მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`სამი დღეც გადის, ერთი კვირაც და წყალი არ გვაქვს სოფელში~

`სამი დღეც გადის, ერთი კვირაც და წყალი არ გვაქვს სოფელში~

2010 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების  მონიტორინგის ჩასატარებლად `ხალხის გაზეთმა~ უკვე რამდენიმე სოფელი მოიარა, ამჯერად კი შავშვების თემს ესტუმრა და შავშვებსა და ნაწრეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. როგორც გავარკვიეთ ორივე სოფელში მოიხრეშა გზები და წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა., თუმცა როგორც ამ სოფლების მოსახლეობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლომდე არ დასრულებულა. მათი თქმით ამ სოფლებში წყლის პრობლემა მუდმივად დგას. პირველად შავშვების მოსახლეობას გავესაუბრეთ, ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა რესპოდენტების მოძებნა, რადგან სოფელში თითქმის არავინ იყო, ერთი შეხედვით იქაურობა დაცარიელებულს გავდა. სოფელში ე.წ `ბირჟაც~ არ არსებობდა. მხოლოდ ორი პიროვნება შეგვხვდა გზაზე, რომლებიც საქმიანი საუბრით სადღაც მიიჩქაროდნენ. მივუახლოვდით და მისვლის მიზეზი ავუხსენით. ,,სოფელში პრობლემების მეტი რა არის. წყალი აქ არ არის და მოსავალი ვერ მოგვყავს~ _ აღნიშნეს ღიმილით.
,,მე ნაწრეტიდან ვარ. სოფელში სასმელი წყლის სისტემა გაიყვანეს, მაგრამ ბოლომდე არ არის დასრულებული. სოფელში მისახედი ბევრი რამაა, მაგრამ რა გითხრათ~ _ გვითხრა თამაზ ძებისაურმა. ილიამ კი, რომელიც თამაზს აცილებდა აღნიშნა: ,,სოფლისთვის 5000 ლარი გამოიყო. მოსახლეობამ სარწყავი წყლის საკითხის მოგვარება ითხოვა, მაგრამ განაცხადეს, რომ ამისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნებოდა და სასაფლაოს მისასვლელი გზა მოხრეშეს ისიც სანახევროდ~. დავემშვიდობეთ თანამოსაუბრეებს და გადავწყვიტეთ დანარჩენ მოსახლეობა სახლში ვსტუმრებოდით და ისე გავსაუბრეოდით.
ფატიმა წკრიალაშვილი: ,,სოფელში არც სარწყავი და არც სამელი წყალი არ არის. უწყლობით მოსავალი გაგვიხმა. ამ სოფელში სიკეთე მხოლოდ გაზი და სინათლეა. ადრე თუ რამე მოგვყავდა ტრასის პირზე ვყიდდით, ახლა ესეც აგვიკრძალეს და ასე უშემოსავლოთ ვართ. სოფელში მოგვიხრეშეს გზები, მაგრამ სანახევროდ. მოზარდებს არანაირი გასართობი არ აქვთ, მხოლოდ სტადიონი აქვთ, რომელიც ეკლებითაა სავსე. სოფელს არც რიტუალების სახლი გააჩნია და არც კულტურის სახლი.~
მაია ცეცხლაძე: ,,სოფლისთვის 5000 ლარი გამოიყო და გზები სანახევროდ მოგვიხრეშეს. საერთოდ სოფელში გაზი არის, მაგრამ ერთი უბანია დარჩენილი, სადაც გაზის მაგისტრალი არ გადის~
ნინო ანესაშვილი: `სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა საკანალიზაციო სისტემის არარსებობაა, თუ უყურებთ არც გზებია ნორმალური~
როდესაც სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობდა, ცოტა არ იყოს გვიკვირდა, რადგან საუბნო ონკანიდან საკმაოდ დიდი ჭავლით მოდიოდა წყალი და როდესაც ვკითხეთ, თუ რატომ უჩიოდნენ წყლის პრობლემას, გვიპასუხეს: `ეს წყალი ამინდებზეა დამოკიდებული, როდესაც ცხელი ამინდებია, შრება და უწყლოდ ვრჩებით~.
ჩვენი მეგზური ლაშიკო გვიამბობდა, რომ სოფელში მომრავლებულია გველები და მოსახლეობას პრობლემები ექმნებათ, საუბარში ერთი `მიყრუებული~ უბანიც ახსენა, რომელიც `ქაჯეთის ციხედ~ მოიხსენია. როდესაც იმ უბანში მივედით იქაურობა მართლაც `მიყრუებული~ დაგვხვდა, უბანი მხოლოდ 5 მოსახლისაგან შედგებოდა, ერთი შეხედვით იქაურობა გარესამყაროს მოწყვეტილს ჰგავდა, სახლებშიც არავინ ჩანდა, მხოლოდ ერთი პატარა ქვითნაშენი სახლის ეზოდან შემოგვყეფა ძაღლმა. `ამ უბანში მხოლოდ ეს გზა მოხრეშეს~ _ მიგვითითა ლაშიკომ ერთ მოკლე მონაკვეთზე, რომელიც ზომით 10-15 მეტრი იქნებოდა. იქიდან სტადიონისკენ გამოვემართეთ. სოფლის საკრებულოს შენობის გვერდით ორი სტადიონი დაგვხვდა, ერთი ცოტა მოპირკეთებული და ზომით პატარა, ხოლო მეორე ზომით უფრო დიდი და აბალახებული იყო. ორივეს ღობის მაგივრობას ეკალბარდები უწევდა. `აი ეს არის ჩვენი გასართობი სტადიონები,. ისევ ამ აბალახებულ სტადიონზე ვთამაშობთ, რადგან მეორე პატარაა და არ გვყოფნის~ _ გვითხრა ლაშიკომ. სტადიონის უკან პატარა თეთრ შენობას მივაქციეთ ყურადღება, ის სოფლის ამბულატორია აღმოჩნდა. მანამდე გამოკითხული რესპონდენტებიდან ამბულატორიის შესახებ არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ლაშიკომ გვითხრა, რომ ამბულატორიის მომსახურებით სოფლის მოსახლეობა კმაყოფილია. `ხალხის გაზეთი~ უბნის ექიმს ლალი ბესტავაშვილს გაესაუბრა, რომელმაც თავისი თანამდებობა ასე აგვიხსნა _ უბნის ექიმი, ფიზიკური პირი. `ეს ამბულატორია სამი-ოთხი წელია რაც აშენდა, საერთოდ 90-იანი წლებიდან არსებობს მაგრამ სხვა შენობაში იყო განთავსებული. 2008 წლის აგვისტოს ომამდე თემში შემავალი სოფლების 3000-მდე მოსახლეს ვემსახურებოდით, ახლა კი შავშვებში და ხურვალეთიში ჩასახლებული  900-მდე დევნილი მოსახლეობაც დაგვემატა. ვიდრე დევნილები დაგვემატებოდნენ სადაზღვევო კომპანია `იმედი L~ და `ალდაგი ბი სი აი~ -სთან გვქონდა ხელშეკრულება დადებული, ხოლო ჩატარებული ტენდერის შემდეგ, სადაც სადაზღვევო კომპანია `ალფამ~ გაიმარჯვა დაზღვეულები ავტომატურად გადავიდნენ `ალფა~-ში სადაც 600-მდე დაზღვეულია უკვე და ბუნებრივია ხელშეკრულება ამ სადაზღვევო კომპანიასთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულება. მე თერაპევტი ვარ, შევითავსე პედიატრიაც. დაზღვეულებს ვუწევთ იმ მომსახურებას სადაც შედის აცრა, კარდიოგრამა, შაქრის ანალიზი, ინჰალაცია, რაც ჩემს ფუნქციებში არ შედის გამოკვლევისთვის მიმართვას ვაძლევ გორში სხვდასხვა სამედიცინო დაწესებულებაში~.
ჩვენი ყურადღება ახლადგარემონტებულმა შენობამ მიიქცია, მოხრეშილ ეზოში ორი  ფანჩატური იდგა, აღნიშნული შენობა საბავშვო ბაღს ეკუთვის, რომელიც მიმდინარე წლის 11 ივნისს გაიხსნა. `ხალხის გაზეთი~ საბავშვო ბაღის დირექტორს სვეტლანა ჩოჩიშვილს გაესაუბრა
სვეტლანა ჩოჩიშვილი: `ეს საბავშვო ბაღი კომუნისტების დროსაც იყო, მაგრამ  90-იანი წლების არეულობის დროს განადგურდა, ორგანიზაცია `კარიტასმა~ შენობა გაგვირემონტა, ხელისუფლებამაც გაგვიწია მხარდაჭერა და 11 ივნისს გავხსენით საბავშვო ბაგა-ბაღი, მუშაობას კი 14 ივნისიდან შევუდექით. კონტინგენტი საკმაოდ დიდია, მაგრამ თემში ექვსი სოფელი შედის და ტრანსპორტირების პრობლემა დგას. ბაღი ოთხ ჯგუფიანია და 95 ბავშვი ირიცხება ერთი წლის ასაკიდან სკოლამდელი ასაკის. სექტემბრის თვიდან კიდევ უფრო დავიტვირთებით და პედაგოგების შტატიც გაიზრდება, ამ დროისათვის პედაგოგების შტატი ხუთნახევარია, ოთხი პედაგოგი მთლიანი განაკვეთით მუშაობს, ხოლო სამი ნახევარი განაკვეთით. ბავშვებს სამჯერადი კვება აქვთ, არის შემოწირულობები, თვიური გადასახადი კი 12 ლარია. შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, სუბსიდიაზე ვართ, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის და ბევრ რამეს ვერ ვაკეთებთ. ბავშვებისთვის გასართობი საშუალებები არ გვაქვს, მხოლოდ ორი ფანჩატური დგას ეზოში და ისიც ჯერჯერობით გადასახურია. სამწუხაროდ არ გვაქვს მუსიკალური ინსტრუმენტი და არ გვყვავს მუსიკის პედაგოგი, ამის მოგვარებასაც დაგვპირდა ორგანიზაცია `კარიტასი~. ენთუზიაზმი დიდია, დაპირებებიც არის, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს~
საბავშვო ბაღიდან გამოსულები ჩვენს მეგზურს დავემშვიდობეთ და გეზი ნაწრეტისკენ ავიღეთ, გზად ორსართულიანი კორპუსებიც გავიარეთ და აქ მცხოვრებ მოსახლეობასაც გავესაუბრეთ.
კარლო ქისიშვილი: `საუბნო ონკანები დააყენეს, მაგრამ ეს წყალი დასალევად არ ვარგა და სადღაც შორიდან ვეზიდებით~
მანანა ბიჩინოვი: `ვინ რას გვიკეთებს, მიწის ნაკვეთებიისე დარიგდა, როგორც თვითონ აწყობდათ. ჩემი ერთი ნაკვეთი გაღმა გდია, მეორე გამოღმა, არც ვიცი საით არის, წყალი არ არის, რომ მოვრწყო, ან რაში მჭირდება. ვისაც 5 მანქანა უყენია კარებზე დახმარება იმათ მისცეს, მე არც დახმარება მეძლევა, არც სამედიცინო პოლისი~
მაია ქისიშვილი: `სოფლისთვის არაფერი გაკეთებულა. ორსართულიან (მთავრობის) კორპუსებში ვცხოვრობთ საძირკველი ეთხრება, მაღალ სართულებზე კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ვინ გვაქცევს ყურადღებას~.
ლალი ბარჯაძე: `ოჯახში 5 სული ვცხოვრობთ და ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ჩემი პენსიაა, სხვა არაფერი არსებობს ჩვენთვის არც დახმარებას ვიღებთ და არც სამედიცინო პოლისი მეძლევა~.
ჩვენს მოსაუბრეებს დავემშვიდობეთ და ნაწრეტისკენ გავაგრძელეთ გზა. აქაც დაცარიელებული დაგვხვდა სოფელი, ცოტა მოშორებით საუბრის ხმა შემოგვესმა და ჩვენც იქით გავეშურეთ. ხის ძირში ძელსკამზე ორი ხანში შესული ქლბატონი საუბრობდა. მივესალმეთ და მისვლის მიზეზი გავაცანით. `ეეჰ~_ ორივემ ერთდროულად ჩაიქნია ხელი  `კარგით ერთი მოგცლიათ რა სასიარულიდ, რას გვიშველით, თორემ კი~ _ გვითხრა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ ვინაობის გამხელა კი არ ისურვა. მეორემ ცოტა ყოყმანის შემდეგ `რაც არის, არის, მე არაფრის მეშინია ჟუჟუნა  კუდუხაშვილი ვარო~ - რიხიანად წარმოსთქვა და განაგრძო: - `სამი დღეც გადის, ერთი კვირაც და წყალი არ გვაქვს სოფელში, რისთვის დააყენეს ეს ონკანები არ ვიცი, დასალევად არ ვარგა, ამღვრეულია, იტყვი რამეს და ინტრიგანი გამოდიხარ. ესეც არ იყოს აგვისტოს ომის დროს დახმარება ყველა სოფელში გაიცა, აქ კი არაფერი მოსულა, არადა რუსის ჯარი აქ იდგა, იცით რა გვითხრეს? _ `რუსებისგან იღებდით დახმარებებსო~ _ საუბარი, რომ დაასრულა სახლის ეზოდან გამოსულ ხარიტონ დუდაშვილს გასძახა: `მოდი ჟურნალისტია მოსული და ელაპარაკე~.
ხარიტონმა ხელით მოიჩრდილა მზე და ჩვენსკენ წამოვიდა. `რა გითხრათ აბა? სოფელი უპატრონოდ გდია, ხალხისთვის არავინაა. ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც წყლის არქონაა. არც სასმელი და არც სარწყავი წყალია, კი ხედავთ, რომ წყალი მოდის ონკანიდან, მაგრამ ამას წყალი ჰქვია? ამღვრეულია და დასალევად არ ვარგა, ან როგორ ვცოცხლობთ ამ წყლის დალევის შემდეგ, არ ვიცი~.
ჩვენს თანამოსაუბრეებს დავემშვიდობეთ და ისევ შავშვებში დავბრუნდით და შავშვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებილს როინ ფოლადაშვილს მივაკითხეთ.
როინ ფოლადაშვილი: ჩემს თემში ექვსი სოფელი შედის. ქვ. შავშვები, შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი, ნადრბაზევი და ხურვალეთი. ყველა სოფელში მოსახლეობა გაფრთხილებული იყო `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში განსახორციელებელი საუშაოების შესახებ ჩასატარებელი კრებისთვის, სადაც მოსახლეობას უნდა გამოეკვეთა პრიორიტეტები. ყველა სოფელში შედგა ოქმი, თავად მოსახლეობამ რაც მოითხოვა, ის გაუკეთდათ. ზოგ სოფელში სამჯერ-ოთხჯერაც მოგვიწია მოსახლეობასთან შეხვედრამ. ხურვალეთისთვის თანხა გამოიყო 13 725 ლარი. ამ თანხით მოსახლეობამ გადაწყვიტა რიტუალების სახლის მშენებლობა. წითელუბნისთვის გამოყოფილი 13 999 ლარიდან  თანხის ნაწილით მოიხრეშა გზები, დარჩენილი ნაწილით მოსახლეობამ რიტუალების სახლისთვის ჭურჭელი შეიძინა. ქვემო შავშვებისთვის გამოყოფილი 5 200 ლარით გადაწყდა სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა. შავშვების მოსახლეობამ 7 400 ლარად რიტუალების სახლისთვის ჭურჭლის შეძენა გადაწყვიტა. ნადარბაზევისთვის გამოიყო 7 069 ლარი. ამ თანხით გადაწყდა რიტუალების სახლის მშენებლობა. ნაწრეტში შედარებით რთული სიტუაცია იყო. მოსახლეობა ძლივს შეჯერდა. გამოყოფილი თანხით, რომელიც  12 922 ლარს შეადგენს, საბოლოოდ გადაწყვიტეს წყლის რეზერვუარის მშენებლობა და ამჟამად ამ სოფელში წყლის პრობლემა მოხსნილია. საერთოდ ჩემი ზონა წყლის მხრივ ფუფუნებაში ნამდვილად არ არის. სოფელი ირწყვოდა  ნადარბაზევის ტბიდან. ტირიფონის არხი ხურვალეთამდე მოდიოდა, სადაც იდგა სატუმბი სადგური. უერთდებოდა ნადარბაზევის ტბას და ამ ზონას სარწყავი წყალი არ უჭირდა, მაგრამ ეს ხდებოდა ე.წ. `უძრაობის ხანაში~. ამჟამად ხურვალეთსა და ნადარბაზევში სულ რამდენიმე დღეა რაც წყალი მოდის. შავშვებამდე ვერ აღწევს. თუ ნადარბაზევის ტბიდან მოხდება წყლის ამოტუმბვა, სარწყავი წყალი აქაც იქნება. ახლა უხვი ნალექებია საქართველოში და არა მგონია წყლის პრობლემა დადგეს. საერთოდ კი აგვისტოში წყლის დონე იკლებს.
შავშვებში არის ერთი მიყრუებული უბანი, ე.წ. `ქაჯეთის ციხე~ სადაც სულ 4 მოსახლე ცხოვრობს. იმ უბანში კომუნისტების შემდეგ ტრანსპორტს აღარ გაუვლია. ახლა გრეიდერით გავასუფთავეთ გზა და მოვხრეშეთ კიდეც. სოფელს ბუნებრივი აირი მიეწოდება. მხოლოდ ერთი უბანია დარჩენილი, სადაც გაზის მილები მიწაშია ჩაყრილი და ამიტომ `გორი გაზს~ აქვს გამორთული. სოფელს ამბულატორიაც აქვს, აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით და მოსახლეობას უბრალო რამეზე გორში არ უწევს სიარული. ორგანიზაცია `კარიტასმა~ საბავშვო ბაღის შენობა გაარემონტა, რომელიც 100 ბავშვზეა გათვლილი. მოგეხსენებათ, ჩემი ზონა გაშლილია და ტრანსპორტირების პრობლემა დგას, მაგრამ ვფიქრობ ამ მხრივ ხელისუფლება გაგვიწევს დახმარებას, რომ კონტინგენტი შევინარჩუნოთ. საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის 11 ივნისს გავხსენით და 14 ივნისს უკვე დავიწყეთ მუშაობა. გორის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ჩემივე ინიციატივით საბავშვო ბაღში დასაქმებულნი არიან როგორც ადგილობრივი, ისე დევნილი მოსახლეობა.
შავშვებსა და ხურვალეთში ჩასახლებული დევნილებისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა ტერიტორიის შემოღობვა იყო, რაც უკვე მოხსნილია. ამ ეტაპზე პრობლემას მხოლოდ სარწყავი და სასმელი წყალი ქმნის. მაშველთა კომიტეტის დახმარებით 10-10 მეასედი მიწის ფართობები დაურეგისტრირდათ მინი-ჭაბურღილებისთვის. მაშველთა კომიტეტი შეისწავლის წყლის შემადგენლობას და თუ იქნება ვარგისიანი ჭაბურღილს ააშენებენ. ეს შავშვების ჩასახლებაში. რაც შეეხება ხურვალეთის ჩასახლებას, იქ პატარა ჭები გაკეთდება, რომ სარწყავი წყლის პრობლემა მოიხსნას. ახლა პატარა სათავსოების აშენებას ითხოვენ და ალბათ ეს საკითხიც მოგვარდება.~
შავშვებში პატარა შენობის ნანგრევებიც შევნიშნეთ, როგორც გვითხრეს, ეს ნანგრევები ადრე სოფლის აბანო ყოფილა. ამაზე რწმუნებულმა კურიოზიც გაიხსენა:
`მახსოვს, VIII-IX კლასელი ვიყავი, აბანოში შევედი და კარგად რომ გავისაპნე, სწორედ მაშინ დაწყდა წყალი და დავრჩი ასე. სახლიდან გადმომიტანეს ერთი ჩაიდანი წყალი, მას შემდეგ საერთოდ გაუქმდა კიდეც.~
შავშვებიდან წამოსულებმა გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსს გივი ხუროშვილს მივმართეთ:
`ნაწრეტის მოსახლეობამ მოითხოვა წყლის რეზერვუარის აშენება. შავშვების ზემოთ დიდი რეზერვუარი იყო, რითაც სოფლებში წყალი ნაწილდებოდა. არეულობის დროს თავად მოსახლეობამ გაანადგურა და მოსპეს არსებული წყლის სატუმბი სადგურიც. ახლა რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს, დიდი თანხაა საჭირო, რაც ნამდვილად არ გაგვაჩნია.
სარწყავი წყალი ტირიფონის არხიდან ხურვალეთამდე მოდის, დანარჩენ სოფლებს შეუძლიათ ნადარბაზევის ტბიდან მიიღონ სარწყავი წყალი, მაგრამ რატომღაც იწუნებენ. რაც ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო, სარწყავი წყლის პრობლემა სულ დგას. ოსური მხარე როცა უნდა გამოუშვებს წყალს, როცა უნდა კეტავს. ხურვალეთში ახლახანს აშენებული სატუმბი სადგური გამორთული იყო ელექტროენერგიის გადასახადის დავალიანების გამო. ახლა როგორც ვიცი, დავალიანება სახელმწიფომ დაფარა და წყალს ალბათ ისევ მიიღებენ. როგორც ცნობილია, მელიორაციის სამსახური წყლის გადასახადს ითხოვს.~

თამუნა მოსიაშვილი


თამუნა მოსიაშვილი
20.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 8 °C
ღამით + 2 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.