მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ხმელ ხეებს მოჭრიან... თოვლი რომ მოვა
მხოლოდ ასეთი დასკვნის გამოტანა შევძელი, როცა კიდევ ერთხელ ვესაუბრე ცნობილ მეცნიერ-მეტყევეებს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელ მუშაკებს.
გასულ კვირას ბორჯომის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა შესანიშნავი პრეზენტაცია გამართეს ბორჯომში ეკოტურიზმის განვითარების საკითხებზე.
ცნობილმა მეცნიერებმა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ნანა გოგინაშვილმა, ამავე ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსმა, დოქტორმა ბატონმა არჩილ სუპატაშვილმა და ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა სამეცნიერო დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ბატონმა იორამ თარხან-მოურავმა მეტად შთამბეჭდავად ისაუბრეს ბორჯომის ხეობის უნიკალური ბუნების შესახებ და იმ პერსპექტივებზე, რომლებიც დიდიხანია ცნობილია და ეს რეგიონი დღემდე გამოუყენებელია ეკოტურიზმის განვითარებისათვის, რაც სერიოზულ შემოსავალს მისცემდა აქაურ მოსახლეობასაც და მნიშვნელოვნად გაზრდიდა ბორჯომის საკურორტო პოტენციალს.
მეცნიერებს თავიანთი პროექტის ფარგლებში ამომწურავი პასუხის გაცემა მოუწიათ მრავალრიცხოვან კითხვებზე და დამსწრე საზოგადოება კმაყოფილიც დარჩა პროექტში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით.
აქ შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა აღნიშნული ინფორმაციისათვის, მაგრამ პირადად მე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამეუფლა, როცა მეცნიერებს ვკითხე: ბორჯომში, კერძოდ, პლატოზე ხმელი ხეები თუ დროულად არ მოიჭრება, ადრე გაზაფხულზე შიგ ჩაბუდებული მავნე მწერები კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებენ ჩვენს ბუნებას და სანამ დაავადების კერა არ აღმოიფხვრება, მეეჭვება და წარმოუდგენელია თქვენი პროექტის პრაქტიკულად განხორციელება.
მეცნიერები კი დაეთანხმნენ ჩემს და ამ საკითხთან დაკავშირებულ ქალბატონ ნანა ხაჩიძის, ბატონ სტეფანე გაბრიელიძის შეხედულებებს, მაგრამ ხმელი ხეების მოჭრის თაობაზე ზოგადად განაცხადეს, მათი მოჭრა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, თუმცა დაგვაიმედეს, სატყეო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხმელი ხეების მოჭრა მალე დაიწყებაო.
იმედით აღსავსე წამოვედი ამ მეტად საინტერესო შეხვედრიდან და რედაქციაში მისვლამდე გზად ტყის საკითხებში კიდევ ერთ კომპეტენტურ პიროვნებას, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროს მეტყევეს ლევან ნოზაძეს შევხვდი. კვლავ ხმელი ხეების მოჭრაზე, მის მავნეობაზე ჩამოვუგდე საუბარი.
_ დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელობამ როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება, პლატოზე დავნომროთ ხმელი ხეები, _ მითხრა ლევანმა.
აგაშენა ღმერთმა. კარგია, რომ დეპარტამენტში მიხვდნენ ხეები მოსაჭრელი რომაა და დაავადების გავრცელების უპირველეს კერას წარმოადგენენ-მეთქი.
_ დიახ, დავალება უკვე მივიღეთ და ამ დღეებში დავიწყებთ დაავადებული ხეების დანომვრას.
როდიდან იწყებთ მოჭრას, კვლავ ჩავეკითხე ლევანს.
_ ჩვენ გვევალება დანომვრა, მოჭრის არავითარი საშუალება არ გაგვაჩნია, _ მითხრა ლევანმა.
აბა, ვინ უნდა მოჭრას ხეები?
_ შეშის მსურველებს ტყეში ვერ შევუშვებთ, წერილობით მივმართავთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც გამოაცხადებს ტენდერს ხეების მოჭრაზე, გამოვლინდება გამარჯვებული ორგანიზაცია და ისინი მოჭრიან, დაასაწყობებენ შეშას და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებენ.
კი მაგრამ, როდიდან დაიწყება ეს პროცესი?
_ ბორჯომში უკვე აცივდა, მოსახლეობა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველები, შეშის გარეშე არიან. სანამ დეპარტამენტი ხმელ ხეებს დანომრავს, სამმართველო გამგეობას წერილს მისწერს, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდება, მოჭრილი შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებამდე მივა, დიდი დრო გავა, ზამთარი კარზეა მომდგარი... გიფიქრიათ ამ პრობლემაზე თუ არა, _ კვლავ ვკითხე ლევანს.
_ რა ვქნა, ჩვენ რაც შეგვიძლია, ვმუშაობთ, დღედაღამე ტყეში ვართ, ხეს ჩვენ ვერ მოვჭრით, ჩვენ ამის არავითარი საშუალება არ გვაქვს, _ ხელები გაშალა ლევანმა და გამომემშვიდობა.
ზამთრისათვის სოციალურად დაუცველთა შეშით მომარაგება უკვე მერამდენედ, ისევ გამგეობის საზრუნავი გახდა, ვინძლო პრობლემას თავს გაართმევენ და ოპერატიულად დაიწყებენ პლატოზე ხეების მოჭრა-გამოტანას. 

ვალერიან ლომიძე
16.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 15 °C + 14 °C
ღამით -2 °C -1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.