მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ირაკლი ალასანია ჟურნალისტებს შეხვდა

ირაკლი ალასანია ჟურნალისტებს შეხვდა

 

15 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენცია ჩატარდა პროექტის `საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის~ ფარგლებში და მას ოცდაათზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა.

თავდაპირველად მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მის ქვეუწყებებში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები, შეეხო ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებასთან და ზოგადად თავდაცვის ტრანსფორმაციის გეგმასთან დაკავშირებულ საკითხებს და ისაუბრა იმაზე, თუ რა პროგრესია მიღწეული საქართველოს `ნატოსთან~ (ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან) თავსებადობის კუთხით.

 

თავდაცვის ტრანსფორმაციის გეგმა

 

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის გეგმა განიხილებოდა ბოლო პერიოდში საქართველოში გამართულ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაზე, მათ შორის `ნატოს~ გენერალური მდივნისანდერს ფოგ რასმუსენისა და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტებისას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის და სამოქალაქო კონტროლის საკითხებს, კერძოდ, მიმდინარე წელს შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად ზედამხედველობის ფუნქცია მიენიჭა. ესენია: 1. თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამინისტროს გეგმით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და თანხვედრაშია `თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი 2013-2016~-თან (რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2013 წლის მაისში მოაწერა ხელი); 2. ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფი, რომელიც ეხება სამართლებრივ და გამჭვირვალობის საკითხებს და 3. `ნატოსთან~ თანამშრომლობის სპეციალური ჯგუფი. ცნობილია, რომ იქმნება აღნიშნული ჯგუფების შეხვედრათა ჩატარების გრძელვადიანი გეგმა და მზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდება ჯგუფებში შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტში ამოქმედდა ელექტრონული შესყიდვების სისტემა, რაც საშუალებას იძლევა, მედია და არასამთავრობო სექტორი ელექტრონულ რეჟიმში დააკვირდეს, როგორ მიმდინარეობს ტენდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიწვეულნი არიან ასევე სატენდერო კომისიის სხდომებზე. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს უკვე დასრულდა 34 ღია ტენდერი საერთო ღირებულებით 12 242 260 ლარი, ხოლო საიდუმლო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა 32- არ აღემატება (საერთო ღირებულებით 6 513 677 ლარი).

სამინისტროში შექმნილია ადამიანური რესურსების შერჩევის სამი საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს თანამდებობის პირთა პროფესიულ წინსვლაზე, დაწინაურებაზე, სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის ამაღლებაზე. ალასანიას თქმით, `პრაქტიკულად, მინიმუმამდეა დაყვანილი პირადი გადაწყვეტილებები, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით, კოლექტიურად მიმდინარეობს გადაწყვეტილებების მიღება. ამ დროისათვის 430 ადამიანი დაინიშნა სხვადასხვა თანამდებობებზე ან გაიგზავნა განათლების დონის ასამაღლებლად. მიმდინარეობს მუშაობა გრძელვადიან პროგრამულ ბიუჯეტზე. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თავდაცვის ტრანსფორმაციის გეგმით განსაზღვრული ამოცანები დაექვემდებაროს სწორ გრძელვადიან პროგრამულ გათვლებსა და ფინანსურ პროგნოზებს, რათა ეს არ იყოს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი გეგმა.~

დაგეგმილია ასევე კიბერუსაფრთხოების ახალი პოლიტიკის შემუშავება და ეროვნული მასშტაბის უწყების შექმნა, იგი უზრუნველყოფს მსგავსი მოვლენების თავიდან აცილებას, რომლებიც განვითარდა 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედების დროს.

კიდევ ერთი სიახლე `სამხედრო ომბუდსმენის~ ინსტიტუტის შემოღების ინიციატივაა, რომელიც პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტს ეკუთვნის. `მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში უკვე არსებობს ჩემი სპეციალური წარმომადგენელიმინისტრის თანაშემწე (რომელიც მუდმივად იმყოფება რომელიმე ქვედანაყოფში და სწავლობს არსებულ მდგომარებას და ნაკლოვანებებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სოციალურ საკითხებს და სხვა), ასეთი ახალი ინსტიტუტის შექმნა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება სამინისტროსთვის და გახდება სერიოზული მაკონტროლებელი. მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას და ჩემი პოზიცია როგორც პარლამენტისთვის ასევე მინისტრთა კაბინეტისთვის არის ცნობილი,~ _ აცხადებს სამინისტროს პირველი პირი.

 

ინფრასტრუქტურა და შეიარაღებული ძალების განვითარება

 

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 29 მშენებლობა, ხოლო დაგეგმილია 22, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. ალასანია თვლის, რომ ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ჯარის კვებითი უზრუნველყოფის და საყოფაცხოვრებო პირობებს. ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება კვება. ამჟამად ქართული არმია კვლავ არანორმირებულ კვებაზეა გადაყვანილი, ვინაიდან გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ნორმირებული საკვები მიუღებელია ჯარისკაცებისთვის.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალების განვითარებას, მიმდინარეობს მზადება, რომ 2017 წლიდან ქართული ჯარი სრულად გადავიდეს პროფესიულ სამსახურზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პროცესიც დამოკიდებული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდაზე.

გაერთიანებული შტაბის სტრუქტურაში ჩამოყალიბდა ახალი უწყებასაბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამსახური, რომელიც ადრე ექვემდებარებოდა სამხედრო პოლიციას და მინისტრის თქმით, ასრულებდა პოლიტიკური პოლიციის ფუნქციებს. ახლა კი მისი ძირითადი საქმე საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება იქნება.

შეიქმნა ასევე უფლებამოსილებათა გამიჯვნის სისტემა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ სამინისტროს სპეციალური კომისია მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ხოლო ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სამხედრო გადაწყვეტილებების შემუშავება იქნება გაერთიანებული შტაბის კომპეტენცია.

ირაკლი ალასანია: `ჩვენი ამოცანაა, გვყავდეს ხარისხიანი, კვალიფიციური და მოაზროვნე არმია. საბიუჯეტო სახსრებთან მიმართებაში ჩვენ მოგვიწევს ჯარის რაოდენობაში გარკვეული კორექტივების შეტანა, თუმცა საგრძნობი შემცირება არ იგეგმება. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, თუმცა ჩვენ შიდა უტილიზაციის ხარჯზეც მოვახერხებთ, რომ ქართული ჯარი იყოს ნაკვები, გაწვრთნილი და კიდევ უფრო ამაღლდეს მისი სამხედრო მომზადების დონე. სასურველი შედეგის მიღებას დასჭირდება წლები, მაგრამ ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. ვფიქრობ, ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.~

 

როგორი რეზერვი უნდა ჰყავდეს საქართველოს?

 

2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ქართული სარეზერვო სისტემის კრახი გამოავლინა. ეფექტური სარეზერვო ჯარის ჩამოყალიბება დღესაც დღის წესრიგში დგას. `თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის~ ერთი ქვეთავი ეთმობა რეზერვის სისტემის ტრანსფორმაციის პრინციპებს, თუმცა მაინც არ არის ნათელი, როგორი ტიპის რეზერვი შეიქმნება. ჟურნალისტების აღნიშნულ კითხვას მინისტრი ასე პასუხობს: `რეზერვი წარმოდგენილი იქნება სამ ტიპად: ოპერატიული რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სამოქალაქო თავდაცვის რეზერვი. აღნიშნულთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების გეგმა მზად არის, მაგრამ მე საჭიროდ ვთვლი, მასში კორექტივები შევიტანო სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, რის შემდეგაც რეზერვის დაზუსტებული გეგმა ეტაპობრივად დაიწყებს ამოქმედებას.~

 

ქართული სამხედრო წარმოება `დელტა~

 

ამჟამად `დელტაში~ დაწყებულია ქართული ჯავშანტექნიკის ტესტირება და  გამოცდები. შემოწმდება რენტაბელობა, ტექნიკის მანევრირება, მობილურობა და სიმძლავრე. ამასთან ერთად მიმდინარეობს მართვის კომპიუტერული სისტემის და ინფრასტურუქტურის მოდერნიზაცია. აღნიშნული კუთხით, ღრმავდება თანამშრომლობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან. მინისტრი ამბობს, რომ სამხედრო აღჭურვილობის ინვენტარიზაციაფინანსური შემოწმება არ დასრულებულა და კონტროლის პალატა აგრძელებს მუშაობას, აქვე დასძენს, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ მთლიანად `გაწმინდა~ ქართული სამხედრო ინდუსტრია უსაფუძვლო პიარისგან.

 

სამშვიდობო მისია ავღანეთში

 

2012 წლის ოქტომბრიდან ავღანეთში ქართული კონტინგენტი გაიზარდა. ამჟამად მისიას 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ასრულებს.

ირაკლი ალასანია: `ბოლო პერიოდში თალიბანის გააქტიურება არც ერთ შემთხვევაში არ არის მიმართული კონკრეტულად ქართველი სამხედროების მიმართ. ახლახანს დაბრუნდა ავღანეთში მივლენილი ჩვენი დელეგაცია გენერალ კაპანაძის მეთაურობით და ცნობილია, რომ რეკომენდაციები და შეთანხმება, რომლებიც მივეცით `ნატოს~ გაერთიანებულ სარდლობას, სრულად იქნა გაზიარებული მათ მიერ და ყველა ნაბიჯი განხორციელებულია ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ავღანეთში. დასრულებულია ყველა საინჟინრო-თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა, ორი ბაზა, რომელიც ექვემდებარებოდა დახურვას, უკვე დაიხურა და ჩვენი ჯარისკაცები ბევრად უსაფრთხო დისლოკაციის ადგილზე არიან გადაყვანილი, სადაც აგრძელებენ მისიის შესრულებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს მეომრებს არც ერთი სტანდარტული ოპერატიული პროცესი არ დაურღვევიათ და არავისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, პირიქით, მათმა სწრაფმა რეაგირებამ ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის მებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა. რაც შეეხება აღნიშნული მისიის კორექტირებას, ეს ალბათ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების განცხადებაა. მისია განსაზღვრულია 2014 წლის ბოლომდე და მის შესრულებას ჩვენ სრულად ვაპირებთ, როგორც პასუხისმგებლობით სავსე სახელმწიფო და შეიარაღებული ძალები. 2014 წლის ბოლოს საქართველოს არმია სრულად დატოვებს ავღანეთს და სხვა, შინაარსობრივად ახალ მისიაში მიიღებს მონაწილეობას. დეტალებიოპერატიული გეგმების ფაზები, ჯარის რაოდენობა და მისიის კონკრეტული სამხედრო ამოცანა მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც `ნატოს~ სამხედრო სარდლობა სრულ ინფორმაციას წარუდგენს ` `ISAF“-I-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მინისტრებს. 2014 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე იქცევა, როგორც `ნატოს~ წევრიასე უყურებს ქართულ არმიას `ნატოს~ სარდლობა. მათ სრული ნდობა აქვთ გამოცხადებული ქართველი ჯარიკაცების მიმართ, ჩვენი მეომრები არიან სასურველი პარტნიორები ბრძოლებში და იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გააჩნია. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ `ნატოს~ წარმომადგენლებთან ერთად ჩატარდა იმ ვიდეომასალის ანალიზი, რომელიც გავრცელდა ინტერნეტში და შეიცავდა მუქარას საქართველოსა და მისი შეიარაღებული ძალების მისამართით. დადგინდა, რომ ამ ფაქტსა და ავღანეთში ქართულ შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებულ თავდასხმებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. მე ვაკვირდები გამოძიებას. არაერთხელ მქონდა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული ამ მიმართულებით. ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსების საქმეა, რომ ამ სულმოკლე და ამორალური ადამიანების მიერ დაგეგმილი დანაშაულის ყველა დეტალი იყოს დადგენილი და როგორც შემკვეთები, ასევე აღმსრულებლები სამაგალითოდ დაისაჯონ. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ოპერატიული სადაზვერვო საშუალებებით ჩავერთოთ მისი წარმატებით დასრულებისათვის.~

 

`მცოცავი ოკუპაცია~

 

`რაც შეეხება რუსი სამხედროების მიერ ოკუპაციის ზონაში და .. საზღვარზე დამატებითი მავთულხლართებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობის გაგრძელებას, ეს გახლავთ ასევე ჩვენი ხელისუფლებისახალი მთავრობის ნებისყოფის გამოცდის გაგრძელება. მე არ გამიკვირდება, რომ კვლავ განმეორდეს და გაგრძელდეს მსგავსი პროცესები მომავალში, იმიტომ, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯებისა, ადგილზე, ოკუპაციის ზონაში არანაირი ცვლილება არ შეინიშნება მათი (რუსების) განწყობების მხრივ. ჩვენ ამ მოწიფული, თავშეკავებული რეაქციებით, დამერწმუნეთ, ძალიან ბევრს ვიგებთ როგორც `ნატოელ~ პარტნიორებთან, ასევე ზოგადად, ქართული სახელმწიფოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის ამაღლების კუთხით. ქართული შეიარაღებული ძალები არიან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმ ოპერატიული გეგმების მიხედვით, რომლებიც შემუშავებული გვაქვს სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინდა დავაწყნარო მოსახლეობა და აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაბიჯები არ გვაძლევს რაიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისა თუ მოვლენათა ესკალაციის ვარაუდის საბაბს, ჩვენი სადაზვერვო სტრუქტურები აკვირდებიან ყველა პროცესს. აქ საქმე გვაქვს ისევ ჩვენი მოთმინების გამოცდასთან და ამ გამოცდას აუცილებლად გავუძლებთ,~ _ ასეთია თავდაცვის მინისტრის კომენტარი `მცოცავ ოკუპაციასთან~ დაკავშირებით.

 

სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა

 

თავდაცვის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება დაწესდა. ეს თანხა უკვე მიიღო 28 ოჯახმა. ადრე სახელმწიფო ასეთ ოჯახებზე 15 000 ლარიან დახმარებას გასცემდა. გაზრდილ დახმარებას დღემდე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებიც მიიღებენ. დამატებით, მძიმედ დაჭრილი მეომრები 7000 ლარიან, ხოლო ნაკლებად მძიმე დაჭრილები _ 3000 ლარიან დახმარებას იღებენ. ახალი ინიციატივით, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები დამატებით ყოველთვიურ კომპენსაციასაც მიიღებენ. 2014 წელს ის თვეში 500 ლარით, ხოლო 2015 წლიდან თვეში 1000 ლარით განისაზღვრება.

 

`ხალხის გაზეთის~ კითხვები

 

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, იგეგმება თუ არა ყოფილი სატანკო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული საწვრთნელი პოლიგონის გადატანა გორიდან ქალაქგარეთ? რატომ არ შემოიღეს კომენდანტის საათი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გორში? აგვისტოს ომის შემდეგ დაჯილდოვდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები. თვლით თუ არა, რომ მაშინ გამორჩათ ვინმე და ახალი ხელისუფლების პირობებში თუ იგეგმება ჰოსპიტალის იმ მედპერსონალის რაიმე ფორმით წახალისება ან დაჯილდოვება, ვისი შრომა და ძალისხმევაც მაშინ სათანადოდ ვერ დაფასდა?

ირაკლი ალასანია: `ყველა მსგავსი კითხვა, რომელიც არსებობს, აუცილებლად დაისმევა საბრძოლო მოქმედებებში გამოცდილების შესწავლა-გაზიარების სპეციალურ კომისიაში. მოხდება გამოძიება თუ რატომ არ იქნა შემოღებული კომენდანტის საათი, რატომ ვერ იმუშავა რეზერვისტთა მობილიზების სისტემამ და ევაკუაციის გეგმამ, რა ბრძანებები გაიცა და შესრულდა. ეს და ყველა ტაქტიკურ-ოპერატიული საკითხი აღნიშნული კომისიის შესწავლის საგანია და შესაბამისად, მუშაობის დასრულების შემდეგ კომპეტენტური პასუხი ყველა შეკითხვაზე გახდება ცნობილი. რაც შეეხება საწვრთნელ პოლიგონს და სამხედრო ჰოსპიტალს, აღნიშნული საკითხები გაერთიანებული შტაბის და შესაბამისი სამედიცინო ქვედანაყოფის კომპეტენციაა. თუ ისინი ჩათვლიან, რომ კიდევ ვინმე უნდა დაჯილდოვდეს, ბუნებრივია, მე მხარს დავუჭერ. ოპერატიულ-ტაქტიკური დონის საკითხებში არ ვერევი, თუმცა დავინტერესდები პოლიგონთან დაკავშირებული საკითხით და მოხდება შესაბამისი რეაგირება. თუ სამხედროებს სჭირდებათ ეს პოლიგონი, დარჩება, ხოლო თუ არსებობს სერიოზული პრობლემა და მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, შესაძლოა შეიცვალოს მისი ადგილსამყოფელი.~

 

საპრეზიდენტო არჩევნები და სხვა აქტუალური საკითხები

 

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები ირაკლი ალასანიას, როგორ `ქართული ოცნების~ ერთ-ერთ ლიდერს დაუსვეს. იგი მხარს უჭერს გიორგი მარგველაშვილს და აცხადებს, რომ ეს არჩევნები იქნება სამაგალითო ყველა პარამეტრით: `მე ვიქნები გარანტი, რომ შეიარაღებული ძალები იქნება სრულიად აპოლიტიკური, ყველა სამხედრო მოსამსახურეს ექნება საშუალება, ხმა მისცეს საკუთარი ნების მიხედვით. ვერავინ აიძულებს მათ, მმართველ გუნდს მისცენ ხმა. განსხვავებით წინა არჩევნებისგან, გარანტირებული იქნება შეიარაღებული ძალების მიუკერძოებლობა.~

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები აღმოაჩინეს თავდაცვის სამინისტროშიც. ისინი გადაეცა საგამოძიებო სტრუქტურებს და მიმდინარეობს ერთობლივი გამოძიება, რომელსაც პროკურატურა ხელმძღვანელობს. ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ამ ვიდეოჩანაწერებისა და შსს- მიერ შემდგომში აღმოჩენილი ვიდეომასალების ავტორები, დამგეგმავები და განმახორციელებლები სავარაუდოდ ერთ ჯგუფს წარმოადგენენ. იგი აცხადებს, რომ აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირებიდან არც ერთი მათგანი არ არის სამხედრო პოლიციის მოსამსახურე.

რაც შეეხება ზუგდიდში აღმოჩენილ სამალავებს და იარაღს, ალასანია ადასტურებს, რომ ეს იარაღი არ ეკუთვნოდა თავდაცვის სამინისტროს. იგი მოუწოდებს ყველას, ვისაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა შეხება საიდუმლო მასალებთან, რომ ნებსით თუ უნებლიედ არ გახადონ საჯარო მსგავსი ინფორმაცია, რადგან მოუწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

ვეტერანთა პირობების გასაუმჯობესებლად მიმდინარე წელს სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც თავდაცვის სამინისტროც მონაწილეობს. მისი ძირითადი ფუნქციაა ვეტერანთა დეპარტამენტის სტატუსისა და საქმიანობის არეალის განსაზღვრა, ასევე ვეტერანთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის დახვეწა. კომისიის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა დეპარტამენტი გამოეყოფა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბს, ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად და დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. იგი პასუხისმგებელი იქნება ვეტერანთა სოციალური დაცვის პოლიტიკის წარმართვაზე.

2013 წლის იანვრიდან გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის შრომითი ანაზღაურება. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 300 დოლარით გაიზარდა, ხოლო სხვა თანამშრომელთა 89%-ის ხელფასი _ საშუალოდ 25%-ით.

2013 წლის სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიხსნება სამხედრო პოლიციის კურსი და ყველა სამხედრო პოლიციელი ვალდებული იქნება გაიაროს შესაბამისი გადამზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გააგრძელებს სამხედრო პოლიციაში მუშაობას.

2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთან კოორდინაციით იმოქმედებს და არა უშუალოდ რომელიმე ქვეყნის სპეციალურ თუ თავდაცვის უწყებასთან ექნება კავშირი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში კონტრტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად, შსს-სთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ძალებიც იქნებიან ჩართულნი.

                                 

                                                ნინო შოთნიაშვილი

 

`ხალხის გაზეთი~

 

 

 


ნინო შოთნიაშვილი
17.07.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 21 °C + 20 °C
ღამით + 9 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.