მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
”ასე ვიცხოვრე დღემდე და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია...”


"ხალხის გაზეთი”. 2009 წლის 27 ივლისს პროფესორს, ისტორიკოსს და მკვლევარს, ბ-ნ ელდარ მამისთვალაშვილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. მას დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული კვლევა აქვს განხორციელებული, გამოცემული აქვს ნაშრომები და წიგნები, გორის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს ისტორიაში. როგორც თავად აცხადებს, საკუთარი განვლილი ცხოვრებით კმაყოფილია.
 
ელდარ მიხეილის ძე მამისთვალაშვილი - დაიბადა 1939 წლის 27 ივლისს ქ. გორში, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1985).
1972 წლიდან მუშაობს გორის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, 1985-1986 წლებში იყო პედაგოგიკის კათედრის გამგე, 1990 წლიდან - საქართველოს და მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე. ე. მამისთვალაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

გამოცემული აქვს მონოგრაფიები:

1. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში (ევროპული წყაროების მიხედვით), ”მეცნიერება,” თბ., 1981 (ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე).

2. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ. იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალაშვილმა., ”მეცნიერება,” თბ. 1981.

3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები. 1577-1581. იტალიურიდან თარგმნა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალაშვილმა, ”მეცნიერება,” თბ., 1987.

4. რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შესახებ. ესპანურიდან თარგმნა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალაშვილმა, ”მეცნიერება,” თბ., 1992.

5. გორის ისტორია, I (1801 წლამდე), ”მეცნიერება,” თბ.,

6. ქართველ ებრაელთა ისტორია (ანტიკური და ფეოდალიზმის ხანა), ”მეცნიერება,” თბ., 1995 (ვრცელი რეზიუმე გერმანულ ენაზე).

7. ამილახვრები. გორი, გამომცემლობა ”ქართლი,” 1996.

8. ქართველები და ბიბლიური სამყარო, გამომცემლობა ”ქართლი,” გორი, 1998.

9. გორის ისტორია, II (1801-1921), ”ქართლი,” გორი, 1999.

10. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია (ქართული პერიოდი), გამომცემლობა ”ქართლი,” გორი, 2002 (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

11. ქრისტეს კვართის ისტორია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003 (ქართულ და რუსულ ენებზე).

12. საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.), გამომცემლობა ”არტანუჯი,” თბ., 2008.

13. მეფე სვიმონ I, თბ., 2009

14. საქართველოს საგარეო ურთიერთობანი და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), გამომცემლობა ”მერიდიანი,” თბ., 2009.

ბატონ ელდარს ”ხალხის გაზეთი” სახლში ეწვია. იგი გულახდილი და სასიამოვნო მოსაუბრეა, გულთბილად მიგვიღო და რამდენიმე კითხვაზეც გვიპასუხა, გვიამბო საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საქმიანობაზე და რამდენიმე საინტერესო მოსაზრებაც გაგვიზიარა: `თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ყოველ შემთხვევაში არაფერს არ ვუჩივი. მე საერთოდ დილით ძალიან ადრე ვდგები _ დაახლოებით 6-ის 10 წუთზე, 6-ის ნახევაზე სახლიდან გავდივარ და მივდივარ მთაზე, სადაც ვხვდები ჩემს მეგობრებს და ერთად ვაგრძელებთ გზას. გავდივართ უფლისციხის გზაზე და მივდივართ წითელი კლდეებისაკენ. იქ გვაქვს ჩვენი სავარჯიშო მოწყობილობები გაკეთებული. ვვარჯიშობთ, ვარჩევთ ქვეყნის და ხალხის ამბებს, საჭირბოროტოსაც და სასიხარულოსაც. 8 საათისთვის ვბრუნდები სახლში. სანამ მეუღლე საუზმეს მოამზადებს, ცოტას წავიმუშავებ, ცოტას ბავშვსაც წავეთამაშები ხოლმე. უნივერსიტეტში ლექციები კვირაში 2 დღეს, 11 საათიდან მაქვს. ამის გარდა, ვეწევი სამეცნიერო მუშაობას. ხშირად მიწევს თბილისში წასვლა. საერთოდ, ერთფეროვანი დღის რეჟიმი მაქვს, გამონაკლისია ის დღეები, როდესაც შეიძლება ამხანაგებში წავიქეიფო. ამ თვის ბოლომდე გამოვა ჩემი ერთ-ერთი წიგნის პირველი ტომი. ვამზადებ მეორე ტომსაც. აქვე მინდა ვისარგებლო თქვენი გაზეთით და მადლობა გადავუხადო გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელმაც დააფინანსა პირველი ტომი. ვფიქრობ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მომავალში გამოვცე `გორის ისტორიის~ მესამე ტომიც, რომელიც მოიცავს პერიოდს 1921 წლიდან დღემდე. ეს საქმე ჯერჯერობით იდეის დონეზეა. თუ ღმერთმა ინება, შევძლებ ამის გაკეთებას. ამჟამად ვწერ სტატიებს ქართული ენციკლოპედიის მეორე ტომისათვის. ჩემთვის ძვირფასია ასეთი ცხოვრება, ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე. ასე ვიცხოვრე დღემდე და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია...”

ჩვენს კითხვაზე - როგორია დღეს ახალგაზრდობა, რას იტყოდა იგი ახალ თაობასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა: ”ახალგაზრდობა ყოველთვის ისეთია, როგორსაც ვზრდით. ძალიან ხშირად ამბობენ - ”რა უცნაური თაობა წამოვიდა, საიდანღაც `გამოგვიგზავნესო~ და სხვა. მე უცნაურად და არასწორად მეჩვენება, როდესაც ბრალს სდებენ ჩვენს ახალგაზრდებს, თითქოს მათ თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ კარგიც და ცუდიც მათთვის ჩვენი მიცემულია. ძველად როგორც გვზრდიდნენ, ისეთები ვიყავით, ახლა როგორც ვზრდით შვილებს, ისეთები არიან. მე ძალიან ხშირად ვისმენ ჩემი კოლეგებისგანაც ჩივილს - ”ესენი ვინ არიან, საიდან მოვიდნენ...” ვცდილობთ ახალგაზრდებს გადავაბრალოთ ჩვენი ნაკლი და დანაშაული. ას ეარ ივარგებს. რა არის იცით? გაუზრდელი მშობელი ვერ გაზრდის ღირსეულ შვილს, არის გამონაკლისებიც, მაგრამ ალბათ დიდი დრო გვჭირდება, რომ ის ნორმალური დედები და მამები გაიზარდონ, რომლებიც შემდეგ ნორმალურ შვილებს გაზრდიან. ბევრს საუბრობენ აგრეთვე, რომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლებშიც ვერ ხდება ისეთი თაობის აღზრდა, როგორიც სჭირდება დღეს საქართველოს. ამდენი რეფორმები, მოსწავლისა და მასწავლებლის გაურკვეველი დამოკიდებულება, სკოლისა და მშობლის დაშორება არ ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს, რომ ბავშვი გაიზარდოს ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. რა თქმა უნდა, ეკლესიასაც დიდი როლი ეკისრება ამ საქმეში და უფრო აქტიური უნდა იყოს, ეკლესიის ჩარევით ხდება ახალგაზრდა თაობის სულიერი და ზნეობრივი აღზრდაც და მისი პატრიოტული სულისკვეთებით ჩამოყალიბებაც. თუმცა ამას ჰყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, რომელიც ამბობს, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს, თითოქოს იგი ხელს უშლის კიდეც ახალგაზრდობის პროგრესულ იდეებზე აღზრდას. მე კი მგონია, რომ ეს აზრი კატეგორიულად მიუღებელია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ არის ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ახალგაზრდები თითქმის რელიგიურ ფანატიზმამდე არიან მისულები, მაგრამ მეცნიერებასაც კარგად ეუფლებიან, განათლებულებიც არიან და კარგი პატრიოტებიც.”

ბ-ნ ელდარს საიუბილეო თარიღს ულოცავს სამთავისისა და გორის ეპარქია. სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ანდრია (გვაზავა): ”ბატონ ელდარს სიხარულით ვულოცავთ საიუბილეო თარიღს, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას და მრავალწლიან შემოქმედებით პერიოდს. ბატონი ელდარი ნამდვილად თვალსაჩინო წარმომადგენელია ჩვენი ქალაქის საზოგადოებისა და საქართველოს მეცნიერებისა. მას აქვს ბევრი ისტორიული ნაშრომი ჩვენს ქალაქზე, საქართველოს ისტორიაზე, საქართველოს ურთიერთობაზე საზღვარგარეთთან, ისეთ ყველასათვის წმინდა ადგილთან, როგორიც არის იერუსალიმი. მინდა ვთქვა, რომ მე მას ვიცნობ, როგორც მაღალი მოქალაქეობრივი ღირსების და პატიოსნების მქონე პიროვნებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ სიხარულით ვულოცავ ბატონ ელდარს 70 წლისთავს, ვუსურვებ დიდი ხნის სიცოცხლეს და შემოქმედებით ნაყოფიერებას.”

ბ-ნი ელდარის შესახებ გვესაუბრებიან მისი მეგობრები, კოლეგები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.

როინ მეტრეველი: ”მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ცნობილი ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ელდარ მამისთვალაშვილის მიმართ.

შესანიშნავი მეცნიერი, საქართველოს ისტორიის ჩაღრმავებული მკვლევარი, კარგი მედიევისტი და წყაროთმცოდნეა. ბატონმა ელდარმა თავისი მეცნიერული კვლევებითა თუ პედაგოგიური მოღვაწეობით (იგი გორის უნივერსიტეტის პროფესორია), მნიშვნელოვანი ავტორიტეტი მოიპოვა, რამაც განაპირობა კიდეც ქართული სამეცნიერო საზოგადოების მისდამი პატივისცემა.

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ელდარს დაბადების 70 წლისთავს. წინ დიდი გზაა. ვუსურვებდი ეს გზა ახალ-ახალი წარმატებული ნაშრომებით, შემოქმედებითი გამარჯვებებით იყოს აღსავსე.”

მარიამ ლორთქიფანიძე: `ბატონო ელდარ! გილოცავთ საიუბილეო თარიღს. თუმცა, წლების მომატება დიდად სასიამოვნო ვერ არის, მაგრამ რადგან გარდაუვალია, პიროვნებამ ისე უნდა განვლოს, რომ უკან მოხედვის უფლება ჰქონდეს. თქვენ ეს უფლება გაქვთ. გორის უნივერსიტეტში თქვენი მრავალწლიანი მუშაობა, ყოველთვის ახალგაზრდა თაობის პროფესიონალებად და მათი მოქალაქეებად ჩამოყალიბების მიზანს ისახავდა. ამ კეთილშობილურ საქმეს დღესაც ემსახურებით.

თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პრობლემების კვლევას ეძღვნებოდა და ეძღვნება. ესაა ქართველთა უფლებრივი მდგომარეობის გარკვევა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიაში, უცხოელ ავტორთა ცნობების გამომზეურება, შესწავლა ”აფხაზთა” შესახებ, რითაც დასტურდება, რომ ეს ცნობები ეკუთვნით იმათ, ვინც თავის თავს ”აფსუას” უწოდებენ და რომელთაც ქართველებმა `აფხაზი~ უწოდეს, რადგან ისინი უძველეს ქართულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში - აფხაზეთში დასახლდნენ.

ამ და რიგ სხვა, თქვენს მიერ შესწავლილ პრობლემებს თავისი საპატიო ადგილი აქვთ ქართულ ისტორიოგრაფიაში. იმედია და სასურველია, რომ თქვენი მოღვაწეობა, როგორც პედაგოგის და მეცნიერის, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ქართული ეროვნული მეცნიერების სასარგებლოდ.

”გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილ მომავალს.”

აპოლონ სილაგაძე, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი: `ბატონი ელდარ მამისთვალაშვილი გავიცანი, როდესაც ”სვობოდნაია გრუზიას” რედაქტორი ვიყავი. მე ყოველთვის არასრულყოფილად მიმაჩნდა უბრალო ლაპარაკი ებრაელთა ცხოვრებაზე, თუნდაც უპრობლემოზე, ჩვენს მიწაზეც ოც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ჩვენს მეგობრობაზე, ან თუნდაც იუდეოქრისტიანულ ძირებზე. ჩემთვის ჩვენი ისტორიის ეს ფრაგმენტი მხოლოდ ასე ჟღერდა: ქართველი ებრაელები ჩვენს ნაწილს წარმოადგენენ და იყო დრო, როდესაც ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ ჩვენი ისტორიის (ცივილიზაციის, მენტალიტეტის და ა.შ.) შექმნაში. სტატია ისტორიოგრაფიული ხასიათისა, რომელიც მაშინ ელდარ მამისთვალაშვილმა მოიტანა, სწორედ იმას ეხებოდა, რომ ებრაელები საქართველოში სრულიად ბუნებრივად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ როგორც საზოგადოების ორგანული შემადგენელი.

ამის გახსენება სულაც არ არის ზედმეტი, რადგანაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფრით ვახერხებთ ჩვენი ისტორიული თუ თანამედროვე მიღწევების პროპაგანდას (მინუსები, გაბერილი და ჰიპერბოლიზებული, ასევე გამოგონილი, ჩვენი ავისმოსურნეების წყალობით საყოველთაოდაა ტირაჟირებული). მე ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისრაელშიც კი (ქართულ თემს არ ვგულისხმობ) დღეს ყველამ კარგად და აქტიურად იცის საქართველოში ჩვენი თანაარსებობის უნიკალური (სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული) ისტორია და, სადაც საჭიროა, ითვალისწინებს ამას.

ჩვენ ასევე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ სრულყოფილად აღვადგინოთ და ყველას გავახსენოთ ჩვენი ის მნიშვნელოვანი ადგილი გლობალურ ისტორიაში (ასევე - პრეისტორიაში), რომელიც რაღაც ძალების კონსოლიდირებული მეცადინეობით დღეს მიჩქმალული და დამცრობილია. ელდარ მამისთავალაშვილი აქაც ის მოღვაწეა, რომლის დამსახურება ხაზგასმული დაფასების ღირსია. გავიხსენოთ თუნდაც მისი ცნობილი ნაშრომები იერუსალიმში არსებული (და დღეს წართმეული) ოცდაათამდე ქართული ეკლესია-მონასტრის შესახებ; ან იმის შესახებ, რომ ჩვენი წინაპრები დიდი ხნის მანძილზე ფლობდნენ გოლგოთისა და მაცხოვრის საფლავის გასაღებს და სხვ.

ბატონი ელდარ მამისთვალაშვილი ღვაწლმოსილი მეცნიერია და ეს ჩვენი საზოგადოების მიერ აღიარებულია. ამასთან, იგი ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილი პატრიოტია - მეცნიერება და პატრიოტიზმი ერთმანეთს ნამდვილად არ გამორიცხავს.

სულითა და გულით ვულოცავ ბატონ ელდარს სახელოვან იუბილეს და ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც 70 წელი მხოლოდ იმ გამოცდილების საზომია, რომელიც ახალი მეცნიერული წარმატებებისთვისაა საჭირო.”

დავით ბააზოვი, პროფესორი. თელ-ავივი, ისრაელი: `ჩვენი თემის გამორჩეულ პიროვნებას, ცნობილ ისტორიკოსს, პროფესორ ელდარ მამისთვალაშვილს 70 წელი შეუსრულდა.

ელდარს ბავშვობიდან ვიცნობ. ქართველი ებრაელობა გორის ციხის ძირში, ჩიტის ბუდესავით პაწაწა ადგილას ცხოვრობდა. იქ გაიარა ჩვენმა ბავშვობამ. მოგვიანებით იქ გაზრდილმა არაერთმა პიროვნებამ ისახელა თავი. მათ შორის, პირველ რიგში ელდარ მამისთვალაშვილი უნდა დავასახელო. თუმცა, მე და ელდარი, შემდეგ უკვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში `დიამეტრალურად საწინააღმდეგო~ (ელდარი ისტორიის, მე- ფიზიკის) ფაკულტეტზე ვსწავლობდით, გვქონდა შეხვედრები და საინტერესო საუბრები. ელდარმა მუდამ დინჯად და დაკვირვებულად იცოდა საკუთარი აზრის გადმოცემა.

გაიარა წლებმა და იგი სერიოზულ მკვლევარ მეცნიერად ჩამოყალიბდა. რამდენად საამაყოა, რომ მისი სამეცნიერო შრომები ჩვენი თემის ისტორიას, ებრაელი და ქართველი ხალხების ურთიერთობის შესწავლას ეხება. პატივი მაქვს, ვიცნობდე ბევრ ქართველ ისტორიკოსს, მომისმენია მათი პროფესიული აზრი ელდარ მამისთვალაშვილის, როგორც მკვლევარის მოღვაწეობის თაობაზე - მისი შრომები გამოირჩევა ორიგინალური გააზრებითა და წამოყენებული კონცეფციის ღრმა, ამომწურავი არგუმენტაციით, ასეთია კოლეგების პირუთვნელი შეფასება.

რაც შეეხება მის მონოგრაფიას ”ქართველ ებრაელთა ისტორია,” იგი ბევრი ჩვენგანის სამაგიდო წიგნი გახდა.

ჩვენი საზოგადოება პროფესორ ელდარ მამისთვალაშვილისაგან კვლავაც საინტერესო გამოკვლევებს მოელის.

”ჩემო ელდარ, ღმერთი შენთან ყოფილიყოს ამ საშვილიშვილო საქმეში!”

ზაზა ცოტნიაშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი: `ბატონო ელდარ, თქვენ იმ ქართველ მეცნიერთა რიგებს ამშვენებთ, რომელნიც საოცარი ჰარმონიულობით უთავსებენ ერთმანეთს ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას, პედაგოგიურ მოღვაწეობას და აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელშიც არაერთი ათეული წლის განმავლობაში იმკვიდრებდა ადგილს რესპუბლიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს შორის, იქცა თქვენი, როგორც მომავალი მეცნიერის, მკვლევარის აღმზრდელად და შემდეგ იმ მეცნიერულ კერად, რომელშიც არაერთი ღირებული ნაშრომი შექმენით.

ბატონო ელდარ, თქვენ ნაყოფიერი მეცნიერი ბრძანდებით. მეცნიერული სიღრმითა და აქტუალობით გამორჩეულ თქვენს მონოგრაფიებს გვერდს ვერ აუვლის მსოფლიო თუ საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარი. ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს თქვენი მეცნიერული კვლევის ფართო არეალი, რომელსაც მზის სინათლეზე გამოაქვს ქართველი ებრაელების ისტორია, გორის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკურ-საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების არაერთი საინტერესო დეტალი, საქართველოს ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობის პერიპეტიები და სხვა.
მოხარული ვართ, რომ თქვენ - მეცნიერი, ვისთვისაც ერთნაირად ძვირფასია ორი ერის ისტორია, კვლავ შემართებით ხვდებით იუბილეს. პროფესსორ ელდარ მამისთავალაშვილით იამაყებდა ნებისმიერი ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი, ამაყობს გორის უნივერსიტეტიც, რომელიც უერთდება სამეცნიერო საზოგადოებას და იუბილეს ულოცავს მას.

ბატონო ელდარ, გილოცავთ იუბილეს. 70 წელი თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობის მხოლოდ მწვერვალია, გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სამეცნიერო წარმატებებს. ისტორიის არაერთი ფურცელი კვლავ ელის თქვენს მეცნიერულ ალღოს და დიდ გამოცდილებას, რათა მომავალ თაობებს უამბოთ მათზე.”

თამილა გოგოლაძე, გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი: ”ეს არის პიროვნება, რომელსაც ვიცნობ სტუდენტობის დროიდან, როგორც უფროს მასწავლებელს. იგი ტავიდანვე გამოირჩეოდა ღრმა ერუდიციითა და საოცარი კვლევის უნარით. ბატონი ელდარი არის შესანიშნავი პიროვნება, მეცნიერი, რომელმაც ქართულ ისტორიოგრაფიას შემატა ბევრი საინტერესო გამოკვლევა, მათ შორის ორტომეული ”გორის ისტორიისა.” თითოეული დოკუმენტი ბატონი ელდარის ხელში საინტერესოდ და ჩაკირკიტებით შეისწავლება. ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი კვლევის მანერა და თვით შრომებიც. გარდა ამისა, იგი არის შესანიშნავი კოლეგა, არაჩვეულებრივი ლექტორი და აღმზრდელი. ვულოცავ ბატონ ელდარს საიუბილეო თარიღს, რომელიც სრულიად არ ამჟღავნებს მის ასაკს. იგი არის მარად ენერგიული, საქმიანი, ინტერესიანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - პროფესორი, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს იყო თვითმხილველი ჩვენი ქალაქის თავსდამტყდარი უბედურებისა. სიყვარულით, მეგობრობით და ღრმა პატივისცემით - თამილა გოგოლაძე.”

ვანო ჩხიკვაძე, მწერალი: ”ბატონი ელდარი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, დამწყები პედაგოგი იყო, გორის #1 საშუალო სკოლაში რომ მოვიდა და საქართველოს ისტორიას მასწავლიდა. უნდა ვთქვა, რომ აშკარად გამოირჩეოდა სხვა პედაგოგებისაგან, იყო სამართლიანი მკაცრი და ამავე დროს ჩვენი თანატოლი და მეგობარი. ელდარი განსაკუთრებულად გვიყვარდა. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ შორიდან მოდის. ელდარი დღეს ჩვენი ქალაქის ერთი ღირსეული და თავისი ცხოვრებით მისაბაძი პიროვნებაა. ალბათ ცალკე უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა გორის ჯერ პედაგოგიურ ინსტიტუტში და დღეს არსებულ გორის უნივერსიტეტში. ის მხოლოდ სხვების მიმართ კი არა, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ არის ძალიან მომთხოვნი და ამიტომაც ალბათ განსაკუთრებული და ცალკე საუბრის თემაა ის დიდი ღვაწლი, რომელიც მან ჩვენი ისტორიის კვლევას დასდო. მინდა მივულოცო ეს საიუბილეო თარიღი. მჯერა, რომ წინ კიდევ დიდი გზა და ბევრი შემოქმედებითი სიხარული ელოდება.”

შოთა ქურდაძე, პროფესორი: ”ბატონ ელდარ მამისთვალაშვილს ვიცნობ სტუდენტობიდანვე. იგი იყო სტუდენტთა ჯგუფის მამასახლისი, აკადემიური სტუდენტი, აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის გარეშე სტუდენტთა და სახელმწიფოებრივ სასარგებლო შრომაში, იყო მონაწილე იმდროინდელ სსრკ-ში ყამირი მიწების ათვისებისა, წარმატებით დაამთავრა ჩვენი პედაგოგიური ინსტიტუტი. მე მაშინ ფაკულტეტის დეკანი ვიყავი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ვუშუამდგომლე რექტორის, ბატონ გიორგი ხარაულის წინაშე, რომ დაეტოვებინათ ლაბორანტად დაწყებითი განთლების სპეციალურ კაბინეტში. იგი თავიდანვე ბეჯითად, თავდადებულად ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს, ჩაირიცხა ასპირანტურაში, სპეციალურად შეისწავლა იტალიური ენა და თავისი საკვალიფიკაციო შრომები მიუძღვნა ქართული ისტორიული წყაროების შესწავლას, რომლებიც მოიპოვებოდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმატებით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. არის მრავალი წიგნის ავტორი. მისი შრომებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ”გორის ისტორია,” რომელიც სხვა მკვლევარებისაგან განსხვავებით ბევრად საფუძვლიანია და სანდო. აღსანიშნავია, რომ აქტიურად იკვლევს ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობის შორეულ სატავეებს. ერთი სიტყვით, არის თანამედროვე აკადემიური ისტორიკოსი, ობიექტური მოაზროვნე და ჩინებული ლექტორი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იგი მუშაობდა აქ, გორში, ჩემთან მასწავლებელთა გადამზადების პროფესიულ ცენტრში. ეხმარებოდა პედაგოგებს, რომლებიც მუშაობდნენ შიდა ქართლსა და ზემო ქართლში. დღესაც წარმატებით უძღვება უნივერსიტეტში სერიოზული კურსების სწავლებას, ჰყავს მომზადებული არაერთი ასპირანტი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობს თანამედროვე კულტურული და პოლიტიკური საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში.”

ჯემალ ინჯია, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე: ”ელდარი გორისთვის აუცილებელი პიროვნებაა. მან ბევრი სარგებლობა მოუტანა თავის ქალაქს, რომელიც უნდა ამაყობდეს ასეთი შვილებით. მე განსაკუთრებით გამოვყოფდი ელდარ მამისთვალაშვილის, როგორც ისტორიკოსის წვლილს გორის ისტორიის კვლევაში. ამ კვლევის შედეგი იყო მეცნიერის ფუნდამენტური ნაშრომი ”გორის ისტორია” ორ ტომად. მე საშუალება მეძლევა, სიამოვნებით აღვნიშნო ჩემი მოკრძალებული წვლილი მეორე ტომის გამოცემაში. ელდარი ჩემი მეგობარია, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს ერთმანეთს გვერდში ვედექით და არა გვრცხვენია ჩვენი წარსულის. გულითადად ვულოცავ ელდარს დაბადების საიუბილეო თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.”

P.S. მკითხველი კადნიერებად ნუ ჩამითვლის, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ბ-ნი ელდარი ჩემი ლექტორიც გახლდათ სტუდენტობის პერიოდში. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში, კვირაში ერთ ლექციას გვიკითხავდა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ცდილობდა ამ ერთი საათის განმავლობაში მოექცია ვრცელი სათქმელი, გადმოეცა ყოველივე ის, რასაც უბრალო, ჩვეულებრივი სტუდენტი ვერსად ამოიკითხავს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ მიხდება მასთან ურთიერთობა. ბ-ნი ელდარი ”ხალხის გაზეთისთვის” ყოველთვის საინტერესო და სასურველი რესპონდენტია.


 

 


ნინო შოთნიაშვილი
26.09.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That saves me. Thanks for being so senbesli!
: Tip top stuff. I'll eexpct more now.
: 20
: Action rqueires knowledge, and now I can act!
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 35 °C + 36 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.