მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`სოფელი, რომელიც ორი მეტრით არის დაშორებული ქალაქს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელემენტარული პირობებით~

`სოფელი, რომელიც ორი მეტრით არის დაშორებული ქალაქს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელემენტარული პირობებით~

გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ცენტრალური გზა მოასფალტებულია, მაგრამ შიდა გზები ტალახით, თოვლ-ჭყაპით და ყინულის ფენით არის დაფარული. მდგომარეობა შიდა გზებზე წელსაც ისეთივეა, როგორიც გასულ წელს იყო, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებამდე. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ძალიან უჭირთ ასეთ გზებზე გადაადგილება, ბუნებრივი ნალექი უფრო მეტად აფუჭებს სასაფლაომდე და ვენახებამდე მისასვლელ გზებს.
2009 წლის გაზაფხულზე ხიდისთავში სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რის შესახებაც გვესაუბრება ხიდისთავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რეზო გიორგაძე: `გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფელ ხიდისთავისთვის 24 ათასი ლარი გამოიყო. პრიორიტეტების შესარჩევად სოფელში უბნების მიხედვით ჩავატარეთ კრებები (შევადგინეთ შესაბამისი ოქმებიც), სადაც მოსახლეობამ გამოხატა თავისი აზრი, დაასახელა პრობლემები და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეს თანხა სხხვადასხვა სამუშაოებს მოვახმარეთ, კერძოდ: მოიხრეშა პლატფორმის, ქვაშავის, სასაფლაოს, ჩინეთის უბნის და გიგაურების უბნის გზები, მოხდა სარწყავი არხის რეაბილიტაცია, გაიწმინდა გრაკალის არხი 800 მეტრის მანძილზე, გაიჭრა ქვემო ხიდისთავის სარწყავი არხი, ნაგვისგან გაიწმინდა ასევე მინი სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, გარემონტდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა.~
ლეილა ცერცვაძე, ხიდისთავის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი: `შარშან ჩვენს სოფელში ბევრი სასარგებლო სამუშაო ჩატარდა. გარდა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის თანხებით შესრულებული სამუშაოებისა, დაინიშნა სამარშრუტო ტაქსი #7ა, რამდენჯერმე გაიწმინდა მდინარე ტანას ხიდის ტერიტორია ნაგვისაგან, დასუფთავდა ასევე უფლისციხის გადასახვევის ტერიტორია, გარემონტდა ტერიტორიული ორგანოს შენობა. ჩვენს სოფელში ძირითადად შიდა გზების პრობლემა გვაწუხებს. სასმელი წყალი ყველა უბანს არ მიეწოდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპზე გვინდა გავაკეთოთ სასაფლაოს გზა, რომელიც შარშან უბრალოდ მოიხრეშა. ახლა გვინდა, რომ კარგად გაკეთდეს. წვიმის დროს ნიაღვარი მოდის და გზაზე ნორმალურად გავლა შეუძლებელია. ნიაღვარმა სულ ჩამორეცხა ხრეში. ამიტომ ახლა გვინდა, რომ გზების სარეაბილიტაციოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდეს. ქვაშავის გზაც ჩასმულია ახალ პროექტში. გვინდა, რომ ეს გზა მოასფალტდეს. სოფელში ძირითადი პრობლემა მაინც ბუნებრივი აირია. ძალიან გვინდა გაზი, მაგრამ პროგრამით გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი. სასმელ წყალთან დაკავშირებით დაგეგმილია ძველი მილების ახლით შეცვლა.~
სოფელში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობაც.
მერი ბალიაშვილი: `ჩემი აზრით, გაზი აუცილებლად უნდა შემოვიდეს ხიდისთავში იმიტომ, რომ სოფელი, რომელიც ორი მეტრით არის დაშორებული ქალაქს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელემენტარული პირობებით. არის სოფლები, რომლებიც კილომეტრებით არის დაშორებული გორიდან და გაზი აქვთ. სასმელი წყლის პრობლემაც გვაწუხებს, ჩემს უბანში წვეთი წყალი არ მოდის. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ტელევიზიით ვისმენთ, რომ სოფლებისთვის თანხები გამოიყო და თუკი ეს ფული იმისთვის დაიხარჯება, რომ სოფელი გაზით და წყლით დაკმაყოფილდეს, ამას რა სჯობია?! თანახმა იქნება ყველა, ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს ის; თუ სახელმწიფო იმით დაგვეხმარება, რომ ცენტრალურ გზამდე მაინც მივიდეს გაზი, შემდეგ საკუთარ სახლებში თვითონ შევიყვანთ. კარგი იქნება თუ სოფელი გალამაზდება და სასარგებლო სამუშაოები ჩატარდება, მაგალითად გზები. საკუთარი ხარჯებით შიდა გზებს ვერავინ გააკეთებს, თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარება. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ გზების მოხრეშვას აზრი არ აქვს, რადგან წვიმის წყალი და ნიაღვარი სულ ჩარეცხავს მოხრეშილ გზას. საჭიროა, რომ გზები გაკეთდეს ნორმალურად და გულდასმით. გვინდა, რომ სოფელი ნაგვისგანაც გაიწმინდოს, დასუფთავდეს, სისტემატიურად იაროს ნაგვის მანქანამ, დაიდგას ბუნკერები, იქ ჩაყაროს ხალხმა ნაგავი და აღარ დანაგვიანდება სოფელი. შესაძლებელია სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხები ამ მიმართულებითაც დაიხარჯოს. მე ძალიან მტკივა გული, რომ უცხოელები ჩამოდიან უფლისციხეში _ მშვენიერი საექსკურსიო ადგილია, ასევე ატენში და ეს ტერიტორიები ნაგვით არის სავსე.~
აზრის დაფიქსირება ერთად შეკრებილ რამდენიმე მამაკაცსაც ვთხოვეთ, თუმცა უმეტესობამ თავი შეიკავა და ჩვენთან საუბარს თავი აარიდა.
გლახო ლუკაშვილი: `რამდენიც გინდათ, გვკითხეთ, ამას არც ლაპარაკი ეზარება და არც არაფერი,~ _ მიგვითითა გვერდით მდგომზე, რომელმაც მხრები აიჩეჩა, მე არაფერი ვიციო და გაგვშორდა.
`გზები გაკეთდა, მოიხრეშა, მაგრამ ჩვენ არც არაფერს გვეკითხებიან და არც არაფერი ვიცით,~
`ეს სოფელი სულ პრობლემა არ არის?! რომელი ერთი დაგისახელოთ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო,~
`გაზი გვინდა, გაზი... წყალი არის,~
`რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს სოფელის რწმუნებული, ხალხსაც თუ დასჭირდა რამე, გამოდის და თათბირს მართავს,~

`სარწყავი წყალი გაკეთდა გასულ წელს, რწმუნებული ჩაგვიდგა სათავეში, წავედით და გავაკეთეთ,~ _ ამბობენ ხიდისთაველები.
რამდენიმე ქალბატონსაც გავესაუბრეთ, რომლებმაც ჩვენს კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცეს და აღნიშნეს, რომ პროგრამასთან დაკავშირებით არაფერი იციან. ასე რომ, კიდევ ერთი სოფლის მაგალითზე დავრწმუნდით, რომ მოსახლეობას, რომლის უშუალო ჩართვით უნდა განხორციელებულიყო სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, მცირე ინფორმაციაც კი არ აქვს.
ცნობილია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე სოფლების ანგარიშზე გაორმაგებული თანხები ჩაირიცხება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფლებისთვის მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 1, 400 ათასი ლარი გადმოირიცხება ცენტრალური ბიუჯეტიდან. სოფლის რწმუნებულის თქმით, ეს ფულიც იმავე გზების რეაბილიტაციისთვის უნდა დაიხარჯოს: `მიმდინარე წელს პროგრამის მეორე ეტაპზე სოფლისთვის სავარაუდოდ 43 ათასი ლარი გამოიყოფა, რასაც ძირითადად ისევ გზების მოხრეშვას მოვახმართ. მოგეხსენებათ, ჩვენთან გრუნტიანი ნიადაგია და ჩვეულებრივი ხრეში ვერ ჩერდება. ამიტომ სპეციალური, ფრაქციული ხრეში დაიყრება და საპრესი მანქანით დაიპრისება, რაც გაცილებით ეფექტურია და მეტ ხანს გაძლებს,~ _ აღნიშნავს რეზო გიორგაძე.
მანამდე კი, ვიდრე პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდება, ხიდისთაველებს უწინდებურად ტალახიან შარაზე მოუწევთ სიარული.

ნინო შოთნიაშვილი
ეკა ქოთოლაშვილი

 


ნინო შოთნიაშვილი, ეკა ქოთოლაშვილი
25.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 10 °C
ღამით + 1 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.