მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საქართველო ჩემი სოფლიდან იწყება

საქართველო ჩემი სოფლიდან იწყება

ტინისხიდი გორის რაიონის ერთ-ერთი ლამაზი, მაგრამ არც თუ ისე ცნობილი, პატარა სოფელია. მიუხედავად ამისა, მას საკმაოდ დიდი, თითქმის ცხრა საუკუნიანი ისტორია აქვს.
სოფელი ზღვის დონიდან დაახლოებით 620 მეტრზე მდებარეობს. სამხრეთით მდ. მტკვარი, აღმოსავლეთით კი მდ. ლიახვი ჩამოუდის. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან რუისის, ხოლო სამხრეთიდან თრიალეთის ქედი ესაზღვრება. ახასიათებს ზომიერად თბილი ჰავა, ნაყოფიერი მიწები, ჭალები და ტყე, რაც სოფლის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა.
ისტორიულ წყაროებში ტინისხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ ხშირადაა ნახსენები. ამ საკითხთან დაკავშირებით `ხალხის გაზეთი~ ისტორიკოს სოსო ალიმბარაშვილს გაესაუბრა, რომელიც ამავე სოფლის საშუალო სკოლის დირექტორია და არაერთი წიგნის, მათ შორის `ტინისხიდის ისტორიის~ ავტორია.
- ბატონო სოსო, რა იყო მიზეზი, რომელმაც ამ წიგნზე მუშაობა გადაგაწყვეტინათ?
- ამის ორი სერიოზული მიზეზი მქონდა. პირველი ის, რომ ისტორიკოსი კაცისთვის წარმოუდგენელია ცხოვრება და მოღვაწეობა სოფელში, რომლის ისტორიაც შესწავლილი არაა. მით უფრო, რომ რამდენიმე სხვა წიგნზე მქონდა უკვე ნამუშევარი. მინდოდა, გამომეკვლია საკუთარი სოფლის ისტორია და ხელმისაწვდომი გამეხადა ის ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი კი კვლევის პროცესში დაიბადა, აღმოვაჩინე, რომ სოფელს საკმაოდ ძველი და საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნეშია ნახსენები. 1070- 1071 წ.წ-ში შედგა შეხვედრა გიორგი უფლისწულსა და მის მოკავშირეს, ოვსთა მფეს შორის `ტინისხიდის ჭალას~.
- ალბათ, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება ცნობების შეგროვება სოფელზე, რომელზეც მანამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.
- მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ ძველი სოფელი გვაქვს, მის შესახებ ცნობები, სამწუხაროდ, ძალიან მწირია. ვეძებდი ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდებოდა. პუბლიცირებული თუ არაპუბლიცირებული წყაროების გარდა კვლევის დროს ტინისხიდის ჭარმაგი მოსახლეობის მოგონებებსაც ვეყრდნობოდი. მუშაობაში ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა.
- საიდან მოდის სოფლის სახელწოდება?
- ის მომდინარეობს სიტყვა- ტინისგან, რომელიც პიტალო კლდეს ნიშნავს. არსებობდა სწორედ ამ კლდისგან ნაგები ხიდი, რომელიც სოფელს გარე სამყაროსთან აკავშირებდა. ჩემი ვარაუდით, ის მდ. ლიახვზე უნდა ყოფილიყო გადებული. რაც შეეხება, მდინარე მტკვარზე ტინისხიდის გასწვრივ არსებულ ხიდებს, ცნობილია რომ სოფლის უკიდურეს სამხრეთ- დასავლეთით ორი ხიდი იყო. ერთი ე.წ. `თამარის ხიდი”, რომლის ბურჯებიც დღემდეა შემორჩენილი, ხოლო მეორე სოფელთან უფრო ახლოს მდებარე ხიდის ნაშთები არსებობდა თითქმის 2000 წლამდე, ვიდრე მტკვარმა არ წაიღო.
- თუ არის შესაძლებელი დაახლოებით იმის თქმა, როდის დაარსდა სოფელი?
- სავარაუდოდ, ის გორის თანამედროვეა. ანუ მისი დაარსება სწორედ გორის ქალაქად ქცევის პარალელურად უნდა მომხდარიყო. ცნობილი ფაქტია, რომ ქალაქების დაარსებასთან ერთად მის სიახლოვეს ჩნდებიან სოფლებიც, რომლებსაც ერთმანეთთან გარკვეული ურთიერთობები აკავშირებთ. მართლაც, ტინისხიდი პირველად მეთერთმეტე საუკუნის ძეგლში `მატიანე ქართლისაI~ არის ნახსენები. Uუფრო გვიანდელ წყაროებში კი, ტინისხიდი და მისი მიმდებარე მიწები ხშირად გვხვდება, რგოგორც ქართველ მეფე-მთავართა ყიდვა-გაყიდვის ობიექტი.
- რას გვეტყვით მის მოსახლეობაზე, რამდენად იყო დასახლებული?
- ვფიქრობ, ტინისხიდის მოსახლეობის კლება-მატების პროცესიც გორის პარალელურად უნდა განვიხილოთ. ქართლში მოსახლეობის ზრდა-შემცირებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებდა: მტრის შემოსევები, ეპიდემიები, ბატონყმური ურთიერთობების გამწვავება. ყოველივე ეს მოსახლეობის მუდმივ მოძრაობას იწვევდა. საუკუნეების მიხედვით ძნელია იმის დადგენა სხვადასხვა დროს რამდენი ადამიანი ცხოვრობდა სოფელში, რადგან ასეთი სტატისტიკა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნემდე არ არსებობს.
- რით ირჩენდა თავს აქაური მოსახლეობა, რა იყო მათი შემოსავლის ძირითადი წყარო?
- წამყვანი ადგილი სოფლის მეურნეობას ეკავა. ხშირი იყო მიწების ყიდვა-გაყიდვის ფაქტები. განვითარებული იყო მებოსტნეობა, მევენახეობა და მემინდვრეობა. მოყვანილი პროდუქციის გასაღება გორში და სხვა ახლოს მდებარე ბაზრობებზე ხდებოდა. 1657 წელს როსტომ მეფემ ტინისხიდი მანუჩარ თუმანიშვილს უბოძა. თუმანიშვილები ცნობილი ვაჭრები იყვნენ, რომლებიც გორის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. გარდა ამისა, აქაური მოსახლეობა მისდევდა მეთევზეობასა და ხელოსნობას.
1928 წელს სოფელში ოთხწლიანი სკოლა გაიხსნა, რომლის პირველი მასწავლებლები ოლია ყანჩაველი და მარო მაღლაკელიძე იყვნენ. საშუალო სკოლად მხოლოდ 1984 წელს გადაკეთდა. Mარსებობის მანძილზე მან რამდენიმე შენობა გამოიცვალა. თავდაპირველად ხის მასალისაგან აგებულ სოფლის კანცელარიაში მდებარეობდა. დღევანდელ შენობაში 1978 წელს გადავიდა. სკოლა საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ომში გმირულად დაღუპული ვლადიმერ ავაზნელის სახელს ატარებს.
ტინისხიდის ახალგაზრდობამ სხვადასხვა დროს მიღწეული წარმატებებით სპორტულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრებებში სოფელი არაერთხელ ასახელა. აქ ძველთაგან განსაკუთრებით ძლიერი იყო ქართული ჭიდაობის ტრადიცია. დღემდე ყველა ამაყობს `ბეჭდაუდებელი ფალავნების”- გენო ყაზარაშვილის, მიშა ბერელაშვილის, ოთარ იორამაშვილის, კოწო ბურძენაძის სახელებით. მწერალი ილო ალაზნელი ტინისხიდს `მოჭიდავეების სოფელს” ეძახდა.
ტინისხიდი მდიდარი ყოფილა ციხე-კოშკებითა და ეკლესიებით, მათგან ერთი, მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 1994 წელს სოფლის მაშინდელი თავკაცების თენგიზ წერეთლისა და ავთანდილ შოშიაშვილის ინიციატივით და მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერითა და მონაწილეობით აღდგა.
ასევე აღადგინეს `მარიამობის” დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციაც, რომელსაც ყოველი წლის 28 აგვისტოს დიდი სიხარული შემოაქვს სოფლის თვითოეულ მართლმადიდებლურ ოჯახში.
2004 წლის 27 სექტემბერს კი `ჯვართამაღლება” დღეს ტინისხიდის ქედზე, საიდანაც მთელი სოფელი ხელისგულივით მოჩანს, 17 მეტრიანი ჯვარი აღიმართა.
ასეთია ჩემი პატარა სოფლის დიდი ისტორია, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება მწირია, მაგრამ თავისი სიძველითა და მნიშვნელობით ნამდვილად იძლევა სიამაყის მიზეზს. 

მაკა კოჭლამაზაშვილი


მაკა კოჭლამაზაშვილი
04.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 20 °C
ღამით + 8 °C + 7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.