც ჩანს და ფასდება მოსამართლე.

სწორად გვიჭირავს თემიდას სასწორი? აქვს საფუძველი მავანსა და მავანს ჩვენი საყვედურისთვის?

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემს მრავალწლიან სასამართლო პრაქტიკაში ამის საფუძველი არც გაგანია კომუნისტობისას მიმიცია ვინმესთვის, არც "ზვიადიზმის", არც მისი შემდგომი პერიოდისას და არც ახლა - "ვარდების ყვავილობისას".

სასმართლოში პროკურატურიდან მოსულმა კარგად ვიცი პროკურორთან მუშაობის სპეციფიკა, საკმაოდ გარკვეული ვარ ადვოკატთა როლსა და მნიშვნელობაში და, ალბათ, არ მიწყენენ მეგობრები აღნიშნული სამსახურებიდან, თამამად განვაცხადებ: ბრმად რომ დავთანხმდეთ პროკურორისა თუ ადვოკატის ყველა მოთხოვნას, მაშინ მართლმსაჯულების ნატამალსაც კი ვერ მივიღებდით სასამართლოსგან.

რატომ? იმიტომ, რომ კანონი პროკურორს ავალებს ბრალდებაზე მხარდაჭერას, ხოლო ადვოკატს - პროკურორისაგან დადანაშაულების დაცვას.

ასეთ შემთხვევაში, მტყუან-მართლის გასარჩევად აუცილებელია მესამე ნეიტრალური რგოლი, ხოლო ასეთი კი მხოლოდ სასამართლოა.

დიახ, მოსამართლეს ის ერთადერთი გამოკვეთილი ფიგურა, ვის მრავალგზის აწონილ-დაწონილ, უტყუარ მტკიცებულებებზე შექმნილი რწმენით დამძიმებული ბოლო და გადამწყვეტ, სამართლიან სიტყვას იმედიანად ელოდება ერთის მხრივ ბრალდებულად შერაცხული და მეორეს მხრივ, ამა თუ იმ უკეთური ქმედებით ეკონომიკურად განადგურებული, თუ პატივ-ღირსება შელახული დაზარალებული.

ასეთ შემთხვევაში კი, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რამხელა საპასუხისმგებლო დატვირთვა აქვს მოსამართლის საბოლოოო ვერდიქტს, რომელიც ვერ იგუებს ვერც სიტყვა "შეცდომას" და ვერც "ზერელობას".

ამ წერილის წერისას, თავისთავად წამოტივტივდა ბოლო ხანებში ჩემს მიერ განხილული ზოგიერთი საქმის დეტალები და ისე, ყოველი შემთხვევისათვის, სასამართლოს კანცელარიაში გასული წლის სტსტისტიკურ ჩანაწერებსაც გადავავლე თვალი.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, პროკურორისგან პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თითქმის ყოველი მესამე შუამდგომლობა არ დამიკმაყოფილებია. იმავე პერიოდში მომიხდა სამტრედიელი ვეფხია მეგენეიშვილის გასამართლება, რომელსაც მძიმე დანაშაულში - არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებოდა ბრალი. ახალგაზრდა პროკურორმა ომახიანად მოითხოვა მისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, მაგრამ უკვე ოთხი თვის პატიმარს საკნის კარი გავუღე და გამართლებულის სტატუსით სხდომის დარბაზიდანვე გავუშვი მონატრებულ ცოლ-შვილთან.

სასამართლოსგან მტკიცებულებათა სამართლიანი შეფასების გამოა, რომ დღეს უკვე ამაყად დადის ბორჯომის მიწაზე იმავე რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე იზო ლომიძე, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ თაღლითის, ყალბი დოკუმენტების შემდგენლისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩამდენის იარლიყაფარებული, "რკინის ქალამნებჩაცმული" იბრძოდა სიმართლის დასამტკიცებლად.

სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დადანაშაულებული ქვრივი ქალის, ორი შვილის დედის მიმართ, ისეთი მგზნებარებით მოითხოვა პროკურორმა თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, ერთი შეხედვით გეგონებოდათ ქვეყნის დამაქცევარი, განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი ჰყავდა საზოგადოებისაგან დროულად მოსაცილებელი. ფაქტობრივად კი, აფხაზეთის პროკურატურისაგან არასრულყოფილად გამოძიებული საქმის მასალების სასამართლო პროცესზე განხილვის შემდეგ, საპნის ბუშტივით გასკდა წინასწარი გამოძიებისაგან შეკოწიწებული ბრალდება და სასამართლოსგანვე გამართლებულმა, ერთ პერიოდში სამართალდამცავთა უსულგულობით, გულგატეხილმა მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის საკომპენსაციოდ გარკვეული თანხაც კი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ალბათ, დიდხანს გაჰყვება წინასწარგამოძიებაზე უსიამოვნო მოგონებები სოფელ ციხისჯვრის საკრებულოს ყოფილ გამგებელ ლევან ამბარცუმოვს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებაში ედებოდა ბრალი, მაგრამ მისი ბრალდების სასამართლო პროცესზე სწორად, გულდასმით შესწავლა-განხილვამ განაპირობა პროკურორის მოთხოვნითვე საქმის ჯერ წინასწარ გამოძიებაში დაბრუნება და შემდეგ მისი წარმოების შეწყვეტა.

ამგვარი, უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, როგორც ჩემი, ისე ჩემი კოლეგების სასამართლო პრაქტიკიდან, მაგრამ ეს ორიოდე ფაქტიც საკმარისია იმისათვის, რომ გაბედულად გითხრათ, რომ უცნობო თანამგზავრებო და პოზიცია-ოპოზიციის ზოგიერთო ურწმუნო წარმომადგენლებო, რომ არც ისეა საქმე, თქვენ რომ გგონიათ.

აბა, აწყობილი გქონია სასამართლოებში საქმე და რაღა გვიჭირსო, ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკებს მავანი. წამოგვაყვედრებს საპროცესო კანონმდებლობაში ჯერ კიდევ დასახვეწ-დასაზუტებელი ნორმებისა თუ ზოგიერთი ,,დაუღვინებელი~ მოსამართლის აჩქარებით მიღებული გადაწყვეტილებებით ჩავარდნილი სასამართლო პროცესების ფაქტებს და უკუღმა უჩვენებს საერთოდ სასამართლოთა წაღმა ნაკეთებ საქმეს.

რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ცხოვრების როგორც სხვა სფეროში, ისე სასამართლო სისტემაშიც არის ბევრი რამ შესაცვლელი და გამოსასწორებელი.

გარკვეულწილად თვითონ მოქმედი კანონიც ზღუდავს ან ხელს უწყობს სამართლიანი მოსამართლის სახის წარმოჩენას და ალბათ ამიტომაც არის, რომ ამ ბოლო პერიოდში კანონმდებლები უფრო აქტიურად ამუშავდნენ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მისაღებად, რომელიც ძირეულად ცვლის დღემდე მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას.

კომუნისტობის პერიოდიდან მოქმედი მოსამართლე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი მოსამართლეთათვის ისეთი სამუUშაო პირობების შექმნას, როგორიც დღეს აქვთ კანონგამტარებ;ებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არც მათი სოციალური გარანტიებია დავიწყებული. ერთი სიტყვით, სასამართლო რეფორმა ჯერ კიდევ დუღილის პერიოდშია. ამ ცოტა ხანში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტიც ამოქმედდება და მაშინ ხომ უშუალოდ ხალხმა უნდა გაახუროს მართლმსაჯულების ქურა და მანვე გამოაცხოს კანონითა და სამართლიანობით შეზავებული ვერდიქტი.


როლანდ ვარაზაშვილი, იურისტი (რეზერვის მოსამართლე)
05.11.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: მაშინ გამომძიებლებიც უსჯიდნენ?...
: გეთანხმები. ვინ იცის, იქნებ მეტის ღირსი იყო მამამისი
: დაბოღმილი ვიღაცაა...
: ჩემო უცნობო ალბათ ქალბატონო, ძალიან სამწუხაროა, რომ მშობლები ადრე გარდაგცვლიათ და გითანაგრძნობთ, მაგრამ ერთმა გარემოებამ ჩამაფიქრა: მაგ წლებში სასამართლოში მსაჯულად მიხდებოდა ყოფნა და როლანდ ვარაზაშვილს ვიცნობდი და ვიცნობ როგორც ერთ-ერთ სამართლიან პროკურორსა და მოსამართლეს. იქნებ აგვიხსნათ: რისთვის გასამართლდა მამათქვენი, რომ 9 წლით დასაჯეს, რა ჩაიდინა და რაში ადანაშაულებთ ვარაზაშვილს.
: რამდენი დაბოღმილი ადამიანია ამქვეყნად,რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რა სიბინძურის წიაღსი არიან დაბადებულ-გაზრდილნი.აბა ამატ გულს რომელი იურისტი მოიგებს. მაგატ თავიანტი გარეწარი მშობელი ანგელოზები ჰგონიათ და ასე ილანძრებიან. სეუნდოთ უფალმა.
: ახლა შემთხვევით გადავაწყდი ამ წერილს, ეს როლანდ ვარაზაშვილი ის პიროვნებაა რომელიც1981წ-ს გამომძიებლად მუშაობდა და თავისი კარიერა ისეთი ცოდვით დაიწყო არც მეგონა რომ ამ ქვეყნად კიდე არსებობდა , მაგრამ ასეთი გარეწრები ღმერთს არ უნდა და ჯოჯოხეთსაც ალბათ კიდევ მეტი დამძიმებით სურს მისი მიღება, ეს ის არსებაა რომელმაც ერთი ხელის მოსმით ფულის გულისათვის გადაწყვიტა ერთი მშრომელი ოჯახის ბედი, მამა დამიპატიმრა და 9 წელი მიუსაჯა, დედას მძიმე შრომა დააწვა იმისათვის რომ 3 შვილი გაეზარდა , და მადლობა უფალს სამივე ადამიანებად დაგვზარდა , დედა ამ მძიმე შრომამ და ნერვიულობამ შეიწირა და 53 წლის ასაკსი გარდაიცვალა, მამა ამ ცხოვრების მერე დაავადდა და 63 წლის ასაკსი ინსულტით გრდაიცვალა, აი ასეთი გარეწარი დადის ამ ქვეყნად და ცოდვას ეტყობა ცოდვაზე აგროვებს, თვითონ კი იცის თავისი იმ ქვეყნიური სასჯელი მაგრამ თავის შთამომავლობას რას ერჩის? ისინი ხომ თუნდაც ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებენ? ამ არსებამ ჩემი ყველაზე ლამაზი ასაკი გამიმწარა და დამანევროზა. ვწერ და არ ვიცი ამას ვინმე თუ წაიკითხავს მაგრამ რაღაცნაირად გულზე მომეშვა , მინდა იცოდეს, ყოველ აღდგომას როცა ჩემი მშობლების საფლავზე გავდივარ როლანდ ვარაზაშვილო ჩემგან დამოუკიდებლად ხარ დაწყევლილი.....
: You're the one with the brains here. I'm wtaicnhg for your posts.
: 20
: Shiver me tibemrs, them's some great information.
: აქაც არ ხართ ბატონო როლანდ გულწრფეი. თქვენ არც პატიოსანი ხართ არც კანონის დამცველი და არც სამართლიანი,რაც ესოდენ ჭირდება მოსამართლეს. მოვა დრო და თქვენც წარდგებით სასამართლოს წინაშე და იმასაც ვნახავთ როგორ დაიცავ თავს.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 30 °C + 31 °C
ღამით + 8 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.