მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`ეს ყველაფერი გამოიწვია განათლების სისტემის ზედმეტმა პოლიტიზაციამ~

`ეს ყველაფერი გამოიწვია განათლების სისტემის ზედმეტმა პოლიტიზაციამ~

ბოლო პერიოდი განათლების სისტემაში ცვლილებების და ინიციატივების სიმრავლით გამოირჩევა. მათ შორისაა მასწავლებელთა სერტიფიცირება. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი საკითხები განათლების სამინისტრომ პედაგოგებთან ერთად, სოციალური დიალოგის ფორმატში უნდა გადაწყვიტოს. ორგანიზაცია გაზაფხულზე გაფიცვის მოწყობასაც გეგმავს განათლების სისტემაში არსებული სხვა პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით `ხალხის გაზეთის~ კითხვებს პასუხობს სპმთპ-ის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე.

_ ქალბატონო მანანა, საქართველოში 2003 წლიდან ხორციელდება განათლების რეფორმა. როგორ შეაფასებთ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, რა არის ამ რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
_ `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ დადებითად შევაფასებ იმას, რომ გარკვეულწილად მოგვარდა მასწავლებელთა და განათლების სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების პრობლემა. ეს რა თქმა უნდა, დადებითი მხარეა რეფორმისა. მანამდე იყო შემთხვევები, როდესაც მთელ რიგ რაიონებში 18 თვის ხელფასი იყო გაუცემელი. `ვარდების რევოლუციამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში მე არ მახსოვს, რომ რომელიმე სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად ერთი თეთრი მაინც დახარჯულიყო. პრინციპში, ამ მიმართულებით გადაიდგა საგრძნობი ნაბიჯები. ამ ეტაპზე გვაკმაყოფილებს თუ არა, პედაგოგთა ხელფასები მომატებულია და სტაბილურად გაიცემა, ასევე მიმდინარეობს სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. განათლების სისტემაში მართვასთან დაკავშირებულ ცვლილებასაც დადებითად ვაფასებ, თუმცა აღნიშნული იდეის განხორციელება არ იყო გეგმის შესაბამისი. ეს საკითხი ძალიან კარგად იყო თავდაპირველად დაგეგმილი, თუნდაც დირექტორების შერჩევა და განახლება, მაგრამ არ განხორციელდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ალბათ ზედმეტი პოლიტიკური ჩარევის გამო მივიღეთ იმ ტიპის სკოლის დირექტორები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვერ ერკვევიან სიტუაციაში და ამას საზოგადოებაც კარგად ხედავს. ბევრი პროექტი არასწორად განხორციელდა, მაგალითად სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის პრინციპი. თუკი სახელმძღვანელოების არჩევის საშუალება მასწავლებლებს რეალურად ექნებოდათ, ჩვენ ამ იდეაში ცუდს ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ დღეს შექმნილ სიტუაციას სჯობდა, ერთი სახელმძღვანელო ყოფილიყო ქვეყანაში და სპეციალისტებს დაედგინათ, აკმაყოფილებდა თუ არა იგი შესაბამის მოთხოვნებს.
დღეს ჩვენ ვწუხვართ, რომ ბავშვებს არ აქვთ ზოგადი განათლება. ზოგადი განათლება შეიძლება მიიღოს მოსწავლემ მე-9 _ მე-10 კლასების ჩათვლით, მაგრამ შემდეგ სწავლა უნდა იყოს სპეციალიზებული. მე-11 და მე-12 კლასებში იმ საგნებს უნდა სწავლობდნენ, რომლებიც შემდეგში უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად სჭირდებათ. ამ შემთხვევაში კი რეპეტიტორებთან სიარული საჭირო აღარ იქნება. დღეს მშობლები უკვე ათ რეპეტიტორს ეძებენ იმისათვის, რომ მათმა შვილმა როგორმე ჩააბაროს საჯარო სკოლის დამამთავრებელი გამოცდები და აზრად არავის მოსდის, რომ სახელმწიფოს მოსთხოვოს ის, რომ რაც ასწავლეს მის შვილს, ის გამოჰკითხონ გამოცდაზე. გამოცდის არსი ხომ ეს არის?!
ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამ ისე, რომ სასკოლო განათლების სისტემაში არ მოხდა შესაბამისი რეფორმები, შეუსაბამო გახადა საგამოცდო პროგრამა და ის პროგრამა, რაც სკოლაში ისწავლებოდა და თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პირველი წლის შემდეგ აბიტურიენტთა 40% ემზადებოდა რეპეტიტორებთან, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 88% შეადგინა. როდესაც ხორციელდებოდა განათლების რეფორმა, მოხდა მართვის დეცენტრალიზაცია. ფაქტობრივად, სამინისტრომ თავისი უფლებები გადასცა სამეურვეო საბჭოებს, სამეურვეო საბჭოები კი ვერ შედგა და სკოლაში მთლიანად მოიშალა სასწავლო პროცესი. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბევრი შემთხვევითი ადამიანი მივიდა სკოლის მენეჯერად (დირექტორად). ძალიან ბევრი რთული შემთხვევა შემიძლია დავასახელო, არის ისეთი სკოლები, სადაც დირექტორს და სასწავლო ნაწილის გამგეს ხელფასი არ აქვთ, არის ისეთი სკოლები, სადაც საერთოდ არ ჰყავთ უცხო ენის მასწავლებელი, არა და სახელმწიფოს ვალდებულებაა, თანაბარი პირობები შესთავაზოს ყველას. ადამიანების უფლებათა დარღვევის საკმაოდ მძიმე ფაქტები ფიქსირდება, მაგრამ მშობლებმაც უნდა ამოიღონ ამაზე ხმა. მშობელი დღეს არანაირად არ არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში. შეიძლება ხშირად მშობლებმაც არ იცოდნენ, რომ სახელმწიფოს ხარისხიანი განათლების გაცემის ვალდებულება აქვს, არ იციან საკუთარი უფლებები.
ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ, დღეს არის ნეოლიბერალური დამოკიდებულება განათლებასთან. ეს მიმართულება საქართველოში არ მოუგონიათ, მთელს მსოფლიოში არსებობს და კარგად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება მას წინააღმდეგობას უწევს. რეალურად დღეს ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენ მარტონი ვარ ამ ბრძოლაში. ნეოლიბერალური პოლიტიკა გულისხმობს, რომ განათლება იყოს არა მომსახურება, არამედ მოხმარების საგანი, ანუ სახელმწიფო გაძლევს ვაუჩერს და გეუბნება, რომ შენ უნდა წახვიდე და განათლება მიიღო იქ, სადაც გინდა. ეს კი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, უზრუნველყოს ისეთი დაწესებულებების შექმნა, სადაც მოქალაქე ხარისხიან განათლებას მიიღებს. ამ დროს რას გვთავაზობს სახელმწიფო? _ გვაძლევს 350 ლარს და აქ უნდა შედიოდეს ყველა დისციპლინის დაფინანსება, ტექნიკური პერსონალი, სკოლის კომუნალური ხარჯი და გადასახადის 20%, მაშინ, როდესაც თბილისში ერთ საგანში (დისციპლინაში) მომზადება წლიურად 1000-1500 დოლარი ღირს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმემ მოგცეთ 1 ლარი და დაგავალოთ ძალიან კარგი ხორცის ყიდვა. რა თქმა უნდა ვერ იყიდით.
გასულ თვეში ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ეხებოდა პროფესიულ განათლებას და გავაკეთეთ ანალიზი. შედეგად გამოვლინდა, რომ მოზარდების 60% საერთოდ ვერსად ვერ მოეწყო სწავლის გასაგრძელებლად. საზოგადოება უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ ზოგიერთი ბავშვი ისწავლის უმაღლეს სასწავლებელში, ზოგიერთი კი ვერ ისწავლის, მაგრამ ჩემი, როგორც მოქალაქის კონსტიტუციული უფლებაა, რომ თუ უმაღლესში ვერ ვსწავლობ, ვერ ვიღებ საუნივერსიტეტო განათლებას, მაშინ პროფესია მაინც უნდა მომცეს ჩემმა სახელმწიფომ. ძალიან კარგიც რომ იყოს დღეს ჩვენი პროფესიული ცენტრები, კიდეც რომ მოინდომონ ბავშვებმა, საკმარისი ადგილი სწავლისთვის იქ არ არის.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კარგი გეგმა იყო ბოლო წლებში, რომელიც ვერ განხორციელდა.
_ თქვენი აზრით, რამ შეუშალა ხელი აღნიშნულ პროცესს?
_ ეს ყველაფერი გამოიწვია განათლების სისტემის ზედმეტმა პოლიტიზაციამ, ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა გარემომ და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საზოგადოებისა და პროფკავშირის ნაკლებად ჩართულობამ, სოციალური დიალოგის და თანამშრომლობის არარსებობამ ხელისუფლებასთან.
_ როგორ ფიქრობთ, აისახა თუ არა სისტემაზე განათლების მინისტრების ხშირი ცვლა?
_ რა თქმა უნდა. ძალიან ნეგატიურად აისახა. ასეთი სიხშირით მინისტრები ნამდვილად არ უნდა იცვლებოდნენ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში მინისტრი იცვლება, სამინისტროს მთელი აპარატის ცვლილება მოჰყვება ხოლმე. მახსოვს, როდესაც ბატონ კახა ლომაიას მინისტრობის დროს ახალგაზრდა კადრებით კომპლექტდებოდა სამინისტრო. ამ ხალხმა წლების მანძილზე გარკვეული გამოცდილება შეიძინა და მას შემდეგ მუდმივად იცვლება ეს გუნდი. ძალიან ცუდია ეს ყოველივე. მდგრადობის შეგრძნება გვაქვს დაკარგული, არავინ იცის, ამჟამინდელ მინისტრს როდის შეცვლიან.
_ საჯარო სკოლებთან დაკავშირებით გამოითქვა ახალი ინიციატივები, კერძოდ, მოსწავლეებისთვის ახალი საგნის _ სამოქალაქო თავდაცვის სწავლება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ მე დავაზუსტებ _ ეს ადამიანები არიან თავდაცვის სფეროს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც დღეს თადარიგში არიან. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი ბავშვები საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის უნარ-ჩვევებს შეიძენენ. თქვენ კარგად იცით, როგორ ქაოსურად გამორბოდა ხალხი გორიდან 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ ელემენტარული ცოდნა და ჩვევები არ გვქონდა, რა უნდა გაგვეკეთებინა ასეთ სიტუაციაში. ამიტომ ეს საგანი აუცილებლად უნდა ისწავლონ ბავშვებმა.
_ მე ვესაუბრე რამდენიმე პედაგოგს, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული საგნის შემოღება და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესვლა სკოლაში ხელისუფლებას საჯარო სკოლების გაკონტროლების მეტ საშუალებას მისცემს...
_ მე ვთვლი, რომ ამაზე მეტი კონტროლი, რაც დღეს არსებობს სკოლებში, შეუძლებელია. შესაბამისი დარგის სპეციალისტი პედაგოგები ნამდვილად არ გვყავს. ეს ადამიანები გაივლიან მოსწავლეებთან ურთიერთობის და მუშაობის კურსებს და ჩვეულებრივ ჩაატარებენ გაკვეთილებს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუკი ამ ადამიანებმა მთელი ცხოვრების მანძილზე კარგი გამოცდილება შეიძინეს სამოქალაქო თავდაცვის სფეროში, რატომაც არ უნდა გადასცენ ეს მოსწავლეებს?!
_ რას იტყვით ქართული ენის და სხვა საგნების საათების შემცირებასთან დაკავშირებით?
_ საათების შემცირება ადექვატურად აისახა ბავშვების ცოდნის დონესა და მის შეფასებაზე. მე შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები PIშA, PIღLშ, თIMშშ, თEDშ-M, რომელთა მიხედვით საქართველოში მოსწავლეების განათლების ძალიან დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული, რაც ასევე შემცირებული საათების უარყოფითი გავლენის შედეგია. თუმცა უნდა გითხრათ ისიც, რომ კვლევებში არის ასეთი კითხვარი _ `მასწავლებელთა თვითშეფასება.~ საოცარია, რომ საქართველოს მასწავლებლების თვითშეფასების წილი უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნების მასწავლებლებისა, რომლებმაც პირველი ადგილები აიღეს. ასე რომ, ჩვენ ხშირად არარეალურად ვუყურებთ ყველაფერს, ცხოვრების წესად გვექცა ორმაგი სტანდარტები.
_ ინტეგრირებული საგნების დანერგვას როგორ აფასებთ?
_ არ მიმაჩნია, რომ ასეთი მეთოდით სწავლება წარმატებულია. მე თვითონ არ ვასწავლი, მაგრამ როგორც პედაგოგები, მშობლები და ბავშვები ამბობენ, არანაირი შედეგის მომტანი არ არის.
_ სახელმძღვანელოების მრავალფეროვნება ერთგვარი ბიზნესი გახდა ბოლო პერიოდში...
_ საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა და იმდენად ცოტაა მყიდველი, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების მრავალფეროვნება აძვირებს წიგნებს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებლებს ამ სახელმძღვანელოების არჩევის არანაირი საშუალება არ აქვთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი, მაქსიმუმ ორი სახელმძღვანელო უნდა არსებობდეს თითო საგანში, მეტი არა. არსებული სიტუაცია დაუშვებელია, არ ვემხრობით, რადგან აქაც ერთგვარი კორუფციული სისტემა ჩამოყალიბდა _ შეთანხმება რესურსცენტრებთან, დირექტორებთან და არა მასწავლებლებთან, მათი ინტერესები ამ შემთხვევაშიც არ არის გათვალისწინებული. ესეც ერთ-ერთი საკითხია, რის გამოც ვითხოვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სოციალურ დიალოგს.
_ რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი ორგანიზაციის პოზიცია ცნობილია ჩვენი მკითხველისთვის, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ, უჭერს თუ არა მხარს პროფკავშირი მასწავლებელთა სერტიფიცირებას, კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ განათლების სამინისტროს მიმართ?
_ ყველა მასწავლებელი მიიღებს 160 ლარიან ვაუჩერს, მაგრამ მათ გაუჭირდებათ ისეთი პროვაიდერის მოძებნა, სადაც საჭირო განათლებას მიიღებენ. ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებელთა პროფკავშირი არ უჭერს მხარს მასწავლებელთა სერტიფიცირებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართალი. მე პირველ რიგში ვარ ამის მომხრე, თუკი მასწავლებელი არის მომხრე. პროფკავშირი არის გაერთიანება, სადაც პოლიტიკას გეგმავენ წევრი მასწავლებლები, ჩვენ კი მოვალენი ვართ, მათ ვემსახუროთ, რადგან ისინი ფულს იხდიან. მე პირადად მომწონს თუ არ მომწონს ესა თუ ის საკითხი, მხარი უნდა დავუჭირო მასწავლებლის პოზიციას. პედაგოგთა პრეტენზიები კი სამართლიანია _ მათ არც შესაბამისი ლიტერატურა აქვთ, არც გადასამზადებელი ცენტრები აკმაყოფილებენ პირობებს. თუ ეს გამოცდები ნებაყოფლობითია, მაშინ მასწავლებლები არ ჩააბარებენ, ხოლო თუ მათი ხელფასი 2-3-ჯერ მოიმატებს მომავალში, ეს სტიმული იქნება მათთვის და მიიღებენ მონაწილეობას სერტიფიცირებაში. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გარემო იყოს სამართლიანი, სადაც მასწავლებლებს სურვილი გაუჩნდებათ, დაადასტურონ თავისი მაღალი ცოდნა და კომპეტენცია. მე ვთვლი, რომ ჩვენი მასწავლებლების 80-90%-ს თავისუფლად შეუძლია გამოცდების ჩაბარება. ჩვენ ატესტაციაც გავიარეთ, მაგრამ გააუქმეს. სად არის გარანტია, რომ ამ სერტიფიკატებს არ გააუქმებენ? ამიტომ გვინდა შეთანხმება სამინისტროსთან და ამ მიზნით ვაპირებთ გაფიცვას, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ყველა სკოლაში ჩავატარებთ კრებას. თუ მასწავლებელთა 60-70% მაინც გადაწყვეტს, რომ გაფიცვა საჭიროა, გავიფიცებით. წინააღმდეგ შემთხვევაში არა, რადგან გაფიცვას აზრი არ ექნება.
_ ელოდებით თუ არა განათლების სამინისტროსთან დიალოგის შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს?
_ განსაკუთრებული მოლოდინები არ გვაქვს. უბრალოდ, ეს ერთ-ერთი გაკვეთილი იქნება იმისათვის, რომ ჩვენს მასწავლებლებს აქვთ თუ არა სურვილი, გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და რეალურად მიაღწიონ იმას, რაც მათ უნდათ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისათვის. აქვე ყველა მასწავლებელს მივმართავ, რომ იყვნენ გაბედულები, თამამები და მთელს საზოგადოებას ვასწავლოთ ის, რომ შეიძლება რაღაც მოითხოვო და არ ჰქონდეს ამას პოლიტიკური მოტივი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა არის მეორე მომენტიც, ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებენ თუნდაც მოგვიანებით, ოღონდ ხელისუფლების სახელით, ისე, რომ ჩვენი მხარე არ გამოჩნდეს. ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც დირექტორების ლოტოტრონით არჩევის პრინციპი გააპროტესტა, ჩვენი პროფკავშირი იყო. მაშინ არავინ არ დაგვიჭირა მხარი და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ კომისია. ახლახანს კი გამოვიდა პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ მეთოდის მიუღებლობაზე ისაუბრა, ამ იდეის განმახორციელებლებს უცოდინარი ადამიანები უწოდა. ხომ შეიძლებოდა, თავიდანვე გათვალისწინებულიყო განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების აზრი?! იგივე მოხდა ტრიმესტრული სწავლების შემოღების შემთხვევაშიც.
ნინო შოთნიაშვილი

 


ნინო შოთნიაშვილი
11.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: It's always a pleasure to hear from somenoe with expertise.
: 20
: You've hit the ball out the park! Icneridble!
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 19 °C
ღამით + 8 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.