მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
წვიმის დროს მთიდან წყალი ჩამოდის და სახლებში გვივარდება

წვიმის დროს მთიდან წყალი ჩამოდის და სახლებში გვივარდება

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალაქ გორში, მერაბ კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს ამ დრომდე ერთი გადაუჭრელი პრობლემა აწუხებთ. კოსტავას და  პეტრიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე უზარმაზარი აღმართის ავლა-ჩამოვლა უწევთ, რომელზე მოძრაობაც, მათი თქმით, წვიმის დროს ფაქტობრივად შეუძლებელია. მთიდან წამოსული წყალი ხალხს სახლებში უვარდება, რის გამოც იძულებულნი არიან, თავად დაიცვან თავი `სტიქიის~ შემოტევისგან.
როგორც კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები `ხალხის გაზეთთან~ საუბრისას აღნიშნავენ, ამ პრობლემის შესახებ კარგადაა ინფორმირებული ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლება. მათივე თქმით, მათ არაერთი განცხადება შეიტანეს გუბერნატორის სახელზე, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ორი წლის წინ ეს ადგილი სახელმწიფო რწმუნებულმა ლადო ვარძელაშვილმა პირადად მოინახულა და ხალხს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა...
კოსტავას ქუჩის მცხოვრებთა ერთი ნაწილი იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება, ნაწილს კი ყოველგვარი იმედი დაკარგული აქვს.
თამარ თოფჩიშვილი, კოსტავას ქუჩის მცხოვრები: `წვიმის დროს ამ ქუჩაზე საშინელებები ხდება. მთიდან წყალი ჩამოდის და ხალხს ბინებში უვარდება. ჩვენი ბინა ორჯერ იყო წყლით სავსე, სახლში ყველაფერი ტივტივებდა. ორი წლის წინ ერთ-ერთი ასეთი `შემოტევის~ დროს ამ ადგილს ფოტო გადავუღე, მივედი ლადო ვარძელაშვილთან და პირადად ვაჩვენე, თუ რა დღეში ვიყავით. ვერ ვიტყვი, რომ ფოტო უგულისყუროდ დატოვა, მაშინვე გადაიწერა კომპიუტერში, გაოცებას ვერ მალავდა. მკითხა, `აქ ადამიანები ცხოვრობენ~-ო? მე ვუთხარი: `თქვენ წარმოიდგინეთ, მე ვცხოვრობ, მგონი ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები-მეთქი.~ დამპირდა, რომ მოვიდოდა და ადგილზე გაეცნობოდა ვითარებას. ერთი კვირის შემდეგ გვესტუმრა. მე მაშინ სახლში არ ვიყავი. როგორც მითხრეს, მოსახლეობას შეხვდა. შესაძლოა გარეუბანს არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ ჩვენ ცენტრთან ახლოს ვცხოვრობთ. ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი იგება, მაგრამ ეს ადგილი არასოდეს გაკეთებულა. ვარძელაშვილი შეგვპირდა, რომ აუცილებლად მოგვაქცევდა ყურადღებას. რამდენიმე დღის წინ გამგეობიდან იყვნენ მოსულები და ხალხს უთხრეს, ეს ადგილი ნამდვილად არის გასაკეთებელი, მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის ფული არ გვაქვსო. ბოლოს და ბოლოს მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩაა. პეტრე ბერკაციშვილი (პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრები) დაიღალა გამგეობაში სიარულით, ვარძელაშვილს დაუმეგობრდა კიდეც. ძალიან უყვარს ლადო. ამბობს, კარგი შვილია, შემპირდა და აუცილებლად გაგვიკეთებს ქუჩასო. ეს ქუჩა პეტრიაშვილის ქუჩას კვეთს, რომლის მოსახლეობაც სარგებლობდა ბავშვთა საავადმყოფოს ეზოთი. ეზო გახსნილი იყო და ჩვენც ამ გზით დავდიოდით, მაგრამ საავადმყოფოს გარემონტების შემდეგ გასასვლელი მთლიანად ჩაკეტეს. ამიტომ იძულებულები ვართ, ამ აღმართზე ვიაროთ.~
ნანა თომაშვილი, კოსტავას ქუჩის მცხოვრები: `ამ ქუჩაზე 1969 წლიდან ვცხოვრობთ. მას შემდეგ სულ ამ გზის პრობლემა გვაწუხებს. ჩვენი ქუჩის გარშემო რამდენიმე ქუჩა გააკეთეს, მაგრამ ჩვენამდე ჯერ არ მოსულან. მუდმივად ვწერთ განცხადებებს და ქუჩის შეკეთებას ვითხოვთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. ამ აღმართს რომ ხედავენ, ეშინიათ და გარბიან. ალბათ უცოდინარები არიან და არ იციან, როგორ გააკეთონ. ომამდე ვარძელაშვილი იყო მოსული. მე პირადად ვთხოვე დახმარება. ლადო დაგვპირდა, რომ სექტემბერში აუცილებლად დაიწყებდნენ სამუშაოების ჩატარებას. ძალიან ცუდ დღეში ვართ. წვიმის დროს მთიდან წყალი ჩამოდის და სახლებში გვივარდება. ასეთ დროს საკუთარი ძალებით ვცდილობთ წყლის შეკავებას. შემოვარდნილმა წყალმა ბევრჯერ დაგვაზარალა. ერთხელ პირველ სართულზე შემოვარდა წყალი, ყველაფერი გაგვიფუჭა. ამ ქუჩის ყველა მოსახლეს გვაწუხებს საავადმყოფოს ეზოს ჩაკეტვა, რის გამოც იძულებულები ვართ, ეს აღმართი ჩავიაროთ და ამოვიაროთ. ვარძელაშვილი როცა მოვიდა, გივი ხუროშვილიც თან ახლდა. გივისაც ავუხსენი, რა უბედურ დღეში ვიყავით, დახმარებას დაგვპირდა. ბოლოს ორი თვის წინ შევიტანეთ განცხადება გამგეობაში გუბერნატორის სახელზე, თუმცა არც ამაზე მიგვიღია პასუხი.~
ზურაბ ხინჩიგაშვილი, კოსტავას ქუჩის მცხოვრები: `გამგეობიდან ცოტა ხნის წინ იყვნენ მოსულები და გვითხრეს, რომ გზის ამ მონაკვეთს ვერ შეაკეთებდნენ, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. წვიმის დროს ამ ადგილზე გავლა არ შეიძლება, განათებაც არ გვაქვს, არ მესმის, რა გაუხდათ ამ პატარა მონაკვეთის გაკეთება?! ორი წლის წინ აქ ლადო ვარძელაშვილი გივი ხუროშვილთან ერთად იყო მოსული. მე არ მინახავს, თუმცა როგორც მითხრეს, ხალხს დაჰპირდა, რომ ამ პრობლემას უახლოეს ხანებში გადაჭრიდნენ. მონდომება უნდა ამ საქმეს, სხვა არაფერი.~
გიორგი, კოსტავას ქუჩის მცხოვრები: `თავადაც ხედავთ, რა საშინელი აღმართია, მაგრამ წვიმის დროს უნდა ნახოთ, რა ამბები ხდება. გზებზე ნიაღვრები მოდის ხოლმე. მოგვაქციონ ყურადღება. არ მესმის, გუბერნატორმა რატომ დაივიწყა დაპირება, გორკის ქუჩაზე გზების შეკეთება დაწყებულია. როგორც თქვეს, ყველა დაზიანებული ქუჩა შეკეთდება, მაგრამ არა მგონია, ამ აღმართს რამე ეშველოს.~
ნანული, პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრები: `ხალხს იმედი აქვს დაკარგული. დახმარებას ბევრჯერ დაგვპირდნენ, მაგრამ... ვარძელაშვილს ავუხსენი ჩვენი მდგომარეობა. დაგვპირდა დახმარებას. მაღაზიაში ჩასასვლელი სხვა გზა არ მაქვს, ამიტომ იძულებული ვარ, ყოველდღე ეს აღმართი ავიარო და ჩავიარო. სიმშრალე როცაა, მაშინ ჭირს სიარული, წვიმის დროს კი საერთოდ შეუძლებელია გადაადგილება.~
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით `ხალხის გაზეთი~ დაუკავშირდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, გივი ხუროშვილს. `ეს პრობლემა ჩემთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მე არავის არაფერს დავპირებივარ, 54 წლის კაცი ვარ, ტყუილს ხომ არ ვიტყვი?! ამ გზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან მარტო ასფალტის დაგება არ არის საჭირო. ვერ გეტყვით, როდის გადაიჭრება ეს პრობლემა,~ _ აღნიშნავს ხუროშვილი.
დავით ხმიადაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: `ეს ქუჩა ძალიან დიდი ხანია, დაზიანებულია. ჩვენ ამ დროისთვის რამდენიმე დაზიანებულ ქუჩაზე ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულ ქუჩას მარტო ასფალტის დაგებით არ ეშველება, სხვადასხვა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი. პრობლემის შესახებ საქმის კურსში ვართ. ამ დროისათვის თანხების მოძიება მიმდინარეობს. ზუსტად ვერ გეტყვით, როდიდან დაიწყება სამუშაოები. კიდევ გავიმეორებ, რომ აქტიურად მიმდინარეობს საჭირო თანხების მოძიება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მალე მოვაგვაროთ.~

შორენა ხაბალაშვილი


შორენა ხაბალაშვილი
08.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: I might be beating a dead horse, but thank you for pstoing this!
: cyali okams protstys vacxadebtb ra usamartlobaa dasalei cyalic ki ar gvaqvs
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 22 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.