მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`ყველა დიდი მწერალი მუდამ თანამედროვეა~

`ყველა დიდი მწერალი მუდამ თანამედროვეა~

6 მაისს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ქალაქ გორში, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის დარბაზში მოეწყო გორელი მწერლის, ჯემალ ინჯიას წიგნის `ოთარ ჩხეიძის აბრისი~ (`აბრისი~ _ იგივე მონახაზი) განხილვა-პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ გორის და სოხუმის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები, ოთარ ჩხეიძის შვილები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და მხატვრული ლიტერატურის მოყვარულები. წიგნის გამომცემელი და რედაქტორია მწერალი როსტომ ჩხეიძე.
სიტყვით გამომსვლელებმა წიგნის შეფასებასთან ერთად ვრცლად ისაუბრეს ცნობილი მწერლის, ოთარ ჩხეიძის პიროვნებაზე, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სტილსა და მდიდარ შემოქმედებაზე, როგორც პროზაიკოსზე, რომელსაც თავისი საქმის დიდ ნიჭთან ერთად მეცნიერის საოცარი ალღო ჰქონდა და დიდი ჰუმანისტი იყო.
მწერლებმა და პროფესორებმა _ ოთარ ჩხეიძის ყოფილმა სტუდენტებმა და შემდგომში კოლეგებმა გაიხსენეს მწერალთან ურთიერთობის წლები, ის განცდები, რომლებიც თან ერთვოდა ამ ურთიერთობებს. გამოხატეს ჯემალ ინჯიას ახალი წიგნის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები. აღინიშნა, რომ ამ პატარა წიგნით უდავოდ დიდი სათქმელი ითქვა.
ელდარ მამისთვალიშვილი, ისტორიკოსი, პროფესორი: `მთელ წიგნს წითელ ხაზად გასდევს სუფრა და ქეიფი. ეს ძალიან საინტერესო მიგნებაა ჩემი აზრით. ბატონი ჯემალი ბატონ ოთართან ერთად დაგვატარებს სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში, ოჯახებში, სუფრებთან საუბრებს გადმოგვცემს, რაც ქართული ტრადიციების და კაცობის გაგების შესანიშნავი საშუალებაა, იმიტომ, რომ კაცის შეფასება უმეტესწილად სუფრასთან მისი ქცევით, მოქმედებით, საუბრით განისაზღვრება ხოლმე. ბატონი ოთარი ამ მხრივაც იყო მართლაც იშვიათი გამონაკლისი. იგი იყო ქართული აკადემიის გადამტანი სუფრაზე. ბატონ ჯემალს ხაზგასმული აქვს ოთარ ჩხეიძის ერთი შეხედვით ძალიან რბილი ხასიათი. მე მისი სტუდენტი და შემდეგ კოლეგა-მასწავლებელი ვიყავი (მქონდა ამის ბედნიერებაც) და არ მახსოვს მისი ხმის აწეული ტონი. შეიძლება როგორმე გამოეხატა უკმაყოფილება, მაგრამ ხმას არასდროს იმაღლებდა. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ოთარ ჩხეიძის ლექციები და კერძო საუბრები, მისი ხავერდოვანი ხმა, რომელსაც მაშინვე აუდიტორიაში გადავყავდი, რადგან ყველაზე მეტად აუდიტორიიდან დამამახსოვრდა იგი. ზაურ წაქაძეს და ჯემალ ინჯიას საკუთარ წიგნებში ოთარ ჩხეიძის პიროვნების თავისებური ხედვა აქვთ და ეს თავისებურებები ერთმანეთს ავსებენ, ბატონი ოთარის ერთიან, ჩამოყალიბებულ სახეს გვაძლევენ.~
ზვიად კვარაცხელია, მწერალი: `ეს წიგნი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ოთარ ჩხეიძისადმი მიძღვნილი წიგნი, არამედ კიდევ ერთი შენაძენი ქართულ მემუარულ და დოკუმენტურ ლიტერატურაში. ამ ნაწარმოებში არ არის გარეული პათეტიკა, ის ზედმეტობები, რომლებიც მემუარულ თხზულებებს ხშირ შემთხვევაში ახასიათებს. ბატონი ჯემალ ინჯიას წიგნი ამ ყველაფრისგან თავისუფალია. ნაწარმოების ლაკონურობა და ერთგვარი სიცინცხალე საშუალებას გვაძლევს ოთარ ჩხეიძე ჩვენს თანამედროვედ წარმოვიდგინოთ და ყოველ ჩვენგანს ჰქონდეს მასთან სულიერი ერთობა, რადგან ყველა დიდი მწერალი მუდამ თანამედროვეა.~
როსტომ ჩხეიძე, ოთარ ჩხეიძის შვილი, მწერალი: `ზაურ წაქაძემ საკუთარი დოკუმენტური ნოველების ციკლით, რომელიც ერთი მთლიანი მონოგრაფიაა, ბიძგი მისცა ჯემალ ინჯიას, შეექმნა ახალი წიგნი ოთარ ჩხეიძის შესახებ. წიგნის დანიშნულებაც ეს არის _ შთააგონოს, აიყოლიოს სხვაც. მახსოვს, ჯემალ ინჯია როგორი აღტაცებით საუბრობდა ამ წიგნზე, როგორი სურვილი ჰქონდა, თვითონაც დაეწერა 10-12 გვერდი. თავიდან ასე ვარაუდობდა, მაგრამ შემდგომში მისი თხრობა განიტოტა, გაიზარდა და წარმოგვიდგა კარგ მხატვრულ დოკუმენტურ წიგნად. ეს არის ცნობილი პოეტის პირველი და ძალიან წარმატებული ცდა ამ ჟანრში, რომელიც ძალიან პოპულარულია დღეს მსოფლიოში. ერთი შეხედვით, თითქოს წვრილმანებზეა აგებული თხრობა ბატონი ზაურის და ბატონი ჯემალის წიგნებში, მაგრამ ხშირად სწორედ ამ წვრილმანებში ჩნდება ისეთი რამ, რასაც სხვაგან ვერ ამოიკითხავ. გადის დრო და ეს წვრილმანები რჩება, აღმოჩნდება, რომ სწორედ ისინი არის მნიშვნელოვანი და გრანდიოზული. ეს წიგნები ადასტურებენ, რომ მწერლობაში არ არსებობს წვრილმანი, არსებობენ არაოსტატები და ოსტატები, რომლებსაც შეუძლიათ ლაკონურად გადმოგვცენ ესა თუ ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ღრმა შინაარსის მქონე ამბავი. ამ წიგნში აღწერილია არა მარტო გორის საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრება, არამედ შიდა ქართლსა და მთელ საქართველოში ათწლეულების მანძილზე მიმდინარე მოვლენების მთელი ისტორიული ქარგა. ძალიან ბევრს გამოადგება ეს წიგნი _ ლიტერატორებს, მკვლევარებს, კულტუროლოგებს, ისტორიკოსებს, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. ჯემალ ინჯიაზე დღეს ვსაუბრობთ, როგორც მწერალზე, ბელეტრისტზე, დოკუმენტალისტზე და პოეტზე. იგი არის თვალსაჩინო ფიგურა ქართულ პოეზიაშიც და მიეკუთვნება იმ შემოქმედთა რიგს, რომელთა `კაკალიც არ ჩხრიალებს,~ მაგრამ მოვა დრო და მისი ლექსები სათანადოდ დაფასდება.~
ჯემალ ინჯია, წიგნის ავტორი, მწერალი: `ოთარ ჩხეიძის გორიდან წასვლით ქალაქის არქიტექტურა დაზარალდა. ოთარი თავისი `ლომისებური ფაფარით~ _ გაჭაღარავებული თმით უხდებოდა გორის ქუჩებს, მთელ საქართველოს და კიდევ უფრო უხდება. რაც დრო გადის, მისი შემოქმედება მეტად იზრდება, მწიფდება, მკვიდრდება და ჯდება ერის სისხლში და ხორცში, იმ ერისა, რომელსაც ქართველი მკითხველი ჰქვია. ოთარი იყო ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებელი. მე შემიძლია დილამდე გაუთავებლად ვისაუბრო. იგი რჩება ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ პიროვნებად.~
ზაზა ცოტნიაშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი: `მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს. არ შემიძლია, საკუთარი, როგორც მაშინდელი დროის ლიტერატურის ერთი ჩვეულებრივი მკვლევარის პოზიციიდან მადლობა არ ვუთხრა ამ გვარის წარმომადგენლებს. ნამდვილად გენეტიკური არის მათი ეს დიდბუნებოვნება. ბატონ როსტომს ძალიან ბევრი დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი და წარმატებებს ვუსურვებ.~
როსტომ ჩხეიძის თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას საბურთალოზე ოთარ ჩხეიძის სახელი მიენიჭა.
პრეზენტაციაზე შესრულდა ქართული ფოლკლორული სიმღერები (ქალაქ გორის მე-8 საჯარო სკოლის მე-9ა კლასი), მაყურებლის წინაშე წარსდგა ასევე გორის ქალთა კამერულ გუნდთან არსებული ბავშვთა გუნდი.

ნინო შოთნიაშვილი


ნინო შოთნიაშვილი
20.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: This piece was a lifejacket that saved me from drowinng.
: 20
: Thought it wludon't to give it a shot. I was right.
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 24 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.