მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ქალბატონი სიმშვიდეში
ჩემი მოლოდინები

მივიჩქარი, როგორც ყოველთვის, როცა რესპოდენტთან აუდიენციაზე მივდივარ, გული ხშირად მიცემს, თავში საუბრის თემებს ვალაგებ, მერე მახსენდება, რომ უკვე ახლოს ვარ და ღრმად ჩავისუნთქავ. იმედი მაქვს, რომ საუბარი იქნება მშვიდი, სასიამოვნო, ნოსტალგიური.
ქუჩაშივე შემეგება და სახლში შემიძღვა. რომ იტყვიან, საბაბს ვეძებდი ამ კდემამოსილ ქალბატონთან შესახვედრად და რედაქტორმაც არ დააყოვნა: გადმომცა საქართვეელოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავჯდომარის დავით ოქიტაშვილის მადლობის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ,,პროფკავშირულ მუშაობაში შეტანილი აქტიური მონაწილეობისთვის პროფლიდერის წოდება მიენიჭოს ქალბატონ იზოლდა გუგუბერიძეს~, თან დასძინა: უნდა მოვეფეროთ ასეთ ბორჯომელსო. მინდოდა დავალება რაც შეიძლება მალე შემესრულებინა...

სახლი _  შინაგანი სამყარო
თუ ფსიქოლოგიასთან მწყრალად არ ხარ, ადვილი შესამჩნევია ადამიანის ხასიათი, გემოვნება, დამოკიდებულებებიც კი. ვიზუალურად ადამიანს ყოველთვის ეტყობა, როგორი შინაგანი სამყარო აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მახსენდება სიმყუდროვე, სიჩუმე. გარინდულან მაღალ ჭერს აპყრობილი ნივთები, მყუდროებას მხოლოდ ქალბატონის ნაბიჯების ხმა არღვევს. მთხოვს, რომ ქალბატონოთი არ მივმართო და მივიღო, როგორც ახლობელი... მზრუნველობის სურვილი ვიგრძენი... თბილი... ყველაფერი: მაგიდა, დივანი, სკამები, ჟურნალები, საათი ოდნავ მიტოვებული მეჩვენა...

მშობლები
კედელზე შესვლისთანავე შევნიშნე სახელოვანი, პატივსაცემი მამის პორტრეტი. სამსონ გუგუბერიძე _ მრავალი წელი თანამდებობებზე იყო, ღირსეული ბორჯომელი. დედა _ ელენე _ საოცრად მზრუნველი, მიზანსწრაფული, ინტელექტით სავსე... ,,სამაგალითო ცოლ-ქმრობა ჰქონდათ. მამის სიკეთე ხშირად დამხვედრია წინ. ფეხბურთი განსაკუთრებით უყვარდა და ჩვენც _ მეც და ჩემს ძმასაც სპორტულ გარემოში გვამყოფებდა. დღემდე მიყვარს სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიყვარდა ეკლესიაში სიარული, რომელიც მაშინ ასე იშვიათი სურვილი იყო. დედა ამის გამო ცრუმორწმუნეს მეძახდა. ყოველ წელს წმ. ნინოს გზაზე მსვლელობაში მონაწილეები ჩემთან შეისვენებენ ხოლმე, წმინდა ნინოს ხატი როცა ჩვენთან ბრძანდება, დიდი მადლი გადმოდის ჩვენს ოჯახზე.

სწავლის წლები და კარიერა
პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პირველკურსელს სთხოვენ დახმარებას საბუთების მოწესრიგებაში და სტუდენტიც უარს არ ამბობს. დღემდე უბადლოდ იცის საბუთებთან, დოკუმენტაციასთან ურთიერთობა. 1986 წელს უკვე არც თუ ისე ურიგო თანამდებობაზე გვევლინება. ამბობს: _ ,,შრომატევადი სამუშაო თვითონ მომძებნიდა-ხოლმეო. ვინმე თუ შვებულებაში გავიდოდა, მის საქმესაც ჩვეულებრივად ვაკეთებდი. გიკვირთ ხომ? მაშინ კომპიუტერის გარეშე ვადგენდი ჩემეულ სქემებს, ცხრილებს. მეკითხებით, რა შემძინა ,,პროფლიდერის~ წოდებამ? ჩვენს რაიონულ პროფკავშირში გაერთიანებულია საბავშვო ბაღები, თოჯინების თეატრი, სამუსიკო სკოლა. პატარ-პატარა დაზოგილი თანხებით ვახერხებ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ექსკურსია მოვუწყო მათ. დიდი საშუალებები ჩვენ არ გვეძლევა, მაგრამ რასაც მავალებენ, ვცდილობ, კარგად გავაკეთო. ბატონი დავითისაგან ეს ყურადღება ძალიან დასაფასებელია.~ ჩემს მასპინძელ ქალბატონს ასე ახასიათებენ: ლამის 28 წელია მუდამ მუხლჩაუხრელად შრომობს და რუდუნებით ფუსფუსებს თავის საქაღალდეში, და არა ისე, როგორც დღეს ნაადრევი ამბიცია რომ შეპყრობიათ ახალგაზრდებს... სამსახურის საქმე მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია; სევდანარევად დასძენს: _ ,,ხანდახან ვფიქრობ, საჭიროა იყო სხვანაირი _ ბრძენმა სთქვა: ,,ხმა ამოიღე, რომ დაგინახონ!~

პირადი
მისი სილამაზე და შარმი შეუნიშნავი არასდროს დარჩენილა, უბრალოდ, ასე მოხდა... ღიმილით იწყებს საუბარს ამ თემაზე: _ ,,მიკვირდა ქუჩაში რომ მიყურებდნენ, თურმე... ამაზე მაშინ ფიქრიც არ შემეძლო, ვერ ვხვდებოდი, რომ აუცილებელი იყო ოჯახი შემექმნა. სტუდენტობის დროს ჩემს კურსზე მშვენიერი ვაჟკაცები სწავლობდნენ, დღეს ყველა მათგანი წარმატებული პიროვნებაა. აზრად არ მომსვლია აქტიურობა გამომეჩინა, ჩვენ ძალიან მეგობრული კურსი ვიყავით. რომ გავიგებდი ვინმეს სიმპატია ჰქონდა, დანახვისთანავე სხვა ქუჩით ვარჩევდი წასვლას. სხვა მოწიწება იყო, სხვა პრინციპები... დღეს? ვნანობ, როგორ არა. მეც შემეძლო მქონოდა ოჯახი... მომავალი. ამაზე საუბარი გვიანია.~ (იცინის).

ზღვა...

მონატრებია შორეული ზღვისპირეთი... ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი. იხსენებს იქ სტუმრობას: _ მახსოვს, ერთხელ მატარებლით უნდა ჩავსულიყავით, გამოვაცხვე დიდი, უზარმაზარი ტორტი. ბაქანზე რომ ავედი, ალბათ, ფიქრობდნენ, ამხელა გზაზე ტორტი რა წასაღებიო. საოცრად მიგვიღეს და ორთვიან პრაქტიკაზე საუკეთესო ადგილას _ ბიჭვინთაში გაგვანაწილეს... შესანიშნავი დრო იყო, ულამაზესი მხარე... ომის შემდეგ, 20 წლის წინ ბორჯომში ჩამოსულ დევნილთაგან ერთ-ერთ ქალს გადავეყარე. სკამზე იჯდა და გულამოსკვნით ტიროდა. გამოვეცნაურე, ,,მთის ხეობას~ ეძებდა, გზა ვაჩვენე, გიჟივით მოვვარდი სახლში, მოვკრიფე რაც ხელში მომხვდა: თეთრეული, პირსახოცი, ჭურჭელი და მივუტანე. კარგა ხანი სტრესის ქვეშ იყო. მას მერე არ მინახავს. ამას წინათ კი, თვითონ მიცნო, გადამეხვია და ჩამიხუტა. თქვენ ხომ ის ბრძანდებით, ხელი რომ გამიმართეთ ავბედით დღეს. მობერებულა, თვალებში კი ისევ სჯეროდა, რომ გემით აფხაზეთში დაბრუნდება...~


საინტერესო მკითხველი
წიგნი მისთვის ძალიან ახლობელია. _ ,,გამოვარჩევდი ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხიას~. რატომღაც ძალიან მიყვარდა შალვა დადიანის მოთხრობების კითხვა. უცხოელი ავტორებიდან გამოვკვეთავდი სტენდალს, მერიმეს, დიუმას. ცნობილი ბორჯომელებისაგან აღნიშვნის ღირსია ისტორიკოსი გიორგი ზედგენიძე, რომელსაც არაჩვეულებრივი რომანი აქვს ,,დედის ტაძარი~. წიგნის კითხვის გარდა სხვა ჰობი თუ მაქვს? ლამაზად წერა მიყვარს და რა ვქნა, ხატვა ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს~...

საყვარელ ქალაქზე
მასპინძელს აფორიაქება შევამჩნიე, გასული წლების ნოსტალგია აშკარა იყო. ,,ბორჯომი ყოველთვის იყო ცნობილი პიროვნებებისთვის დასვენების ქალაქი... ჩამოდიოდნენ რეჟისორები, ხშირად გვსტუმრობდა ანსაბლი ,,ივერია~. ჩვენი პატარა კურორტი საშუალებას აძლევდა ყველას თან დაესვენათ, თან შემოქმედებითი სიმდიდრე წარმოედგინათ ბორჯომელებისთვის. მიხარია, როცა ახალგაზრდები ენთუზიაზმით ცდილობენ გაამრავლფეროვნონ ბორჯომში კულტურული ცხოვრება, მაგრამ აქვე არ შემიძლია, არ ვთქვა, რაც ძალიან გვაკლია და არ გვაქვს, _ ახალგაზრდებს მოსმენის კულტურას ვუსურვებდი. სპექტაკლის დროს წამდაუწუმ დარბაზიდან გასვლა-შემოსვლა, უადგილო დროს ტაშის ხმა. ამას ყველაფერს ნელ-ნელა დახვეწა სჭირდება.~

დამშვიდობება...
წამოსვლის დრო შემომპარვია... ეს დღე მეყოფა კარგა ხანს და როცა სიმშვიდეზე ვიფიქრებ, მეხსირებაში ამომიტივტივდება... ჩვენ სევდაზეც ვისაუბრეთ, ურომლისოდაც ქალი წარმოუდგენელია, სწრაფმავალ ასაკზეც _ აქვე გაგანდობთ, რომ ქალბატონს იზოს სულ მალე დაბადების დღე აქვს, ვულოცავთ მას საუკეთესო სურვილებით.
თბილი მზერა გამომაყოლა, სანამ თვალს არ მოვეფარე, თან დიდი ცნობისმოყვარეობა ერთადერთი კითხვით: ,,ნეტა როგორ დაწერს?~.

მონიკა ჭანტურია
11.07.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: This post has helped me think things thourgh
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 21 °C + 22 °C
ღამით + 2 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.