შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვალელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ‘ფორსაჟის’ გადამღებმა ჯგუფმა იყიდა [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020
რეზო ხითარიშვილი სოფელ ვალეში, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. პატარა სახელოსნო სახლის სარდაფში აქვს მოწყობილი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. კედელზე ნახატებთან ერთად ძველი გამოფენების აფიშებიც აქვს გამოკრული.ნამუშევრების შესაქმნელად გუაშებს, აკრილსა და ზეთის საღებავებს იყენებს. ამბობს, რომ კარგი ნახატი მაშინ გამოსდის, როცა კარგ ხასიათზეა.მისი თქმით, ხატვისას მთავარი ფერების სწორად წაკითხვაა, საგნის ნატურალური ფერების გადმოღება კი აუცილებელი არ არის: „საკუთარ ფანტაზიას თუ ჩართავ, ნახატი ბევრად საინტერესო გამოდის“.რეზოს ყველა ნამუშევარი უყვარს. მისთვის ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროცაა. ამბობს, რომ საყვარელ ნახატებთან გამომშვიდობება ხშირად უწევს.„მხატვარი ყოველთვის თავისი ნამუშევრებით ცხოვრობს. გავყიდი ნებისმიერ ნამუშევარს თუ დავინახავ, რომ მსურველს ნახატი მოსწონს და იმიტომ არ ყიდულობს რომ მოდასაა აყოლილი“,-აღნიშნავს მხატვარი.მისი ნამუშევრების ფასი 250 ლარიდან იწყება და ხშირად 2 000, 3 000 ან მეტ ფასადაც ჰყიდის. ხითარიშვილის ნამუშევრებს თურქეთში, შოტლანდიაში, ინგლისში, ამერიკასა და კიდევ ბევრ ქვეყანაში შეხვდებით. ბოლოს მისი ნახატები ფილმის „ფორსაჟი 9“-ის გადამღებმა ჯგუფმა შეიძინა. „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდი თბილისში 2019 წელს გადაიღეს.„გადაღებები ჰქონდათ თბილისში, ჩემი მეგობარი მანქანების სპეციალისტია და მათთან მუშაობდა. უჩვენებია ჩემი ნახატები და ძალიან მოეწონათ. ორი ნამუშვრის ყიდვა უნდოდათ, მე ხუთი გავუგზავნე რომ აერჩიათ, თუმცა ისე მოეწონათ, რომ ყველა იყიდეს“,- სიამაყით გვიყვება მხატვარი.ამბობს, რომ მის ნახატებს გამოფენებზეც ყიდულობენ, მაგრამ რადგან სოფელში ცხოვრობს, გამოფენებშიც ხშირად ვერ მონაწილეობს: „უფრო მეტი შესაძლებლობა ამ მხრივ იმ მხატვრებს აქვთ, ვინც დედაქალაქში ცხოვრობენ“.ცნობილ მხატვრებს შორის გამოარჩევს იტალიელ მხატვარს და მოქანდაკეს ამედეო მოდილიანს. ქართველებში კი სერგო ქობულაძეს და დავით კაკაბაძეს.რეზო ხითარიშვილის ოცნებაა, მისმა ნახატებმა საუკუნეებს გაუძლოს: „ყველა მხატვრის ოცნებაა, ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, კარგი ნამუშევრების დატოვოს. მინდა რომ საინტერესო მეც დავტოვო, როგორც სხვებმა. თუ კარგი ნამუშევარია ის არ დაიკარგება და თავის გზას იპოვის“.[მარიამ ბარძიმაძე, ზურა სულაბერიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია