მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
როდემდე უნდა ვსვათ წურბელიანი ჭის წყალი?

როდემდე უნდა ვსვათ წურბელიანი ჭის წყალი?


`ხალხის გაზეთმა~ ამჯერად უფლისციხის თემში შემავალ სოფლებს მიაშურა `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მონიტორინგისათვის. პირველი რესპონდენტები ქვახვრელისკენ მიმავალმა სამარშუტო ტაქსში შევიძინე. ისინი სოფლის გასაჭირზე საკმაოდ ღიად საუბრობდნენ და მათი მოგვარების იმედსაც გამოთქვამდნენ.
არჩილ კოროშელიძე (სოფელ ქვახვრელის მკვიდრი): `სოფლის ყველაზე დიდი გასაჭირი ისაა, რომ სასმელი წყალი არ გვაქვს. მხოლოდ ჭის წყალია და ისიც ყველას ხომ არ აქვს? ჭის ამოღება 1000-1300 ლარი ჯდება და ამხელა ფული საიდან უნდა ვიშოვოთ? ყოველდღე მეზობლების შეწუხებაც გვერიდება. საუბნო ონკანები რომ ჩადგან, ამითაც კმაყოფილნი ვიქნებით, სხვის კარზე მაინც აღარ გვექნება სასიარულო. რაც შეეხება შიდა გზებს, ამოხვალთ სოფელში და თვითონაც ნახავთ, რა მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ გააკეთოს ვინმემ. თუ ბუნებრივ აირსაც შემოიყვანენ, ეს ჩვენთვის უკვე დიდი ფუფუნება იქნება და უარს ვინ იტყვის? ყველა გადაიხდის, რამდენსაც მოვიხმართ.~
შევეცადე გამერკვია, მგზავრებიდან თუ ესწრებოდა ვინმე სოფლის კრებას, სადაც `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ გამოყოფილი თანხები გადანაწილდა და როგორ მოხდა მათი ინფორმირება ამ შეხვედრის თაობაზე. როგორც გაირკვა, მათგან რამდენიმე თავად ესწრებოდა კრებას, რომლის შესახებ სოფლის რწმუნებულის მიერ უბნებში გამოკრული განცხადებების მეშვეობით გაიგეს.
ზაალიშვილი: `ქუჩებში გააკრეს ფურცლები, სადაც ეწერა, რომ სოფლის კრება უნდა ჩატარებულიყო და ასე გავიგე. პირადად დავესწარი შეხვედრას, რომელზეც გზისა და სარწყავი არხის გაკეთება დაიგეგმა.~
აქ საუბარში ქალბატონი ჩაერთო, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა: `შარშანდელი `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ ცენტრალური გზა და სარწყავი არხი გაკეთდა. წელს კრებას ჩემი მეუღლე ესწრებოდა და როგორც ვიცი, გადაწყდა, რომ შიდა გზებს მიხედავენ. შიდა გზები მართლაც საშინელ მდგომარეობაშია, მუხლებამდე ტალახში გვიწევს სიარული.~
შალვა ზაალიშვილი: `კრება რომ ჩატარდა გავიგე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავესწარი, სოფელში არ ვიმყოფებოდი. რაც შეეხება სოფლის გასაჭირს, ეს მართლაც სასმელი წყალია. მთელი სოფელი ჭის წყალს მოიხმარს, მაგრამ ესეც ხომ არ აქვს ყველას. საწყენი იცით რა არის? ჩვენი სოფელი უფლისციხეზეა მიბმული, იქ კი ბევრი ტურისტი მიდის. შემთხვევით ჩვენს სოფელზე გავლილმა წყალი რომ მოითხოვოს, რა ვუთხრათ, არ გვაქვს და ჭის წყალი დალიეთო? ჩვენს სოფელში არც ბუნებრივი აირია. ისეთ მივარდნილ და მიყრუებულ სოფლებში გაიყვანეს გაკვირვებულნი ვართ და ჩვენ რა დავაშავთ? ახლა, საარჩევნოდ პოლიტიკოსების განსაკუთრებულ აქტიურობას ველოდებით, ტრადიციულად ხომ ასეა ხოლმე. ჩვენც დაველოდებით და ვინც საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზებს და არსებულ პრობლემებს მოგვიგვარებს, ხმასაც მას მივცემთ.~
ამასობაში სოფელსაც მივუახლოვდით და მოსაცდელთან ჩამოვედი, სადაც რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე შეკრებილიყო. ეს ადგილი გასაჩერებლად უფრო იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან გამაკვირვა სოფლის შუაგულში არსებულმა ჭაობად ქცეულმა საფეხბურთო სტადიონმა, რომელიც უპატრონოდაა მიგდებული.
ბერიკაშვილი: `სოფელს ბევრი პრობლემა აქვს. სასმელი წყალი არ გვაქვს, აქ არც ბუნებრივი აირია და შიდა გზებიც სულ გადათხრილია. სტადიონს თავადაც ხედავთ, რა მდგომარეობაშია. აღარაფრად ვარგა, რადგან სულმთლად დაჭაობებულია. არადა, ამხელა სოფელს ერთი სტადიონი ნამდვილად უნდა. 50 წლის კაცი ვარ და საშუალება რომ იყოს, ახლაც ვითამაშებდი ფეხბურთს.~
გელა ჯანეზაშვილი: `ამაზე დიდი პრობლემა, რა უნდა იყოს, ჭის წყალს ვიყენებთ სასმელად და ისიც უვარგისია. რომ ვადუღებთ, მტკაველის ოდენა ნალექი რჩება ჭურჭლის ძირზე. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, კარგი იქნება, რომ გვქონდეს, მაგრამ სადაა? საერთო მრიცხველით გვიწევს დენის ფულის გადახდა, რის გამოც, ხშირად იმაზე მეტს ვიხდით, რაც დავხარჯეთ. როგორც ვიცი, გამრიცხველიანება იგეგმება, მაგრამ როდის დაიწყებენ, ნამდვილად ვერ გეტყვით.~
ნოდარ ჯანეზაშვილი: `სასმელი წყალი მართლაც გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული ჩვენი სოფლისათვის. ჭის წყლის სმით დაავადდა მთელი სოფელი. რაც შეეხება სტადიონს, როგორც ხედავთ, ეს სტადიონი კი არა ჭაობია. არც შიდა გზებია კარგ მდგომარეობაში. მანქანა ეზომდე ვერ მიგვყავს, ისეა გზები გაფუჭებული.~
ლიანა სადაღაშვილი: `ჩვენი სოფელი ლამის წყალმა წაიღოს, არადა დასალევი წყალი არ გვაქვს. ბავშვებს ჩიყვი გაუჩნდათ. ვერ ვიგებ, როდემდე უნდა ვსვათ წურბელიანი ჭის წყალი?~
ქვახვრელის მოსახლეობას დავემშვიდობე და ისევ სამარშუტო ტაქსს მივაშურე, რომელსაც უფლისციხემდე უნდა გავყოლოდი. `აქ გზები ისეთ მდგომარეობაშია, პატარა წვიმაზე, მუხლებამდე ტალახში დავდივართ. ორი დღის წინ რომ ამოსულიყავი, ეგ ვარდისფერი `კეტები~ სადმე ტალახში ჩაგრჩებოდა და ფეხშიშველს მოგიწევდა წასვლა.~ - მეხუმრა ერთ-ერთი მგზავრი. ამას კვლავ სოფლის პრობლემებზე საუბარი მოჰყვა. `სოფელში არც გზებია, არც ბუნებრივი აირი და სხვა ბევრი რამეც გვაკლია, რაც წესით უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, მაინც სასმელი წყალია. როდემდე უნდა მოვუწამლოთ ჩვენს ბავშვებს ორგანიზმი სასმელად უვარგისი ჭის წყლით?~ - იკითხა ერთმა. `ეს კლუბი ნახეთ, სოფელში ამხელა შენობა სრულიად უაზროდ და უფუნქციოდაა დატოვილი. გაპარტახდა და დანგრევის პირასაა.~ - გამოეპასუხა მეორე. თუმცა, ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავეს. მალე უფლისციხესაც მივადექით და ამჯერად სკოლის შენობასთან ჩამოვქვეითდი, სადაც შარშანდელი `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ გამოყოფილი თანხის ნაწილი ეზოს გაკეთებას უნდა მოხმარებოდა. აქ მართლაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
თამუნა ფარჯველიანი (სოფელ უფლისციხის მკვიდრი): `იმ სარემონტო სამუშაოებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს სკოლაში, `ჩHF~ აფინანსებს და გათვლილია სკოლის შიდა ინტერიერზე. 2009 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში კი მოხდა სკოლის ეზოს შემოღობვა და სახურავის პატარა ნაწილის შეკეთება, საიდანაც წვიმა ჩამოდიოდა. რაც შეეხება სოფლის პრობლემებს, ყველაზე მეტად სასმელი წყალი გვიჭირს. აქვე სამხედრო ნაწილია და იქ აქვთ სასმელი წყალი, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევენ. როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტროში წერილიც გაგზავნეს, მაგრამ იქიდან რა პასუხი მოვიდა, ნამდვილად არ გამიგია.~
თამარ რევაზიშვილი: `სასმელი წყალი მართლაც ჭირს ჩვენს სოფელში, ჭის წყლით გვიწევს სარგებლობა. გარდა ამისა, უფლისციხის მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა აქვს, მოშლილი საკანალიზაციო სისტემის სახით.~
ნანა რომელაშვილი: `სოფელში ნაგვის ბუნკერები არ არის. ადრე ნაგავსაყრელი საბავშვო ბაღის ეზოში იყო, მერე კი გაიტანეს, მაგრამ ახლა სახლებში გვიწევს ნაგვის ტომრებში დაგროვება და სად წავიღოთ, არ ვიცით. შარშანდელი `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ საბავშვო ბაღის მხოლოდ ერთი ოთახი გაკეთდა და ყველა ასაკობრივი ჯგუფი ერთად გვყავს. არც პიანინო გვაქვს და არც სხვა რამ, რაც საბავშვო ბაღს სჭირდება. გარდა ამისა, არც ღობე აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ ტრასა ბაღის ეზოს ბოლოშია, გვეშინია ბავშვებს საფრთხე არ შეექმნას. საპირფარეშოც არ გვაქვს შენობაში, ეზოში კი არის, მაგრამ ზამთარში ნათბილარი ბავშვი ეზოში როგორ გავიყვანოთ? რაც შეეხება სოფლის პრობლემებს, კარგი იქნება კანალიზაცია გაკეთდეს, რადგან გარემო დაბინძურებულია, მოშლილი საკანალიზაციო სისტემის გამო.~
თეონა ლაზარაშვილი: `ჩვენთვის ყველაზე საშიში კანალიზაციაა, რომელიც გარემოს აბინძურებს. სასმელი წყალი არ აქვს სოფელს, ჭის წყალი კი დასალევად უვარგისია და ბავშვებიც კი დაიწამლნენ. ეს ამბავი გაშუქდა კიდეც ტელევიზიით, მაგრამ არაფერი გვეშველა. გარდა ამისა, გარემოს ნაგავიც აბინძურებს, რადგან არ გვაქვს ნაგვის ბუნკერები.~
მაკა კიკნაძე: `კარგი იქნება, საბავშვო ბაღი შემოღობონ და პიანინო დაგვიდგან. რაც შეეხება სასმელ წყალს, აქ სამხედრო ნაწილი დგას, რომელსაც აქვს წყლის რეზერვუარი. მათ ვთხოვეთ, მოეცათ ჩვენთვის სასმელი წყალი, როგორც ვიცი, მეთაური თანახმა იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტროდან არ მისცეს თანხმობა.~
მარინა ქარელიშვილი: `ნაგვის ურნების დასამონტაჟებლად და ნაგვის გატანის მოთხოვნით ხელმოწერები პირადად მე შევაგროვე. კორპუსებში მაცხოვრებლებისათვის გაუსაძლისი პირობებია. კანალიზაციის სისტემა მოშლილია, ამას ნაგავიც ემატება და ზაფხულში ფანჯარას ვერ ვაღებთ, ისეთი სუნი დგას. ჩემი შვილი მოიწამლა ჭის წყლით, ტელევიზიითაც კი გაშუქდა ეს ამბავი, მაშინ დაგვპირდნენ, მოგხედავთო, მაგრამ დღემდე ისევ ამ დღეში ვართ. უფლისციხეში მიმავალმა ტურისტმა ჩვენი სოფელი უნდა გაიაროს, ამიტომ სახლების მხოლოდ ის მხარე კეთდება, რომელიც ტრასას გადმოსცქერის, ჩვენ კი ვინც გზიდან მოშორებით ვცხოვრობთ უყურადღებოდ ვართ დატოვებული. სულ დავკარგეთ მომავლის იმედი.~
ზაზა ეღიკაშვილი: `სასმელი წყალია ჩვენი მთავარი პრობლემა, თუმცა ამის გარდა კიდევ ბევრი რამ გვაწუხებს. უკანა კორპუსები საშინელ მდგომარეობაშია, აქ არც მისასვლელი გზაა კარგი და საკანალიზაციო სისტემაც სრულიად მოშლილია.~
ზაზა ოხანაშვილი: `სოფელს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მათ შორის უმთავრესი სასმელი წყალია. გარდა ამისა, წყალდიდობისას მტკვარიც ძალიან გვაზარალებს, ნაპირთან ახლოს აგარაკებია და იქ შევარდება ხოლმე წყალი. კარგი იქნება, თუ ვინმე ნაპირსამაგრ სამუშაოებს ჩაატარებს.~
ამჯერად ისევ ქვახვრელს მივაშურე, რადგან უფლისციხის თემის საკრებულოს შენობა სწორედ აქ მდებარეობს. აქ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ზაზა სადაღაშვილს შევხვდი და თემში შემავალ სოფლებში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრე.
ზაზა სადაღაშვილი: `ამ სოფლების მოსახლეობას მართლაც აწუხებს სასმელი წყლის პრობლემა. 1992 წლამდე მუშაობდა სასმელი წყლის ცენტრალური სისტემა, მაგრამ მილები გამოვიდა მწყობრიდან და მას შემდეგ უწყლოდ ვართ. მოსახლეობის 95 % - ს ეზოებში ჭები აქვს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს წყალი სასმელად უვარგისია. ლაბორატორიაში შევამოწმებინეთ, მაგრამ გადაჭრით პასუხს ვერ გვეუბნებიან, დაილევა თუ არა. უფლისციხეში ბავშვები დაიწამლნენ ამ წყლით. ქვახვრელისგან განსხვავებით, იქ 2-3 მეტრზე ამოდის წყალი, რაც დაბინძურების ხარისხს ზრდის. ამას წინათ, გაეროს განვითარების ფონდიდან მოგვიტანეს დებულება, რომელშიც ქვახვრელის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საკითხი იყო აღნიშნული. სამუშაოები დაახლოებით 1 800 000 ლარი ჯდებოდა. არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა, აღარავინ გამოგვეხმაურა. უფლისციხეში სამხედრო ნაწილიდან გამოდის ერთი ონკანი. ვთხოვეთ და გვითხრეს, რომ მოგვცემდნენ წყალს. 800 მეტრი მილი შევიძინეთ. 5 საუბნო ონკანი უნდა დაგვემონტაჟებინა, მაგრამ სამხედრო ნაწილს თავდაცვის სამინისტროდან მოუვიდა ბრძანება, რომ ნებართვის გარეშე არავისთვის მიეცათ ენერგო რესურსებით სარგებლობის უფლება. წერილი გავგზავნე და პასუხი არ მომივიდა, შემდეგ მე თვითონ ჩავედი თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ თავს იკავებენ. ახლა ისევ გუბერნატორთან ვაპირებ დალაპარაკებას, იქნებ დაგვეხმაროს. რაც შეეხება, ბუნებრივ აირს, ჯერჯერობით არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომელიც არ გვაქვს. საკანალიზაციო სისტემა ნამდვილად მოშლილია და ეს გარკვეულწილად მოსახლეობის ბრალიცაა. სამხედრო ნაწილსა და 10 კორპუსს ერთიანი საკანალიზაციო სისტემა ჰქონდათ. ვერ გავაგებინე ხალხს, რომ საჭირო იყო სატუმბი სადგური, რადგან ეს ვაკე ადგილია. გამწოვი სისტემის არ არსებობის გამო დაზიანდა საკანალიზაციო სისტემა. სამხედრო ნაწილმა კი აღადგინა თავისი სისტემა, მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ, რადგან საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გავარკვიე, რომ მხოლოდ ეს სატუმბი მოწყობილობა 30 000 ევრო ღირს და გარდა ამისა, სხვა საკმაოდ დიდი ხარჯებიცაა. შარშან ორი უშველებელი ნაგავსაყრელი დავცალეთ და ახლა იქ ნაგავს აღარავინ ყრის. გავედი გორში და დავაყენე საკითხი ამ სოფლებში ურნების შემოტანის თაობაზე, მაგრამ მითხრეს, რომ მხოლოდ ქალაქის საკმარისი ურნები აქვთ და ჩვენთან ვერ შემოიტანენ. რაც შეეხება, წყალდიდობის დროს აგარაკებზე შევარდნილ წყალს, ის მართლაც ქმნის საფრთხეს, მაგრამ აქ ბუნებრივად ისეთი სანაპიროა, ჯებირებით მისი გამაგრება, შეუძლებელია. თუმცა, ხელისუფლების მიერ გაღმა უფლისციხეში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა. და ბოლოს, რაც შეეხება `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ გათვალისწინებულ სამუშაოებს, 2009 წელს დაგეგმილი იყო სოფელ ველებთან მისასვლელი გზა და გაკეთდა, მაგრამ იმის გამო, რომ აქ შეშის საზიდად დიდი მანქანები მოძრაობენ, ეს გზა გაფუჭდა და წელს ისევ ამ გზის შეკეთება იგეგმება უკვე გაორმაგებული თანხებით. უფლისციხეში დაგეგმილი იყო სკოლის ეზოს შემოღობვა და საბავშვო ბაღის გარემონტება, ეს სამუშაოები შესრულებულია. წელს ამ სოფელში 3 კრების მოწყობა დაგვჭირდა, რადგან მოსახლეობა ვერ თანხმდებოდა, თუ რაზე უნდა დაგვეხარჯა გამოყოფილი თანხები. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საბავშვო ბაღს შემოვღობავთ, გავაკეთებთ სასაფლაომდე მისასვლელ გზას და იმის გამო, რომ საფლავების საძირკვლებს მეწყერი აფუჭებს უნდა გავაკეთოთ თხრილი მათ დასაცავად და ბოლოს, დარჩენილი თანხით, ავტობუსის მოსაცდელებს გავაკეთებთ.  რაც შეეხება სოფელ ქვახვრელს, აქ შარშან სარწყავი არხი და ცენტრალური გზა გაკეთდა, წელს კი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სტადიონის გაკეთებას და შიდა გზების მოხრეშვას ვაპირებთ.~

 მაკა კოჭლამაზაშვილი


მაკა კოჭლამაზაშვილი
08.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Your answer shows real intlelignece.
: 20
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 34 °C + 35 °C
ღამით + 20 °C + 20 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.