მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`ბომბებისგან სახლი ისე დამიზიანდა, რომ კედლებიდან შუქი შემოდის, ვის აღარ მივაკითხე, მაგრამ უშედეგოდ.~

`ბომბებისგან სახლი ისე დამიზიანდა, რომ კედლებიდან შუქი შემოდის, ვის აღარ მივაკითხე, მაგრამ უშედეგოდ.~

ერგნეთში მოსახლეობა დამწვარი სახლების გვერდით აშენებულ პატარა კოტეჯებში განაგრძობს ცხოვრებას, როგორც თავად ამბობენ ყოველგვარი იმედის გარეშე, მაგრამ მაინც.... აქ მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს. როგორც კი ,,ხალხის გაზეთის~ ჟურნალისტები დაგვინახეს ,,თქვენ მაინც გვიშველეთ რამეო~_ გვითხრეს. სოფელში ძირითადად მოხუცებულები ცხოვრობენ, მხოლოდ რამდენიმე ოჯახში შეხვდებით ახალგაზრდებს. სკოლაში, რომელსაც ,,მამისაანთ უბანი~ _ ერგნეთის სკოლას უწოდებენ მხოლოდ ცამეტი მოსწავლეა. ერგნეთის მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივის. აცხადებენ, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გამოყოფილი დახმარებები ამ სოფლის მოსახლეობამდე ვერ აღწევს. საუბრისას ისიც შემოგვჩივლეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაკვეთები ვერ დაამუშავეს და რა თქმა უნდა ვერც მოსავალი ვერ მოიყვანეს. სხვა შემოსავლის წყაროც არ გააჩნიათ და ასე, უსახსროდ დარჩენილები მხოლოდ ღმერთის იმედად ცხოვრობენ.
`ომმა ყველანაირად დაგვაზარალა. იმის გამო, რომ ბოლო ორი წელია, ნაკვეთებში ვერ გავდივართ დასამუშავებლად, გუბერნატორი და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი კომპენსაციის სახით 2000 ლარს დაგვპირდნენ, მაგრამ მერე გვითხრეს, ვერაფრით გაგახარებთო. ჩვენი სატკივარი და გაჭირვება ცენტრალური ხელისუფლების ყურამდე რომ მივიტანოთ, ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. რამდენიმე კვირის წინ სოფლის ცენტრალური გზა გადავკეტეთ, დავიქირავეთ ავტობუსები და გადავწყვიტეთ, სააკაშვილთან ჩავსულიყავით, მაგრამ ჩვენი რწმუნებული გადაგვიდგა წინ, მძღოლები დააშინეს და მერე ჯარი დააყენეს, რომ არ გავეშვით.~ _ გვითხრეს ერგნეთის მაცხოვრებლებმა.
იმ პრობლემების ფონზე, რაც სოფელ ერგნეთში დაგვხვდა, ცოტა გაგვიჭირდა `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ გავსაუბრებოდით მოსახლეობას, რადგან თითოეული მათგანი თავისი დამწვარი სახლის მხოლოდ კედლის ნარჩენებსღა შესცქერის და როგორც თავად ამბობენ, `ერგნეთელები სახლს ისე ტირიან, როგორც მკვდარს.~
პირველი, რაც ამ სოფლის მოსახლეობამ გვთხოვა..: `თქვენ მაინც მიიტანეთ ხელისუფლებამდე ჩვენი სათხოვარი, დაგვინიშნონ უფასოდ ავტობუსები, რომ ერგნეთელებმა აქ შემოსვლის იმედი არ დავკარგოთ.~
ანზორ კასრაძე: `კრებაზე საუბარი იყო, რომ ჩვენი სოფლისთვის გამოიყო 14 ათასი ლარი. ყველაზე დიდი პრობლემა ამ სოფელში სარწყავი წყალია, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს თანხა აღნიშნული პრობლების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. თუ სარწყავი წყალი არ იქნება, სოფელი შიმშილისთვის არის განწირული. რამდენიმე კვირის წინ `საქართველოს დემოკრატიული პარტიის~ ლიდერი გია თორთლაძე იყო ამოსული გუბერნატორთან ერთად და იმისათვის, რომ ნაკვეთებს ვერ ვამუშავებთ, დახმარების სახით 1000 ლარს დაგვპირდა, მაგრამ ამაზე საუბარი უკვე აღარ არის. არც ის ვიცით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 14 ათასი ლარი სად წავიდა. სოფელში გვინდოდა, რიტუალების სახლი აგვეშენებინა. შევაგროვეთ ხელმოწერები და რწმუნებულს ვთხოვეთ, თანხა ჩვენთვის გადმოეცა და საქმეს თვითონ მივხედავდით, მაგრამ ესეც `ჰაერშია.~ სურსათი ბოლოს საპატრიარქომ შემოიტანა, მაგრამ 3-4 თვეა ესეც შეწყვეტილია. ორი წელია, გვატყუებენ, ნაკვეთებს მოგიხნავთო. მთელი სოფელი სოციალურად დაუცველია, პატრონი არ ჰყავს. კახეთს და აჭარას ყურძნისა და ციტრუსის რეალიზაციაში ყოველთვის ეხმარებიან, ჩვენ კი ვაშლი სად წავიღოთ, არ ვიცით, სარდაფებში გვილპება. სოფელს საძოვარი არ აქვს, ოსების მხარეს მოჰყვა. ყოველდღე იმაზე ვმსჯელობთ, ნახირი სად გავრეკოთ. სოფელში ტრაქტორისტი არ გამოგვიგზავნეს, ნაკვეთების მოხვნის დროს რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და არ გაიტაცონო. ამის ფონზე კი ჩემი მცირეწლოვანი შვილები იმ სკოლაში დადიან, რომელსაც `მამისაანთ უბანი _ ერგნეთის სკოლა~ ჰქვია, რომელიც ფაქტობრივად ოსების მხარესაა. სკოლაში სულ 13 მოსწავლეა და სულ იმის განცდაში ვართ, რაიმე საშინელება არ დაგვატყდეს თავს, რა გარანტია გვაქვს, ბესლანის ამბები არ დაატრიალონ. ჩვენს რწმუნებულსაც კი ვუსაყვედურე ამის შესახებ, გამოდის, რომ ტრაქტორისტი უფრო ძვირფასია, ვიდრე ბავშვები, ჩვენ კი `საზარბაზნე ხორცი~ ვართ. ძალიან მალე როგორც აღარ არსებობს მამისაანთ უბანი, ისევე აღარ იარსებებს ერგნეთიც. პირადად მე კომპენსაციაც არავინ მარგუნა. როგორ გავჩერდე აქ?! სამი პროფესია მაქვს და ვერც ერთს ვიყენებ. წავალ აქედან ჩემი ოჯახით და ყველას გავაგებინებ, რისთვის დავტოვე აქაურობა. ცოტა ხანში სოფელი შიმშილით გაწყდება. ჯერ რა დავთესეთ და ის მოსავალიც ვერ ავიღეთ. კიდევაც რომ დავთესოთ, როგორ მოვიყვანოთ უწყლოდ? ამოვიდნენ მთავრობის ხალხი და ერთი თვე იცხოვრონ, ვნახოთ, როგორ გაძლებენ. ამ ყველაფერთან ერთად ცუდი ისაა, რომ ჩვენი მთავრობა ომის დაწყებას არ გამორიცხავს.~
ხათუნა მაისურაძე: `ამ სოფელში სულ 7 მოსწავლეა, რომლებიც წელს აბიტურიენტები იქნებიან, მაგრამ მათი დაფინანსების პრობლემა დგას. იქნებ ამ მთავრობამ ამ 7 ბავშვის დაფინანსება მაინც მოახერხოს.~
კონსტანტინე ჩლაიძე: `ჩამოვარდნილი ბომბები ისევ კარებზე მიყრია, ვინ მყავს პატრონი? არავინ... დახმარების სახით შეშა უნდა მოეტანათ ჩვენთვის, მაგრამ კვარხეთში ჩაიტანეს. ომის დროს არსად გავსულვარ, სულ აქ ვიყავი, მაგრამ არც დახმარება მეძლევა და არც არავინ მაქცევს ყურადღებას. პენსიით ვცხოვრობთ, ამას თუ ცხოვრება ჰქვია. გუბერნატორს ვთხოვე, ჩვენთვის უფასოდ დაენიშნა ავტობუსი, მაგრამ ყურადაც არ იღო.~
სიმონ წერეთელი: `სამი წელია, ნაკვეთებში ვერ შევდივართ, მოსავალი არ აგვიღია. ამის სანაცვლოდ დაპირებული 2000 ლარი ჰაერში დარჩა. სოფელს არც სარწყავი წყალი აქვს და არც საძოვარი.~
კოლია წერეთელი: `86 წლის კაცი ვარ, ჯანმრთელობა საკმაოდ შერყეული მაქვს, სამედიცინო დახმარება კი არ მეძლევა. ჩემი პენსია მხოლოდ წამლებში `გარბის~, როგორ უნდა ვიცხოვრო? ვერც ნაკვეთებში გავდივართ სამუშაოდ, რადგან ურწყავი მიწებია.~
მაგული წერეთელი: `ომმა ერთიანად დაგვაზარალა. სოფელში თაგვი და კატაც აღარ დადის. არც საქონელი მყავს, რომ ამით ვირჩინო თავი. ომის დროს აქედან არ გავსულვართ და ჩემი მეუღლე სწორედ ამ ვითარებას შეეწირა. გადამწვარი სახლების შემყურეს, გულმა უმტყუნა და ლოგინად ჩავარდა... ის 15 ათასი ლარი კი, რომელიც კომპენსაციის სახით მოგვცეს, ჩემი მეუღლის ავადმყოფობას მოხმარდა, სამწუხაროდ ვერც ვერაფერი ვუშველე. მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს და არც არანაირი შემოსავალი არ განაჩნია, როგორ ვიარსებო, არ ვიცი.~
ნუნუ ჯოხაძე: `ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია, სულ ორჯერ მოგვცეს მედიკამენტები და შემდეგ შეგვიწყვიტეს. 15 ათასი ლარი რომ მომცეს კომპენსაციის სახით, ჩემი მეუღლის ავადმყოფობის გამო დავხარჯე. ჯერ გვითხრეს, ამ თანხით თავი მაინც გაიტანეთო, მერე კი გვითხრეს, რატომ სახლი არ იყიდეთო. ესეც არ იყოს, ომის შემდეგ რომ სოფელში დავბრუნდით, ვითომ დახმარების სახით შემოტანილ პურს გვაყიდებდნენ.~
მედიკო რომელაშვილი: `9 სულიანი ოჯახი ერთ კოტეჯში ვცხოვრობთ. კომისიის წევრები რომ ამოვიდნენ, მშვენიერი სათავსო გაქვთო, მითხრეს და დახმარება აღარ გაგვიწიეს, ორი მცირეწლოვანი ბავშვით ერთ ნესტიან ოთახში ვართ შეყუჟულები. ამხელა ოჯახს კი მხოლოდ ჩემი პენსიით ვარჩენ.~
ერგნეთის შემდეგ გეზი მეღვრეკისისაკენ ავიღეთ. აქ მოსახლეობამ ცოტა უნდობლად შემოგვხედა. `თქვენ რა უნდა გვიშველოთო,~ _ მოგვახალა მწყრალად ერთმა ქალბატონმა. `თქვენისთანები მიდიან, მოდიან, მაგრამ საქმეს არაფერი შველისო.~
ის იყო, მისმა მეუღლემ გადაწყვიტა ჩვენთან საუბარი, რომ `რას ელაპარაკები ამათ, წამოდი აქედანო,~ _ უყვირა, ხელი ჩაავლო და იქაურობას მოაშორა.
მათგან წამოსულები გზაში ზურას (გვარი არ დაასახელა) შევხვდით, რომელსაც ურიკით პატივი მიჰქონდა ნაკვეთში დასაყრელად. `რა იღბალი მაქვს, ჟურნალისტები ან სახლში მოდიან ჩემთან, ან სულაც ასეთ სიტუაციაში მხვდებიან.~ _ ღიმილით გვითხრა და განაგრძო: `სოფელს ძალიან უჭირს, სარწყავი წყალი არ გვაქვს. ომის დროს ჩემს ბაღში რამდენიმე ბომბი ჩამოვარდა, ვაშლის ხეები სულ დამიგლიჯა. ჯერ სულ რა დამრჩა, იმასაც ვერ ვასაღებთ. ვაშლის გასაღების წყარო რუსეთის ბაზარი იყო. ახლა სად წავიღოთ? ამერიკაში ვის სჭირდება ჩვენი ვაშლი?! ჩვენი რწმუნებული საერთოდ არ გვეკარება, მეღვრეკისი და ერგნეთი გვინდა გამოეყოს ტირძნისის ტერიტორიულ ორგანოს. საკმაოდ ბევრი გვყავს ჩვენს რწმუნებულზე ტვინიანები. ავირჩევთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მოხედავს აქაურობას. უბანში წყალი არ გვაქვს და სადღაც შორიდან ვეზიდებით. ამ პრობლემის გადაჭრას კი არავინ ფიქრობს.~
ილია ედიშერაშვილი: `სოფელს აღარავინ ეკარება. სურსათის დახმარებაც შეგვიწყდა, არც საძოვარი გვაქვს და ნახირი ლიახვის პირზე დაგვყავს. თქვენც ხედავთ, სოფელში მისასვლელი გზა რა დღეშია. სარწყავი წყალი ოსების მხრიდან მოგვდის და როცა უნდათ, მაშინ გვიკეტავენ. ვაშლია და სარდაფებში გვილპება. ჩემმა მეზობლებმა ვაშლი ბათუმში და ქუთაისში წაიღეს, მაგრამ ისევ უკან ჩამოიტანეს.~
ნაყიდა გოშლაძე: `ფილტვებით ვარ დაავადებული, არც სამედიცინო და არც სოციალური დახმარება არ მეძლევა. ომს გადავურჩით და მთავრობა გვკლავს.~
დალი სომხიშვილი: `ყურადღებას ვინ გვაქცევს ნეტავ? ჩვენს რწმუნებულს არც კი ვიცნობთ, ვინ არის, ჩვენამდე არასოდეს მოდის. შარშან ვითომ დაგვეხმარნენ შხამ-ქიმიკატებით, მაგრამ მთელი მოსავალი ერთიანად გაგვიხმა.~
ჯუნა სომხიშვილი: `ორი ინვალიდი შვილი მყავს, სმენადაქვეითებულები არიან, მაგრამ მათზე სამედიცინო დახმარება არ ვრცელდება. სახლში წვიმა ჩამომდის. კომისიის წევრებმა ჯერ მითხრეს, დახმარებას გამოგიყოფთო, მერე მითხრეს, მხოლოდ 10 შიფერს მოგცემთო. ვერ გავიგე, ჩემს დაზიანებულ სახლს საბოლოოდ რა შეფასება მისცეს. ჩემმა მეუღლემ ბათუმში 30 ყუთი ვაშლი წაიღო და ვალით ჩამოვიდა. რა გვეშველება, არ ვიცით.~
მარეხ აბრამიძე: `როგორც ვიცი, ჩვენი სოფლისათვის გამოყოფილია 8000 ლარი და ამით გზა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ თქვენც ხედავთ, ჩვენი გზა რა დღეშია.~
ეთერ პავლიაშვილი: `გარდა იმისა, რომ სოფელს ძალიან უჭირს, არც საბავშვო ბაღი გვაქვს, რომ ბავშვები მივაბაროთ. ბევრჯერ მოვითხოვეთ, მაგრამ ამაოდ. ამ საკითხზე ყურადღებაც არავის გაუმახვილებია.~
თემურ ინაური: `ყველაფერთან ერთად არც ელექტროგადამცემი ბოძებია მწყობრში, მოძველებულია და გამოცვლას საჭიროებს. სოფელში მისასვლელი გზა არ გვაქვს და ზემოთ შემოვლითი გზა მოხრეშეს. ომის დროს დამიზიანდა სახლი, ჯერ მითხრეს, გაგიკეთებთო, მერე აღარაფერი მომაკუთვნეს. საშენი მასალა სადღაც დაყარეს, გვითხრეს, გაგინაწილებთო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს.~
ციალა ტალახაძე: `ომის დროს ბინა მთლიანად დამიზიანდა, მაგრამ მხოლოდ შიფერი მომცეს. სახლი კი ჩემი სახსრებით შევაკეთე. სოფელში ტრაქტორი არ გვყავს. ერგნეთში აიყვანეს. ან რად გვინდა, რა მოვხნათ და როგორ მოვიყვანოთ მოსავალი, როცა სარწყავი წყალიც არ გაგვაჩნია?!~
მეღვრეკისიდან ბროწლეთში გადმოვინაცვლეთ. სოფელი ცარიელი დაგვხვდა. როგორც ჩანს, მოსახლეობა ნაკვეთებში საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად იყო გასული და ე.წ. ბირჟაზე სადგომად არ ეცალათ. მხოლოდ რამდენიმე პიროვნებასთან მოვახერხეთ გასაუბრება.
ციალა ბუზალაძე: `როგორც ყველგან, მოსავლის გასაღების პრობლემა დგას.~
ყარამან ღვინიაშვილი: `გზის შეკეთებას შეგვპირდნენ, თუმცა ჯერ არაფერია, ვაშლი გვილპება და ვყრით, საძოვრის არარსებობის გამო კი ნახირი მოსაზღვრე სოფლებში გადაგვყავს.~
ნანული ხმიადაშვილი: `დაზიანებული სახლისთვის მასალა მომიტანეს, მაგრამ სახსრები არ გამაჩნია, რომ თვითონ შევაკეთო. ზოგს მარტო 5 შიფერი მისცეს, ზოგსაც 10. თქვენისთანები მოდიან, მიდიან და რას აკეთებენ, არ ვიცი. ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია. დახმარებას კი არავინ მიწევს. მხოლოდ მისი პენსიით ვცხოვრობთ, ამას თუ ცხოვრება ჰქვია. შეიძლება დახმარების სახით ყველაფერიც მოდის, მაგრამ ჩვენამდე არაფერი აღწევს.~
გამოკითხული რესპონდენტებიდან საერთო კრებას არავინ დასწრებია, თუმცა აღნიშნეს, რომ კრებაზე პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის საკითხი დასახელდა, მაგრამ როგორც აღნიშნეს, ჯერ არაფრის გაკეთებას არ უჩანს პირი.~
ამის შემდეგ ტირძნისსაც მივაშურეთ. აქაც ბროწლეთზე არანაკლები სიტუაცია დაგვხვდა. პირველად ვერავისთან შევძელით საუბარი, რადგან ჩვენთან საუბარს მოერიდნენ. ვინც გაგვესუბრა, ვინაობის გამხელა არ ისურვა. მათი განცხადებით, რწმუნებულის მიერ სახლებისთვის გამოყოფილი სარეაბილიტაციო მასალები ისე ჩუმად დარიგდა, რომ მოსახლეობას ამის შესახებ არაფერი გაუგია. საუბარში იზო (გვარი უცნობია) ჩაერთო და შემოგვჩივლა: `ბომბებისგან სახლი ისე დამიზიანდა, რომ კედლებიდან შუქი შემოდის, ვის აღარ მივაკითხე, მაგრამ უშედეგოდ.~
თამარ ბერიშვილი: `სასმელი წყალი არ გვაქვს ჩვენს უბანში, რადგან მილები დაჟანგებულია. საბავშვო ბაღი მაინც შეგვირემონტონ, რომ ბავშვები ნორმალურ პირობებში იყვნენ.~
საუბრის სურვილი ბადრი ილურიძემაც გამოთქვა: `დასაქმების პრობლემაა, მოსავალს ვერ ვყიდით. სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისია.~
იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ტირძნისის ტერიტორიულ თემიში გამოიკვეთა, გავესაუბრეთ რწმუნებულს.
თემურ ტეტუნაშვილი: `ტირძნისისთვის გასულ წელს 13 700 ლარი გამოიყო. ამ თანხით მოხდა ეკლესიის შემოღობვა და გალავანის შეცვლა. წელს 30 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით კი მოხდება საბავშვო ბაღის რემონტი, რადგან 2006 წელს იმის გამო, რომ სკოლა დაიწვა, საბავშვო ბაღში განვაახლეთ სწავლა. ერთ უბანში სასმელი წყლის მილია გამოსაცვლელი. მოიხრეშება გზებიც. ერგნეთში გასულ წელს 260 მეტრის სიგრძის მილი შეიცვალა. ძველი ჭაბურღილიდან ახალ ჭაბურღილზე მოხდა გადაერთება. მოიხრეშა საუბნო გზები. ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი იყო 5500 ლარი. წელს 14 300 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით მოსახლეობა რიტუალების სახლის აშენებას ითხოვს. მეღვრეკისისთვის შარშან 6500 ლარი გამოიყო. მოსახლეობამ ეკლესიის შემოღობვა მოითხოვა. ამას კი 4500 ლარი დასჭირდა. დარჩენილი თანხით კი ერთ უბანში გზა მოვხრეშეთ. მოსახლეობას კი რატომღაც გაუჩნდა ეჭვი რომ გამოყოფილი თანხა მთლიანად გზის  მოხრეშვას მოხმარდა. მოვიდნენ და სოფლის ცენტრალური გზის შეკეთებაც მოითხოვეს. მუნიციპალიტეტის დახმარებით ნაწილობრივ შეკეთდა კიდეც. ის რომ ჩემი მხრიდან უყურადღებობას უჩივიან, სისულელეა. ყველასთან ცალ-ცალკე ხომ ვერ მივალ სახლში. მივდივარ ორ-სამ უბანში, შევკრებ მოსახლეობას და საქმის კურსში ვაყენებ. მეღვრეკისში შეკეთდა ყველაზე მეტი დაზიანებული ბინა. ხოლო ვინც დარჩა, საშენი მასალა გადავეცით. რაც შეეხება იმას, რომ ერგნეთში ერთ კოტეჯში უწევს ცხოვრება მრავალსულიან ოჯახს, ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან კოტეჯების აშენება დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ მოხდა. მე ამასთან შეხება არ მქონია. მითხრეს, ჩვენ ვიკვლევთ, ვის რამდენი სჭირდებაო. მხოლოდ ზემო უბანში დარჩა 15 მოსახლე, რომლებისთვისაც არ აუშენებიათ კოტეჯი, რადგან გაეროს უსაფრთხოების დეპარტამენტმა არ ჩათვალა საჭიროდ. მიზეზი, რომ ნაკვეთებში სამუშაოდ ვერ გადიან, რომ გასანაღმიაო, აბსურდია. იქაურობა დანაღმული არ ყოფილა. მხოლოდ ჭურვები ჩამოვარდა და აფეთქდა. ვისაც მუშაობის სურვილი აქვს ნაკვეთებს ამუშავებს კიდეც. უსაფრთხოების არარსებობის განცდა მეც შეიძლება ვიგრძნო, რადგან რასაც ყოველდღიურად მიჩვენებენ ტელევიზიით და რასაც თქვენ წერთ პრესაში, რომ შეიძლება ომი დაიწყოს, ვერავინ იქნება უსაფრთხოდ. სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციალიტეტის დახმარებით ერგნეთის მოსახლეობას ვუხნავთ ნაკვეთებს. ჩამოწერილი მაქვს სია, რომელ უბანშია ნაკვეთი მოსახნავი. დავიწყეთ ქვემო უბნიდან და მივდევთ ბოლომდე. იმის გამო, რომ ერგნეთი ყველაზე მეტადაა დაზარალებული, ვცდილობთ მეტი დახმარება შევიტანოთ. მეღვრეკისი იქვეა, მაგრამ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ უწევს დახმარებას, რადგან არ თვლიან საზღვრისპირა სოფლად. ბროწლეთში მოსახლეობა სოფლის შიდა გზების მოხრეშვას ითხოვს. ამისთვის 14 800 ლარია გამოყოფილი. შარშან სასმელი წყლის პრობლემა იდგა და მოვაგვარეთ. რომ ამბობენ, სასუქის დარიგება ამორჩევით მოხდაო, ასეა, რადგან ეს UშAID-ის პროგრამაა, რომლითაც განხორციელდა ფერმერებზე სასოფლო საქმიანობისთვის დახმარება. ჩავატარეთ აღწერა და ზოგმა მიწის ფართობის მოხვნა მოითხოვა, ზოგმაც შესაწამლი საშუალება. არც ის შეესაბამება სინამდვილეს, რომ დარიგებული სასუქით გაუხმათ მოსავალი, ყველაფერს სათანადო ცოდნა სჭირდება. როდესაც სასუქი დარიგდა, ვთხოვეთ, ტრენინგებსაც დასწრებოდნენ, მოგეხსენებათ, ახალი საშუალებებია შემოსული და მათ მოხმარებას თავისებური ცოდნა სჭირდება. ტრენინგებზე მისვლა ყველას დაეზარა. იძახდნენ, მარტო სასუქი მოგვცენო. ვისაც ვერ მისცეს სასუქი, სანაცვლოდ კომპენსაცია გამოუყვეს. თერგვისისთვის გასულ წელს 6000 ლარი გამოიყო. თანხის ნაწილით არხზე გადასასვლელი ორი ხიდის მოაჯირი გაკეთდა, რადგან ნახირი რომ გადაჰყავდათ, ძროხები არხში ვარდებოდნენ. ერთი ახალგაზრდა მამაკაციც გადავარდა და დაიღუპა. მორჩენილი თანხით მოვხრეშეთ ერთი უბნის გზა. წელს 6700 ლარია გამოყოფილი და სასმელი წყლის მილის ამოცვლა იგეგმება. ხალხს პრეტენზია იმიტომ უჩნდება, რომ დახმარებას მიჩვეულები არიან და ყოველდღიურად ითხოვენ.~
გივი ხუროშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების უფროსი: `გასულ წელს თერგვისისთვის 6000 ლარი გამოიყო, რითიც მოიხრეშა გზები. ერგნეთში მოხდა არხებზე გადასასვლელი გზების რეაბილიტაცია, რისთვისაც 14 500 ლარი გამოიყო. ბროწლეთში 5000 ლარად მოხდა სასმელი წყლის შიდა ქსელის ამოცვლა. ტირძნისში მოხდა ეკლესიის ტერიტორიის შემოღობვა და გამოყოფილი იყო 13 500 ლარი. გზის რეაბილიტაცია და ასევე ეკლესიის შემოღობვა მოხდა მეღვრეკისში, რომლისთვისაც გამოიყო 7000 ლარი. 2010 წელს ერგნეთში მოხდება სარწყავი წყლის გაყვანა და ამისთვის 14 000 ლარია გამოყოფილი. 6700 ლარია გამოყოფილი თერგვისისთვის გამოყოფილი და მოხდება სასმელი წყლის მილების შეცვლა. ბროწლეთში 14 800 ლარად მოიხრეშება გზები. მეღვრეკისში მოსახლეობა სოფელში მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვს ამისთვისაც 14 000 ლარია გამოყოფილი. ტირძნისისთვის 30 000 ლარად გადაწყდება სასმელი წყლის პრობლემა. გეტყვით იმას, რომ თერგვისისთვის და ბროწლეთისთვის გამოყოფილი თანხით ვეჭვობ, დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნა, რადგან გამოყოფილი თანხა არასაკმარისია.~

თამუნა მოსიაშვილი
ჟანა გოგინაშვილი

 


თამუნა მოსიაშვილი, ჟანა გოგინაშვილი
08.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Notnhig I could say would give you undue credit for this story.
: 20
: I'm not wrtohy to be in the same forum. ROTFL
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 8 °C
ღამით + 2 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.