შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსახლეობის დასამშვიდებლად შექმნილი დოკუმენტი-მცდელობა ურაველში სარწყავი სისტემის მშენებლობის გასაგრძელებლად

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22594 
 14 მაისი 2019
ხეობის ექვს სოფელში სარწყავი სისტემის მოსაწყობად სამუშაოები გასულ წელს, 30 წლის წინ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე დაყრდნობით დაიწყო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის გამო მალევე შეჩერდა. მოსახლეობა შიშობდა, რომ მდინარის რესურსი ექვს სოფელს არ ეყოფოდა და სისტემის მოწყობის შემთხვევაში სოფელი ურაველიც უწყლოდ დარჩებოდა. ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ არაერთხელ სცადა მათთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამის შემდეგ, გადაწყდა ახალი გზშ–ს მომზადება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტი კავშირმა „სამყარომ“ მოამზადა რომლის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილია.„ჩვენ კვლევის ჩასატარებლად ჰიდროლოგიც მოვიწვიეთ, რითაც დადგინდა, რომ ურავლის ხეობაში არსებული წყლის დებეტი საკმარისია საირიგაციო პროექტის განსახორციელებლად, სწორედ ეს დეტალები გავაცანით ადგილობრივებს“,–ამბობს ნანა ზუბაშვილი.ზუბაშვილმა ახალი დოკუმენტის გასაცნობად ურავლის მოსახლეობასთან შეხვედრა დაახლოებით ერთი თვის წინ გამართა, თუმცა კრებას, რომელზეც გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევა უნდა წარედგინათ, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ დაესწრო. „ვიცოდით რა შეხვედრაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ აზრი არ აქვს, რამდენი კვლევაც არ უნდა ატარონ ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით“, - აცხადებენ ადგილობრივები.„ჩვენ აზრი არ შეგვიცვლია და არც შევიცვლით. ეგ პროექტი არ განხორციელდება, რამდენი კვლევაც არ უნდა ჩაატარონ. მდინარე დაშრება, დაჭაობდება და გამოუსადეგარი გახდება, სარწყავ წყალსაც კი დავკარგავთ“,– გვეუბნება ურავლის მკვიდრი გია კაპანაძე.„ექვსი კაცი ვიყავით, რაღაცა კვლევა გაგვაცნეს, ვითომ წყალი საკმარისიაო. არ გვაინტერესებს, ვინ და რა კვლევა ჩაატარა, აქედან წყალს ვერ წაიყვანენ, აზრი არაფერს არ აქვს“,– ამბობს როინ სუდაძე, რომელიც შეხვედრას დაესწრო.იურისტების განმარტებით ის ფაქტი, რომ შპს „მესხეთიXXI“-მა დოკუმენტის მომზადება იმ კომპანიას დაუკვეთა, რომლის თავმჯდომარეც საჯარო მოხელეა კითხვებს აჩენს.გარდა აღნიშნულისა სამშენებლო კომპანია „მესხეთი XXI“ ახალციხის მერის მფლობელობაში იყო და ახლა მის ცოლის ძმას, ხვიჩა ალავიძეს ეკუთვნის. არის, თუ არა, ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი. ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს: „ვერაფერს გეტყვით ამ საკითხზე, ეს კვლევა ჩვენ არ დაგვიკვეთავს“.კავშირ „სამყაროს“ თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი კი გვპასუხობს, რომ ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს, - „მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, ჩვენ დაგვიქირავა არა მერიამ, არამედ სამშენებლო კომპანიამ და მე ვმონაწილეობდი, როგორც ექსპერტი. ვაფასებდი ფლორას და ფაუნას, თან ამ ყველაფერთან ერთად კანონი არ ითხოვდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ეს ყველაფერი სამშენებლო კომპანიის კეთილი ნებით ჩატარდა“.იურისტები ამბობენ, რომ საჯარო მოხელესთვის მსგავსი კვლევის დაკვეთა ინტერსთა კონფლიქტია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა პროექტი ადგილობრივების პროტესტით შეჩერდა და საზოგადოების დიდი ინტერესია. „ჩნდება კითხვა, რატომ ის კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც არის საჯარო მოხელე და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს, ეს ბევრ კითხვებს აჩენს და კვლევის მიმართ უნდობლობას იწვევს“,– ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი.გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ წარმოდგენილი კვლევა რეალურად არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, - „ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც დოკუმენტი, რომელიც წინასწარი მოსამზადებელი ეტაპების გასავლელად მომზადდა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ეტაპების მოთხოვნებს“. გუჯარაიძის განმარტებით, დოკუმენტს მითითებული აქვს, რომ ის არის „წინასწარი გზშ“, რასაც საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს. „მასში არ არის სათანადოდ აღწერილი თავად დაგეგმილი პროექტი, რაც შეუძლებელს ხდის მისი შესაძლო შედეგების პროგნოზირებას. პროექტი ეხება წყლის რესურსის მომხმარებლებს შორის გადანაწილებას, შესაბამისად, უნდა შეგროვდეს მონაცემები და ჩატარდეს დეტალური ჰიდროლოგიური, ბიოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სახის კვლევები, რათა არავინ აღმოჩნდეს დისკრიმინირებული და ეკოსისტემამ შეინარჩუნოს თავისი ფუნქციები. წარმოდგენილ დოკუმენტში კი, ამის მსგავსი არაფერია და ვერც იქნება, ვინაიდან ეს არ არის გზშ კვლევა“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ქეთი გუჯარაიძე. ნანა ზუბაშვილის განმარტებით, „წინასწარ გზშ“–ს თავში აქვს მითითებული, რომ მხოლოდ საირიგაციო სისტემის მშენებლობას ეხება – „სხვა დეტალები არ მჭირდებოდა, რადგან აქ ახალს არაფერს იწყებდნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ხმაურიანი პროექტია, კომპანიამ კეთილი ნება გამოიჩინა და გააკეთა კვლევა, თუმცა გზშ–ს გაკეთების ვალდებულება არ იყო, შესაბამისად არც სამინისტროდან აგვიღია ნებართვა“.რამდენად ჯდება კანონის ჩარჩოებში „სამყაროს“ მიერ მომზადებული დაოკუმენტი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ქეთი ბებიაშვილი განმარტავს - „არ აქვს მნიშვნელობა ეს კეთილი ნება იყო თუ არა, როცა დაკვეთა ხდება გზშ–ის ჩატარების, შემსრულებელი ვალდებულია ყველა პროცედურა დაიცვას, აიღოს ნებართვა სამინისტროდან და ყველაფერი გააკეთოს, რაც კანონით არის გათვალისწინებული“.ურავლის ხეობაში ექვსი სოფლის სარწყავი წყლის პროექტს „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საელჩომ ირიგაციის სისტემის აღსადგენად – 209 575, ახალციხის თვითმმართველობამ კი 37 723 ლარი გამოყო. პროექტის მიხედვით, წყალი, რომლითაც წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის, ჯამში, 200 ჰექტარი ფართობი უნდა მოირწყას, სათავეს ურავლის წყაროს წყლებიდან იღებს. აქედან წლების წინ ახალციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა. პროექტი სწორედ იმ არსებული სისტემის აღდგენას გულისხმობს, რომელსაც რეაბილიტაციის შემდეგ გასარწყავიანებისთვის ხუთ სოფელში გადასართავები გაუკეთდება. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება