მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`გამგეობაში, ისიც კი არ იცოდნენ ფლავსა და ფლავისმანზე პასუხისმგებელი პირი ვინაა~

`გამგეობაში, ისიც კი არ იცოდნენ ფლავსა და ფლავისმანზე პასუხისმგებელი პირი ვინაა~

`სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი, რომელსაც `ხალხის გაზეთი~ ატარებს, დასასრულს უახლოვდება. იმ სოფლებიდან, რომელშიც ჯერ კიდევ არ ვყოფილვართ, ფლავი და ფლავისმანი შევარჩიეთ და ამჯერად სწორედ მათ მივაშურეთ. პირველად რაც ფლავისმანში ასულს თვალში გეცემათ, უცნაური, ნანგრევებით სავსე ადგილია, რომელსაც იქაური მოსახლეობა რატომღაც სტადიონს ეძახის და ერთგვარ თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. რატომღაც მეთქი ავღნიშნე, იმიტომ რომ, ამ ტერიტორიას სტადიონის არაფერი სცხია და ამაზე თვითონ ფლავისმანის მოსახლეობაც ხუმრობს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 2009 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ მინი სპორტული მოედანი უნდა აეგოთ. როცა აღნიშნული პროგრამის შესახებ ვკითხე მოსახლეობას, ჯერ ახსნა მთხოვეს, რა პროგრამაზე იყო ლაპარაკი, მერე `ჩვენ ვინ გვკითხავს, რას ააშენებენ ან გააკეთებენო.~- გაიოცეს.
`მე პირადად ვნახე, საბუთები, სადაც წერია, რომ ამ სტადიონის შემოღობვის სამუშაოები დასრულებულია. არადა, თვითონაც ხედავთ, რომ რეალურად აქ არავითარი სტადიონი არაა. კრებაზე, სადაც ვითომდა სტადიონის შემოღობვა გადაწყდა, არ ვყოფილვარ, რადგან მსგავსი რამ ნამდვილად არ გამიგია. სახელმწიფომ თანხა გადმორიცხა, ამაზე არაფერს ვამბობთ, მაგრამ გამგებელი თვითონ არაფერს აკეთებს და არც ჩვენ გვკითხავს რამეს. დღემდეAასეა დარჩენილი ეს სტადიონი და სად წავიდა ის ფულები, არ ვიცით. მისი ბედი, ჩვენ, მოსახლეობასაც ძალიან გვაინტერესებს და იქნებ ცოტა რამ თქვენი დახმარებითაც გავიგოთ. 2010 წელს, როგორც გავიგე, რიტუალების სახლის აგებას აპირებენ და ვნახოთ, ამჯერად რა იქნება.~ - რესპონდენტმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ჯავახიშვილი: `კრების შესახებ წინასწარ არავის არაფერი გაგვიგია. მხოლოდ გვიან გავიგეთ, რომ სტადიონის აგებას აპირებდნენ, მაგრამ რა პროგრამის ფარგლებში, არც ეგ უთქვამს ვინმეს. სტადიონის გაკეთება ისე დაგეგმეს, არავისთვის უკითხავთ აზრი, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტეს. სტადიონის მასალები კი შემოიტანეს, მაგრამ ეგრე დააწყეს, ყურადღებას არავინ აქცევს.~
ბადრი ტატულაშვილი: `მასალები შემოიტანეს მხოლოდ და დააწყეს. დავიანგარიშეთ კაცებმა დაახლოებით რა თანხის იყო ეს მასალები და 8000-იც არ გამოვიდა. თან ეს ძალიან გაზვიადებული ფასები ვიგულისხმეთ. დანარჩენი თანხა სად წავიდა, ნამდვილად არ ვიცით. სტადიონი მართლაც ჭირდებოდა სოფელს, ბავშვები გზაზე თამაშობენ. სულ 20-30 მეტრი რომ შემოეღობათ, მაგითაც კმაყოფილი ვიქნებოდით, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ ადგილას არაფერია, გარდა ნანგრევებისა. 2 დღე მოიყვანეს ტრაქტორი და ასე საათი-საათნახევარი ამუშავეს მერე აღარავინ მოსულა.~
თამარი: `ჩვენს სოფელში პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყალია. ჭაბურღილები კი გააკეთეს ფლავისმანშიც და ფლავშიც, მაგრამ წყალი მაინც არ გვაქვს. განცხადებები დავწერეთ, გორში ჩავიტანეთ, წინა კვირასაც ვიყავით ჩასული, მაგრამ ჩვენი საშველი მაინც არაა. უფრო მეტიც, განცხადება რომ ჩავიტანეთ გამგეობაში, ისიც კი არ იცოდნენ ფლავსა და ფლავისმანზე პასუხისმგებელი პირი ვინაა. დღემდე არ ვიცით ჩვენი დეპუტატის სახელი და გვარი. რაც შეეხება, `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას~, მის შესახებ საერთოდ არაფერი გაგვიგია.~
მანანა: `საძოვრები არაა ჩვენს სოფელში და თუ არის, ისიც ერთეულების ხელშია გადასული, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით. Aსევე ძალიან დიდი პრობლემაა გასაღების ბაზრის არ ქონა. ჩვენი მთავრობა ციტრუსისა და ყურძნის გასაღებას ფიქრობს მხოლოდ და არავის ადარდებს, რომ ვაშლი, რომელსაც კაპიკებში ვყიდით, ჩვენი საარსებო წყაროა. ასევე დიდი გასაჭირი გვადგია ელექტროენერგიაზეც. გაურკვეველი წარმოშობის დავალიანების სახით იმაზე გაცილებით მეტი გადასახადის გადახდა გვიწევს, ვიდრე რეალურად ვხარჯავთ. რაც შეეხება სოფლის სკოლას, ის სავალალო მდგომარეობაშია. შეიძლება ერთ დღეს ჩამოინგრეს, თუ ვინმემ არ მიხედა და უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს. როგორც ხედავთ, სოფელს უამრავი პრობლემა აქვს და მსგავსი კრების შესახებ რომ გაგვეგო, აუცილებლად წავიდოდით, მაგრამ არავინ გაგვაფრთხილა. თორემ იმ თანხებს, თუ მართლაც ჩვენი სურვილით გადაგვანაწილებინებდნენ, ბევრი პრობლემის მოხსნა შეიძლებოდა.~
აქ საუბარში ჩაერთო ქალბატონი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა: `როგორც ვიცი, წელს ჩატარდა კრება, უფრო ზუსტად კი, რამდენიმე მოსახლეს ჰკითხეს რა უნდოდათ. ზოგმა გზების მოხრეშვა თქვა, ზოგმა საბავშვო ბაღი, ზოგმაც რიტუალების სახლი და ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყდა. რაც შეეხება 2009 წელს ასეთი შეკრების შესახებ არავის გაუგია. ჩვენი უდიდესი პრობლემა სასმელი წყალია და ეს გაგვიკეთონ ყველაფერს გვირჩევნია. გასაღების ბაზარიც დიდ გასაჭირად გვექცა მას შემდეგ, რაც ვაშლის ჩაბარება ისეთ მიზერულ თანხად გვიწევს, დანახარჯსაც ვერ ვიღებთ. პროკრედიტ ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე, რათა ვაშლის ჩასაწყობად ყუთები შემეძინა, ჩემმა მოსავალმა კი სხვა ხარჯებიც ვერ დაფარა და ახლა ეს ფულიც ვალად მადევს.~
გიორგი ქარელი: `სკოლა მართლაც უმძიმეს მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება შველა. გარდა იმისა, რომ სველი წერტილები არაა და ამის გამო საშინელი ანტისანიტარიაა, კედლები დანგრევის პირასაა და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
გიუნაშვილი: `პატრონი არ გვყავს, როცა არჩევნები მოდის, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ჩვენი სოფელი. ჯერ ისიც კი არაა გარკვეული, ვართ თუ არა ბუფერული ზონა. აქვე ორ ნაბიჯზე ოსები არიან და მეტი რა უნდათ? ბანკში თუ მივედით კრედიტზე უარით გვისტუმრებენ, ეგ მხარე ბუფერული ზონააო, თუ დახმარება ვითხოვეთ გვეუბნებიან თქვენი სოფელი ბუფერული ზონა არაა და რას ითხოვთო?~
ფლავისმანელებს დავემშვიდობე და ფლავისკენ გამოვეშურე, სადაც 2009 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ საბავშვო ბაღის რემონტი იყო დაგეგმილი.
ნინო: `კრების შესახებ, სადაც მოსახლეობის სურვილით უნდა გადაწყვეტილიყო, რაში დაგვეხარჯა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, არაფერი გაგვიგია. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, მისი აღდგენა საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა როგორც ვიცით და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებდა. სოფელ ფლავში `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში არაფერი გაკეთებულა.~
თამაზი: `თუ რამე თანხა იქნება გამოყოფილი, სოფელს ეკლესიის აშენება უნდა, მაგრამ ჩვენს აზრს არავინ ითვალისწინებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა 100 000 ლარამდე დაჯდა, როგორც გავიგეთ და ისიც თქვეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იქნა აშენებული. ჩვენს სოფელს სხვა უამრავი პრობლემაც აწუხებს. საუბნო წყლები, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს, იმდენადაა დაშორებული ერთმანეთისგან, რომ მოსახლეობას საკმაოდ დიდ მანძილზე უწევს სასმელი წყლისთვის სიარული.~
საუბარში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა: `პრობლემების მეტი რა არის. არც ბუნებრივი აირი გვაქვს და არც სასმელი წყალია ყველა უბანში. კრების შესახებ კი არავის არაფერი გააგებინეს, ან კი რას გვკითხავდნენ, გადაწყვეტილებას მაინც თვითონ მიიღებდნენ და როგორც აწყობთ ყველაფერს ისე გააკეთებდნენ. ახალგაზრდობას ელემენტარული პირობები არ აქვს შექმნილი. რამდენი ხანი ვეხვეწეთ გამგებელს ერთი ფრენბურთის ბადე და ბურთი მოგვიტანეო, დიდხანს გვპირდებოდა, მაგრამ რომ მივხვდით, არაფრის მომტანი არ იყო, თავი დავანებეთ და ჩვენი სახსრებით შევიძინეთ.~
ზურა ბიძინაშვილი: `ფლავისმანში მინი სპორტული მოედნის გაკეთება დაიგეგმა, მაგრამ მასალები აიტანეს და დღემდე არაფერი გაკეთებულა. იქაური ბავშვები აქ მოდიან სათამაშოდ. აქ მაინც გააკეთონ რამე.~
ფლავი და ფლავისმანი ტყვიავის თემში შემავალი სოფლებია. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ომარ ხაბაზიშვილის სოფელ ტყვიავში შევხვდი და მოსახლეობის პრობლემებზე გავესაუბრე. თუმცა, სანამ ტყვიავისკენ ავიღებდი გეზს, საბავშვო ბაღთან შევჩერდი, სადაც არავინ დამიხვდა, მაგრამ როგორც ეზოში გამოკრული აბრიდან შევიტყვე, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები შეასრულა საქველმოქმედო ფონდმა `საქართველოს კარიტასი~.
ომარ ხაბაზიშვილი: `კრების შესახებ მოსახლეობა ხუთი დღით ადრე იყო ინფორმირებული. ყველა უბანში გამოვაკარით განცხადებები და ამ ხუთ დღეში ასი კაცი ხომ მაინც წაიკითხავდა, მაგრამ უინტერესო ხალხია და სულ რამდენიმე კაცი მოვიდა შეხვედრაზე, სადაც გადაწყდა, რომ გამოყოფილი თანხით ფლავისმანში სტადიონს გავაკეთებდით, ფლავში კი – საბავშვო ბაღს შემოვღობავდით. ფლავში არსებული სავბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეასრულა, ჩვენ კი შემოვღობეთ და ხალხიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. რაც შეეხება ფლავისმანს, იქ სტადიონის შემოსაღობი მასალა ავიტანეთ, მაგრამ მუშების დაქირავებას თანხა არ ეყო და ხალხს უნდა ემუშავა. შემომითვალეს, რომ ტრაქტორი ჭირდებოდათ და გავუგზავნე კიდეც, მაგრამ მათ ეს ტრაქტორი სულ სხვა ტერიტორიაზე ამუშავეს ჩემს დაუკითხავად და ის საქმე, რისთვისაც გავგზავნე, დაუმთავრებელი დარჩა. ახლა იქ იმდენი ნანგრევია, `ბელორუსის~ ტრაქტორით იქაურობის გასწორება შეუძლებელია და გამგეობას მივმართე თხოვნით სხვა, უკეთესი ტრაქტორი დაგვახმარონ. დამპირდნენ, რომ ნანგრევებს რამდენიმე დღეში გაიტანენ და სტადიონსაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. რომ ამბობენ მასალები იმ თანხის არაა ამოტანილი, რაც გამოყოფილი იყოო, ტყუილია. მე ზუსტად 14 000 ლარის ღირებულების მასალა ავიტანე მაგ სოფელში და თუ თვითონ გაზიდეს და მოიპარეს ეგ არ ვიცი.~
ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ არ ავიდა სოფელში მაშინ, როდესაც ტრაქტორი გაგზავნა, რათა თვალი მიედევნებინა, რა ტერიტორიაზე ამუშავებდნენ ფლავისმანელები სტადიონის მოსასწორებლად გაგზავნილ ტექნიკას, მპასუხობს: `მე გორში ვიყავი დაბარებული თათბირზე და ვერ წავედი. ფლავისმანში მყავს ჩემი ხელქვეითი, რომელიც ტრაქტორს დაუხვდა, რათა ჩემს ნაცვლად ედევნებინა თვალი სამუშაოებისათვის, მაგრამ მაგას ხმას ვინ ამოაღებინებდა? მანდ ისეთი ხალხია, შეიძლება ეცემათ კიდეც, რამე რომ ეთქვა.
რაც შეეხება სასმელ წყალს, ჭაბურღილები უკვე გაკეთებულია და სხვა დამატებითი სამუშაოებიც შესრულდა. ახლა მხოლოდ იმას ველოდებით, რომ ეს ჭაბურღილები კონკრეტული მეპატრონის ხელში გადავიდეს და ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ ამუშავდება და ორივე სოფელი დაბრკოლების გარეშე მიიღებს სასმელ წყალს.
მოსახლეობა რომ ამბობს, დეპუტატს არ ვცნობთო. ეგ კაცი ტყვიაველია და აქ, ტყვიავის საკრებულოშიც კი არ მოდის და მაგათთან ხომ საერთოდ არ იქნება ასული. საიდან უნდა იცნობდნენ?
რაც შეეხება სკოლას, ის მართლაც საშინელ მდგომარეობაშია და უახლოეს მომავალში ეს პრობლემაც მოგვარდება. სოფლის კიდევ ერთი, მართლაც დიდი პრობლემაა ელექტროენერგიაზე დამატებითი გადასახადი დავალიანების სახით. ინდივიდუალური გამრიცხველიანება უახლოეს მომავალში იგეგმება და ეს პრობლემაც მოეხნება მოსახლეობას. ბუნებრივ აირზე კი ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად არაფერი იგეგმება.
და ბოლოს, რაც შეეხება ამ სოფლების სტატუსს. არც ფლავისმანი და არც ფლავი არ განიხილება, როგორც ბუფერული ზონა, სწორედ ამიტომ ვერ იღებენ ისინი დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახლოს ვართ ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან.
2010 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ სოფელ ფლავში მოსახლეობამ ამბულატორიის გაკეთება მთხოვა, ორი ოთახიც რომ იყოს, მაგითაც კმაყოფილნი ვიქნებითო. დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ იმ თანხით, რომელიც ფლავზეა გამოყოფილი, სამი ოთახის აშენებაა შესაძლებელი.
ფლავისმანში მოსახლეობის ნაწილს რიტუალების სახლი უნდა, ნაწილს გზების მოხრეშვა. ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ამიტომ ალბათ კიდევ ერთ კრებას ჩავატარებთ, სადაც კენჭისყრით გადავწყვეტთ რას გავაკეთებთ.~
გივი ხუროშვილი (ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი): `სოფელ ფლავისმანში შარშან სტადიონის შემოღობვა დაიგეგმა. გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო მუშების დასაქირავებლად, ამიტომ მოსახლეობამ შემოგვთავაზა, რომ თვითონ ჩაატარებნენ საჭირო სამუშაოებს. ჩვენ შემოსაღობი მასალა ავიტანეთ, მაგრამ როცა შედუღება გახდა საჭირო, თანხა მოგვთხოვეს. ჩვენ გორიდან გავუგზავნეთ შემდუღებელიც და საჭირო ტექნიკაც, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, რადგან იმ ადგილის ნაცვლად, რომელიც სტადიონის ასაგებად იქნებოდა ხელსაყრელი, მოსახლეობამ სხვა ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო ტრაქტორით. ახლა ისევ ტექნიკას ითხოვენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ საწვავი გავუგზავნოთ, ტრაქტორი კი თვითონ უნდა ნახონ. წელს ფლავისმანში რიტუალების სახლის მშენებლობა იგეგმება. რაც შეეხება ფლავს, `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ იქ შარშან საბავშვო ბაღის შენობა შემოღობეს, წელს კი ამბულატორიის აშენება მოითხოვა მოსახლეობამ და ამაზე ვმუშაობთ.~

მაკა კოჭლამაზაშვილი


მაკა კოჭლამაზაშვილი
20.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I told my grandtmoher how you helped. She said, "bake them a cake!"
: 20
: If you want to get read, this is how you suhold write.
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 30 °C
ღამით + 17 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.